საფრანგეთში საუკეთესო ბელგიელია

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ნაციონალურმა კავშირმა – UNFP – 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ლილის ბელგიელი თავდამსხმელი ედენ აზარი დაასახელა. 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა.

„მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს! მათ გარეშე ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ ვერ მოვიგებდი“, – განაცხადა აზარმა, რომელმაც 17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

UNFP-ის რეფერენდუმის ისტორიაში ედენ აზარი მხოლოდ მეორეა, ვინც ტიტულის ზედიზედ მოგება შეძლო: 2002 და 2003 წლებში საუკეთესოდ ბორდოს პორტუგალიელი ფორვარდი პედრო პაულეტა დაასახელეს.

საგულისხმოა, რომ ედენ აზარი ასევე 2-ჯერ აღიარეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად: 2008-09 და 2009-10 წლების სეზონებში. ის პირველი არაფრანგია, ვინც ეს ტიტული მოიგო.

წლეულს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ მონპელიეს მაროკოელი ლეგიონერი იუნეს ბელჰანდა დაასახელეს, უძლიერეს მეკარედ ლიონის კარის დარაჯი უგო ლორისი დაასახელეს, სეზონის მწვრთნელის ტიტული კი მონპელიეს თავკაცს, რენე ჟირარს მიაკუთვნეს.

UNFP-ის 2011-12 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე დაკომპლექტდა:
მეკარე – უგო ლორისი (ლიონი)
მცველები – მეტიუ დებუში (ლილი), ნიკოლა ნკულუ (მარსელის ოლიმპიკი), ვიტორიო ჰილტონი (ლილი), ანრი ბედიმო (მონპელიე)
ნახევარმცველები – ეტიენ კაპუე (ტულუზი), რიო ანტონიო მავუბა (ლილი), ნენე (პარი სენ-ჟერმენი), იუნეს ბელჰანდა (მონპელიე)
თავდამსხმელები – ედენ აზარი (ლილი), ოლივიე ჟირუ (მონპელიე)

ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელები (UNFP)
1994 – დავიდ ჟინოლა (პარი სენ-ჟერმენი); 1995 – ვინსენ გერენი (პარი სენ-ჟერმენი); 1996 – ზინედინ ზიდანი (ბორდო); 1997 – სონი ანდერსონი (ლიონი; ბრაზილია); 1998 – მარკო სიმონე (პარი სენ-ჟერმენი; იტალია); 1999 – ალი ბენარბია (ბორდო; ალჟირი); 2000 – მარსელო გალიარდო (მონაკო; არგენტინა); 2001 – ერიკ კარიე (ნანტი); 2002, 2003 პედრო პაულეტა (ბორდო; პორტუგალია); 2004 – დიდიე დროგბა (მარსელის ოლიმპიკი; კოტ დ’ივუარი); 2005 – მიქაელ ესიენი (ლიონი; განა); 2006 – ჟუნინიო პერნამბუკანო (ლიონი; ბრაზილია); 2007 – ფლორენ მალუდა (ლიონი); 2008 – კარიმ ბენზემა (ლიონი); 2009 – იოან გურკუფი (ბორდო); 2010 – ლისანდრო ლოპესი (ლიონი; არგენტინა); 2011, 2012 – ედენ აზარი (ლილი; ბელგია)

ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები (UNFP)
1994 – ზინედინ ზიდანი (ბორდო); 1995 – ფლორიან მორისი (ლიონი); 1996 – რობერ პირესი (მეცი); 1997 – ტიერი ანრი (მონაკო); 1998 – დავიდ ტრეზეგე (მონაკო); 1999 – ოლივიე მონტერუბიო (ნანტი); 2000 – ფილიპ კრისტანვალი (მონაკო); 2001 – სიდნეი გოვუ (ლიონი); 2002 – ჯიბრილ სისე (ოსერი); 2003 – ლიონელ მატისი (ოსერი); 2004 – პატრის ევრა (მონაკო); 2005 – ჟერემი ტულალანი (ნანტი); 2006 – ფრანკ რიბერი (მარსელის ოლიმპიკი); 2007 – სამირ ნასრი (მარსელის ოლიმპიკი); 2008 – ჰატემ ბენ არფა (ლიონი); 2009, 2010 – ედენ აზარი (ლილი ბელგია); 2011 – მამადუ საჰო (პარი სენ-ჟერმენი); 2012 – იუნეს ბელჰანდა (მონპელიე; მაროკო)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian