კვარა, რომელსაც ვერ ამჩნევენ

9 ოქტომბერი ძალიან საინტერესო სპორტული დღე გამოდგა. დილით ფორმულა 1-ის ჩემპიონი გამოვლინდა – ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი. რედ ბულის საოცარმა პილოტმა შარშან, ბოლო წამს მოგებული ტიტული, ამჯერად სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე დაიცვა. რამდენიმე საათში ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ტრიუმფით გავიხარე…

შუადღით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები შევიტყვე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირში, მერე კი დიდი ფეხბურთი გახურდა და ინგლისის, ესპანეთის და იტალიის მწვანე მინდვრებზეც მშვენიერი მატჩები და მათი თანამდევი საინტერესო ამბები ვნახე: კრიშტიანუ რონალდუმ მე-700 გოლი(!!!) გაიტანა საკლუბო ფეხბურთში, პაულო დიბალა მძიმედ დაშავდა და დღეს დაიწერა, შესაძლოა მსოფლიოც გაუცდესო, ამასობაში ბარსელონის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, ზაფხულში მესის დაბრუნებას ვეცდებით, მანამდე კი კამპ ნოუს მიმდებარედ მის ძეგლს გავხსნითო…

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ 9 ოქტომბერს სერია ა-ს საღამოს მატჩის გამო უფრო ველოდი. ხუმრობა ხომ არაა, ჩემს საყვარელ იტალიის ჩემპიონატში პირველად ხვდებოდნენ „ქართველების“ კლუბები – ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მასპინძლობდა.

ამ თამაშს ერთ კაი კაცთან ვუყურე. კი, ნაპოლიმ 4:1 გაიმარჯვა, კი, ხუთი გოლიც გავიდა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ მძიმე თამაში გამოდგა. კრემონეზე შემთხვევით არ არის ცხრილის ფსკერზე, ნაპოლი კი, ჩემი ფიქრით, აიაქსთან საპასუხო შეხვედრაზე უფრო ფიქრობდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

„ჩვენი მესამე გოლი ხვიჩას გოლია! ტაბლოზე ლოსანოს გვარი დაიწერა, მაგრამ ის ბურთი კვარასია და მადლობა მას პასისთვის. ის, რაც ხვიჩამ იმ წამს გააკეთა, მას აუცილებლად დაუბრუნდება“, – ეს ნეაპოლელთა თავკაცის ლუჩანო სპალეტის სიტყვებია.

მიმდინარე სეზონში მან პირველად არ შეცვალა ქართველი. კვარაცხელიამაც სრულად გაამართლა მწვრთნელის ნდობა: მძიმე თამაშში ნაპოლი სწორედ მისი ძალისხმევით, მის მიერ მოპოვებული პენალტით დაწინაურდა, მესამე დამატებულ წუთზე კი, მეკარესთან პირისპირ გასულმა, ცარიელი კარის წინ მყოფ ლოსანოს დაუგორა ბურთი და შეცვლაზე შესული მექსიკელის ზუსტი დარტყმის შემდეგ, საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მაგრამ მწვრთნელის თბილი სიტყვების, მოპოვებული პენალტის და საგოლე გადაცემის მიუხედავად, მგონია, რომ ეს არ იყო ხვიჩას საუკეთესო თამაში. და ამაში მთავარი „დამნაშავეები“ მისი თანაგუნდელები მგონია.

შესაძლოა ვცდები, მაგრამ ასე მომეჩვენა, რომ ნეაპოლელები, რიგ შემთხვევაში შეტევის სხვა გაგრძელებას ირჩევდნენ და კარგ პოზიციაში მყოფ ხვიჩას არ, ან ვერ ამჩნევდნენ. შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან და მინდა, რომ ეს ფიქრიც მცდარი იყოს, მაგრამ კრემონეზესთან მატჩზე რამდენიმე მეგობრის მოსაზრება წავიკითხე და ისინიც იგივეს ამბობენ. თუმცა, შესაძლოა, ჩვენ ყველანი ვცდებით და ყველაფერი იმის ბრალია, რომ ძალიან ვგულშემატკივრობთ ხვიჩას, გვინდა, რომ ის ყველა თამაშში საუკეთესო იყოს.

დიდი იმედი მაქვს აიაქსთან სხვა სურათი იქნება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურს კი ლუჩანო სპალეტის გუნდი იდეალურად ხვდება: საკლუბო ისტორიაში პირველად, ნაპოლიმ ერთ სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ 8 მატჩი!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 10 ოქტომბერი)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian