ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #26: საბერძნეთი 2:1 საქართველო
1995-96 წლების სეზონში ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მეტწილად გიორგი ქინქლაძეზე და მის დაქცეულ მანჩესტერ სიტიზე საუბრობდა.
თბილისის დინამოდან ინგლისის პრემიერლიგაში გადასულმა ნახევარმცველმა მალევე მოხიბლა მანჩესტერელი ფანები, თუმცა იმ სეზონში 44 მატჩში გატანილი 5 გოლით გუნდს ბევრი ვერაფრით შეეწია: სიტი პრემიერლიგიდან გავარდა. ეს ამბავი უკანასკნელ, 38-ე ტურში გაირკვა, 1996 წლის 5 მაისს, როცა მანჩესტერელებმა ლივერპულს უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვეს – 2:2.
სადებიუტო სეზონის მძიმე დასასრულის მიუხედავად, ქინქლაძის დებიუტი არაერთმა ინგლისელმა სპეციალისტმა თუ გამოცემამ დააფასა. მაგალითად გაზეთმა ინდეფენდენთმა გიორგი სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელა მანჩესტერ იუნაიტედის უელსელი გარემარბის რაიან გიგზის, ჩემპიონი ბლექბერნ როვერსის გოლეადორის ალან შირერის და ლივერპულელი ბომბარდირის რობი ფაულერის მხარდამხარ.
16 მარტს, საუთჰემპტონის კარში გიოს მიერ გატანილი საოცარი ბურთი (იმ შეხვედრაში ქინქლაძემ დუბლი შეასრულა) პრემიერლიგამ სეზონის ნომერ მეორე გოლად აღიარა (ლივერპულის წინააღმდეგ ლიდსელი ენტონი იებოას საგოლე დარტყმის შემდეგ), ამას გარდა, ქართველ გამთამაშებელს კიდევ ორი პრიზი ერგო: სეზონის საუკეთესო დრიბლიორისთვის და ყველაზე ლამაზად მოთამაშისთვის განკუთვნილები.
მაისის იმ დღეებში ქინქლაძის შესახებ ხშირად იწერებოდა, მას კლუბის გამოცვლას უწინასწარმეტყველებდნენ როგორც ჩვენი, ისე უცხოური გამოცემები. ჟურნალისტები ქინქის მომავალ გუნდებსაც ასახელებდნენ – ლივერპული, ნიუკასლი, ასტონ ვილა, არსენალი…
პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ, სარბიელის ლონდონელ კორესპონდენტთან დავით მჭედლიშვილთან საუბარში, გიორგიმ თქვა:
„ახალი არაფერია. ახლა ყველა წინადადებას მოვუსმენ, გადაწყვეტილებას კი, როგორც გითხარი, მერაბ ჟორდანიასთან ერთად მივიღებ. პარასკევს ჰომბურგში ჩავალ, გია ნემსაძეს 10 მაისს დაბადების დღე აქვს და მინდა ერთად აღვნიშნოთ.“
ქინქლაძე მართლაც ეწვია ნემსაძეს, ამ უკანასკნელმა კი, საზეიმო სუფრამდე ორი დღით ადრე, ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა: 8 მაისს საქართველო პირველად დაუპირისპირდა საბერძნეთს. ქინქლაძე იოანინაში არ ჩასულა. ალექსანდრე ჩივაძეს დასვენება სთხოვა და მწვრთნელმაც აღარ გამოიძახა.
იგივე მიზეზით ვერ დაეხმარნენ ნაკრებს ქინქლაძის თანაკლუბელი მიხეილ ყაველაშვილი (მისი დებიუტი პრემიერლიგაში 6 აპრილს შედგა მანჩესტერულ დერბიში და მიშამ გოლიც გაუტანა პიტერ შმეიხელს), კახი ცხადაძე და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე მურთაზ შელია, ზაზა რევიშვილი, გოჩა ჯამარაული და აკაკი დევაძე.
ამ უკანასკნელის არყოფნის გამო ალექსანდრე ჩივაძემ ბათუმის დინამოს კარის დარაჯს ნიკა ტოგონიძეს უხმო. ასლან ბალაძის შემდეგ ტოგონიძე მეორე ბათუმელი მეკარე აღმოჩნდა, ვინც ეროვნულ გუნდში მოხვდა. მის გარდა შეკრებაზე კიდევ ერთი ახალწვეული გამოჩნდა – თბილისის დინამოს თავდამსხმელი, 19 წლის გიორგი დემეტრაძე. რაც შეეხება ვალტერ გუჩუას, სამტრედიის მცველს ჩივაძემ რუმინეთის შემდეგ მეორე შანსი მისცა, გერმანიის ჰომბურგში, გიორგი ნემსაძესთან ერთად მოთამაშე რევაზ არველაძე კი 1995 წლის მარტის შემდეგ პირველად გამოჩნდა შეკრებაზე.
