კვარა: მუდმივი საფრთხე

„დღეს დავამტკიცეთ, რომ ლივერპულთან შემთხვევით არ მოვიგეთ. ნათელია: ჩვენ სწორ გზას დავადექით, თუმცა ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. ახლა მთავარია კარგად დავისვენოთ, კვირას კი მილანშიც დავანახოთ ყველას, რომ შედეგები ლოგიკურია“, – განაცხადა ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ აიბროქსზე, გლაზგო რეინჯერსთან 3:0 გამარჯვების შემდეგ.

სამხრეთიტალიური კლუბი ორ ტურში ორი მოგებით და ბურთების შესანიშნავი შეფარდებით (7:1) ლიდერობს ჯგუფს, სერია ა-ს VII ტურში კი სან სიროს ეწვევა და შეეცდება ჩემპიონატშიც შეინარჩუნოს პირველი ადგილი. ასევე 14 ქულა აქვს მილანს, თუმცა ნაპოლი ბურთების უკეთესი სხვაობითაა პირველ ადგილზე.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, დიდი ალბათობით ის მილანთან მატჩსაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. აიბროქსზე ქართველმა გარემარბმა გოლით ან საგოლე გადაცემით ვერ გამახარა, მაგრამ მისი თამაშით სპალეტი, მგონი, უკმაყოფილო არ უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, მწვრთნელმა პირველად ათამაშა ლამის ბოლომდე – „ტრადიციული“ 65-70 წუთის ნაცვლად „მხოლოდ“ 90-ე წუთზე შეცვალა, თან პენალტი, რომელიც მატეო პოლიტანომ შეაგდო 68-ე წუთზე, ზუსტად ხვიჩას შეტევას მოჰყვა.

ველოდი, რომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ნეაპოლელთა 77-ე ნომერს დავინახავდი, მაგრამ არ დაუთმეს და ამის გამო ძალიან დამწყდა გული. როგორც ჩანს, განვლილ ერთ თვეში მშვენიერი თამაში ჯერ კიდევ არაა საკმარისი პენალტის შესასრულებლად. ეგ არაფერი, ცოტაც და მალე ხვიჩას თავის მონადირებული თერთმეტმეტრიანების შესრულებაში ვერავინ შეეცილება.

რაც შეეხება პრესის გამოხმაურებას, ხვიჩა თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო რომ იყო, ეს კორიერე დელო სპორტის ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ მშვენივრად დაინახა: პოლიტანოს შემდეგ (7,5 ქულა), ქართველმა მისგან მეორე უმაღლესი ქულა მიიღო – 7.

„მუდმივი საფრთხე! ზუსტი, მიზანმიმართული და ცეცხლოვანი! ის ყოველ მატჩში ძალიან სახიფათოდ ფეთქდება და რაც მთავარია, თამაშიდან თამაშამდე იზრდება“, – ასე დაახასიათა მიმომხილველმა ქართველი გარემარბი.

Goal.com-მა ხვიჩას თამაში 6,5 ქულით შეაფასა და ძირითადი შემადგენლობის წევრებიდან ქართველს აქაც მხოლოდ პოლიტანომ აჯობა.

იტალიური თავგადასავალი მშვენივრად გრძელდება.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 15 სექტემბერი)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian