სტალინი, ხაჩატურიანი და… ხვიჩა

20 ოქტომბერი საჩუქრების დღე გამოდგა: ჯერ იყო და იუვენტუსის მაისურით და კიდევ რაღაც-რაღაცებით გამახარეს, საღამოს კი რამდენიმე ახალი იტალიური გამოცემა მისახსოვრეს ხვიჩას ფოტოებით და პლაკატით.

მთავარით დავიწყებ: გუერინ სპორტივო ერთ-ერთი ყველაზე ძველი იტალიური სპორტული ჟურნალია, 110 წელია რაც გამოდის, ადრე ყოველკვირეული იყო, ახლა თვეში ერთხელ გამოიცემა. ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდს ხვიჩას დიდი ფოტო ამშვენებდა მილანის ბელგიელ ვარსკვლავ შარლ დე კეტელაერთან ერთად, ნოემბრის ნომერში კი უკვე მათი პლაკატია.

როგორც ჩანს, გუერინ სპორტივოს რედაქცია ძალიან მოხიბლულია სერია ა-ს ქართველი და ბელგიელი დებიუტანტებით. ლუჩანო სპალეტის ეს ნაპოლი ნამდვილად დიდებულია, გულგრილს არავის ტოვებს და ამის დასტურია მიმო კარატელის წერილიც „ეს ნაპოლია“, რომელსაც ექვსი გვერდი ეთმობა. ავტორი ნეაპოლელებს აქებს და ადიდებს, მათ შორის, ცხადია ხვიჩასაც, რომელსაც კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებს და მეტოქე მცველების მთავარ თავსატეხს უწოდებს.

ჩვენი ბიჭისადმი მიძღვნილი ბოლო აბზაცი კი ღიმილის მომგვრელია. ჟურნალისტი ხვიჩას ლეგენდარული სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის თანამემამულედ მიიჩნევს და ამბობს, რომ: „კვარაცხელია ხაჩატურიანის დიდებული კომპოზიციების ჩინებული გამოხატულებაა, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო მეორე ქართველთან, სტალინთან“. როგორც ჩანს, კარატელი იმან შეაცდინა, რომ ხაჩატურიანი თბილისში დაიბადა…

25 სექტემბერს, როცა გუერინ სპორტივოს ოქტომბრის ნომერზე დავწერე, სერია ა-ს პირველ ოთხ ტურში ხვიჩას შეფასებებიც გაახლეთ. ნოემბრის ნომერში მომდევნო სამი ტურის სტატისტიკაა და იყოს აქაც, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს:

V ტური, 2:1 რომში, ლაციოსთან: 7,5 (ყველაზე მაღალი ქულა ორივე გუნდიდან. ამ ტურში 7,5 ქულა მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო: ხვიჩამ, მილანის გოლკიპერმა მანიომ, ინტერთან დერბიში; და უდინეზელებმა უდოგიმ და დეოლოფეუმ რომასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში).

VI ტური, 1:0 ნეაპოლში, სპეციასთან: 6,5.

VII ტური, 2:1 სან სიროზე, მილანთან: 7 (ისევ ყველაზე მაღალი ქულა ორივე გუნდიდან, მარიო რუისთან, ზამბო ანგისასთან, მატეო პოლიტანოსთან და ჯოვანი სიმეონესთან ერთად).

რაც შეეხება Tifosi Napoletani-ის ოქტომბრის ნომერს, ნეაპოლელთა ფან-კლუბის ამ მშვენიერი გამოცემის პირველ გვერდზე ამჯერად ჯოვანი სიმეონეა და პლაკატიც არგენტინელისაა, ხვიჩას კი 31-ე გვერდი ეთმობა – ფოტო სერია ა-ს თვის ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზით დაჯილდოების დროსაა გადაღებული.

ეს გამოცემა უფასოდ რიგდება დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე. ერთი თვის წინ, როცა ნეაპოლს ლივერპული ესტუმრა, მაშინ Tifosi Napoletani-ის ყდას ხვიჩა ამშვენებდა და ჩინებული პლაკატიც თან ერთვოდა – გემახსოვრებათ KVARAVAGGIO. ის ნომერი, სამწუხაროდ, ჯერ არ მაქვს და თუ ვინმეს ხელში ჩაგივარდათ, მოიწერეთ.

რომა-ნაპოლიმდე კი სულ ორი დღე დარჩა. სპალეტის ბიჭებს ოლიმპიკოზე 23-ში, საღამოს ვიხილავთ <3

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 21 ოქტომბერი)
ფოტო:
Guerin Sportivo & Tifosi Napoletani

ka_GEGeorgian