24 აპრილს, როცა ქართველები რუმინეთში განადგურდნენ, საბერძნეთმა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრა ჩაატარა: ათენში, სპიროს ლუისის სახელობის სარბიელზე სლოვენიას დანიელ ბატისტა ლიმას და დემის ნიკოლაიდისის გოლებით 2:0 სძლია.
ქართველებთან ამხანაგური თამაში ბერძნებმა ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ იოანინაში დანიშნეს. 31 წლის კაბო ვერდელ დანიელ ბატისტა ლიმას (მან 1994 წლის შემოდგომით მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა) მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, 22 წლის ნიკოლაიდისი კი ბერძნული ფეხბურთის იმედად ითვლებოდა და მთავარი მწვრთნელი კოსტას პოლიჰრონიუც პირველი წუთიდან ენდო.
რუმინეთში ამხანაგურის არ იყოს, ვერც ამ თამაშის ჩანაწერს ვიხსენებ. საქართველოს ტელევიზიით ის, მგონი, არ უჩვენებიათ, თვითმხილველებმა კი თქვეს, რომ ჩვენ ნაკრებს ეს შეხვედრა არ უნდა წაეგო, მეტიც, უნდა მოეგო.
თბილისის დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, ვინც იოანინაში ახლდა გუნდს, სარბიელის ჟურნალისტს მერაბ მამულაშვილს აეროპორტში, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე უთხრა (#36; 10 მაისი, 1996):
„ბოლო წუთზე დასანანი ბურთი გავუშვით. არადა, გოგრიჭიანის გოლით კარგა ხანს ჩვენ ვიყავით წინ. ყველამ კარგად ითამაშა და მიჭირს რომელიმეს გამოყოფა…
თამაშით კმაყოფილი დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. ერთსაც გეტყვით – მართალია მსაჯების შეცდომაზე უხერხულია საუბარი, მაგრამ არც უამისობა იყო და შედეგზე ამანაც იქონია გავლენა. თანაც, მეორე ტაიმში ბერძნებმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალეს…
მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენებს თამაში არათუ უნდა წაეგოთ, არამედ უნდა მოეგოთ და ამისი ღირსებიც იყვნენ. რომ იცოდეთ, როგორი საგოლე მომენტები გაგვიცუდდა – ნემსაძეს, გოგრიჭიანს, ქეცბაიას და შოთა არველაძეს შანსი რომ გამოეყენებინათ, ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ იქნებოდა“.
სარბიელის იმავე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჩივაძის თანაშემწის ვლადიმერ პანოვის კომენტარიც:
„3-5-2 სისტემით ვითამაშეთ. უკანა მცველი კუდინოვი იყო, წინა მცველები – ლობჟანიძე და ჩიხრაძე. მარჯვენა ფლანგზე ღუდუშაური თამაშობდა, მარცხნივ – გოგიჩაიშვილი, ცენტრში ნემსაძე და რეზო არველაძე, მათ წინ – ქეცბაია, თავდასხმაში კი გოჩა გოგრიჭიანი და შოთა არველაძე…
რუმინეთის შემდეგ ჩვენი ნაკრები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. თანაც, შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა – სხვადასხვა მიზეზების გამო წინა შეხვედრის შვიდი მონაწილე აღარ გამოგვიძახებია და ბევრი ახალგაზრდა მოვიწვიეთ. ამ მატჩმა გვიჩვენა, რომ ჩვენებს მობილიზება შეძლებიათ. თამაშის ხარისხით კმაყოფილები დავრჩით. ბერძნების გოლები მეორე ტაიმში სულაც არ მეტყველებს მათ უპირატესობაზე“.
გაზეთი ქართული ფეხბურთი თამაშის მიმოხილვას ასე ასათაურებს: „გამოუყენებელი საგოლე მომენტები წაგების წინაპირობაა“!, წერილში კი ვკითხულობთ:
„იმის მიუხედავად, რომ მეტოქეები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მატჩი დაზვერვის გარეშე დაიწყო – შეტევები ერთმანეთს ცვლიდა…
თავიდანვე ნათელი გახდა, რომ მასპინძლები უფრო ძალისმიერ თამაშზე ამყარებდნენ იმედებს: მჭიდროდ მეურვეობდნენ ქართველთა არამარტო წინა ხაზის მოთამაშეებს, არამედ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ სტუმართა ნახევარდაცვისა და დაცვის ფეხბურთელებს. ასეთმა ტაქტიკამ ბერძნებს პირველ ტაიმში სასურველი შედეგი ვერ მოუტანა: ქართველები თანდათან მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს გაუშინაურდნენ და მოკლე პასებით მახვილგონივრულ კომბინაციებს ხლართავდნენ…
რაც გაშვებული გოლის შემდეგ მოხდა, მასპინძელთა პასივში უნდა ჩაიწეროს: ისინი აირივნენ, სამწუხაროდ, ამით ვერ ისარგებლეს ქართველებმა და ტაიმის ბოლომდე ქეცბაიამ, გოგრიჭიანმა, გოგიჩაიშვილმა, შოთა არველაძემ და ნემსაძემ როგორ მოახერხეს მეკარესთან პირისპირ გასულებმა ამდენი გოლის ვერ გატანა, საკვირველია“…
საქართველოს ნაკრები მე-15 წუთზე დაწინაურდა. გოლის დეტალური აღწერა ვერსად ვნახე, ქართული ფეხბურთის მიმოხილვაში მხოლოდ ის წერია, რომ მრავალსვლიანი კომბინაცია რევაზ არველაძის კარგი პასით და გოჩა გოგრიჭიანის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
რაც შეეხება საპასუხო გოლებს, ორივე ბურთი დემის ნიკოლაიდისმა შეაგდო: 58-ე წუთზე დამატებაზე იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი კიდევ ერთხელ ისარგებლა ქართველთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით და გამარჯვების მომტანი გოლი მიითვალა.
ნიკოლაიდისმა ორივე ბურთი ნიკა ტოგონიძეს გაუტანა, რომელიც 22-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ირაკლი ზოიძის ნაცვლად. თბილისის დინამოელი დაშავებულა და მწვრთნელსაც ამიტომ შეუცვლია ძირითადი გოლკიპერი.
ნიკას დებიუტს კარგი ნამდვილად არ ეთქმის: ორი გაშვებული გოლიდან ერთი, პირველი, მის შეცდომას მოჰყოლია – ბათუმელმა კოსტას ფრანცესკოსის დარტყმული ბურთი მოიგერია ცუდად და ნიკოლაიდისმაც შეცდომა არ აპატია. რაც შეეხება მეორე გოლს, ქართული ფეხბურთის მიმომხილველი წერს, რომ ის კუთხურს მოჰყვა და ტოგონიძემ იმ მომენტშიც იჩქარა, კარიდან გამოსული ბურთს ვერ შეწვდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ერთ-ერთ ბერძენს ნიკასთვის მკერდში მუხლი ჩაურტყია. ნაკრების ექიმის დიმიტრი ზაალიშვილის თქმით, ტოგონიძეს ისე უჭირდა სუნთქვა, რომ თამაში აღარ უნდა გაეგრძელებინა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე მეკარე აღარ იყო და ჩივაძემაც ამიტომ ვერ შეცვალა ბათუმელი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ საბერძნეთში ნიკას მკერდის ძვალი გაუტყდა. ამის გამო მან ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელ ხუთ ტურში ვეღარ ითამაშა – ის მირიან მალაყმაძემ შეცვალა. ნიკა მხოლოდ 26 მაისს, ეროვნული თასის ფინალში დაეხმარა ბათუმს, რომელიც ზღვისპირელებმა დამატებით დროში წააგეს თბილისის დინამოსთან, 0:1.
სამწუხაროდ, არც სარბიელში და არც ქართულ ფეხბურთში არაფერია ნათქვამი, თუ როგორ ითამაშა მეორე დებიუტანტმა, 19 წლის გიორგი დემეტრაძემ. ჩივაძემ თავდამსხმელი მეორე ტაიმში შეუშვა მინდორზე გიორგი ღუდუშაურის ნაცვლად. ეროვნულ გუნდში მოხვედრამ დემეს რომ ფრთები შეასხა, ამას ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელი ოთხი თამაშიც ადასტურებს – 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გიორგიმ თერთმეტი გოლი გაიტანა! ხაშურის ივერიას და ყვარლის დურუჯს დუბლები აკმარა, თელავის კახეთს ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ხოლო ბოლნისის სიონს ოთხი გოლი შეუგდო!
10 მაისის სარბიელის პირველი გვერდი ეროვნული გუნდის საბერძნეთში თამაშს და ქინქლაძის მანჩესტერულ ამბებს დაეთმო, მეორე გვერდზე გამოქვეყნებული ცნობებიდან კი ერთმა მიიქცია ჩემი ყურადღება: 6-7 მაისს თბილისში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი ჩატარებულა ტრაგიკულად დაღუპული მეკარის გურამ ლორთქიფანიძის თასზე, ნორჩი დინამოელის, ავაზის, 35-ე საფეხბურთო სკოლის და იბერის 16-წლამდელთა გუნდების მონაწილეობით. შეჯიბრება გურამის მეგობრების, ასევე გოჩა ჯამარაულის, მიხეილ ყაველაშვილის და გუბაზ დოლიძის თანადგომით გამართულა.
ფინალში ავაზას 3:1 მოუგია ნორჩი დინამოელისთვის. საუკეთესო ფეხბურთელად ნორჩ დინამოელში მოთამაშე ზურაბ ხიზანიშვილი დაუსახელებიათ, ეროვნული ნაკრების მომავალი კაპიტანი და დღეს ვილი სანიოლის თანაშემწე. ჯილდოს სახით ზურას გერმანიის ნაკრების მაისური ერგო.
საუკეთესო მეკარე ჟიული ჯოლოხავა (ნორჩი დინამოელი) გამხდარა, ვისაც პუმას ხელთათმანები გადაეცა, მცველთა შორის ოთარ ხიზანეიშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა) გამოარჩიეს და პარმას მაისური უსახსოვრეს, საუკეთესო ნახევარმცველი ლევან ბაბუციძე (ავაზა) ინგლისის ნაკრების ფორმით დააჯილდოვეს, თავდამსხმელი კახა წუწუნავა (იბერი) – საფრანგეთის მაისურით, ხოლო ბომბარდირს, ხუთი გოლის გამტან მიხეილ სოსელიას (ფინალში ორჯერ გამოიჩინა თავი), არგენტინის ნაკრების ფორმა აჩუქეს.
2014 წლის მარტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში დიპლომატთა თასი გათამაშდა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების მონაწილეობით. იმ ტურნირში მეც ვითამაშე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდის შემადგენლობაში. ჩვენ მესამე ადგილი დავიკავეთ, ნახევარფინალი პენალტების სერიაში წავაგეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდთან. მიშა სოსელია ჩვენი გუნდის თავდამსხმელი იყო და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა – ათი გოლი გაიტანა…
8 მაისი, 1996. ამხანაგური. საბერძნეთი, იოანინა, ზოსიმადე. 14 000
საბერძნეთი 2:1 საქართველო
გოლები: 0:1 გოჩა გოგრიჭიანი (15, რევაზ არველაძის პასით), 1:1 დემის ნიკოლაიდისი (58), 1:2 დემის ნიკოლაიდისი (87)
საბერძნეთი: ელიას ატმაციდისი (ნიკოს მიჰოპულოსი 46), სტრატოს აპოსტოლაკისი (კაპ) (კოსტას კონსტანტინიდისი 46), მიჰალის კასაპისი, მარინოს უზუნიდისი (კირიაკოს კარატაიდისი 46), გიანის კალიცაკისი, დემის ნიკოლაიდისი, თოდორის ზაგორაკისი, ალეკოს ალექსანდრისი (ზისის ვრიზასი 46), გიორგოს გეორგიადისი, ვასილის ციარტასი (კოსტას ფრანცესკოსი 46), გიორგოს დონისი (დანიელ ბატისტა ლიმა 46, გიორგოს ნასიოპულოსი 59)
მწვრთნელი: კოსტას პოლიჰრონიუ
საქართველო: ირაკლი ზოიძე (ნიკა ტოგონიძე 22), გიორგი ღუდუშაური (გიორგი დემეტრაძე 46), ნუგზარ ლობჟანიძე, დიმიტრი კუდინოვი, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, რევაზ არველაძე, თემურ ქეცბაია (კაპ), გოჩა გოგრიჭიანი (ვალტერ გუჩუა 55), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: თემურ ქეცბაია, ნუგზარ ლობჟანიძე, სტრატოს აპოსტოლაკისი, ნიკა ტოგონიძე, ვალტერ გუჩუა, კოსტას კონსტანტინიდისი
მსაჯები: ლუან ზილფო; პეტრიტ ბრაშა, პეტრიტ ლაკარიჯი (ალბანეთი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 14 ოქტომბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი ქართული ფეხბურთი; Georgian Football Archive; ინტერნეტი