ტაშკენტი 2022: მსოფლიო ძიუდო და 10 ქართული ამბავი

6-13 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ წუთისთვის ტურნირზე 87 ქვეყნის 584 სპორტსმენია დარეგისტრირებული და მათ შორის არიან ქართველებიც.

ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი ვაჟთა ნაკრები ფავორიტებს შორის სახელდება, რადგან ყველა წონაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობს: ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (ორივე 100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). მათგან შავდათუაშვილი და ბექაური ოლიმპიური ჩემპიონები არიან, შავდათუაშვილი, ამავდროულად, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, ახლო წარსულში კი ამავე ტიტულს ფლობდნენ ჩხვიმიანი და თუშიშვილი.

საინტერესოა ისიც, რომ გუჯეჯიანის გუნდიდან მსოფლიო ჩემპიონატის თუნდაც ერთ მედალს ყველა ფლობს… ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორის ლაშა ბექაურის გარდა. 2021 წელს ლაშამ ჯერ ევროპირველობა მოიგო, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა, მათ შუაში გამართული მსოფლიო პირველობა კი ტრავმის გამო გამოტოვა.

რაც შეეხება გია თენაძის მომზადებულ ქალთა ნაკრებს, გუნდში მხოლოდ ორი სპორტსმენია – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ბუდაპეშტმა უმასპინძლა (6-13 ივნისს). უნგრეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრებმა ყველა სინჯის მედალი მოიგო: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ფინალი დათმო, ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ კი 100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუჯეჯიანის გუნდმა ამ ოთხი მედლით ქართული ძიუდოს ერთი ძველი რეკორდი გაიმეორა: მანამდე ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მედალი ჩვენებმა ერთადერთხელ, 1989 წელს, იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში მოიგეს.

32 წლის წინანდელი მსოფლიო პირველობა ბევრი რამითაა მნიშვნელოვანი და ამიტომ, კარსმომდგარი ჩემპიონატის წინ ჩვენი ძიუდოს საინტერესო „მსოფლიო“ ამბებს მისით დავიწყებ:

1: ქართველები ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა სინჯის მედალს პირველად ასევე ბელგრადში დაეუფლნენ: ამირან ტოტიკაშვილმა (60კგ) და კობა კურტანიძემ (95კგ) ოქროს მედლები მოიგეს, აკაკი კიბორძალიძე (აბსოლუტური) ფინალში დამარცხდა, გია თენაძე კი, ვინც დღეს ქალთა ნაკრებს ხელმძღვანელობს, ბრინჯაოს დაეუფლა (71კგ).
ეს მიღწევა მას შემდეგ მხოლოდ სამჯერ განმეორდა: 2007 წელს რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია), 2018 წელს ბაქოში (აზერბაიჯანი) და შარშან, ბუდაპეშტში.

2: ბელგრადი 1989 კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ორმა ქართველმა გაიმარჯვა – ტოტიკაშვილმა და კურტანიძემ.

3: ასევე, ბელგრადი 1989 ერთადერთი მსოფლიო პირველობაა, სადაც სამმა ქართველმა იჭიდავა ფინალში – ტოტიკაშვილი-კურტანიძისგან განსხვავებით, კიბორძალიძეს ხელი მოეცარა.

4: ბუდაპეშტი 2021 პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა, სადაც ერთ წონაში ორმა ქართველმა მოიგო მედალი – ლიპარტელიანი და სულამანიძე 100კგ-ში მესამე ადგილზე გავიდნენ.

5: ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატების 6 მედალს ფლობს – 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მსოფლიო ჯილდოების სიმრავლით ის პირველია. ცხადია, მხოლოდ პირადი პირველობის მედლებს ვგულისხმობ. აქვე იმასაც დავწერ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების 6 ჯილდო ჩვენი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია, თუმცა რეკორდი სხვისია.

6: ლიპარტელიანი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ზედიზედ 5 ჩემპიონატზე მოიგო მედალი: 2013 – ვერცხლი (90კგ), 2014 – ბრინჯაო (90კგ), 2015 – ბრინჯაო (90კგ), 2017 – ვერცხლი (100კგ), 2018 – ვერცხლი (100კგ).

7: მისგან განსხვავებით ლაშა შავდათუაშვილს მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთადერთი ჯილდო აქვს მოგებული, თუმცა ოქრო! შარშანდელი ბუდაპეშტური ტრიუმფით ლაშა პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც სამივე მთავარი შეჯიბრება მოიგო – ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპირველობა.

8: ქართული ძიუდოს აქტივში მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებული 9 ოქროს მედალია. მხოლოდ თემურ ხუბულურმა მოიგო ტიტული ორჯერ – 1979 და 1981 წლებში.
ამავდროულად, ხუბულური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული პირველი ქართველია და ასევე პირველი, რომელმაც ზედიზედ ორი მსოფლიოს ფინალი იჭიდავა, თან ორივე წარმატებულად.
მისგან განსხვავებით, ზურაბ ზვიადაურმა მიჯრით ორი ფინალი წააგო (2001, 2003), ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი 2013 წელს ტიტული დათმო, თუმცა 2014-ში ოქროს მედალი მოიგო.
ცნობისათვის: 2010 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა.

9: კიდევ ერთი დიდი ძიუდოისტი უნდა ვახსენო, დავით ხახალეიშვილი. ბარსელონის ოლიმპიადის გამარჯვებული ერთადერთია, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 მედალი მოიგო: 1993 წელს, ჰემილტონში (კანადა), ის +95 წონის ფინალში დამარცხდა, აბსოლუტურში კი მესამე ადგილზე გავიდა.

10: და ბოლო ამბავი: მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებული 9 ოქროს, 15 ვერცხლის და 31 ბრინჯაოს მედლით ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა ჩვენი სპორტის ისტორიაში.
ოქროს მედლებით ძიუდო მხოლოდ ჭიდაობებს და ძალოსნობას ჩამორჩება, 15 ვერცხლით მეორეა თავისუფალი ჭიდაობის შემდეგ, 31 ბრინჯაო კი ყველაზე მაღალი შედეგია იმავე თავისუფალი ჭიდაობის მსგავსად.

* * *

ტაშკენტი 2022-ს 6 ოქტომბერს ყველაზე მჩატე სპორტსმენები დაიწყებენ, უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს კი, 13-ში, შერეულ გუნდთა ტურნირი გაიმართება.

საპრიზო ფონდი მილიონი ევროა. წონითი კატეგორიის ჩემპიონები 20 800 ევროს მიიღებენ, ვიცე-ჩემპიონები 12 ათასს, მესამე ადგილზე გასულები კი 6 400 ევროთი წახალისდებიან.

ცნობილი ამბების გამო მსოფლიო ჩემპიონატი რუსების გარეშე ჩაივლის.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 ოქტომბერი)
ფოტოკოლაჟი: judoinside.com

ka_GEGeorgian