ხვიჩას ქართული რეკორდი
საფეხბურთო ხუმრობებს შორის გამორჩეულად მიყვარს არგენტინელი ნახევარმცველის ექტორ ენრიკეს სიტყვები, 1986 წელს, მექსიკაში ინგლისთან 2:1-ის შემდეგ რომ თქვა: ისეთი პასი მივეცი დიეგოს, ბურთის კარში შეგორების მეტი არაფერი დარჩენოდაო.
ენრიკემ მარადონას მეორე გოლზე იხუმრა, „ღმერთის ფეხად“ რომ მონათლეს ჟურნალისტებმა – თავის ნახევარზე, დაახლოებით ცენტრალურ წრესთან მდგარმა ნახევარმცველმა დიეგოს დაუგორა ბურთი. ისეთი პასი იყო, ყველა ფეხბურთელი რამდენჯერმე რომ ასრულებს მატჩში.
მაგრამ რაც იმ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ პასს მოჰყვა, ერთადერთხელ ვიხილეთ და ვნახავთ თუ არა რაიმე მსგავსს კიდევ, არ ვიცი: დიადი ათიანის ნახევარბრუნი, ზღაპრული სლალომი, ზედიზედ მოტყუებული ინგლისელები, მინდორზე გაშხლართული მეკარე და კარის ბადეში გახვეული ბურთი! თან, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, არგენტინელთათვის კიდევ სხვა მიზეზის გამო, გამორჩეულად პრინციპულ დაპირისპირებაში!
ლამის ორმოცი წლის წინანდელი ამბავი და არგენტინელის ხუმრობა ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელმა გოლმა გამახსენა, უფრო სწორად, ნაპოლი-ტორინოს მატჩის ოქმებმა, რამდენიმე გამოცემის ვებ-გვერდზე რომ ვნახე: ქართველის გუშინდელ გოლში პიოტრ ზელინსკი საგოლე გადაცემის ავტორადაა მოხსენიებული!
პოლონელს ნაღდად არაფერს ვერჩი, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის კარში შეგდებული ის ბურთი მხოლოდ და მხოლოდ ხვიჩას დამსახურებაა. თუ რამეს ვაჭარბებ, მითხარით. თამაშის ოქმში ზელინსკის ამ სტატუსით ჩაწერით ჩვენი ბიჭის გოლს, რა თქმა უნდა არაფერი აკლდება, უბრალოდ რა საჭიროა დაუმსახურებელი პლუსები და სტატისტიკური ტყუილი, ვერ ვხვდები. და არც მომწონს, რომ არ დავმალო…
კორიერე დელო სპორტმა დღეს კიდევ ერთხელ გაიტანა ხვიჩას ფოტო პირველ გვერდზე, მარიო რუისთან და ზამბო ანგისასთან ერთად რომ ზეიმობს გოლს. თამაშის მიმომხილველი წერს: „ანგისას და კვარას გუშინდელი თამაში სკუდეტოს იმსახურებს“.
ხვიჩა გაძეტა დელო სპორტის პირველ გვერდსაც ამშვენებს. იტალიის ყველაზე პოპულარული სპორტული გაზეთი აღიარებს რომ: „ნაპოლი დაფრინავს“.
გუშინდელი გამარჯვებით კმაყოფილია ლუჩანო სპალეტიც. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუკეთესო პირველი ნახევარი გვქონდა, ზუსტად ასეთ თამაშს ვთხოვ ბიჭებს, რადგან ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც მსურსო.
რაც შეეხება კონკრეტულად ხვიჩას, სპალეტიმ თქვა: „კვარა საოცარი ფეხბურთელია, დიდებულად ფლობს ბურთს და თანაგუნდელებს მუდამ თავს სთავაზობს. როცა ვუტევთ, ის უნაკლოა: ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს და იოლად ატყუებს მცველებს. პირველ ნახევარში სამჯერ ვუხმე და მხოლოდ იმიტომ, რომ დაცვისთვის მეტი ყურადღება მიექცია… ანგისასთან და ზელინსკისთან ერთად დღეს კვარაცხელია მთავარი დამრტყმელი ძალა იყო“.
კიდევ ის გამეხარდა, რომ ტორინოსთან მატჩის წინ ხვიჩა იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის – AIC – პრიზით დაჯილდოვდა. სამი მთავარი ლიგის (ა, ბ, ც) მოთამაშეებმა ქართველი სერია ა-ს აგვისტოს რჩეულად დაასახელეს – კვარაცხელიამ საერთო ხმების 68% მიიღო. ეს მისი მეორე იტალიური აღიარებაა სერია ა-ს ჯილდოს შემდეგ – ხვიჩა აგვისტოში ამ ვერსიითაც ნომერ პირველი იყო. სხვათა შორის, ეს კოხტა პრიზი სექტემბერში ნეაპოლელთა მეორე ახალწვეულმა, კორეელმა მცველმა მინ-ჯაე კიმმა მიიღო. კვარასი არ იყოს, მანაც დიდებულად დაიწყო იტალიური კარიერა…
ორ დღეში ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურია: ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე აიაქსთან პაექრობას დაუმარცხებელი ნაპოლი ზედიზედ ექვსი გამარჯვებით ხვდება – ოთხი სერია ა-ში, ორიც ლიგაზე. გული მიგრძნობს, 4 ოქტომბრის საღამოს ძალიან კარგ ფეხბურთს ვნახავთ, რადგან ნაპოლის არ იყოს, ეს აიაქსიც მშვენიერია.
P.S. ტორინოს კარში გატანილი გოლი ხვიჩასთვის მეხუთეა მიმდინარე სერია ა-ში და ეს უკვე „ქართული რეკორდია“. 2001-02 წლების იტალიის ჩემპიონატი კახი კალაძემ 30 მატჩში 4 ბურთით დახურა…
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 ოქტომბერი)
ფოტო: sscnapoli.it