მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: იტალია 1990

ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია იმ გაგებით, რომ მის დაწყებას მოუთმენლად ველოდი. მექსიკა 1986-იც მახსოვს, საბჭოთა კავშირის ნაკრების თამაშები და ფინალი, რომელიც ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა, მაგრამ იტალია 1990-ისთვის უკვე შეგნებულად ვემზადებოდი და ამიტომ ვამბობ, ჩემი პირველი მსოფლიოა-მეთქი. თითქოს გუშინ იყო კედლის კალენდარს რომ ვავსებდი, ქართულ გაზეთებში მონაწილეთა შესახებ ცნობებს რომ ვეცნობოდი, თანაკლასელებთან ხშირად ვკამათობდი ფეხბურთზე…
იმ წლებში საზაფხულო არდადეგებს სოფელში ვატარებდი და ამ ჩემპიონატის დაწყებასაც იქ შევხვდი, იმერეთში. ისე მოხდა, რომ 1990 წლის 8 ივნისს, ტურნირის გახსნის დღეს, მეზობლის ოჯახში დიდი ქორწილი იყო და მეც კოხტად გამოწყობილი გავყევი ბაბუა-ბებიებს.
მაგრამ უკვე იმდენად მიყვარდა ფეხბურთი, რომ არგენტინის და კამერუნის ნაკრებთა თამაშის დაწყებამდე, ძმაბიჭთან ერთად, უფროსებს გამოვეპარე და პირველ ტრანსლაციასაც შინ ვუყურე.
იტალია 1990-იდან კიდევ მატჩების სატელევიზიო ქუდი და სარეკლამო რგოლები მახსოვს, მაგალითად პანასონიკის და ადიდასისა: ირბინე ადიდას ტორშენით, გვამცნობდა დიქტორის ხმა…
ჩემპიონატის ჰიმნი ხომ საერთოდ ზღაპრული იყო! ჩემი ფიქრით, ის მელოდია საუკეთესოა მანამდე და მას შემდეგ შექმნილ საფეხბურთო კომპოზიციებს შორის!
ის განცდები ძველებურად ცოცხალია, მაგრამ ამ ჩემპიონატს მხოლოდ პირადი მოგონებებით ვერ გავწვდებოდი. დანარჩენი, რაც წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტში ამოვიკითხე, აგერაა.

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 1984 წლის 19 მაისს, ციურიხში აირჩიეს. ამ უფლებისთვის იტალია და საბჭოთა კავშირი იბრძოდნენ. იტალიამ თერთმეტი ხმა მიიღო, საბჭოეთმა – ხუთი.

ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის პროექტის მარცხი ლოს ანჯელესის ოლიმპიადის ბოიკოტით იყო განპირობებული. ფიფას კენჭისყრამდე მცირე ხნით ადრე მოსკოვმა ოფიციალურად იუარა 1984 წლის თამაშებზე გამგზავრება და თავისებური სამაგიერო გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოთხი წლის წინანდელი ოლიმპიადის ბოიკოტისთვის. მოგვიანებით ეს მოსაზრება ფიფას პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა უარყო და თქვა, რომ საბჭოთა კავშირის იმ პროტესტს და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას არაფერი აკავშირებდათ.

პირველ ეტაპზე ჩემპიონატის მიღების სურვილი ინგლისმა და საბერძნეთმაც გამოთქვეს, თუმცა მოგვიანებით ორივემ თავი შეიკავა. ციურიხში მიღებული გადაწყვეტილებით იტალია გახდა მეორე (მექსიკის შემდეგ), მაგრამ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც უდიდესი საფეხბურთო შეჯიბრების მასპინძლობის პატივი მეორედ ერგო.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის სურვილი, მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის და მასპინძელი იტალიის გარდა, კიდევ 114 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო 1988 წლის აპრილში დაწყებულ შესარჩევ ტურნირში 103 ნაკრები ჩაება.

თამაშებს უხმაუროდ არ ჩაუვლია, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ზონებში მომხდარმა ორმა სკანდალმა კი ფიფას უმკაცრესი ნაბიჯები დაგაადგმევინა.

ძალიან არ გაუმართლათ მექსიკელებს: აღმოჩნდა, რომ ფიფას ეგიდით გამართულ ერთ-ერთ ტურნირში ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე გადაზრდილმა ფეხბურთელმა ითამაშა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციაში ამის შესახებ იცოდნენ. და როცა სიმართლე დადგინდა, ფიფამ მექსიკის ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან ოთხი წლით მოკვეთა.

მეორე სკანდალი კი ჩილეს უკავშირდება. საკვალიფიკაციო ტურნირის უკანასკნელ მატჩში, რომელიც 1989 წლის 3 სექტემბერს გაიმართა, ჩილე ბრაზილიას ესტუმრა. თამაში 70-ე წუთზე შეწყდა: მასპინძელთა ქომაგებმა სტუმართა კარისკენ მაშხალები ისროლეს, რის შემდეგაც ჩილელთა მეკარე რობერტო როხასი მინდორზე დავარდა. როცა მსაჯმა მასთან მიირბინა, როხასს სახე სისხლით ჰქონდა მოთხვრილი! ჩილელებმა, აქაოდა თამაშის გაგრძელება შეუძლებელიაო, გასახდელს მიაშურეს, მოგვიანებით კი ქომაგთა უსაქციელობის გამო ბრაზილიელთა დასჯაც მოითხოვეს.

ფიფას შესაბამისმა კომიტეტმა მალე გაარჩია შემთხვევა და მტყუან-მართალიც გამოააშკარავა. დადგინდა, რომ როხასს მაშხალა ან რაიმე სხვა საგანი, რასაც მისი დაზიანება შეეძლო, საერთოდ არ მოხვედრია. ის შეგნებულად დავარდა მინდორზე, სახე კი ჩუმად, სპეციალურად შეტანილი სამართებლით დაისერა.

