სტადიონიდან კიკერამდე

ფეხბურთის გულშემატკივრობა რომ დავიწყე, მე და ჩემი თანატოლები უფრო მარკებს და საღეჭი რეზინის ქაღალდებს ვაგროვებდით. ჟურნალ სტადიონის ფერადი პლაკატები მოგვიანებით ვნახე ნათლიის შვილთან, რომელსაც საძინებლის კედლები ასეთი ფოტოებით ჰქონდა აჭრელებული. ორმოცი წლის წინანდელი ამბავია…

ეს ახლაა იოლი სასურველი საფეხბურთო გამოცემის შეძენა, თორემ მაშინ, 80-ებში, ჩეხოსლოვაკიური სტადიონი და სტარტი, პოლონური პილკა ნოჟნა და უნგრული ლაბდარუგაში დახლს ქვემოდან იყიდებოდა. გერმანულ კიკერზე და ფრანგულ ონზ მონდიალზე კი უბრალოდ უნდა გენადირა – ძალიან, ძალიან ძვირი ღირდა! წლების წინ მიამბო ერთმა, გორკის პარკში (ახლანდელი ვარდების) ვიკრიბებოდით კოლექციონერები და სასურველი ფეხბურთელების პლაკატებში კაი ფულსაც ვიხდიდითო…

სტადიონის და სტარტის ერთგვერდიანი პლაკატების შეგროვება 1993 წლიდან დავიწყე. იყო ასეთი მაღაზია ფილარმონიასთან – ლეგო, ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს იქ შესულმა უფროსი ბიჭები გავიცანი, იმდროინდელი პოპვარსკვლავების კასეტებთან და კომპაქტ-დისკებთან ერთად ფეხბურთელების პლაკატებს და ფოტოებს ჰყიდდნენ: დოქტორ ალბანი, თეიქ ზეთი, აეროსმიტი, იუ თუ, ისთ სევენთინ, ბოიზ თუ მენ… მათ გვერდით კი ლივერპული, ასტონ ვილა, ჰამბურგი, რეალი, პორტუ, მილანი, ბარსელონა და, რა თქმა უნდა, პლატინის დროინდელი იუვე, ჩემი ფავორიტი!

მათი მარაგი რომ ამოვწურე, ახლანდელი სასტუმრო სტამბის წინ კიდევ ერთ მაღაზიაში ვნახე მსგავსი ფოტოები, შემდეგ სხვებიც გავიცანი და მას შემდეგ კაი დიდი კოლექციაც შეგროვდა.

ყველაზე ძალიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ფოტოები მომწონდა, მაგრამ სრულ კომპლექტს ვერა და ვერ მოვუყარე თავი. აი, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის წინ კი ნამეტანი გამახარა ერთმა უფროსმა მეგობარმა – 1974-1990 წლებში შეკრული არქივი მისახსოვრა, სტადიონის, სტარტის და ლაბდარუგაშის კოლექცია, პლუს მიშელ პლატინის შესახებ წლების განმავლობაში გაკეთებული უშველებელი ალბომი!

ეს ყველა ფოტო, ამ ალბომში რომ ვაქვეყნებ, სწორედ იმ არქივიდანაა: ორმოცი წლის წინანდელი მსოფლიო ჩემპიონატის, ესპანეთი 1982-ის ოცდაოთხივე მონაწილე, პლუს ოთხივე პრიზიორი.

სტადიონი კი, მგონი, აღარც გამოიცემა. პრაღაში, სადაც პრესის ჯიხური ვნახე, ყველგან ვიკითხე, მაგრამ არავის ჰქონდა. არც სტარტი შემხვედრია.

ჩვენ, ასეთი ჟურნალების მოყვარულები, დღეს კიკერს ვანიჭებთ უპირატესობას – მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატების შესახებ საუკეთესო ალბომებს სწორედ ეს ძველისძველი გერმანული გაზეთი გამოსცემს.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 4 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian