ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #25: რუმინეთი 5:0 საქართველო

„ევრო 96-ის ფინალისტი რუმინეთის ნაკრები მთელი 90 წუთის განმავლობაში ანგრევდა ქართველების შემცბარ და ქაოსურ დაცვას
ქართველებთან ამხანაგურ მატჩში შვეიცარიის ქსამაქსში მოთამაშე მოლდოვანის ჰეთ-თრიქმა რუმინელები შთამბეჭდავ გამარჯვებამდე მიიყვანა – მოლდოვანმა სამი გოლის გატანას სულ რაღაც ცხრა წუთი მოანდომა...
მეორე ტაიმში მასპინძლები ასეთივე განწყობით თამაშობდნენ და ჯერ ლაკატუშმა ჰაჯის პასით, ხოლო შემდეგ გილკამ ანგარიშში სხვაობა ხუთამდე აიყვანა
ქართველებმა, რომელთაც მანჩესტერ სიტის გამთამაშებელი გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ, ერთი რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს“ – საინფორმაციო სააგენტო როიტერმა ეს ცნობა 1996 წლის 24 აპრილს გაავრცელა. ორი დღის შემდეგ ის გაზეთ სარბიელში დაიბეჭდა.

90-იანი წლების ყველაზე პოპულარულმა ქართულმა სპორტულმა გამოცემამ 26 აპრილის ნომრის პირველი გვერდი მთლიანად რუმინეთთან პირწმინდად წაგებულ თამაშს დაუთმო, მოკლე მიმოხილვა და მოლდოველთა მეორე მწვრთნელთან, ალექსანდრე სპირიდონთან მამუკა კვარაცხელიას მიერ მომზადებული ინტერვიუ კი ამ სიტყვებით დაასათაურა – 0:5! საშინელება ბუქარესტში.

მახსოვს, იმ დილით, უნივერსიტეტში მიმავალს, როგორც კი სარბიელის პირველი გვერდი ვნახე, ხასიათი წამიხდა, მთელი დღე ჩამშხამდა. ეს იყო ეროვნული ნაკრების ისტორიაში ოცდამეხუთე მატჩი, ალბათ, ყველაზე საშინელი თამაში და აბსოლუტურად მიუღებელი ანგარიში.

ბუქარესტული კოშმარის ვიდეოჩანაწერი, თუნდაც საგოლე მომენტები, არასდროს მინახავს. ნაკრებს ყოველთვის ახლდა ვიდეოოპერატორი, მაგრამ ასეთი ანგარიშის შემდეგ, რა გასაკვირია რომ თამაშის ჩანაწერის გავრცელებისგან ფეხბურთის ფედერაციამ თავი შეიკავა. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს, საერთოდ თუ არის სადმე ის ჩანაწერი. 90-იანი წლების ნაკრების მატჩების ფრაგმენტები, სამწუხაროდ, სანთლით საძებარია…

1996 წლიდან საქართველო, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც, მშვიდდებოდა: კუპონების წლები ქვეყანამ უკან მოიტოვა, შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ეგრეთ წოდებულ საძმოებს შორის სისხლიანი კონფლიქტებიც საგრძნობლად შემცირდა, ფეხბურთის მოყვარულები კი სანაკრებო თუ საკლუბო მატჩებს საკაბელო არხების წყალობით, პირველ რიგში კი აიეტის დახმარებით, საკმაოდ ხშირად ვადევნებდით თვალს. კარგად მახსოვს: მეგობრებთან ერთად საღამოობით კინოთეატრ რუსთაველსაც ხშირად ვსტუმრობდი, სადაც ბოლო სართულზე, კროკოს ღამის კლუბში, ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის და თასების მფლობელთა თასის მატჩებს ვადევნებდით თვალს.

იმ დროს ევროპაში მარჩელო ლიპის გაწვრთნილი იუვენტუსი და ლუის ვან გაალის მიერ აღორძინებული აიაქსი დომინირებდნენ – ზედიზედ ანადგურებდნენ კონკურენტებს… იტალიის სერია ა საუკეთესო ჩემპიონატი იყო, პრემიერლიგა კი, რომელსაც გიორგი ქინქლაძის გამო გაათმაგებული ინტერესით ვუყურებდით, ნელ-ნელა იბრუნებდა დაკარგულ პოზიციებს. რაც შეეხება ბორდოსა და პსვ ეინდჰოვენში მოთამაშე ზინედინ ზიდანს და რონალდოს, მათ ბევრი ჯერ კიდევ არ იცნობდა…

ფერადი ევროპული ფეხბურთის კიდეზე კი, საქართველოს ჩემპიონატში, კვლავ შავ-თეთრი ფერები სჭარბობდა:

თბილისის დინამო ისევ ეროვნული პირველობის ლიდერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კლუბს სპეციალური ბრძანებით საგადასახადო შეღავათები მოუხსნა, გუნდის პოზიციები შეირყა: დინამოს სათავეში მდგომ მერაბ ჟორდანიას და მის თანამოაზრეებს სულ უფრო უჭირდათ წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება, საკალათბურთო დინამოს შენახვა კი, რომელიც გუნდმა ორი წლით ადრე შეიფარა, შევარდნაძის ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ შეუძლებელი გახდა…

რთული სიტუაცია იყო დინამოს მთავარ კონკურენტ სამტრედიაშიც, რომელიც ნელ-ნელა თმობდა პოზიციებს და ფეხბურთელებსაც. რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის წინ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ელაშვილმა დაადასტურა, რომ კლუბს მალე ცხრა(!) ფეხბურთელი დატოვებდა. ამ მიზეზით და ტრავმირებულთა გამოც, ზუგდიდის ოდიშის წინააღმდეგ სამტრედიელთა მეკარემ გია ჭანტურიამ თავდასხმაში ითამაშა! საინტერესოა, რომ იმავე ტურის მეორე თამაშშიც იგივე მოხდა: ზესტაფონში, მარგვეთთან, ბოლნისის სიონის კარის დარაჯი დალაქიშვილი მცველად მოგვევლინა…

ცუდ დღეში იყვნენ მსაჯებიც, რომელთა პირადი უსაფრთხოება კლუბების ხელმძღვანელთა კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, სანაკრებო შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამტრედია-დინამოს პრინციპული მატჩის დასრულების შემდეგ, არბიტრი ოთარ გუნთაძე და მისი თანაშემწეები ლამის ერთი საათის განმავლობაში გაგულისებული სამტრედიელების ალყაში იყვნენ და სტადიონიდან ცოცხლებმა რომ გამოაღწიეს, ეს სამტრედიის მეპატრონის ტარიელ ჩაჩუას და გუნდის უფროსის, ლექსო სტურუას დამსახურება იყო…

ამ და კიდევ იმ მიზეზით, რომ მაყურებლებმა დინამოელებს კვერცხები ესროლეს, ფეხბურთის ფედერაციამ სამტრედიის სტადიონს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა…

საშინაო მატჩების სხვაგან ჩატარება მიესაჯა სენაკის ეგრისსაც. საქმე ისაა, რომ მასპინძელთა ერთ-ერთმა მესვეურმა, ბათუმთან თამაშის მსვლელობისას, სტუმართა სათადარიგოთა სკამისკენ გაიწია. დაპირისპირებულები დროზე გააშველეს, თუმცა თამაში თხუთმეტი წუთით შეწყდა და ფედერაციის სასჯელმაც არ დააყოვნა…

ალექსანდრე ჩივაძემ რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა თექვსმეტკაციანი სია ხუთშაბათს, 18 აპრილს გააცნო ჟურნალისტებს, თუმცა შაბათს, შეკრების პირველ დღეს, დიღომში მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი მივიდა: თბილისის დინამოელები ირაკლი ზოიძე, კახი გოგიჩაიშვილი და ლევან ცქიტიშვილი, რომლებიც ისედაც იქ ვარჯიშობდნენ, ასევე ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიაში მოთამაშე გოჩა ჯამარაული.

მწვრთნელის რჩეულთა შორის მხოლოდ ერთი ახალწვეული მოხვდა: ზურაბ იონანიძე, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში გატანილი 23 გოლის შემდეგ რუსეთს, სოჭის ჟემჩუჟინას მიაშურა. რაც შეეხება ტოლიატის ლადაში მოთამაშე ვასილ სეფაშვილს, ის რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა ქვეყნის მთავარ გუნდში. მან ნაკრების მაისური პირველად 1993 წელს მოირგო განჯაში, აზერბაიჯანთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში, როცა ჯერ კიდევ გურჯაანის ალაზანში თამაშობდა…

რუმინეთში დაგეგმილი თამაშისთვის ემზადებოდნენ ახალგაზრდებიც. ვლადიმერ გუცაევის დებიუტი ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მარტში, აზერბაიჯანში უნდა შემდგარიყო, თუმცა ის თამაში ჩაიშალა.

ჩივაძისგან განსხვავებით, გუცაევს საკადრო პრობლემები ჰქონდა: კახი კალაძე რუსთავის მეტალურგთან მატჩში დაშავდა და ზაქრო თელიამ ახალგაზრდა დინამოელს სამკვირიანი დასვენება გამოუწერა, ლევან ცქიტიშვილს კვლავ ეროვნულ ნაკრებში უხმეს, ლევან კობიაშვილის გამოცდას კი მწვრთნელი არ ჩქარობდა, რადგან ეს უკანასკნელი, დისკვალიფიკაციის გამო, იტალიის და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან ერთად მაინც ვერ ითამაშებდა.

თითქოს ეს არ აკლდაო და გუცაევმა რუმინეთში გამგზავრებამდე ქუთაისის ტორპედოს ამომავალი ვარსკვლავი მიხეილ აშვეთიაც დაკარგა. ფეხბურთელი, რომელსაც იმ გაზაფხულზე პორტუგალიის ბოავიშტას უკავშირებდნენ, ვარჯიშის დროს დაშავდა…

„ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენსას ვეცდებით…

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრებში ნაკრების კანდიდატები შევამოწმო. მინდა შესარჩევი მატჩებისთვის ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარო თავი…

არ არის გამორიცხული მომავალ თამაშებში დებიუტანტებიც იხილოთ. თავის გამოჩენის საშუალებას ყველას მივცემ…

მიხეილ ყაველაშვილი, სოსო გრიშიკაშვილი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ამჯერად აღარ გამოვიძახე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი იმედი არ მაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ რუმინეთში გამგზავრების წინ.

კვირას, სრული შემადგენლობის შეკრებამდე, ბაზაზე ტრადიციული ორკარა შედგა, რომელშიც ჩივაძის გარდა კიდევ ერთმა ვეტერანმა დინამოელმა, მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ თამაზ კოსტავამ ითამაშა. ჯამარაულის, ცქიტიშვილის და კოსტავას გუნდმა 6:5 გაიმარჯვა…

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ბუქარესტს ორშაბათს, 22 აპრილს, შუადღით ესტუმრა. გიორგი ქინქლაძე ნაკრებს იქ შეუერთდა.

24 აპრილს, სტიაუას სტადიონზე, რუმინეთის დროით 17 საათზე კი დაიწყო თამაში, რომელიც ეროვნული ნაკრების განადგურებით დასრულდა: ნოიშტალის ქსამაქსის 23 წლის თავდამსხმელმა ვიორელ მოლდოვანმა ათ წუთში ჰეთ-თრიქი შეასრულა, შესვენების შემდეგ კი თავის გოლები გაიტანეს სტიაუას ლიდერებმა, 32 წლის ვეტერანმა მარიუს ლაკატუშმა და 24 წლის კონსტანტინ გალკამ.

შვეიცარიაში მოთამაშე მოლდოვანისთვის ეს პირველი სანაკრებო ჰეთ-თრიქი იყო (რუმინეთის მთავარი გუნდის ისტორიაში კი რიგით მეთვრამეტე), ავადროულად, ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარში ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. რაც შეეხება გალკას, იმ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რუმინელმა პალმა დე მაიორკაში გადაინაცვლა და მომდევნო ათი წელი ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონებში გაატარა.

„სხვა გუნდს ველოდი, მაგრამ იმას, საქართველოს ნაკრები რომ ერქვა, გუნდს ვერ დავარქმევ. ფეხბურთელები დადიოდნენ მინდორზე, არავითარი კავშირი არ იყო რგოლებს შორის, გაურკვეველი იყო ტაქტიკური მონახაზი…

ერთადერთი ქინქლაძე გაიელვებდა ხოლმე, ისიც ეპიზოდებში…

თქვენი მარცხის მთავარი მიზეზი დაცვის უსუსტესი თამაშია. შელიას არყოფნაც დაეტყო გუნდს (ჩემი შენიშნვნა: მატჩის წინ შელიას სიცხემ აუწია ამიტომ ვეღარ ითამაშა)

ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართველები მოვალეობის მოხდის მიზნის გავიდნენ მოედანზე…

თქვენგან საუკეთესო აკაკი დევაძე იყო. არ ვიცი ვინ რას იტყვის, მაგრამ დევაძეს არცერთ გაშვებულ ბურთში ბრალი არ ჰქონდა! ეგ კი არა, რამდენჯერმე გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ის რომ არა, ანგარიში 0:8 ან 0:12 იქნებოდა…

ძალიან კარგად ვიცი რუმინეთის ნაკრების შესაძლებლობები, თუმცა თქვენთან მატჩში რუმინელებმა თავისი ძალების მხოლოდ სამოცდაათი პროცენტი გამოამჟღავნეს…

მოლდოვანზე რა უნდა ვთქვა? ჰეთ-თრიქი შეასრულა! მის გარდა მშვენივრად ითამაშეს მიოდრაგ ბელოდედიჩმა და გეორგე პოპესკუმ, მათ შესანიშნავად შეკრეს დაცვა, გეორგე ჰაჯი კი უბრალოდ დიდებული იყო – სამი საგოლე გადაცემა შეასრულა…

ჩივაძისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დავმალავ და ვიტყვი – ეს იყო შავი ლაქა ქართული ფეხბურთის ისტორიაში! თქვენ რომ ეს თამაში გენახათ, იგივე დასკვნას გამოიტანდით. ანგარიშს არ ვგულისხმობ, გუნდის მოქმედება მაქვს მხედველობაში…

თუმცა ამ წაგების მიუხედავად მჯერა, რომ შესარჩევში საქართველო სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს“.

ეს ალექსანდრუ სპირიდონის სიტყვებია. მამუკა კვარაცხელიას და სპირიდონის საუბრის ჩანაწერი სარბიელის იმ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა (#32; 1996 წლის 26 აპრილი), ზევით რომ ვახსენე.

1994 წლის 7 სექტემბერს, როცა მოლდოველებმა თბილისში გაგვამწარეს, სპირიდონი ნაკრების კაპიტანი გახლდათ, თუმცა ევრო 96-ის შესარჩევი ტურნირის შემდეგ მოთამაშის კარიერა დაასრულა და ეროვნული გუნდის სათავეში გადაინაცვლა, მეორე მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა.

ეროვნული ნაკრების მსგავსად, დამარცხდა ახალგაზრდულიც – 1:2. პირველი ნახევარი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს (შერბანი). მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გუცაევმა გიორგი დემეტრაძე ჩალაძის ნაცვლად ჩართო თამაშში და დინამოელმაც, სეხნია კიკნაძის პასის შემდეგ, 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ თამაშის მიწურულს მსაჯმა, ვინც რამდენიმე წუთით ადრე ლევან კობიაშვილი გააძევა, პენალტი მოიგონა და დანჩულესკუმაც მეორე გოლი გაუტანა დავით გვარამაძეს – 1:2.

სამტრედიის ოცი წლის მცველმა ვალტერ გუჩუამ ახალგაზრდული ნაკრების მაისურით შეუცვლელად ითამაშა, შელიას გამოკლების შემდეგ კი ჩივაძემ ეროვნულში უხმო და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ათამაშა გიორგი ნემსაძის ნაცვლად. ახალგაზრდა სამტრედიელი სხვანაირ დებიუტს ისურვებდა, მაგრამ არ გამოვიდა.

მომდევნო ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1996 წლის 8 მაისს გამართა საბერძნეთში. იმ დროს მე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი სპორტულ ჟურნალისტიკაში – გაზეთ სტადიონისთვის ვწერდი კარსმომდგარ ევროჩემპიონატთან დაკავშირებულ პატარ-პატარა ამბებს…

* * *

24 აპრილი, 1996. ამხანაგური. რუმინეთი, ბუქარესტი, სტიაუა. 10 000
რუმინეთი 5:0 საქართველო
გოლები: 1:0 ვიორელ მოლდოვანი (26), 2:0 ვიორელ მოლდოვანი (29), 3:0 ვიორელ მოლდოვანი (36), 4:0 მარიუს ლაკატუში (50), 5:0 კონსტანტინ გალკა (87)
რუმინეთი: ბოგდან სტელეა (ფლორინ პრუნეა 65), იულიან ფილიპესკუ, დანიელ პროდანი (ანტონ დობოში 78), დორინელ მუნტეანუ, მიოდრაგ ბელოდედიჩი (გეორგე მიხალი 68), იულიან საბაუ (ტიბორ სელიმეში 51), გეორგე პოპესკუ (კონსტანტინ გალკა 61), გეორგე ჰაჯი (კაპ) (კოზმინ კონტრა 65), იოან ლუპესკუ, მარიუს ლაკატუში (გეორგე კრაიოვეანუ 51), ვიორელ მოლდოვანი (იონ ვლადოიუ 61)
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ) (ვასილ სეფაშვილი 77), გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი (ზურაბ იონანიძე 67), გიორგი ნემსაძე (ვალტერ გუჩუა 46), გოჩა ჯამარაული (ლევან ცქიტიშვილი 46), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გოჩა გოგრიჭიანი 46)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მსაჯი: თანასის ზაქარიადისი (საბერძნეთი)

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 5 ოქტომბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; მატჩის ბილეთი; ინტერნეტი

ka_GEGeorgian