სიმართლის დადგენისთანავე ჩილეს ნაკრები ოთხი წლით მოიკვეთა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, მათ შორის მომდევნო მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციოდან, რობერტო როხასს კი ფიფას ეგიდით გამართულ მატჩებში მონაწილეობა სამუდამოდ აეკრძალა.

ევროპის შესარჩევ ზონაში რამდენიმე მოულოდნელობა მოხდა. ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა დანია (რუმინეთს ჩამორჩა), უნგრეთი (ესპანეთის და ირლანდიის შემდეგ ჯგუფში მესამე იყო), პორტუგალია და… მექსიკა 1986-ის მესამეადგილოსანი საფრანგეთი. საკვალიფიკაციო თამაშები საფრანგეთის პირველ გუნდში მიმდინარე თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესს დაემთხვა და სამფეროვნებიც ძალიან დაზარალდნენ, იუგოსლავიის და შოტლანდიის შემდეგ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავეს.

ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდნენ ირლანდიის, კოსტა რიკის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები გუნდები, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კი იღბლიანთა შორის გამოჩნდნენ ეგვიპტე – მხოლოდ მეორედ, იტალია 1934-ის შემდეგ, და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც ეს უფლება ბრაზილია 1950-იდან დაწყებული პირველად მოიპოვა.

მასპინძელი იტალია შესარჩევისგან თავისუფალი იყო. მზადების პროცესში სკუადრა აძურა ევროპის ჩემპიონ ნიდერლანდებსაც გაეჯიბრა: 1988 წლის 16 ნოემბერს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე 1:0 სძლია კონტინენტის უძლიერეს გუნდს. ამ მატჩით იტალიის ფეხბურთის ფედერაციის 90 წლის იუბილე აღინიშნა…

ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ლუკა დე მონტეძემოლოს ხელმძღვანელობით (ეს უკანასკნელი მოგვიანებით ფერარის შეფი გახდა), ფინალური ეტაპის 52 თამაშისთვის თორმეტი ქალაქი შეარჩია. ბარიში (სტადიო სან ნიკოლა) და ტურინში (სტადიო დელე ალპი) ახალი სარბიელები აიგო, დანარჩენი კი კაპიტალურად გარემონტდა. ამ და სხვა საჭირო სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 935 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ჩემპიონატის თილისმად ჩაო მოგვევლინა გახდა, იტალიის დროშის ფერებში შეღებილი კუბებისგან აწყობილი ბურთისთავიანი ფიგურა, ადიდასმა კი მორიგი ტურნირისთვის დამზადებულ ბურთს ეტრუსკო უნიკო უწოდა.

სპეციალისტების აზრით, იტალიაში გამართული უდიდესი საფეხბურთო შეჯიბრება თამაშის ხარისხით ერთ-ერთი ყველაზე უფერული გამოდგა. ამის მთავარი მიზეზი მონაწილეთა უმრავლესობის მიერ არჩეული დაცვითი ტაქტიკაა – გუნდები გოლის არგაშვებაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე გატანაზე. ამ მოსაზრებას სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს: მატჩში საშუალოდ 2,21 გოლი გადიოდა, რაც ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

კარის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ფეხბურთის ხილვით გაწბილებულმა ფიფამ ჩემპიონატის დასრულებიდან მცირე ხანში დაადასტურა, რომ ოქროს თასის მომდევნო გათამაშებისთვის ჯგუფში ქულათა დარიცხვის სისტემა შეიცვლებოდა – გუნდები გამარჯვებისთვის სამ ქულას მიიღებდნენ ნაცვლად ორისა.

იტალია 90 კიდევ ერთი წესის შეცვლის მიზეზი გახდა: მცირე ხანში მეკარეებს თანაგუნდელებისგან მიღებული ბურთის ხელში აღება აეკრძალათ.

მეორე მხრივ, XIV მსოფლიო ჩემპიონატზე რვა შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა (ეს რეკორდი მხოლოდ 2014 წელს განმეორდა), ხოლო ოთხჯერ პენალტების სერია დაინიშნა, რაც ასევე არნახული შედეგი იყო.

გოლების სიმწირის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტელეაუდიტორიამ 26,69 მილიარდი შეადგინა! ამ მაჩვენებლით იტალია 1990 დღემდე მესამე მსოფლიო პირველობაა კორეა-იაპონია 2002-ის და აშშ 1994-ის შემდეგ…

ფინალური ეტაპი

ჯგუფური ტურნირის წილისყრა 1989 წლის 9 დეკემბერს გაიმართა რომის სპორტის სასახლეში. საზეიმო ცერემონიას პოპულარული იტალიელი ტელეწამყვანი პიპო ბაუდო გაუძღვა, ღონისძიების მასპინძელს, ფიფას გენერალურ მდივანს იოზეფ ბლატერს კი ორი სახელგანთქმული იტალიელი ეხმარებოდა: მსოფლიო საოპერო სცენების ვარსკვლავი ლუჩანო პავაროტი და ლეგენდარული მსახიობი, ულამაზესი სოფი ლორენი. მათ გარდა წილისყრაში ფეხბურთის ლეგენდები პელე, ბობი მური და კარლ-ჰაინც რუმენიგეც მონაწილეობდნენ.

იმავე საღამოს შედგა იტალია 1990-ის ოფიციალური ჰიმნის პრეზენტაციაც – კომპოზიცია ედოარდო ბენეტომ და ჯანა ნანინიმ შეასრულეს. ჩემი მოკრძალებული აზრით Un’estate italiana (ინგლისურად: To Be Number One) მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ჰიმნია.

მასპინძელი იტალია, რომელსაც აძელიო ვიჩინი წვრთნიდა, A ჯგუფში მოხვდა ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებთან ერთად. სტატისტიკოსებმა წილისყრის დასრულებისთანავე შენიშნეს, რომ 1934 წელს, როცა იტალია პირველად გახდა უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები, სკუადრა აძურამ სწორედ ამ გუნდების წინააღმდეგობა დაძლია.

ვიჩინის გუნდმა თასისკენ სვლა არცთუ სანახაობრივი, მაგრამ ძლიერი, დამაჯერებელი თამაშით დაიწყო. მართალია სკუადრა აძურას თამაშში ორ გოლზე მეტი არ გაუტანია, მაგრამ ნახევარფინალამდე არც გაუშვია.

ბრწყინვალედ ორგანიზებული დაცვის წყალობით, მილანის ინტერის მეკარემ ვალტერ ძენგამ მსოფლიო ჩემპიონატების დღემდე მოქმედი რეკორდი დაამყარა – 518 წუთის განმავლობაში დაიცვა კარი გოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ ტურნირი წაუგებლად, შვიდიდან ექვსი მოგებით დაასრულა, ჩემპიონი მაინც ვერ გახდა. სხვათა შორის, სკუადრა ერთადერთია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ერთ გათამაშებაში ექვსი შეხვედრა მოიგო და მაგრამ თასს მაინც ვერ შეწვდა.

ვიჩინის გუნდმა მხოლოდ ნახევარფინალში ვერ გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინასთან ძირითად და დამატებით დროში 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 3:4 დამარცხდა.

„არც კი ვიცი, სხვა თამაშს მსგავსი აჟიოტაჟი თუ ჰქონია – სრული საგიჟეთი იყო! ყვირილი, კივილი, ხმაური, აი, ასეთ პირობებში გვიწევდა სასტუმროში ცხოვრება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ნახევარფინალში იტალიელებს ვეთამაშებოდით…

ჟურნალისტები გვერდიდან არ გვცილდებოდნენ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენსკენ და იტალიელებისკენ იყო მოპყრობილი. ყველას ესმოდა, რომ ნეაპოლში, სადაც დიეგოს უბრალოდ აღმერთებდნენ, ის იტალიის წინააღმდეგ ითამაშებდა! საოცარი აჟიოტაჟი იყო, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!

თავიდან რომის ერთ-ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. ორი დღით ადრე, დილით, აივანზე გავედი და დავინახე, რომ სასტუმროს შესასვლელში, იქ სადაც სტუმრების საპატივცემულოდ დროშებია აღმართული, ყველა ჩვეულებრივად ეკიდა არგენტინის დროშის გარდა, ის შუაზე იყო გახეული!

მივხვდი, რომ ეს ბილარდოს შემოქმედება იყო. მას ძალიან კარგად ვიცნობდი, ტყუილად ხომ არ გვითანამშრომლია ლამის რვა წელიწადი? მწვრთნელმა ეს ჩვენს გასაბრაზებლად გააკეთა! ახალბედები არ მიჯერებდნენ, მაგრამ სიმართლე მალე გაირკვა“, – არგენტინელთა ერთ-ერთი ლიდერის ოსკარ რუჯერის მოგონებებიდან.

იტალია ტოტო სკილაჩის გოლით დაწინაურდა, მე-17 წუთზე. ორმოცდაათ წუთში ვალტერ ძენგა გამოსვლისას შეცდა და ურთულეს სიტუაციაშ აღმოჩენილმა კლაუდიო კანიჯამ ანგარიში გაათანაბრა.

მეტი გოლი აღარ გავიდა, დამატებითი ნახევარი საათიც უგოლოდ გაილია და ბრაზილიელმა არბიტრმა ჟოზე რობერტუ რაიტმაც გუნდებს თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან უხმო.

საფეხბურთო ლატარეა იტალიელებმა დაიწყეს, ფრანკო ბარეზი ზუსტი იყო – 1:0. ხულიო ოლარტიკოეჩეას დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:3 გახდა, შემდეგ კი ბურთთან იმ წლების დიადი მილანის ნახევარმცველი რობერტო დონადონი მივიდა და… ვერ ივარგა.

დიეგო მარადონამ შანსი ხელიდან არ გაუშვა – არგენტინა დააწინაურა, ალდო სერენას გაფუჭებული პენალტის შემდეგ კი ყველაფერი დასრულდა, ალბისელესტემ ნეაპოლში 4:3 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა!

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ინგლისთან გამარჯვება და ბრინჯაოს მედლების მოპოვება ტიფოზებისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იყო.

ერთადერთი, რამაც ქომაგები გაახარა, სალვატორე ტოტო სკილაჩის თამაში გამოდგა, და ის აღიარება, რაც ფეხბურთელს ხვდა წილად: თავდამსხმელი სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრებოდა და ჩემპიონატიც სკამზე დაიწყო, მაგრამ ტურნირი საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის ტიტულებით დაასრულა…

1966 წლის შემდეგ საუკეთესო ოთხეულში პირველად მოხვედრილი ინგლისის ნაკრების შესახებ ერთი საინტერესო ფაქტია გასახსენებელი: ბრიტანეთის მთავრობის სპეციალური თხოვნით, ბობი რობსონის გუნდმა ყველა შეხვედრა კუნძულ სარდინიაზე, კალიარიში ჩაატარა.

მიზეზი ეიზელის ტრაგედიაა. 1985 წლის მაისში, ბრიუსელში გამართული ჩემპიონთა თასის ფინალის წინ, ლივერპულის ფანებმა იუვენტუსის ტიფოზებს სცემეს, არეულობას საერთო ჯამში 39 იტალიელი შეეწირა. მომხდარში უეფამ ინგლისელები დაადანაშაულა და ხუთი წლით მოკვეთა ევროთასებიდან (ლივერპული, როგორც ტრაგედიის მთავარი მიზეზი, მეექვსე სეზონითაც დაისაჯა).

ბრიტანეთში ფიქრობდნენ, რომ იტალიის დიდ ქალაქებში ინგლისელ გულშემატკივრებს პრობლემები შეექმნებოდათ და სწორედ ამიტომ სთხოვეს საორგანიზაციო კომიტეტს კალიარიში თამაში. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. ცნობილია, რომ ადგილობრივი სამართალდამცველების გარდა, ინგლისელთა თითოეულ მატჩზე უსაფრთხოებას პოლიციის დამატებითი რაზმებიც იცავდნენ, ამ საქმეში კი მასპინძლებს ბრიტანეთიდან ჩასული პროფესიონალებიც ეხმარებოდნენ. საერთო ძალისხმევით ინგლისის ნაკრების თამაშებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა მცირე შეხლა-შემოხლა მაინც მოხდა და რამდენიმე ათეულმა ინგლისელმა ფანმაც ნაადრევად დატოვა აპენინის ნახევარკუნძული.

ინგლისის იმ კარგი ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, ისევე როგორც ოთხი წლით ადრე მექსიკაში, თავდამსხმელი გარი ლინეკერი იყო, პოლ გესქოინი კი ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.

ნახევარფინალში, გერმანიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ატირებული გესქოინის ფოტოები უამრავ ბრიტანულ გამოცემაში დაიბეჭდა, ვეტერანმა მეკარემ პიტერ შილტონმა კი სანაკრებო კარიერა იტალიასთან მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის შემდეგ დაასრულა…

ხელი მოეცარა ტრადიციულ ფავორიტ ბრაზილიასაც, თან სამხრეთამერიკელები ამჯერად ძალიან ადრე, მერვედფინალში დამარცხდნენ.

1989 წელს სელესაო ახალი მწვრთნელის, სებასტიანო ლაზარონის ხელმძღვანელობით შეხვდა. ლაზარონის თავკაცობით გამართულ პირველ მატჩში, 15 მარტს ქალაქ კუიაბაში, ჟოზე ფრაჟელის სახელობის სტადიონზე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონებმა ვაშინგტონის გოლით ეკვადორს 1:0 სძლიეს.

ივნისში ბრაზილიამ დანიის ფეხბურთის ასოციაციის საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილ ტურნირში ძალიან ცუდად ითამაშა: 16 ივნისს კოპენჰაგენში შვედეთთან 1:2 დამარცხდა, 18 ივნისს კი დანიასთან 0:4 განადგურდა.

21 ივნისს ბრაზილია ბაზელში შვეიცარიას ამხანაგურად გაეჯიბრა და ზედიზედ მესამედ წააგო – 0:1. ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ლაზარონი პრესამ მიწასთან გაასწორა, თუმცა ივლისში გუნდმა შინ გამართული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო და მწვრთნელიც დატოვეს.

კოპა ამერიკაზე გამარჯვების შემდეგ, ბრაზილია კვლავ იტალია 1990-ის ფავორიტთა შორის დასახელდა, მაგრამ აპენინის ნახევარკუნძულზე სელესაომ იმედები ვერ გაამართლა.

ბრაზილია C ჯგუფში მოხვდა შვედეთის, შოტლანდიის და კოსტა რიკის ნაკრებებთან ერთად. სამგზის ჩემპიონებმა ყველა თამაში მოიგეს და მერვედფინალში რიხით შეაბიჯეს. იქ, არგენტინასთან, კვლავ ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მეოთხედფინალში მაინც მარადონა და კომპანია გავიდა.

24 ივნისს, ტურინში, იუვენტუსის დელე ალპიზე, ბრაზილიამ უკეთესად ითამაშა, მაგრამ ერთადერთი გოლი მაინც არგენტინელებმა გაიტანეს: 81-ე წუთზე, რამდენიმე მეტოქეს შორის მოქცეულმა მარადონამ კლაუდიო კანიჯა საოცარი პასით კლაუდიო ტაფარელს შეატოვა და ამ უკანასკნელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:0.

ოსკარ რუჯერი: „როცა ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ, სალაპარაკოდ დავსხედით. ვგრძნობდით, რომ ცუდად გვქონდა საქმე, თან ბრაზილიასთან ურთულესი მერვედფინალი გველოდა. მაშინ ბრაზილიას კარგი გუნდი ჰყავდა, რომელმაც ჯგუფში შეხვედრა მოიგო…

ვიცოდით მძიმე მატჩი რომ იქნებოდა, მაგრამ იმ ჯოჯოხეთს, რაც გავიარეთ, ვერ წარმოვიდგენდი! აღარც კი მახსოვს რამდენ გოლს გადავურჩით – მეტოქემ ძელი აღარ დაგვიტოვა! ბრაზილიას ასე ძლიერად დიდი ხნის განმავლობაში არ უთამაშია! ხშირად მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ: იმ დღეს გოლი რომ არ გავუშვით, ნამდვილი სასწაული იყო! არ გადავაჭარბებ: პირველ ტაიმში ბრაზილიამ გაგვანადგურა და შესვენებამ სულზე მოგვისწრო…

იცით რა ხდება ხოლმე ამ დროს გასახდელში? მწვრთნელი ფეხბურთელებს ხუთ წუთს აძლევს, რომ სული მოითქვან. თუ რამე აქვს სათქმელი, მხოლოდ ამის შემდეგ ამბობს. დარწმუნებული ვიყავი ბილარდო მიწასთან გაგვასწორებდა, მაგრამ შესვენება ისე გაილია, ერთი სიტყვაც არ უთქვამს! არ გატყუებთ, ხმა არ ამოუღია. კი მიკვირდა, მაგრამ რას ვიტყოდი?

როცა წამოვდექით და გასასვლელად მოვემზადეთ, სწორედ მაშინ დაგვიძახა ბილარდომ: „ბიჭებო, თუ ყვითლები ისევ ირბენენ, თქვენ კი ისეირნებთ, წავაგებთ“. ეს იყო და ეს, გეფიცებით, მას მეტი არაფერი უთქვამს“.

ბრაზილიელთა წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა სათადარიგო მეკარემ სერხიო ხავიერ გოიკოეჩეამ, რომელმაც ჯერ კიდევ ჯგუფში შეცვალა დაშავებული ნერი პუმპიდო. ამ უკანასკნელმა, ვინც ძირითადი გოლკიპერი გახლდათ ოთხი წლით ადრე მექსიკაში, ჩემპიონატის გახსნის თამაშში, კამერუნთან ხელი მოიტეხა და ტურნირი ნაადრევად დაასრულა.

იტალია 90 კარლოს სალვადორ ბილარდოს გუნდმა საშინლად დაიწყო: 8 ივნისს, მილანში, აფრიკელებთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ფრანსუა ომამ-ბიიკმა თავურით გაიტანა 67-ე წუთზე – პუმპიდო შეცდა. ის თამაში კამერუნმა ცხრა მოთამაშით დაასრულა: სახელგანთქმულმა ფრანგმა არბიტრმა მიშელ ვოტრომ 61-ე წუთზე ჯერ ანდრე კანა-ბიიკი გააძევა, მატჩის მიწურულს კი ბენჟამენ მასინგს უჩვენა წითელი ბარათი.

კვლავ ოსკარ რუჯერის ძველი ინტერვიუდან: „კამერუნთან წაგების მეორე დღეს ბილარდომ თეორიული მეცადინეობა ჩაგვიტარა. დაფასთან იდგა, მაგრამ ხელი უკანკალებდა და ვერაფერს წერდა. ვიფიქრე, რა სჭირს-მეთქი. შემდეგ მოტრიალდა და დავინახე, რომ ცრემლები სდიოდა! როგორც იქნა დამშვიდდა და გვითხრა: ბიჭებო, ასე სამარცხვინოდ კიდევ რომ დავმარცხდეთ, იცოდეთ, ვერ გადავიტან, გული გამისკდებაო“…

მოუთვინიერებელმა ლომებმა (კამერუნელებს ასეც მოიხსენიებენ) მეორე შეხვედრაშიც გაიმარჯვეს – 2:1 რუმინეთთან – და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს, მერვედფინალში კი 38 წლის როჟე მილას დუბლით კოლუმბიას სძლიეს. ეს უკანასკნელი ნაკრებს პირადად ქვეყნის პრეზიდენტის პოლ ბიიას თხოვნით დაუბრუნდა.

რუსი ვალერი ნეპომნიაშჩის გაწვრთნილმა კამერუნელებმა ჩემპიონატი მეოთხედფინალში დაასრულეს ინგლისთან. არადა, ცოტა რომ გამართლებოდათ, ვინ იცის, ეგებ ნახევარფინალშიც გასულიყვნენ. ინგლისელებმა მხოლოდ 83-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში (გარი ლინეკერმა პენალტით), დამატებითში კი გამარჯვების ბურთიც შეაგდეს – 3:2 (ისევ ლინეკერი, მეორე პენალტი).

კამერუნი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა. ეს შედეგი შავი კონტინენტის გუნდებმა მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ გაიმეორეს – სენეგალმა 2002 წელს და განამ 2010 წელს.

და კიდევ: კამერუნელთა წარმატების გათვალისწინებით, ფიფამ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატისთვის აფრიკას ფინალური ეტაპის მესამე საგზური გამოუყო…

არგენტინელებს დავუბრუნდები: კამერუნთან წაფორხილების შემდეგ ალბისელესტემ საბჭოთა კავშირის ნაკრები დაამარცხა – 2:0, ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში რუმინეთთან ქულები გაიყო და სამი ქულით და მესამე ადგილით გააღწია ფლეი ოფში.

მერე იყო მერვედფინალში ბრაზილიასთან გამარჯვება, 30 ივნისს, ფლორენციაში კი იუგოსლავიასთან უგოლოდ დასრულებული მეოთხედფინალი, რომელიც არგენტინამ პენალტების სერიაში მოიგო – 3:2. ნახევარფინალში ბილარდოს გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ იტალიას გადაეყარა და ამის შესახებ ზევით უკვე დავწერე.

იტალია 90-ის მთავარ ფავორიტთა შორის იყო ევროპის ჩემპიონი ნიდერლანდებიც. რინუს მიხელსის გუნდმა ორი წლით ადრე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული კონტინენტის პირველობა შთამბეჭდავად მოიგო, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატი უბრალოდ ჩააგდო.

80-90-იანი წლების შესაყარის სუპერვარსკვლავები მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი, ფრენკ რაიკაარდი, რონალდ კუმანი და მათი არანაკლებ ძლიერი თანაგუნდელები ჩემპიონატის მთავარ იმედგაცრუებად იქცნენ: ნარინჯისფერებმა ჯგუფში ყველა შეხვედრა ფრედ დაასრულეს, მერვედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, ბუნდესნაკრებთან 1:2 დამარცხდნენ.

მეზობლების დაპირისპირება მცირე მილანურ დერბად მონათლეს. საქმე ისაა, რომ ნიდერლანდელთა სამი ლიდერი – ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი – 1988-1990 წლებში ყველაფრის მომგებ მილანში ბრწყინავდა, ბუნდესგუნდის გამორჩეული სამეული კი – ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი, ანდრეას ბრემე – მილანის მეორე კლუბში, ინტერში.

ამ მერვედფინალში მომხდარი ინციდენტის გამო ფრენკ რაიკაარდმა მოგვიანებით საჯაროდ მოიბოდიშა. ის ეპიზოდი ბევრს ემახსოვრება: მილანის ნახევარმცველმა 22-ე წუთზე ნერვები ვერ მოთოკა და მორიგი შეჯახებისას ბუნდესგუნდის თავდამსხმელს რუდი ფიოლერს… შეაფურთხა. არგენტინელმა მსაჯმა ხუან ლუსტაუმ ნიდერლანდელიც გააგდო და მას აყოლილი გერმანელიც. მოედნიდან გასვლისას, გასახდელში შესულმა რაიკაარდმა კიდევ ერთხელ შეაფურთხა მეტოქეს…

იტალიაში ყველაზე შთამბეჭდავად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა ითამაშა. ფრანც ბეკენბაუერის მომზადებულმა გუნდმა ოქროს თასისკენ სვლა 10 ივნისს, მილანში, იუგოსლავიის განადგურებით დაიწყო – მათეუსმა (ორჯერ), კლინსმანმა და ფიოლერმა ოთხი გოლი გაუტანეს მეტოქეს, 4:1!

რამდენიმე წლის წინ, ფიფას ოფიციალური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, მათეუსმა თქვა: „იუგოსლავიის დამარცხებით ჩვენს ტრიუმფს ჩავუყარეთ საფუძველი. მეტოქე ნამდვილად ძლიერი იყო, მეოთხედფინალამდე ყოჩაღად იარა, თუმცა ჩვენ ისინი უბრალოდ გავანადგურეთ!

ეს იყო ჩემი 75-ე სანაკრებო შეხვედრა და ვფიქრობ, საუკეთესო იმ 150-დან, კარიერაში რომ ჩამიტარებია. ორი გოლი გავიტანე, მეორე კი ძალიან ლამაზი გამოდგა – სოლოგარღვევა დავაგვირგვინე ძლიერი დარტყმით, ლამის ნახევარი მოედანი გადავსერე!

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ იუგოსლავიელებთან თამაშის შემდეგ გუნდში ყველამ თავის ადგილი იპოვა და ამით ყველა კმაყოფილი იყო: ძირითადი შემადგენლობაც გაირკვა და სათადარიგოებსაც თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ. პრესა რომ პრესაა, ისიც კი აღარ გვაკრიტიკებდა. ჟურნალისტები მიხვდნენ, რომ საწუწუნო არაფერი იყო“.

მეორე ტურში ბუნდესგუნდს დებიუტანტი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები შეეწირა – 5:1 (ფიოლერის დუბლი, კლინსმანი, მათეუსი, უვე ბაინი), ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში კი, კოლუმბიასთან, გერმანელებმა მოგება უკანასკნელ წუთზე გაუშვეს ხელიდან: პიერ ლიტბარსკის მიერ 88-ე წუთზე გატანილი ბურთი 90-ზე გაქვითა ფრედი რინკონმა.

მერვედფინალში გერმანელებმა ორი წლით ადრე, ევროპირველობის  ნახევარფინალში მარცხისთვის შური იძიეს და 2:1 მოუგეს ჩემპიონ ნიდერლანდებს (კლინსმანი, ბრემე), მეოთხედფინალში ჩეხოსლოვაკიელები დაამარცხეს მათეუსის მიერ 24-ე წუთზე გატანილი პენალტით – 1:0, ნახევარფინალში კი ინგლისელებს სძლიეს პენალტების სერიაში.

ის ნახევარფინალი 4 ივლისს შედგა ტურინში, დელე ალპიზე. ბეკენბაუერის ბიჭები ანდრეას ბრემეს მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ. ინგლისელები კვლავ ლინეკერმა გადაარჩინა – მე-80 წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

მერე კი პენალტების სერია იყო, რომელიც იტალია-არგენტინის ნახევარფინალის მსგავსად, ზედიზედ ექვსი ზუსტი დარტყმით დაიწყო.

როცა სტიუარტ პირსი მივიდა ნიშნულთან, ანგარიში 3:3 იყო. პირსმა ვერ ივარგა, ოლაფ ტონმა კი გერმანია დააწინაურა. შემდეგ კრის უოდლის ჯერი დადგა. მანაც ვერ მოთოკა ნერვები და 4:3-ით გფრ ფინალში გავიდა. და ამით ის გახდა პირველი, რომელიც ზედიზედ მესამედ მოიპოვა მთავარ მატჩში მონაწილეობის უფლება.

ხოლო ის, რომ ფინალში წინა ჩემპიონატის გამარჯვებული და ვერცხლის პრიზიორი გავიდნენ, პირველად მოხდა.

ფინალი

ფიფას ოქროს თასის მორიგი მფლობელი მარადიულ ქალაქში, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამოვლინდა. მექსიკა 1986-ის ჩემპიონი არგენტინის და ფინალისტი გფრ-ის მორიგი დაპირისპირების სანახავად 73603 მაყურებელი შეიკრიბა.

დაძაბული, მძიმე თამაში გამოდგა, 65-ე წუთზე კი მსაჯმა წითელი ბარათიც გამოიყენა: მექსიკელმა არბიტრმა ედგარდო კოდესალ მენდესმა მიიჩნია, რომ პედრო დამიან მონსონმა იურგენ კლინსმანის წინააღმდეგ ძალიან იუხეშა და არგენტინელი მინდვრიდან მიაბრძანა. მონსონი ფინალში გაძევებული პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა.

თამაშის კულმინაცია კი 84-ე წუთზე დადგა: მსაჯმა რობერტო ნესტორ სენსინი ფიოლერის წინააღმდეგ საჯარიმოში წესის დარღვევაში დაადანაშაულა და პენალტი დანიშნა. ყველამ იცოდა, რომ თერთმეტმეტრიანი გერმანელთა ლიდერს და კაპიტანს ლოთარ მათეუსს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ბურთთან ანდრეას ბრემე მივიდა.

„როცა მსაჯმა პენალტი დანიშნა, ყველამ მე გამომხედა. ბეკენბაუერმა დამიყვირა, ლოთარ, კაპიტანი ხარ, გადაწყვიტე ვინ დაარტყასო! ავნერვიულდი… ვიგრძენი, რომ პენალტს ვერ შევასრულებდი, იმ წამს ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მზად. ფინალის წინ, პენალტებში ვარჯიშის დროს, ყველაზე უკეთ ბრემე ურტყამდა და მას გავხედე. ანდრეასმა თავი დამიქნია და მეც დავთანხმდი“, – მათეუსის ერთ-ერთი ინტერვიუდან.

