მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: საფრანგეთი 1998

მსოფლიოს XVI ჩემპიონატი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ეს იყო ფიფას ოქროს თასის პირველი გათამაშება, რომელსაც საფეხბურთო ჟურნალისტის სტატუსით შევხვდი.
ჰობი საქმედ ორი წლით ადრე მექცა, საფრანგეთი 1998-ის დღეებში კი გაზეთ სარბიელში ვმუშაობდი და მთელი ერთი თვის განმავლობაში გულშემატკივრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის დღიურს ვწერდი.

ისიც უნდა ვთქვა, რომ სარბიელმა იმ ტურნირის წინ დიდი სახეცვლილება განიცადა: ყოველდღიური გამოცემა გახდა, თან 16-გვერდიანი! იმ დროს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთი იყო საქართველოში.

მახსოვს, ჩემპიონატის დაწყებამდე, როცა ბიჭებმა ჯგუფები და მატჩები გადავინაწილეთ, სარბიელის მაშინდელ რედაქტორს ვთხოვე, იქნებ იტალიის ნაკრები მე მანდოთ-მეთქი. თუ მოასწრებო, მკითხა. ჩემპიონატის დღიური საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო და ეს იგულისხმა. იმდენად მინდოდა სკუადრა აძურის შესახებ წერა რომ, პრობლემა არ იქნება-მეთქი, შევპირდი.

რატომღაც მჯეროდა, რომ ჩემი საყვარელი გუნდი საფრანგეთში აუცილებლად გაიხარებდა. გულუბრყვილოდ ვფიქრობდი: თუ 1990 წელს იტალია მესამე იყო, 1994 წელს კი მეორე, ახლა უეჭველი პირველობის დროა-მეთქი.

იტალიამ საფრანგეთში დამაჯერებლად კი ითამაშა, მაგრამ მეოთხედფინალში მასპინძლებს გადაეყარა და ურთულეს ბრძოლაში პენალტების სერიაში დამარცხდა.

გუშინდელივით მახსოვს, იმ მეოთხედფინალს სარბიელის რედაქციაში თანამშრომლებთან ერთად ვუყურე და მიუხედავად იმისა, რომ ლუიჯი დი ბიაჯოს მარცხის შემდეგ საშინლად არ მინდოდა ოთახში შესვლა და მიმოხილვის დაწერა, თავს ვძლიე. ჩემთვის ის მსოფლიო იქ, იმ მატჩით დასრულდა. ამის შემდეგ სულ ერთი იყო ვინ მოიგებდა მსოფლიო თასს.

იმედგაცრუებამ ფინალამდე გადამიარა და იქიდან გამომდინარე, რომ 12 ივლისს საქმე ადრე მოვითავე, ძმაბიჭებთან ერთად ვაკის პარკში წავედი და საფრანგეთი-ბრაზილიის გადამწყვეტ მატჩს იქ, ღია კინოთეატრის დიდ ეკრანზე ვუყურე.

მშვენიერი ფინალი გამოდგა, ჩემმა ფავორიტმა ზიდანმაც დიდებულად ითამაშა, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალით მოვიხიბლე, ივ-სენ ლორანის სამოდელო სახლის ულამაზესი კოლექციის ჩვენებით, რომელშიც იმ წლების მსოფლიოს თითქმის ყველა სახელგანთქმული მოდელი მონაწილეობდა.
საფრანგეთმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირს სამოცი წლის შემდეგ მეორედ უმასპინძლა და მექსიკისა და იტალიის მიღწევა გაიმეორა, მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მეორედ მოიპოვა ასეთი პატივი. ფიფამ გადაწყვეტილება 1992 წლის 2 ივლისს, ციურიხში, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

მსოფლიო ჩემპიონატის მიღება მაროკოსაც სურდა, მაგრამ ფარული კენჭისყრა ევროპელთა სასარგებლოდ დასრულდა – 12:7. მათ გარდა შეჯიბრების თავისთან ხილვა ისურვა შვეიცარიამ და ინგლისმა, თუმცა ოფიციალურ პროექტამდე საქმე აღარ მივიდა. პირველი ფინალურ ტურში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ფიფას მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ინგლისმა კი ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე კონცენტრაცია არჩია.

ოცდასამი წლის შემდეგ, 2015 წელს, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჩაკ ბლეიზერმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ, დაადასტურა, რომ მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ციურიხში შეხვედრის წინ, მისი და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირის მოსყიდვა სცადეს…

საფრანგეთი 1998-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელად ლეგენდარული მიშელ პლატინი დაინიშნა. ის ახალი წასული იყო ეროვნული გუნდიდან, რომელმაც 1992 წლის ზაფხულში, შვედეთში, უფერულად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფში ჩარჩა.

სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ფრანგებმა პარიზთან ახლოს, პატარა ქალაქ სენ-დენიში ახალი, უმაღლესი დონის და ძალიან ლამაზი სარბიელი ააგეს – სტად დე ფრანსი. ეს არენა დღეს ეროვნული სტადიონია: ფეხბურთელთა გარდა მორაგბეებსაც მასპინძლობს. ზამთარში იქ ბიათლეტთა რამდენიმე ტურნირიც გამართულა, ახალი წლის დღეებში კი ავტომრბოლებსაც უასპარეზიათ. სპორტისგან თავისუფალ დროს სტად დე ფრანსს მსოფლიო მუსიკის სუპერვარსკვლავებიც სტუმრობენ.

სტად დე ფრანსის მშენებლობა პარიზის იმდროინდელი მერის, შემდგომში ქვეყნის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის და მისი გუნდის ინიციატივით დაიწყო 1995 წლის დეკემბერში და 1997 წლის ნოემბერში დასრულდა. ამ საოცარი სარბიელის ასაგებად 2.67 მილიარდი ფრანკი დაიხარჯა.

აქედანვე უნდა ვთქვა, რომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და ეს ოცდათორმეტივე მონაწილემ აღნიშნა. აშშ 1994-ის შემდეგ ფიფამ ფინალურ ეტაპზე კიდევ რვა გუნდი დაუშვა და მას შემდეგ მთავარი საფეხბურთო თასისთვის 32 ქვეყნის ნაკრები იბრძვის.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები პირველად სწორედ საფრანგეთი 1998-ის ეგიდით გამართა. 1995 წლის 12 დეკემბერს, პარიზში, ლუვრში გამართულმა საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ საქართველოს მეტოქეებად იტალიის, ინგლისის, პოლონეთის და მოლდოვის გუნდები არგუნა.

ქართველებმა ის შესარჩევი ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით დაიწყეს, თუმცა 1996 წლის 9 ნოემბერს, თბილისში ინგლისთან 0:2 მარცხის შემდეგ ლეგენდარული დინამოელი თანამდებობიდან გადადგა. ორ თვეში ეს პოსტი დავით ყიფიანმა დაიკავა.

სამწუხაროდ, ნაკრებმა ვერც მის ხელში აჩვენა სასურველი ფეხბურთი, თუმცა ყველა, ათივე ქულა გუნდს სწორედ ყიფიანმა მოუტანა. საბოლოოდ მეოთხე ადგილი ჯგუფში – პოლონეთმა მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით დაიკავა მესამე პოზიცია. შესარჩევი ჯგუფი კი ინგლისმა მოიგო 19 ქულით. რაც შეეხება იტალიას, სკუადრა აძურას თბილისში 0:0 ძვირად დაუჯდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მხოლოდ ფლეი ოფში, რუსეთთან ორმატჩიან დაპირისპირებაში მოიპოვა.

ევროპის შესარჩევიდან ორი მოულოდნელობა უნდა გამოვარჩიო: წინა მსოფლიო პირველობის მესამეადგილოსანმა შვედეთმა ავსტრიას და შოტლანდიას ვერ აჯობა, ევროპის 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი კი ესპანეთს და იუგოსლავიას ჩამორჩა.

სამხრეთ ამერიკაში ფინალური ეტაპის საგზურები ერთ ჯგუფში, წრიულად გათამაშდა, გუნდებმა მიმოსვლით გაარკვიეს უძლიერესი. საფრანგეთის საგზურს პირველადგილოსანი არგენტინა, პარაგვაი, კოლუმბია და ჩილე დაეუფლნენ, ტურნირის ორგზის ჩემპიონი ურუგვაი კი კვლავ ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა – ცხრაგუნდა ჯგუფში მეშვიდე ადგილზე გავიდა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ბრაზილია კი ოფიციალური მატჩებისგან თავისუფალი იყო და ამხანაგური თამაშებით ემზადებოდა ფინალური ეტაპისთვის…

საორგანიზაციო კომიტეტმა თილისმა დასკვნით ეტაპზე გასული ხუთი ნამუშევრიდან 1996 წელს შეარჩია. საუკეთესოდ ფრანგი გრაფიკოსის ფაბრის პიალოს ქმნილება, მხიარული მამალი ფუტიქსი დასახელდა.

ადიდასმა კი მორიგი, მერვე ოფიციალური ბურთი დაამზადა – ადიდას ტრიკოლორი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფერადი ბურთი იყო! კომპანიამ დიზაინში საფრანგეთის სახელმწიფო დროშის ფერები გამოიყენა – ლურჯი და წითელი…

ფინალური ეტაპი

ჩემპიონატის დაწყებამდე ფიფამ რამდენიმე სიახლის შესახებ განაცხადა: გუნდებს ორის ნაცვლად სამი ცვლილების უფლება მიეცათ; მთავარ მსაჯს და მის თანაშემწეებს მეოთხე არბიტრი დაემატა; ფინალური ეტაპის ოფიციალური, 22-კაციანი განაცხადი 1998 წლის 1 ივნისამდე წარედგინა.

მონაწილეთა ოცდაოთხიდან ოცდათორმეტამდე გაზრდის გამო, შეიცვალა ჯგუფიდან გასვლის წესიც: ფლეი ოფის საგზურს მხოლოდ გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები ეუფლებოდნენ.

ფინალური ეტაპის წილისყრა, ისტორიაში პირველად, საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა: 1997 წლის 4 დეკემბერს გამართულ ცერემონიალს მარსელის ველოდრომმა უმასპინძლა. ღონისძიებას ოცდაათი ათასი გულშემატკივარი დაესწრო, ტელეაუდიტორიამ კი მილიარდს გადააჭარბა!

წილისყრის მასპინძელს, ფიფას გენერალურ მდივანს იოზეფ ბლატერს ევროპის წლის ფეხბურთელებად აღიარებული რაიმონ კოპა და ჟორჟ ვეა, ასევე მსოფლიოს 1990 და 1994 წლების ჩემპიონატების ტრიუმფატორები ფრანც ბეკენბაუერი და კარლოს ალბერტო პარეირა ეხმარებოდნენ. ეს უკანასკნელი იმ დროს ამერიკის საფეხბურთო ლიგაში, ნიუ იორკ მეტროსტარზის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა…

1997 წელს ფიფამ რონალდო ზედიზედ მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, ფრანს ფუტბოლმა კი პირველად გადასცა ევროპის უძლიერესი მოთამაშისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი. რონალდო პირველი სამხრეთამერიკელი გახდა, რომელმაც საუკეთესოს წოდება ევროპაში მოიპოვა.

ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ბრაზილიელებმა ჯერ კოპა ამერიკა მოიგეს (პირველად 1989 წლის შემდეგ), წლის მიწურულს კი ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვეს. ამ ტიტულების მიუხედავად, ბრაზილიელი ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ გუნდი ფავორიტად არ ითვლებოდა.

საფრანგეთში გამგზავრებამდე ბრაზილიურ საფეხბურთო ჟურნალ პლაკარში გამოქვეყნდა წერილი სათაურით „50 მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგებს ბრაზილია ფიფას თასს“. ჩამონათვალში რამდენიმე საინტერესო მიზეზი იყო დასახელებული. მაგალითად:

ჩვენი გუნდი ჯგუფში შოტლანდიასთან ერთად მოხვდა, ეს კი ნიშნავს, რომ წარმატება გამორიცხულია, რადგან მათთან ერთად ვიყავით 1974, 1982 და 1990 წლებში და არ გაგვიმართლა…
ბრაზილიამ ხანმოკლე მოსამზადებელი ეტაპი განვლო, რაც უმაღლესი დონის ტურნირის მოსაგებად საკმარისი არ არის…
ნაკრების საშუალო ასაკი 30,5 წელია, ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ…

პლაკარის პროგნოზების საპირისპიროდ, ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო, ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდომ კი კარიერაში ფინალურ ეტაპზე შეგდებული თხუთმეტი გოლიდან პირველი სწორედ საფრანგეთში გაიტანა: 1998 წლის 16 ივნისს, ნანტში, ლა ბოჟუარზე, მაროკოსთან 3:0 მოგებულ მატჩში, მან მეცხრე წუთზე გახსნა ანგარიში.

პირველ ტურში, 10 ივნისს სტად დე ფრანსზე, ბრაზილიელებმა შოტლანდიელებს მოუგეს – 2:1. სქოთების წინააღმდეგ პირველი გოლი სეზარ სამპაიომ შეაგდო, რომელმაც 1994 წლის ივნისში პალმეირასის შემადგენლობაში ბათუმში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა…

ბოლო ტურში ბრაზილია 1:2 დამარცხდა ნორვეგიასთან – კეტილ რეკდალმა 88-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების ბურთი. მიუხედავად ამისა, ზაგალოს ბრაზილიამ ჯგუფი მაინც მოიგო, ნორვეგია კი მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ბოლოადგილოსან შოტლანდიას, სქოთებმა პირველი ეტაპი ვერც მერვე ცდით დაძლიეს და ამ მხრივ არცთუ სასიამოვნო რეკორდის მფლობელები არიან.

B ჯგუფში მოხვდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალია. ჩეზარე მალდინის გაწვრთნილ გუნდს დაცვითი ფეხბურთის გამო ძალიან აკრიტიკებდნენ, თუმცა სკუადრა აძურამ ჯგუფში კარგად ითამაშა და იოლად, შვიდი ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა ჩილემ მხოლოდ სამი ქულა დააგროვა, ყველა შეხვედრა ფრედ დაასრულა.

საწყის ტურში, 11 ივნისს ბორდოში, იტალია ჩილეს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ კრისტიან ვიერის მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა, ბოლოს მაინც ქულის მოსაპოვებლად იბრძოლა.

სკუადრა აძურა რობერტო ბაჯომ გადაარჩინა, რომელმაც 85-ე წუთზე ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი. ვიერისა და ბაჯოს გოლებს შორის დუბლი მიითვალა ბუენოს აირესის რივერ პლეიტის თავდამსხმელმა მარსელო სალასმა, რომელიც ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეიძინა რომის ლაციომ.

რაც შეეხება რობერტო ბაჯოს: ნაკრების თავკაცმა ის ჟურნალისტების მოთხოვნით წაიყვანა საფრანგეთში. 1997-98 წლების სერია ა-ში ღვთაებრივმა ცხენისკუდამ (რობის მეტსახელია) კარიერაში ყველაზე მეტი, 22 გოლი გაიტანა. იმ დროს ის ბოლონიის ლიდერი გახლდათ, თუმცა უფროსი მალდინი ჯიუტად არ იწვევდა გუნდში. ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად მედიის ზეწოლა გაიზარდა და საბოლოოდ მწვრთნელი იძულებული გახდა ბაჯო განაცხადში შეეყვანა.

23 ივნისს, მესამე ტურში, კამერუნი-ჩილეს 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, უნგრელმა არბიტრმა ლასლო ვაგნერმა კამერუნელი რიგობერტ სონგი გააძევა. ეს უკანასკნელი გახდა პირველი, რომელსაც ორ ჩემპიონატზე უჩვენეს წითელი ბარათი.

C ჯგუფი ფრანგებმა მოიგეს: ემე ჟაკეს გაწვრთნილმა გუნდმა მარსელში, განახლებულ ველოდრომზე ჩემპიონატის დებიუტანტი სამხრეთი აფრიკის ნაკრები 3:0 დაამარცხა, სენ-დენიში საუდის არაბეთს 4:0 აჯობა, ლიონში კი 2:1 სძლია დანიას.

დანიელთა წინააღმდეგ ფრანგების ლიდერს ზინედინ ზიდანს არ უთამაშია. არაბებთან მატჩის დროს მან ერთ-ერთ წაქცეულ მეტოქეს განზრახ დააბიჯა და მსაჯმაც გააძევა. უსაქციელობისთვის ზიზუ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„აფრიკელებთან შეხვედრის წინ მშვიდად ვიყავით, თუმცა ერთი რამ ყველას გვაინტერესებდა: კარგა ხნის მანძილზე არ გვითამაშია ოფიციალური მატჩი და გვსურდა გაგვეგო, მოსამზადებელ ციკლში სწორად ვმუშაობდით თუ არა. თამაშის წინა დღეს ძლიერი ქარი ქროდა, ვარჯიშიც კოშმარული გამოდგა – ბურთს პირდაპირ ვერ ვურტყამდით… თუმცა, სავსე ველოდრომი რომ დავინახეთ, ვიგრძენით: იმ დღეს ყველაფერი ჩინებულად იქნებოდა! ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო – გამოცდა კარგად ჩავაბარეთ“, – ფრანგების კაპიტნის დიდიე დეშამის მოგონებებიდან.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა D ჯგუფში მოხდა: ესპანეთი, რომლის ღირსებას იმ წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის რეალის არაერთი ფეხბურთელი იცავდა, ჯგუფში ჩარჩა!

ხავიერ კლემენტეს გუნდი პირველ ტურში 2:3 დამარცხდა ნიგერიასთან. აფრიკელთა წინააღმდეგ საშინლად ითამაშა მეკარე ანდონი სუბისარეტამ, რომელმაც ერთ მომენტში კურიოზული გოლიც გაუშვა.

მეორე ტურში ესპანელებმა პარაგვაის ვერ მოუგეს – 0:0, 24 ივნისს კი ბულგარეთი 6:1 გაანადგურეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ – ჯგუფში ჩარჩენა მათთვის სწორედ რომ ტრაგედია იყო. პირენელები პირველ ადგილზე გასულ ნიგერიას ორი, მეორეადგილოსან პარაგვაის კი ქულით ჩამორჩნენ.

E ჯგუფი სამმა გუნდმა დაასრულა წაუგებლად, მაგრამ გამარჯვებული ნიდერლანდებისგან და მეორეადგილოსანი მექსიკისგან განსხვავებით, ბელგიამ ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო.

25 ივნისს, მესამე ტურში, წითელი ეშმაკები ლუკ ნილისის გოლით უგებდნენ სამხრეთი კორეის ნაკრებს, თუმცა 71-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაუშვეს და მესამე ფრეს გამო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

იმავე დღეს, სენტ-ეტიენში, ნიდერლანდები-მექსიკის შეხვედრაში – 2:2 – მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე საიუბილეო, 1700-ე გოლი გავიდა. მისი ავტორი მექსიკელი რაფაელ პელაესი გახდა.

F ჯგუფი ევროპის ჩემპიონმა გერმანიამ მოიგო, ყველაზე დიდი ინტერესი კი 21 ივნისს, ლიონში, სტად ჟერლანზე გამართულმა აშშ-ირანის დაპირისპირებამ გამოიწვია.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გათვალისწინებით, ირანელებმა ამერიკელებთან გამარჯვება – 2:1 – ლამის ჩემპიონატის მოგებად აღიქვეს, მრავალმილიონიანი ქვეყანა ნომერ პირველ მტერთან ტრიუმფს რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნავდა.

G ჯგუფში ფავორიტად ინგლისის ნაკრები ითვლებოდა, მაგრამ გლენ ჰოდლის გაწვრთნილი გუნდი, რომელმაც მშვენივრად ითამაშა შესარჩევ ეტაპზე, მეორე ტურში რუმინეთთან დამარცხდა (1:2) და მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა.

კარპატელებთან შეხვედრაში ინგლისური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა მაიკლ ოუენმა გამოიჩინა თავი, რომელმაც 79-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა. ტუნისს და კოლუმბიას ინგლისელებმა ერთნაირად, 2:0 სძლიეს.

ბოლო H ჯგუფში სამ დებიუტანტთან – იაპონია, იამაიკა, ხორვატია – ერთად მოხვდა ერთ-ერთი ფავორიტი არგენტინა.

პირველ ტურში, 14 ივნისს, ტულუზში, სამხრეთამერიკელებმა 1:0 სძლიეს იაპონიას. გოლი ფლორენციის ფიორენტინას დიდებულმა თავდამსხმელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ გაიტანა, რომელსაც ნაკრების თავკაცი დანიელ ალბერტო პასარელა კარგა ხანს შინ დატოვებით ემუქრებოდა. მიზეზი? გრძელი თმა! ქვეყნის პირველი გუნდის სათავეში მისული პასარელა დაიმუქრა, რომ ასეთი ვარცხნილობით მის სიაში ვერავინ მოხვდებოდა. ბატისტუტამაც უკან დაიხია.

მეორე ტურში, 20 ივნისს, არგენტინელებმა იამაიკა გაანადგურეს – 5:0. 72-ე, მე-80 და 83-ე წუთებზე ბატისტუტამ სამი გოლი გაიტანა და გახდა პირველი, რომელმაც ორ ჩემპიონატზე შეასრულა ჰეთ-თრიქი. ოთხი წლით ადრე მან ბერძნები დაამწუხრა.

26 ივნისს არგენტინამ ხორვატიაც დაამარცხა და სამი მოგებით და ბურთების ბრწყინვალე შეფარდებით (7:0) მერვედფინალში გავიდა. ფლეი ოფში მოხვდა ხორვატიაც, რომელმაც სამხრეთამერიკელებთან წაგებამდე იამაიკა 3:1, იაპონია კი 1:0 დაამარცხა.

14 ივნისს, ლანსში, ფელიქს ბოლერის სახელობის სარბიელზე, იამაიკასთან შეხვედრაში ერთი გოლი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რობერტ პროსინეჩკიმ გაიტანა. და ამით ის გახდა პირველი, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გამოიჩინა თავი.

პროსინეჩკიმ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად რვა წლით ადრე, 1990 წელს იასპარეზა ერთიანი იუგოსლავიის ნაკრების მაისურით. იტალიაში მან არაბთა გაერთიანებული საამიროების კარი დალაშქრა 4:1 მოგებული შეხვედრის უკანასკნელ წუთზე.

პროსინეჩკის მსგავსად მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ იუგოსლავიის, შემდეგ კი ხორვატიის სახელით ითამაშა მიროსლავ ბლაჟევიჩის მშვენიერი გუნდის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა – რობერტ იარნიმ.

ჯგუფური ტურნირის მიმოხილვის მიწურულს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პირველ ორ ტურში წაგების გამო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინეს სამხრეთი კორეის (ბუმ კუნ ჩა), საუდის არაბეთის (კარლოს ალბერტო პარეირა) და ტუნისის (ჰენრი კასპერჩაკი) ნაკრებთა თავკაცებს. მესამე ტურის მატჩებში გუნდებს მათი თანაშემწეები ხელმძღვანელობდნენ. ასეთი რამ უდიდესი საფეხბურთო ტურნირზე პირველად მოხდა.

მერვედფინალიდან ფინალამდე

27 ივნისს ფლეი ოფის პირველი ორი შეხვედრა გაიმართა. იტალიამ ძალიან მძიმე ბრძოლაში ნორვეგია დაამარცხა, გოლი კრისტიან ვიერიმ გაიტანა, ხოლო ბრაზილიამ შთამბეჭდავად მოუგო ჩილეს, რონალდომ და სეზარ სამპაიომ დუბლები შეასრულეს.

28 ივნისს ძალიან ინერვიულეს საფრანგეთის გულშემატკივრებმა. ზიდანის გარეშე დარჩენილ გუნდს ძალიან გაუჭირდა პარაგვაელთა დაცვის გარღვევა. აღსანიშნავია სამხრეთამერიკელთა მეკარის და კაპიტნის ხოსე ლუის ჩილავერტის საიმედო თამაში. მან რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია, თუმცა 113-ე წუთზე მაინც ვერ გადაარჩინა გუნდი – ოქროს გოლი ლორან ბლანმა შეაგდო. თამაშიც იქვე დასრულდა.

დიდიე დეშამის ერთ-ერთი ინტერვიუდან:
„პარაგვაის იმ ზაფხულს საუცხოო ნაკრები ჰყავდა, ჩინებულად ორგანიზებული. ისიც უნდა ვაღიარო, რომ იმ დღეს სათანადოდ მობილიზებულები არ ვიყავით.
ლორან ბლანის მიერ შეგდებულ გოლამდე დიდი ბრძოლა გადავიტანეთ – თანაბრად ვთამაშობდით, ჩილავერტი კი უბრალოდ შეუდარებელი იყო! შესაძლოა საქმე პენალტების სერიამდეც მისულიყო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს რა აზრი აქვს?
ჩვენ ოქროს გოლის წესით მოვიგეთ, თუმცა მისი მომხრე პირადად მე არასდროს ვყოფილვარ. ბლანის გოლისთანავე თამაში შეწყდა… კი, ეს ძალიან გამეხარდა, ამას ნამდვილად ვერ უარვყოფ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ფეხბურთისთვის ის სჯობს, გოლის გაშვების შემდეგ გუნდს კიდევ ანგარიშის გათანაბრების შანსი“.

იმავე დღეს სტად დე ფრანსზე დანიამ ნიგერია გაანადგურა – 4:1. შეუდარებლად ითამაშა გამარჯვებულთა კაპიტანმა მიქაელ ლაუდრუპმა, ვინც 1997-98 წლების სეზონში შოთა არველაძის თანაკლუბელი გახლდათ ამსტერდამის აიაქსში და ნიდერლანდების ყველაზე ტიტულიან კლუბს ერედივიზიეს და თასის მოგებაში დაეხმარა.

რაც შეეხება მეორე დანიელს, ებე სანდს, მან მე-60 წუთზე გატანილი გოლით ისტორიაში შეაბიჯა. საქმე ისაა, რომ თავდამსხმელი 16 წამით(!) ადრე ჩაერთო თამაშში. ეს მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდია, შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს ამაზე სწრაფად გოლი არ გაუტანია.

29 ივნისს გერმანიამ ევრო 1996-ის ფინალის გმირის, ოლივერ ბირჰოფის მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით მექსიკა დაამარცხა – 2:1.

ნიდერლანდებმა ამავე ანგარიშით მოუგო იუგოსლავიას. 51-ე წუთზე, როცა ტულუზის მუნიციპალური სტადიონის ტაბლოზე 1:1 ენთო, ბალკანელთა ლიდერს, 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორს პრედრაგ მიატოვიჩს იუგოსლავიელთა დაწინაურება შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა. ნარინჯისფერებმა ედგარ დავიდსის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გატანილი ბურთით გაიხარეს.

30 ივნისს ხორვატიამ 1:0 სძლია რუმინეთს. დავორ შუკერის მიერ 45-ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი გადამწყვეტი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ მატჩის წინ რუმინელებმა ყვითლად შეიღებეს თმა, გუნდის თავკაცმა ანგელ იორდანესკუმ კი მეკარე ბოგდან სტელეას მსგავსად, თავი გადაიპარსა.

საფრანგეთის 1998-ის საუკეთესო მერვედფინალს და ჩემპიონატის ერთ-ერთ ულამაზეს შეხვედრას სენტ-ეტიენმა, ჟოფრუა გიშარის სახელობის სარბიელმა უმასპინძლა. არგენტინა-ინგლისის დაპირისპირება 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სამხრეთამერიკელები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ.

ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მათგან ყველაზე ლამაზი კი იმ სეზონის პრემიერლიგის ბომბარდირის, მაიკლ ოუენისა იყო: ლივერპულის ფორვარდმა მე-16 წუთზე სამ მეტოქეს ჩაუქროლა და დიდებულ სტილში გაუტანა კარლოს როას. მანამდე გაბრიელ ბატისტუტამ და ალან შირერმა პენალტები გაცვალეს, ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი არგენტინამ გონივრულად გათამაშებული სტანდარტული მდგომარეობით გაათანაბრა ანგარიში – ხავიერ ძანეტიმ დაარტყა ზუსტად, 2:2.

47-ე წუთზე ინგლისი სუპერვარსკვლავის, დევიდ ბექემის გარეშე დარჩა. დანიელმა არბიტრმა კიმ-მილტონ ნილსენმა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს დიეგო სიმეონეს წინააღმდეგ უხეშობა არ აპატია და წითელი ბარათი უჩვენა – მინდორზე დავარდნილმა ბექემმა არგენტინელს ბუცი ჩაარტყა. რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად საქმე მაინც პენალტებამდე მივიდა, იქ კი ინგლისმა, ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციით, კვლავ ვერ ივარგა. გუნდი ამჯერად პოლ ინსმა და დევიდ ბეტიმ დააღალატეს – 3:4.

3 ივლისს პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. სტად დე ფრანსზე მეზობლების, მასპინძლების და იტალიელების პაექრობა 0:0 დასრულდა, საფეხბურთო ლატარეა კი ზიდანით გაძლიერებულმა ემე ჟაკეს გუნდმა მოიგო – 4:3. იტალიელთაგან ბოლო დარტყმა ლუიჯი დი ბიაჯომ ვერ გამოიყენა, მხოლოდ ხარიხა შეაზანზარა.

სკუადრა აძურამ პენალტების სერია მსოფლიოს ზედიზედ მესამე ჩემპიონატზე წააგო. 1990 წელს, შინ, გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა არგენტინასთან. ოთხი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიამ ბრაზილიასთან დათმო ფინალი, ამჯერად კი ფრანგებს ვერ აჯობა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩეზარე მალდინის გუნდი გამოდგა ერთადერთი, რომელიც საფრანგეთმა ვერ დაამარცხა.

იმავე დღეს ნანტში, ლა ბოჟუარზე გამართული ბრაზილია-დანიის პაექრობა ჩემპიონატის კიდევ ერთ გამორჩეულ შეხვედრად იქცა. ჩემპიონებმა 3:2 აჯობეს მეტოქეს. მარტინ იორგენსენის გოლით დანია მე-2 წუთიდან იგებდა. შემდეგ ბრაზილია დაწინაურდა – ბებეტომ მე-11 წუთზე გაათანაბრა ანგარიში, რივალდომ კი 27-ზე მეორე ბურთი გაიტანა. შესვენების შემდეგ ბრაიან ლაუდრუპმა მეორედ დასაჯა კლაუდიო ტაფარელი, მაგრამ ბოლოს მაინც ბრაზილიელებმა გაიხარეს – ბარსელონის ლიდერმა რივალდომ უძლიერესი დარტყმით დალაშქრა პეტერ შმაიხელის კარი.

4 ივლისს, მარსელის ველოდრომზე, ნიდერლანდებმა 2:1 სძლია არგენტინას. ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი 89-ე წუთზე გავიდა: ფრანკ დე ბურის ძალიან გრძელი და შთამბეჭდავი გადაცემის შემდეგ, დენის ბერხკამპმა მარჯვენა ფლანგზე მოხდენილი ფინტით მოატყუა რობერტო აიალა და მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაიტანა – 2:1. მე-17 წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო: პატრიკ კლუივერტის გოლი კლაუდიო ლოპესმა გაქვითა.

ლიონში, ჟერლანზე კი ევროპის ჩემპიონი გერმანია… შერცხვა! ხორვატიამ ევრო 1996-ის მეოთხედფინალში მარცხისთვის (1:2) შური იძია და სამი უპასუხო გოლი გაუტანა ბუნდესნაკრებს. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე იარნის ზუსტ დარტყმას მატჩის მიწურულს დავორ შუკერმა დუბლი დაურთო – 3:0.

სამი საინტერესო ინფორმაცია: პირველი – მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში, საფრანგეთთან 3:6 წაგების შემდეგ, გერმანია ფინალურ ეტაპზე პირველად დამარცხდა დიდი ანგარიშით; მეორე – გერმანელთა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა ხორვატების წინააღმდეგ ფინალურ ეტაპზე 25-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც დღემდე აბსოლუტური რეკორდია; მესამე – საფრანგეთში ასპარეზობით მათეუსმა მექსიკელი მეკარის ანტონიო კარბახალის რეკორდი გაიმეორა და მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატზე იასპარეზა…

მიროსლავ ბლაჟევიჩის ხორვატიის შთამბეჭდავი სვლა 8 ივლისს დასრულდა სტად დე ფრანსზე. თეთრ-წითლები მეორე ტაიმის დასაწყისშივე დააწინაურა შუკერმა, თუმცა რამდენიმე წამში ანგარიში ისევ თანაბარი იყო – შეტევაში ჩართულმა შესანიშნავმა მცველმა ლილიან ტურამმა ხორვატთა ერთ-ერთ ლიდერს ზვონიმირ ბობანს საჯარიმოსთან აართვა ბურთი და ზუსტად გაისროლა, 69-ე წუთზე კი მანვე დუბლი შეასრულა და სამფეროვნებს საოცნებო ფინალში შეუძღვა, ისტორიაში პირველად!

უცნაურია, მაგრამ თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველს, საფრანგეთის 1997 წლის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარებულ ტურამს ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 142 შეხვედრაში ამ ორი გოლის მეტი არ გაუტანია.

წინა დღით, 7 ივლისს, მარსელში გამართული პირველი ნახევარფინალი კი გადამწყვეტ მატჩსაც დაამშვენებდა. ბრაზილიამ და ნიდერლანდებმა მშვენიერი ფეხბურთით გაახარეს ქომაგები, გოლები კი ერთიმეორეზე უკეთესი გავიდა: 46-ე წუთზე რონალდომ დააწინაურა ბრაზილია, ხოლო 87-ე წუთზე პატრიკ კლუივერტმა დიდებული თავურით გაათანაბრა ანგარიში – 1:1.

დამატებით დროში გოლი აღარ გასულა, პენალტების სერია კი სელესაომ კიდევ ერთხელ მოიგო (4:2) და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ბრწყინვალე გახლდათ კლაუდიო ტაფარელი, რომელმაც რონალდ დე ბურის და ფილიპ კოკუს თერთმეტმეტრიანები მოიგერია.

11 ივლისს ბრინჯაოს მედლების მფლობელი გამოვლინდა. უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მესამე ადგილი ზედიზედ მეხუთედ დაიკავა ევროპულმა გუნდმა – ხორვატიამ დებიუტი ბრინჯაოთი დააგვირგვინა! ბუდევინ ზენდენის გოლს რობერტ პროსინეჩკიმ და დავორ შუკერმა უპასუხეს – 2:1. ეს უკანასკნელი, რომელმაც 1998 წლის გაზაფხულზე ესპანეთის სამეფო კლუბის მაისურით ჩემპიონთა თასი აღმართა, ექვსი გოლით საფრანგეთი 1998-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფინალი

ბრაზილიელთა ტანმაღალმა მცველმა ჟუნიორ ბაიანომ ფინალიდან რამდენიმე თვეში, ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა:

„სტადიონზე გამგზავრებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, ყველანი ფრანგებთან მატჩზე ვფიქრობდით და ჩვენს ოთახებში ვისვენებდით… უცბად ყვირილი მოგვესმა, ხმა რონალდოს ოთახიდან გამოდიოდა. იქ რომ შევვარდი, გალურჯებული რონალდო დავინახე, იატაკზე ეგდო და აღებინებდა… ძალიან ცუდად იყო! ვიღაცამ თქვა, ეპილეფსიური შეტევა აქვსო… ექიმებმა სასტუმროდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. მერე გვითხრეს, რომ ის ძალიან გადაღლილი იყო და მხოლოდ დასვენება თუ უშველიდა. კიჭას ფინალის გამოტოვება ურჩიეს, მაგრამ ეს რომ გამორიცხული იყო, ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით“.

საფრანგეთ 1998-ის გადამწყვეტი მატჩს დაწყებამდე საათით და თორმეტი წუთით ადრე მარიო ზაგალომ ოფიციალური განაცხადა გაავრცელა, რომელშიც რონალდო სათადარიგოთა შორის იყო დასახელებული. ძირითად თერთმეტეულში მისი ადგილი ედმუნდოს ეკავა. იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტებმა ბრაზილიელთა სასტუმროში მომხდარი ამბავი ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რონალდოს არყოფნა მთავარი სალაპარაკო თემა გახდა… არანაკლები ხმაური გამოიწვია ფინალამდე ზუსტად საათით ადრე გავრცელებულმა ხელახალმა განაცხადმა. იქ რონალდო უკვე ძირითადში იყო.

საბოლოოდ, ფენომენმა ფრანგებთან კი ითამაშა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე. დასუსტებული რონალდოს წინააღმდეგ თამაში მცველებს არ გაუჭირდათ, ბიქსენტ ლიზარაზუ-მარსელ დესაი-ფრანკ ლებეფი-ლილიან ტურამის დაცვის ოთხეულმა კი რივალდო-ბებეტოს წყვილიც შეაჩერა და ბრაზილიამ ზედიზედ მეორე ფინალში ვერ გაიტანა გოლი. ცნობისათვის: ჩელსის მცველი ლებეფი ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული ლორან ბლანის ნაცვლად გამოჩნდა. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში, ხორვატებთან მატჩის 76-ე წუთზე გააგდეს…

„ფინალის წინ საერთოდ არ ვნერვიულობდით. ჩვენი გუნდის ძალა სწორედ ეს იყო – ფსიქოლოგიურად ჩინებულად ვიყავით მზად. მახსოვს, ფინალის დღეს, დილით, მოედანზე რომ გავედით, ის წუთები ვიდეოკამერით ჩავიწერე. ახლა, ამდენი წლის შემდეგ იმ კადრებს რომ ვუყურებ, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ რამდენიმე საათში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უნდა გვეთამაშა.

კიდევ იცით რა მახსენდება? ფინალის წინა საღამოს ბლანი ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა: აქამდე რომ კარგად თამაშობდი, ყველამ იცის და აღიარებს, მაგრამ ერთი მატჩი, რომელმაც განსაკუთრებულად უნდა გაქციოს და რომელიც საუკეთესოდ უნდა ითამაშო, ხვალ არის!..

ის ძალიან განიცდიდა დისკვალიფიკაციას, მაგრამ ბოლომდე გუნდის წევრად დარჩა. უნდა ვაღიარო, რომ მისმა სიტყვებმა მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი თამაში“, – ზინედინ ზიდანის მოგონებებიდან.

27-ე და 45-ე წუთებზე ზიზუმ თავური დარტყმებით დალაშქრა ბრაზილიელთა კარი, 90-ე წუთზე კი ემანუელ პეტიმ დააგვირგვინა კონტრშეტევა – 3:0.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სელესაო პირველად დამარცხდა დიდი ანგარიშით, საფრანგეთის ნაკრების მაისურში გამოწყობილი მიშელ პლატინი კი საპატიო სტუმართა ლოჟაში ქვეყნის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან და პრემიერ-მინისტრ ლიონელ რობერ ჟოსპინთან ერთად ხარობდა. ტრიუმფატორთა კაპიტანს დიდიე დეშამს ფიფას ოქროს თასი სწორედ შირაკმა გადასცა.

„თამაშის წინ, კლერფონტენის ბაზაზე, მწვრთნელმა მირჩია კუთხურების დროს ძელებთან ახლოს ვყოფილიყავი. ჟაკემ მითხრა, ბრაზილიელები მაღალ მცველებს ცენტრში აყენებენ და ძელებთან თუ იტრიალებ, გოლის გატანის მეტი შანსი გექნებაო… მისი სიტყვები მახსოვდა და მერე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით“, – ფინალის გმირმა და ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელად აღიარებულმა ზიდანმა ემე ჟაკესთან საუბარი მოგვიანებით გაიხსენა.

მართალია საფრანგეთი 1998-ის საუკეთესო მოთამაშედ ზიზუ კი არა, რონალდო დასახელდა, მაგრამ ტურინის იუვენტუსის ფრანგმა ლიდერმა წლის ბოლოს ყველა ინდივიდუალური ჯილდო მოიგო: ფრანს ფუტბოლმა და ონზ მონდიალმა ევროპის ნომერ პირველ მოთამაშედ დაასახელეს, უორლდ სოკერმა და ფიფამ კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულებით დააჯილდოვეს.

ურუგვაის, იტალიის, გერმანიის, ბრაზილიის, ინგლისის და არგენტინის შემდეგ მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონი მოევლინა – საფრანგეთი. ექვსეული შესანიშნავ შვიდეულად იქცა!

რაც შეეხება ჩემპიონთა მწვრთნელს ემე ჟაკეს, ის საოცნებო ტიტულის მოგებიდან რამდენიმე დღეში გადადგა. ჟაკეს ადგილი მისმა თანაშემწემ როჟე ლემერმა დაიკავა.

მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატამდე ფრანგებმაც და ბრაზილიელებმაც მშვენივრად ითამაშეს. ლემერის გაწვრთნილმა ზიდანმა და კომპანიამ ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვა, ხოლო სელესაომ 1999 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გაიხარა.

2002 წლის ზაფხულში ისინი კორეა-იაპონიას მთავარი ფავორიტების რანგში ეწვივნენ, თუმცა აზიაში ევროპელები ძალიან შერცხვნენ – ჯგუფში ჩარჩნენ, ბრაზილიამ კი მეხუთედ ჩაიბარა ფიფას ოქროს თასი…

საფრანგეთი 1998 – ზოგადი ცნობები:

*-მექსიკის და იტალიის შემდეგ საფრანგეთი გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 32 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც სამი ფეხბურთელის შეცვლა დაუშვეს.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს გოლის წესით.
*-ტურნირი გაგრძელდა 32 დღის განმავლობაში და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა.
*-მონაწილეობდა 32 გუნდი (ევროპა – 15; სამხრეთი ამერიკა – 5; აფრიკა – 5; აზია – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 3).
*-64 თამაშში 171 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,67.
*-მთლიანი დასწრება – 2 787 687, საშუალოდ მატჩზე 43 511 გულშემატკივარი.

12 ივლისი, 1998. მსოფლიოს XVI ჩემპიონატის ფინალი. საფრანგეთი, სენ-დენი, სტად დე ფრანსი. 80 000
საფრანგეთი 3:0 ბრაზილია
გოლები: 1:0 ზინედინ ზიდანი (27), 2:0 ზინედინ ზიდანი (45), 3:0 ემანუელ პეტი (90)
საფრანგეთი: ფაბიენ ბარტეზი, ბიქსენტ ლიზარაზუ, იური ჟორკაეფი (პატრიკ ვიეირა 74), დიდიე დეშამი (კაპ), მარსელ დესაი, სტეფან გივარში (კრისტოფ დიუგარი 66), ზინედინ ზიდანი, ლილიან ტურამი, ემანუელ პეტი, ფრანკ ლებეფი, კრისტიან კარამბე (ალენ ბოგოსიანი 57)
მწვრთნელი: ემე ჟაკე
ბრაზილია: კლაუდიო ანდრე ტაფარელი, მარკოს დე მორაის კაფუ, ალდაირ ნასიმენტო სანტოსი, ჟუნიორ ბაიანო რაიმუნდო, სეზარ სამპაიო კარლოს კამპოსი (ედმუნდო ალვეშ დე სოუზა ნეტო 73), რობერტო კარლოს და სილვა, კარლოს კაეტანო ბლუდორნ ვერი დუნგა (კაპ), ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, ვიტორ ბორბა ფერეირა რივალდო, ლეონარდო ნასიმენტო დე არაუჟო (დენილსონ დე ოლივეირა 46), ჟოზე რობერტო გამა დე ოლივეირა ბებეტო
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
გაფრთხილება: ჟუნიორ ბაიანო რაიმუნდო, დიდიე დეშამი, მარსელ დესაი, კრისტიან კარამბე, მარსელ დესაი
გაძევება: მარსელ დესაი (68)
მსაჯები: საიდ ბელქოლა (მაროკო); მარკ უორენი (ინგლისი), აშმატ სალი (სამხრეთი აფრიკა)

საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
დავორ შუკერი (ხორვატია)
– 6 გოლი
გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა), კრისტიან ვიერი (იტალია) – 5 გოლი

საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (ბრაზილია)
2.დავორ შუკერი (ხორვატია)
3.ლილიან ტურამი (საფრანგეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): მაიკლ ოუენი (ინგლისი)
საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის ჯილდო): ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები (მასტერკარდის რჩეულები)
მეკარეები: ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი), ხოსე ლუის ჩილავერტი (პარაგვაი)
მცველები: მარსელ დესაი (საფრანგეთი), ლილიან ტურამი (საფრანგეთი), რობერტო კარლოს და სილვა (ბრაზილია), ფრანკ დე ბური (ნიდერლანდები), კარლოს გამარა (პარაგვაი)
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), კარლოს კაეტანო ბლუდორ ვერი დუნგა (ბრაზილია), ვიტორ ბორბა ფერეირა რივალდო (ბრაზილია), მიქაელ ლაუდრუპი (დანია), ედგარ დავიდსი (ნიდერლანდები)
თავდამსხმელები: ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (ბრაზილია), დავორ შუკერი (ხორვატია), ბრაიან ლაუდრუპი (დანია), დენის ბერხკამპი (ნიდერლანდები)

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები
მეკარეები: 1.ბერნარ ლამა (პარიზის პარი სენ-ჟერმენი), 16.ფაბიენ ბარტეზი (მონაკო), 22.ლიონელ შარბონიე (ოსერი)
მცველები: 2.ვინსენ კანდელა (რომის რომა, იტალია), 3.ბიქსენტ ლიზარაზუ (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია), 5.ლორან ბლანი (მარსელის ოლიმპიკი), 8.მარსელ დესაი (მილანი, იტალია), 15.ლილიან ტურამი (პარმა, იტალია), 18.ფრანკ ლებეფი (ლონდონის ჩელსი, ინგლისი)
ნახევარმცველები: 4.პატრიკ ვიეირა (ლონდონის არსენალი, ინგლისი), 7.დიდიე დეშამი (ტურინის იუვენტუსი, იტალია), 10.ზინედინ ზიდანი (ტურინის იუვენტუსი, იტალია), 11.რობერ პირესი (მეცი), 13.ბერნარ დიომედი (ოსერი), 14.ალენ ბოგოსიანი (გენუის სამპდორია, იტალია), 17.ემანუელ პეტი (ლონდონის არსენალი, ინგლისი), 19.კრისტიან კარამბე (მადრიდის რეალი, ესპანეთი)
თავდამსხმელები: 6.იური ჟორკაეფი (მილანის ინტერი, იტალია), 9.სტეფან გივარში (ოსერი), 12.ტიერი ანრი (მონაკო), 20.დავიდ ტრეზეგე (მონაკო), 21.კრისტოფ დიუგარი (მარსელის ოლიმპიკი)
მწვრთნელი: ემე ჟაკე

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 ოქტომბერი)
ფოტო:
FIFA.com; ინტერნეტი

ka_GEGeorgian