ვან გოგი? არა, კვარავაჯო!
საფეხბურთო გაკვეთილი აიაქსს…
ღვთაებრივი ნაპოლი…
ვარსკვლავური ნაპოლი…
ნაპოლი, შენ დიდებული ხარ…
ყველაზე პოპულარული იტალიური სპორტული გაზეთები – გაძეტა დელო სპორტი, კორიერე დელო სპორტი და ტუტოსპორტი, დღეს დილით ამ სათაურებით გამოიცა. გუშინდელი 6:1-ის შემდეგ არავის უკვირს, რომ ფეხბურთის ექსპერტები, ჟურნალისტები და ტიფოზები ლუჩანო სპალეტის გუნდს მხოლოდ აქებენ.
იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე ნეაპოლელებმა გუშინ ისტორია დაწერეს, რადგან:
პირველი – ევროთასებზე ასპარეზობის მანძილზე პირველად გაიტანეს ერთ მატჩში 6 გოლი, არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ აიაქსმაც პირველად გაუშვა თამაშში ამდენი ბურთი!
მეორე – ნაპოლი პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საწყის სამ ტურში მინიმუმ ათი ბურთი შეაგდო: 4:1 შინ, ლივერპულთან, 3:0 გლაზგოში, რეინჯერსთან და წუხელ დაუვიწყარი საღამო ამსტერდამში!
და მესამე – 1964 წლის ნოემბრის შემდეგ აიაქსი ყველაზე მწარედ დამარცხდა. 58 წლის წინ ამსტერდამელები როტერდამის ფეიენოორდმა გაანადგურა ერედივიზიეში, 4:9!
უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნეაპოლელთა კაპიტანი და მარჯვენა მცველი ჯოვანი დი ლორენცო დაასახელა, გაძეტა დელო სპორტმა სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა გამოარჩია, ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 8,5 ქულა, მე კი მაინც ჩვენს ბიჭზე დავწერ, რომელიც გუშინ არ იყო საუკეთესო, მაგრამ თავის წვლილი მაინც შეიტანა ისტორიულ გამარჯვებაში:
33-ე წუთზე ნაპოლი დი ლორენცოს თავურით დაწინაურდა და საგოლე გადაცემა სწორედ ხვიჩამ შეასრულა!
ზუსტად ნახევარ საათში, 63-ე წუთზე, ჩემპიონთა ლიგაში, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ქართული გოლი გავიდა – თანაგუნდელთან მშვენივრად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, კვარაცხელია რემკო პასვერთან პირისპირ გავიდა და 38 წლის მეკარეს კოხტად შემოატარა ბურთი, 5:1!
„პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, 11 ბურთი კლუბსა და ნაკრებში ამ სეზონში! ხვიჩა კვარაცხელია – ტალანტი“! – ასე დაასათაურა უეფას ჩემპიონთა ლიგამ ნეაპოლელთა 77-ე ნომრის გუშინდელი ფოტოები, მეორე სოციალურ ქსელში კი ქართველი უკვე კარგად ცნობილი მეტსახელით მოიხსენია – კვარადონა.
ყველაზე ძალიან მე მაინც გაძეტა დელო სპორტის ეს კოლაჟი მომეწონა და სახალისო წარწერა: „ვან გოგი? არა, კვარავაჯო“!
„ზღაპრული თამაში იყო! დიდებულიც შემიძლია ვუწოდო, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ახლა ისევ სერია ა-ზე უნდა გადავერთოთ, რადგან რამდენიმე დღეში კრემონეზესთან თამაში გველის“, – ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ძალიან თავშეკავებული იყო.
აშკარაა, რომ ლუჩანო სპალეტის ხელში ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, იზრდება. შეტევაში რომ მშვენიერია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ აიაქსთან ხვიჩა დაცვაშიც სასარგებლო იყო, ბოლოს და ბოლოს საჯარიმოდან თავით გამოჰქონდა ბურთი, ასეთი რამ კი მანამდე არასდროს გაუკეთებია. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ.
და არც ასეთი საშინელი დუშან ტადიჩი მაგონდება. ამსტერდამელთა კაპიტანმა გუშინ, ალბათ, კარიერაში ყველაზე საზიზღარი ფეხბურთი აჩვენა: მთელი თამაში ხომ დაკარგული იყო, მომენტებში უკადრებელიც იკადრა, თუნდაც ის ეპიზოდები გავიხსენოთ, როცა ყვითელი ბარათებით დაისაჯა, ან ხვიჩასთან უხეშობა, პირადად მე კინაღამ გული რომ გამიხეთქა…
აიჭრა კაპიტანი და გუნდიც დაიქცა. პირველად არ ვნახე ასეთი სურათი.
ტადიჩი მშვენიერი მოთამაშეა, სერბის ბევრი დიდებული მატჩი მახსოვს, თუნდაც 2017 წლის მარტის თბილისური სპექტაკლი რად ღირს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, როცა ლამის მარტომ დახატა ის 3:1, მაგრამ აიაქსის კაპიტანი გუშინ კატასტროფული იყო და ძალიანაც კარგი საპასუხო შეხვედრაში რომ ვერ ითამაშებს.
თამაშის დასრულების შემდეგ ვფიქრობდი, ნეტა რა შეიძლება აიაქსის პლუსად ჩაითვალოს-მეთქი და თამაშის პლაკატზე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. იმ პოსტერზე ვამბობ, მატჩამდე რომ გავრცელდა და რომელიც, ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ.
საინტერესოა რას იზამენ იტალიელები 12 ოქტომბერს, ნაპოლი-აიაქსის მეორე სერია ხომ მეორე უდიდესის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 5 ოქტომბერი)
ფოტო: uefa.com; gazzetta.it