ბრემემ ბურთი გაასწორა, გამოექანა, უძლიერესად დაარტყა და… 1:0! სერხიო გოიკოეჩეამ, რომელმაც მეოთხედფინალში იუგოსლავიასთან და ნახევარფინალში იტალიასთან ოთხი(!) პენალტი მოიგერია, ამჯერად მხოლოდ მიმართულება გამოიცნო. წლების შემდეგ ის იტყვის:

„როცა დავინახე, რომ ბურთთან ბრემე მივიდა, გონებაში ძალიან ბევრმა მომენტმა გამიელვა. მას, ასე თუ ისე, ვიცნობდი და დაახლოებით წარმომედგინა, როგორ დაარტყამდა. ბრემეს უჩვეულო მანერა ჰქონდა – პენალტებს საჯარიმოსავით ასრულებდა – ბურთს ზევით უშვებდა…

როცა ძლიერად დარტყმული ბურთი უკიდურეს კუთხეში მიფრინავს, მისი მოგერიება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ იმედი მქონდა და ვფიქრობდი, რომ გერმანელი ისევ მაღლა დაარტყამდა. როგორც ჩანს, ჩანაფიქრს მიმიხვდა და მომატყუა, ბურთი დაბალ კუთხეში შეაგდო. მიმართულებას კი მივუხვდი, მაგრამ წამის მეათედით დავაგვიანე. იმ პენალტის აღება შეუძლებელი იყო, მაგრამ მასზე ფიქრი დღემდე მტანჯავს“.

87-ე წუთზე, მორიგი შეხლა-შემოხლის შემდეგ, მსაჯმა მეორე არგენტინელი, გუსტავო აბელ დესოტიც გააძევა, რამდენიმე წუთში კი არბიტრმა ფინალი და მასთან ერთად ჩემპიონატიც დაასრულა: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა მესამედ აღმართა ოქროს თასი!

ფრანც ბეკენბაუერი გახდა პირველი, რომელმაც ეს ტიტული ჯერ კაპიტნის, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო! ამავდროულად, ის მარიო ზაგალოს რეკორდის თანაავტორიც გახდა, ფიფას თასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში პირველად სწორედ ბრაზილიელმა აღმართა.

ვერცხლის მედალოსანი არგენტინა კი, უცნაურია, მაგრამ ასევე პირველი ფინალისტი აღმოჩნდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში გოლი ვერ შეაგდო. თან, ფინალი არასრული შემადგენლობით დაასრულა.

ოსკარ რუჯერი: „არავის ვუსურვებ იმის განცდას, რაც მაშინ ჩვენ ვიგრძენით. ნაცემი, დამცირებული და ტალახში ამოსვრილი ძაღლებივით მივდიოდით გასახდელისკენ… ის კოშმარი არასდროს დამავიწყდება! ხმას ვერავინ იღებდა…

როცა გასახდელში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ლოთარ მათეუსმა კარი შემოაღო და სათითაოდ გადაგვეხვია. ამით მან ბევრი ჩვენგანი ინფარქტისგან იხსნა. ლოთარი დიდი ადამიანია, მის იმ ჟესტს არასდროს დავივიწყებ. წარმოიდგინეთ, გერმანელები ჩემპიონები გახდნენ, ზეიმობდნენ, კაპიტანმა კი ყველაფერი მიატოვა და ჩვენთან მოვიდა. მან იცოდა, რასაც ვგრძნობდით და ზურგი ვერ გვაქცია. დღესაც ცრემლები მომდის იმ წამებს რომ ვიხსენებ“.

მიუხედავად იმისა, რომ ტრიუმფატორთა გუნდისთავი საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის გარეშე დარჩა, მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი დონის ასპარეზობა წლის ბოლოს სათანადოდ დაუფასდა: ფრანს ფუტბოლმა ევროპაში აღიარა საუკეთესოდ, უორლდ სოკერმა კი მსოფლიოში! ერთი წლის შემდეგ გერმანელმა პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელის ტიტული უკვე ფიფას ვერსიით მოიგო.

ლოთარ მათეუსის ერთ-ერთი ინტერვიუდან: „იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში პირადად ჩემთვის მშობლიურ კედლებში ასპარეზობას ჰგავდა – მე ხომ ინტერის ფეხბურთელი ვიყავი. იურგენ კლინსმანი და ანდრეას ბრემეც ჩემი თანაკლუბელები იყვნენ…

გერმანიამ პირველი ხუთი შეხვედრა სან სიროზე ჩაატარა, რაც ჩვენთვის დიდი შვება იყო. იმ დღეებში ჩვენს გარშემო ფანტასტიკური სიტუაცია სუფევდა…

რაც შეეხება ფინალს, ის კიდევ ერთ შინ გამართულ მატჩს ჰგავდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თომას ბერთოლდი და რუდი ფიოლერიც იტალიაში თამაშობდნენ, რომას ფეხბურთელები იყვნენ…

მიმაჩნია, რომ არგენტინა ფინალში იღბლის წყალობით გავიდა. ის არ იყო ძველებურად გამართული გუნდი“…

იტალია 1990-ის დასრულებიდან რამდენიმე თვეში აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია გაერთიანდა, ერთი წლის შემდეგ კი სამუდამოდ დაიშალა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – ევროპაში არაერთი ახალი ქვეყანა გაჩნდა. მსოფლიომ, და მასთან ერთად ფეხბურთმაც, დიდი ცვლილებების ეპოქაში შეაბიჯა…

იტალია 1990 – ზოგადი ცნობები:

*-იტალია გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც მეორედ უმასპინძლა ფიფას ოქროს თასის გათამაშებას (პირველად 1934 წელს). ამით იტალია მექსიკის (1970, 1986) გვერდით დადგა.
*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა მოგებისთვის გუნდები ორ ქულას იღებდნენ. ასევე უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა მეკარეს თანაგუნდელისგან მიღებული ბურთის ხელში აღება შეეძლო.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა ითამაშეს.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში დამარცხებულმა გოლი ვერ გაიტანა. ასევე პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალში ფეხბურთელი გააძევეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორი არგენტინელი).
*-მეორე ჩემპიონატი მექსიკა 1970-ის შემდეგ, როცა ნახევარფინალში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონები გავიდნენ.
*-მონაწილეობდა 24 გუნდი (ევროპა – 14; სამხრეთი ამერიკა – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 2; აფრიკა – 2; აზია – 2).
*-52 თამაშში 115 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,21.
*-მთლიანი დასწრება – 2 516 215, საშუალოდ მატჩზე 48 389 გულშემატკივარი.

8 ივლისი, 1990. მსოფლიოს XIV ჩემპიონატის ფინალი. იტალია, რომი, ოლიმპიკო. 73 603
გფრ 1:0 არგენტინა
გოლი: 1:0 ანდრეას ბრემე (85, პენ)
გფრ: ბოდო ილგნერი, ანდრეას ბრემე, იურგენ კოლერი, კლაუს აუგენტალერი, გვიდო ბუხვალდი, პიერ ლიტბარსკი, თომას ჰესლერი, რუდი ფიოლერი, ლოთარ მათეუსი (კაპ), თომას ბერთოლდი (შტეფან როიტერი 73), იურგენ კლინსმანი
მწვრთნელი: ფრანც ბეკენბაუერი
არგენტინა: სერხიო ხავიერ გოიკოეჩეა, ხოსე ორასიო ბასუალდო, ხორხე ლუის ბურუჩაგა (გაბრიელ უმბერტო კალდერონი 53), გუსტავო აბელ დესოტი, პედრო ანტონიო ტროლიო, დიეგო არმანდო მარადონა (კაპ), ნესტორ გაბრიელ ლორენსო, რობერტო ნესტორ სენსინი, ხოსე ტიბურსიო სერისუელა, ოსკარ ალფრედო რუჯერი (პედრო დამიან მონსონი 46), ხულიო ხორხე ოლარტიკოეჩეა
მწვრთნელი: კარლოს სალვადორ ბილარდო
გაფრთხილება: გუსტავო აბელ დესოტი, რუდი ფიოლერი, პედრო ანტონიო ტროლიო, გუსტავო აბელ დესოტი, დიეგო არმანდო მარადონა
გაძევება: პედრო დამიან მონსონი (65), გუსტავო აბელ დესოტი (87)
მსაჯები: ედგარდო კოდესალ მენდესი (მექსიკა); არმანდო პერეს ოიოსი (კოლუმბია), მიხალ ლისტკიევიჩი (პოლონეთი)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
სალვატორე ტოტო სკილაჩი (იტალია)
– 6 გოლი
ტომაშ სკუხრავი (ჩეხოსლოვაკია) – 5 გოლი
გარი ლინეკერი (ინგლისი), როჟე მილა (კამერუნი) – 4 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.სალვატორე ტოტო სკილაჩი (იტალია)
2.ლოთარ მათეუსი (გფრ)
3.დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა)

საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): რობერტ პროსინეჩკი (იუგოსლავია)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): სერხიო ხავიერ გოიკოეჩეა (არგენტინა) და ლუის გაბელო კონეხო (კოსტა რიკა)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: სერხიო ხავიერ გოიკოეჩეა (არგენტინა) და ლუის გაბელო კონეხო (კოსტა რიკა)
მცველები: ანდრეას ბრემე (გფრ), ფრანკო ბარეზი (იტალია), პაოლო მალდინი (იტალია)
ნახევარმცველები: ლოთარ მათეუსი (გფრ), დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა), პოლ გესქოინი (ინგლისი), დრაგან სტოიკოვიჩი (იუგოსლავია)
თავდამსხმელები: სალვატორე ტოტო სკილაჩი (იტალია), იურგენ კლინსმანი (გფრ), როჟე მილა (კამერუნი)

მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი გფრ-ის ნაკრები
მეკარეები: 1.ბოდო ილგნერი (კიოლნი), 12.რაიმონდ აუმანი (მიუნხენის ბაიერნი), 22.ანდრეას კეპკე (ნიურნბერგი)
მცველები: 2.შტეფან როიტერი (მიუნხენის ბაიერნი), 3.ანდრეას ბრემე (მილანი ინტერი, იტალია), 4.იურგენ კოლერი (მიუნხენის ბაიერნი), 5.კლაუს აუგენტალერი (მიუნხენის ბაიერნი), 6.გვიდო ბუხვალდი (შტუტგარტი), 14.თომას ბერთოლდი (რომის რომა, იტალია), 16.პაულ შტაინერი (კიოლნი), 19.ჰანს პფლუგლერი (მიუნხენის ბაიერნი)
ნახევარმცველები: 7.პიერ ლიტბარსკი (კიოლნი), 8.თომას ჰესლერი (კიოლნი), 10.ლოთარ მათეუსი (მილანი ინტერი, იტალია), 15.უვე ბაინი (ფრანკფურტის აინტრახტი), 17.ანდრეას მიოლერი (დორტმუნდის ბორუსია), 20.ოლაფ ტონი (მიუნხენის ბაიერნი), 21.გიუნტერ ჰერმანი (ბრემენის ვერდერი)
თავდამსხმელები: 9.რუდი ფიოლერი (რომის რომა, იტალია), 11.ფრანკ მილი (დორტმუნდის ბორუსია), 13.კარლ-ჰაინც რიდლე (ბრემენის ვერდერი), 18.იურგენ კლინსმანი (მილანის ინტერი, იტალია)
მწვრთნელი: ფრანც ბეკენბაუერი

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 23 სექტემბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian