ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #22: საქართველო 2:1 ბულგარეთი

წლების შემდეგ, თუ ვინმე ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მატჩების ჩამონათვალს შეადგენს, დიდი იმედი მაქვს, რომ ბულგარეთთან 1995 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში მოპოვებულ გამარჯვებას არ დაივიწყებს და ერთ-ერთ პირველ ადგილზე დაასახელებს.
თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბულგარეთი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი იყო, თან დაუმარცხებლად, შვიდი გამარჯვებით და ერთი ყაიმით ლიდერობდა VII შესარჩევ ჯგუფს, საქართველოდან კი მწარე მოგონებების გარდა ვერაფერი წაიღო.

თამაშის მოგებას ქართველი გულშემატკივარი არა მხოლოდ ელოდა, ითხოვდა კიდეც. ყველას კარგად გვახსოვდა ერთი წლის წინანდელი სტუმრობა სოფიაში, სადაც ბულგარელებმა საქართველოს ჰიმნს უსტვინეს და პირდაპირ რომ ვთქვა, არცთუ ლამაზად მოიხსენიეს ჩვენი ეროვნული გუნდი.

ის დაპირისპირება ქართველთა მარცხით კი დასრულდა, მაგრამ იმ წაგებამ იმედიც გააჩინა, მოტივაციაც გააღვივა და ერთი წლის თავზე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის თამადობით მოთამაშე ბულგარელები, როგორც იქნა, დავამარცხეთ.

„დღეს ბულგარეთი ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ტექნიკური და პერსპექტიული ნაკრები გყავთ, მწამს რომ მოვიგებთ. ახლა ჩინებულ ფორმაში ვართ და ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, მათ შორის გერმანიასთან“, – იორდან ლეჩკოვი, ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი.

„კარგი გუნდი გყავთ, თქვენების ძალა სოფიაშიც დავინახეთ, თუმცა თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით“, – სოფიაში გამართული მატჩის გმირი ემილ კოსტადინოვი.

1995 წლის შემოდგომით ეს ორი ბულგარელი პოპულარობით მხოლოდ ხრისტო სტოიჩკოვს ჩამოუვარდებოდა. თბილისს ევროპის წლის ფეხბურთელიც ესტუმრა, მაგრამ სტოიჩკოვმა, ვინც იმ ზაფხულს გადაბარგდა ბარსელონიდან იტალიის პარმაში, არათუ ქართველ, თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარიც არ ისურვა – ცივად ჩაუარა ყველას და სასტუმროს ნომერში ავიდა.

ლეჩკოვის და კოსტადინოვის გარდა, სხვების საუბარშიც იგრძნობოდა, რომ სტუმრები თბილისში მხოლოდ სამ ქულას გეგმავდნენ. და რა განწყობა იყო საქართველოს ნაკრებში? შეიძლება ითქვას დადებითი, რადგან ლეგიონერები ჩინებულ ფორმაში იყვნენ.

იმ ზაფხულს თბილისის დინამოდან მანჩესტერ სიტიში გადასულმა გიორგი ქინქლაძემ ინგლისურ კარიერაში პირველი მატჩი სწორედ ამ სანაკრებო შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიგო – მისმა კლუბმა ლიგის თასის მეორე წრეში უაიკომბი 4:0 გაანადგურა, ქინქიმ კი ორი გოლი გაატანინა გერმანელ თავდამსხმელ უვე როსლერს.

გიორგი ნემსაძის ჰომბურგი გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა, გამარჯვების ბურთი კი ქართველმა ნახევარმცველმა შეაგდო. გოლი გაიტანა თემურ ქეცბაიამაც – თასების მფლობელთა თასის მეთექვსმეტედფინალში, შვეიცარიის სიონთან შეხვედრაში.

და რაც მთავარია, ჩინებულად დაიწყეს მორიგი თურქული სეზონი ტრაბზონსფორის მთავარმა ვარსკვლავებმა, შოთა და არჩილ არველაძეებმა – გოლი გოლზე გაჰქონდათ, თბილისში წამოსვლამდე კი შოთამ დუბლით დასაჯა თურქული ფეხბურთის ლომთალომი, სტამბოლის გალათასარაი. ტრაბზონსფორმა ის თამაში 4:1 მოიგო, ქართელები კი გულშემატკივრებმა ხელში აყვანილი გაიყვანეს მინდვრიდან.

6 ოქტომბერს, პარასკევს, ეროვნულმა ნაკრებმა დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი ამ შემადგენლობით შეაღო:

მეკარეები: აკაკი დევაძე (როსტოვის როსტსელმაში, რუსეთი), ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო);
მცველები: მურთაზ შელია (ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანია, რუსეთი), დიმიტრი კუდინოვი (ლიმასოლის არისი, კვიპროსი), გოჩა გუჯაბიძე (როსტოვის როსტსელმაში, რუსეთი), გიორგი ჩიხრაძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ბესიკ ბერაძე (სამტრედია), გიორგი ღუდუშაური (ზალმრორი, გერმანია);
ნახევარმცველები: გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გიორგი ნემსაძე (ჰომბურგი, გერმანია), გიორგი კილასონია (სანკტ-პეტერბურგის ლოკომოტივი, რუსეთი), კახი გოგიჩაიშვილი და გოჩა ჯამარაული (ორივე თბილისის დინამო), თემურ ტუღუში (ბათუმი), დავით ჯანაშია (სამტრედია);
თავდამსხმელები: შოთა და არჩილ არველაძეები (ტრაბზონის ტრაბზონსფორი, თურქეთი), მიხეილ ყაველაშვილი (ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანია, რუსეთი).

დიღომში იმავე დღეს გამოჩნდნენ ახალგაზრდებიც, თუმცა შოთა ჭეიშვილის რჩეულმა ბიჭებმა საკალათბურთო დინამოს ბაზაზე დაიბანაკეს. ოლიმპიური გუნდისთვის მწვრთნელებმა ესენი შეარჩიეს: გიორგი კიკნაძე, გივი დიდავა, ლევან ხომერიკი, გიორგი დემეტრაძე, ლევან კობიაშვილი (ყველა თბილისის დინამო), ალექსანდრე რეხვიაშვილი, მამუკა ბუცურეიშვილი, დავით ჩალაძე (სამივე რუსთავის მეტალურგი), ზვიად ჯელაძე და ვალტერ გუჩუა (ორივე სამტრედია), დავით კარიაული და პაატა ჯინჭარაძე (ორივე თბილისის მორკინალი), გიზო ჯელაძე (თბილისის შევარდენი 1906), ამირან მუჯირი (ბათუმი), მამია ჯიქია (ლინცის ლინცერ აკ, ავსტრია), დავით ჯანელიძე (თბილისის მრეტები) და დავით გვარამაძე (ხაშურის ივერია).

იმავე საღამოს გაირკვა, რომ ქეცბაია ბულგარეთთან ვერ ითამაშებდა – სიონთან მატჩში, გოლის შემდეგ, თემურმა ფეხი იტკინა და მალევე დატოვა მინდორი. სამედიცინო შემოწმებამ ტრავმა დაადასტურა.

მისი გამოკლება ჩივაძისთვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, ხოლო ის, რომ კახი ცხადაძეს მომავალ წლამდე ვერ დაიხმარდა, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარგა ხნის წინ იცოდა. ცხადაძე, ვინც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, ბულგარეთთან მატჩისთვის მაინც ჩამოვიდა თბილისში. სარბიელის ჟურნალისტთან მერაბ მამულაშვილთან საუბარში ცხადაძემ ტრავმაზე და თბილისის დინამოში შესაძელო დაბრუნებაზე ისაუბრა:

„ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა, რაც ტრავმა მივიღე. ექიმები მეუბნებიან, რომ ერთ თვეში სირბილს დავიწყებ. საერთო ჯამში დაახლოებით ნახევარი წელი გამიცდება და ალბათ, თებერვლისთვის განვაახლებ ვარჯიშს…

ნიურნბერგში, გერმანელებთან მატჩის შემდეგ  ეგიდიუს ბრაუნმა (გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი – ლ.გ.) ჩვენი გუნდი შეაქო და მთხოვა, კარგი იქნება თუ შენი ბიჭები თბილისში ბულგარელებს დაამარცხებენო. ეს უკვე ვუთხარი ჩვენებს და ვეცდებით გავახაროთ ბრაუნი, კარგი კაცია…

რაც შეეხება თბილისის დინამოში დაბრუნებას, ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ მე და მერაბ ჟორდანიამ. ის კლუბის გაძლიერებითაა დაინტერესებული და კარგია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს. ახლა აინტრახტში სამწლიან კონტრაქტს მთავაზობენ უკეთესი პირობებით, მაგრამ მერაბს შევპირდი, რომ გაზაფხულამდე ხელს არაფერს მოვაწერ. თუ თბილისში სათანადო პირობები იქნება, დაბრუნებაზე ბევრს არ ვიფიქრებ“.

მომდევნო დღეები მშვიდად გაილია: გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობდა, საღამოს წვრთნა კი ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაშით სრულდებოდა, რომელშიც ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი და… ალექსანდრე ჩივაძეც მონაწილეობდნენ.

სამშაბათს, 10 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა შეაბიჯეს. სამწუხაროდ, მასპინძლებმა ზედიზედ მეექვსე თამაში წააგეს – 1:2. ქართველთაგან ერთადერთი საპასუხო გოლი მამია ჯიქიამ შეაგდო უკანასკნელ წუთზე.

11 ოქტომბერი კი სპორტის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, სასიხარულო გამოდგა: დიდუბეში სტუმრობამდე ბევრი გულშემატკივარი სპორტის სასახლეს ეწვია, სადაც საკალათბურთო დაპირისპირებაში ქართველებმა 77:66 დაამარცხეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები. ამ მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ხალხი ეროვნული სტადიონისკენ დაიძრა.

საქართველოს დროით 18 საათზე ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სადებიუტო შესარჩევ ციკლში უკანასკნელი საშინაო მატჩი დაიწყო. ქართველებმა წითელი მაისურებით და შავი ტრუსებით შეაბიჯეს მინდორზე, სტუმრებმა ძირითადი, მწვანე-თეთრ ფორმით.

ბულგარელთა კაპიტანმა, ინგლისის რედინგში მოთამაშე 32 წლის გოლკიპერმა ბორისლავ მიხაილოვმა იმ დღეს 90-ედ ითამაშა ნაკრებში, ჩვენი კარის დაცვა კი ჩივაძემ ირაკლი ზოიძეს ანდო, რაც ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. თბილისის დინამოელი ქვეყნის მთავარ გუნდში ერთწლიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა – 1994 წლის სექტემბერში, მოლდოვასთან 0:1-ის შემდეგ, ნაკრების კარს მხოლოდ აკაკი დევაძე იცავდა.

„როცა ბულგარელები მოთელვაზე გამოვიდნენ, ეტყობოდათ, რომ ქედმაღლურად გვიყურებდნენ. ჩვენ კი რევანშის წყურვილი გვკლავდა, ძალიან გვინდოდა იმ გუნდის დამარცხება, სადაც ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი, ემილ კოსტადინოვი, იორდან ლეჩკოვი და ტრიფონ ივანოვი თამაშობდნენ…

ალექსანდრე ჩივაძე გვამხნევებდა, სოფიაში არწასაგები თამაში წავაგეთ და ახლა ნაღდად უნდა მოვიგოთო…

ოცდაორი წლის ვიყავი, ასეთ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება არ მქონდა და ჩივაძე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა, ცდილობდა დაძაბულობა მოეხსნა. გასახდელიდან გასვლის წინ მითხრა, სტოიჩკოვი და ბალაკოვი ხშირად შენ ფლანგზე გადმოდიან, მაგრამ ისინი თამაშის გაგებაში არ არიან, შენ უფრო მაგარი ხარო. მის ნათქვამს სიცილი მოჰყვა…

კლუბში, ფაქტობრივად, თავდამსხმელი ვიყავი, ბულგარეთთან კი მწვრთნელმა მარჯვენა ფლანგის კონტროლი დამავალა“, – 11 ოქტომბრის მატჩი გიორგი ღუდუშაურმა დავით თავართქილაძესთან საუბარში (გაზეთი სარბიელი; 23 სექტემბერი, 2004) გაიხსენა. ეს მისი მეორე სანაკრებო თამაში იყო გაზაფხულზე ალბანელებთან მოგებული მატჩის შემდეგ.

და როგორც ალბანეთთან ის თბილისური შეხვედრა, ეს თამაშიც დიდებულად დაიწყო: გოჩა ჯამარაულმა იოლად მოატყუა ერთი მეტოქე და დიდებული პასი მიაწოდა შოთა არველაძეს, რომელმაც მარტივად მოატყუა მიხაილოვი და ანგარიში გახსნა – 1:0! ჯამარამ ისეთი პასი მომცა, გოლი კი არა, ვერგატანა უფრო რთული იყოო, – იტყვის თამაშის შემდეგ შოთა არველაძე.რამდენიმე წუთში ბულგარელთა მეკარე მურთაზ შელიამ გამოსცადა – ქინქლაძის პასის შემდეგ უძლიერესად დაარტყა. მიხაილოვმა გაჭირვებით, თუმცა მაინც მოიგერია ბურთი.

მომდევნო ათ წუთში კი საქართველოს ნაკრებს ორჯერ გაუმართლა: კრასიმირ ბალაკოვის ფლანგური გარღვევის და პასების შემდეგ ემილ კოსტადინოვმა ორჯერ შეაზანზარა ზოიძის კარის ძელი. თუმცა ეს იყო და ეს – სტოიჩკოვის გვიან გოლამდე სტუმრებმა ვეღარაფერი მოახერხეს.

იმიტომ, რომ ქართველები მშვენივრად თამაშობდნენ: მცველებს უკან, ლიბეროდ გამწესებული დიმიტრი კუდინოვი კარგად აზღვევდა თანაგუნდელებს, გიორგი ჩიხრაძე იოლად გაუმკლავდა მადრიდის ატლეტიკოში მოთამაშე ლუბოსლავ პენევს, შელია გასაქანს არ აძლევდა ხრისტო სტოიჩკოვს, ნემსაძემ კი, ვინც ჩივაძის დავალებით მალე კოსტადინოვთან გადაინაცვლა, საბოლოოდ გამოთიშა თამაშიდან თავდამსხმელი.

მეორე ნახევარში არჩილ არველაძის ნაცვლად მიხეილ ყაველაშვილი გამოჩნდა, რამდენიმე წამში კი შვეიცარიელმა არბიტრმა ურს მაიერმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა: კახი გოგიჩაიშვილმა ლამის მთელი მოედანი გადასერა, საჯარიმოში შეჭრილი კი ბორისლავ მიხაილოვმა წააქცია. მაიერმა მეკარე გააფრთხილა და ამით ბულგარელი პირველი უცხოელი გოლკიპერი გახდა, რომელიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ყვითელი ბარათით დაისაჯა.

პენალტის ნიშნულთან გიორგი ქინქლაძე დადგა, მოკლე გამორბენი და 2:0!

სარბიელის ჟურნალისტმა მამუკა ჩიხლაძემ ამ საგოლე შეტევაში განსაკუთრებით აღნიშნა კახი გოგიჩაიშვილის იერიში და 13 ოქტომბრის მიმოხილვაში დაწერა: „გოგიჩაიშვილის საარაკო დრიბლინგის ბადალი ეროვნულ სტადიონზე ალბათ, კარგა ხანია არავის უნახავს“.

ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ბულგარელებმა გააქტიურება სცადეს, მაგრამ კინაღამ დაისაჯნენ – ყაველაშვილმა ორი კარგი შეტევა ვერ დააგვირგვინა, ჯამარაულის ნაცვლად თამაშში ჩართულმა გიორგი კილასონიამ კი ძელს მოარტყა ბურთი.

„შესვენებაზე ჩივაძემ გვითხრა, ასე გააგრძელეთო და მართლა ასე მოხდა – თამაში ჩვენ მიგვყავდა. მეორე გოლის შემდეგ უფრო თავისუფლად ავთამაშდით, კიდევ შევქმენით რამდენიმე საგოლე მომენტი, გია კილასონიამ კი სულაც ძელს გაარტყა ბურთი“, – ღუდუშაურის ზემოხსენებული ინტერვიუდან.

88-ე წუთზე თავის გოლი შეაგდო სტოიჩკოვმა: ზოიძე მოგერიებისას შეცდა და გამოცდილმა ვეტერანმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1.

თამაშის ერთ-ერთი უკანასკნელი ეპიზოდი ახლაც თვალწინ მიდგას: ბულგარელები ქაოსურად გვიტევდნენ, როცა ბურთი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს, აუტზე გადავარდა. იქვე მდგარმა ბიჭუნამ უმალ მოიტანა, მაგრამ ტრიბუნების გამაყრუებელი ყვირილის შემდეგ – არ მისცე! არ მისცე! – ხელებგამოწვდილი სტოიჩკოვი სახტად დატოვა – ბურთი მოისროლა და ძვირფასი წამებიც მოიგო…

წაგების შემდეგ სტუმრები საშინელ ხასიათზე იყვნენ. ლეჩკოვმა მოკლედ მოჭრა: ჩვენივე შეცდომების გამო დავმარცხდითო, ბალაკოვმაც იგივე თქვა, სტოიჩკოვმა კი თანაგუნდელი მცველები დაადანაშაულა, ხშირად ცდებოდნენო.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თამაშის ჩინებული ორგანიზაციისა და გულითადი მასპინძლობისთვის. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას. პირველად ვნახე ამ ჯგუფში ჩვენი მეტოქის ასეთი ძლიერი, ლამაზი და გონივრული თამაში. იმედია მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. მარცხი კი, რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინა“, – ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ხრისტო იოსიფოვმა, ერთი გემრიელი გამოთქმისა არ იყოს, არც მწვადი დაწვა და არც შამფური.

„ბოლო ხანს თვითგვემა ლამის წესად გვექცა, ბულგარელთა სტუმრობამ კი ერთი სარგებელი მოგვიტანა: ნათლად დაგვანახა, რომ სხვადასხვა ჯურის ჩიტირეკიები თუ მკვეხარები სხვა ქვეყნებშიც მრავლად ყოფილან.

აგერ ხრისტო სტოიჩკოვი ავიღოთ: ესპანეთ-იტალია მოუვლია, მაგრამ პარიზშიც რომ წაიყვანო, ალბათ ისეთივე ხიხოდ დარჩება, როგორც მშობლიურ პლოვდივში იყო. ბულგარელთა მწვრთნელმა დიმიტარ პენევმა კი იმისთანები იკადრა, კაი ქართველ ხეპრესაც რომ შეშურდებოდა: ჯერ კი გვაქო თავაზიანი ღიმილის თანხლებით, მერე კი გუდასაც მოხსნა პირი – ორი მთავარი მცველი ხომ მაკლდა, კოსტადინოვს რომ ძელები არ ეზანზარებინა, რას დაგვაკლებდით, იმასაც ვნახავდი და თქვენი პენალტიც სანახევროდ ჩემი მცველების, სანახევროდ კი მსაჯის ნამუსზე იყოს, თორემ იმ თქვენ გოგიჩაიშვილზე ნაწყენი სულაც არა ვარ, კაცი თავისთვის სადღაც გარბოდაო“, – წერს მამუკა ჩიხლაძე თამაშის მიმოხილვაში (სარბიელი, #66, 1995 წლის 13 ოქტომბერი).

იმ სარბიელის პირველ გვერდს გიორგი ქინქლაძის და კალათბურთელი რეზო ჩხეიძის ფოტოები ამშვენებდა, მატჩების ანგარიშები და საერთო სათაური: 11 ოქტომბერი – გამარჯვების დღე-სასწაული.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება იზეიმა სადებიუტო საკვალიფიკაციო ტურნირში და ის ჩივაძის გუნდის მეხუთე წარმატება გამოდგა.

მახსოვს, მაშინ გული მწყდებოდა, რომ ჩემმა საყვარელმა გუნდმა მეტი ვერ მოახერხა და მხოლოდ ხუთი თამაში მოიგო. 1995 წლის შემოდგომით ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთ საკვალიფიკაციო ციკლში ხუთი გამარჯვება საუკეთესო შედეგად დარჩებოდა და მას ათწლეულების განმავლობაში ვერ მიუახლოვდებოდა…

11 ოქტომბერი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 45 000
საქართველო 2:1 ბულგარეთი
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (2, გოჩა ჯამარაულის პასით), 2:0 გიორგი ქინქლაძე (48, პენ), 2:1 ხრისტო სტოიჩკოვი (88)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (ბესიკ ბერაძე 83), დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კილასონია 75), არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ბულგარეთი: ბორისლავ მიხაილოვი (კაპ), ილიან კირიაკოვი, ტრიფონ ივანოვი (კრასიმირ ჩომაკოვი 57), ცანკო ცვეტანოვი, ზლატკო იანკოვი, ლუბოსლავ პენევი, ნასკო სირაკოვი (დანიელ ბორიმიროვი 51), იორდან ლეჩკოვი, ემილ კოსტადინოვი, ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი
მწვრთნელი: დიმიტარ პენევი
გაფრთხილება: გიორგი ნემსაძე, კახი გოგიჩაიშვილი, ბორისლავ მიხაილოვი, მურთაზ შელია
მსაჯები: ურს მაიერი; ზივანკო პოპოვიჩი, ერნსტ ფელდერი (შვეიცარია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 13 სექტემბერი)
ფოტო: ჟურნალი დებიუტი / ვარლამ და ზურაბ გენგიურები; გაზეთი სარბიელი; მატჩის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian