კარიერა ფრაზებში #15: რომან რურუა

საუკეთესო… უძლიერესი… პირველი… ყველაზე ეფექტური…
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შესახებ რა წიგნიც არ უნდა გადაშალოთ, რომან რურუას შესახებ ასეთ ეპითეტებს მრავლად წაიკითხავთ.
მეხიკოს ოლიმპიადის ჩემპიონი მართლაც ასეთი იყო: დაუმარცხებელი საბჭოეთსა და მსოფლიოში. XX საუკუნის 60-70იან წლებში საბჭოთა კავშირში დაუმარცხებელი ფალავნის ტიტული ლამის ყველგან პირველობას უდრიდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონი რომანის მთავარი კონკურენტები სწორედ წითელი დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ: გენადი საპუნოვი, იური გრიგორიევი, ოლეგ კარავაევი, კონსტანტინ ვირუპაევი, ვლადიმერ სტაშკევიჩი…
„ქართული სპორტის ოქროს წიგნში“ რომან რურუას შესახებ ამოიკითხავთ: „სპორტული ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ და იღბალიც ხელს შეგიწყობს, შესაძლოა, დროის ამ მცირე, თუმცა კი მნიშვნელოვან მონაკვეთში მთავარი საქმეების გაკეთება მოასწრო. მაგალითად, რომან რურუამ მოასწრო და ამისთვის სულ 10 წელიწადი დასჭირდა“.
ვეტერანი სპორტული ჟურნალისტი, არაერთი საინტერესო ჩანახატის ავტორი არჩილ გოგელია ლეგენდარული მოჭიდავის შესახებ წერს: „ჩემი ღრმა რწმენით, ფალავანთა კაშკაშა თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი უკავია განუმეორებელ რომან რურუას, სპორტსმენს, რომელიც განასახიერებდა თავისებურ იდეალს ნიჭით, აზროვნებით, ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალით, საოცარი მიზანსწრაფულობითა და შეუპოვრობით, გაუგონარი, ფანატიზმამდე მისული თვითკონტროლით“.

…მშობლები სიყვარულით ცხოვრობდნენ, ერთმანეთის პატივისცემით. დედა ალასანიას გვარის ქალი იყო, სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთიდან. მამა მუხურჩაში, დეიდამისთან სტუმრობისას გაიცნო. მოსწონებია მამას, გაუკითხავს, გამოუკითხავს და… ხომ იცით, როგორც ხდებოდა?!

…დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, მამა ორ ძმასთან ერთად ჯარში გაიწვიეს. რაღაც პერიოდის მერე დედას ხმა მიაწვდინეს, დაჭრილია შენი ქმარი და ჩამოდი, მიხედეო. დედამ ერთი ღერი რუსული არ იცოდა, ტუაფსეში ჩასულს მამის ძმაკაცები დაეხმარნენ. რა ჰოსპიტალი, რის ჰოსპიტალი? დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭები მინდორში ეყარნენ. მამა ისე იყო შეცვლილი, დედამ ვერც იცნო – გამხდარი, გაჭაღარავებული… რის ვაი-ვაგლახით ჩაიყვანეს აბაშაში. ძლივს გადარჩა.

…მამა წყნარი, თუმცა მკაცრი იყო. მისგან გინება არასდროს გამიგია. „ჟულიკი ხარ შენ“! – იტყოდა და ეს იყო მისი გინება. ძალიან უყვარდა ცხენები, ოჯახში ყოველთვის კარგი ცხენი გვყავდა.

…მეორე ვაჟი ვიყავი, ძმა 4 წლით უფროსი იყო. მშობლების გარდა ბებიაც გვზრდიდა – მინა გახოკია, ძალიან მორწმუნე და შრომისმოყვარე ქალი. განათლება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ უზარმაზარი შინაგანი კულტურის და ზნეობის განსახიერება გახლდათ. დარდიანი ქალი იყო – ორი შვილი დაეღუპა ომში… სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, იქნებ ცოცხლები არიანო.

…თუ რამე სიკეთეა ჩემში, ბავშვობიდან მომყვება: დედისგან, მამისგან, ბებიისგან, მამიდისგან, იმ ადამიანებიდან, ვინც ირგვლივ ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. ერთი მოხუცი კაცი მახსოვს, ესტატე რურუა. დილით საქონელს რომ გავდენიდი, გზაზე შემხვდებოდა ხოლმე და ყოველთვის ერთ ცალ კაკალს მჩუქნიდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ქვეყნად მასზე კარგი კაცი არ დაიარებოდა! ისე ნათლად მახსოვს ეს კეთილი ადამიანი, მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი: წაღები და გალიფე შარვალი ეცვა, ზემოდან მუქი ფერის ფართე ჯიბეებიანი სვიტერი, დიდი ღილებით.

…საფეხბურთო გუნდი გვყავდა, რომელიც დროგამოშვებით მეზობელ სოფლებში თამაშობდა. ძალიან მინდოდა მათ შორის ყოფნა, მაგრამ ტანად პატარა ვიყავი და არ მიკარებდნენ. ერთხელ სოფელ ონოღიის გუნდი ჩამოვიდა, რომელსაც კაცი აკლდა. იმათ დავემატე, მცველად დამაყენეს. სისხლი გავუშრე თანასოფლელებს, გოლი არ გავატანინე! მერე და მერე ონოღიელები ხშირად მეძახდნენ თავისთან, შეჯიბრებზეც დავყავდი… იმ დროს ფეხბურთელობა მინდოდა.

…IX კლასიდან თბილისში ვცხოვრობდი, მამიდასთან, სწავლით კი 57-ე სკოლაში დავდიოდი. ერთ მშვენიერ დღეს თანაკლასელ შოთა დრიაშვილთან ერთად საერთო მეგობარს, ბათუმელ ილია ტუღუშს მივაკითხე ორჯონიკიძის ქუჩაზე, სპორტულ დარბაზში. ილია კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყო, მე კი პირველად ვნახე მოჭიდავეები. მეორე დღეს პირველად შევდგი ფეხი საჭიდაო ხალიჩაზე, ორ კვირაში კი პიონერთა სასახლეში პირველ ტურნირზე გავედი და… გავიმარჯვე! სამ კვირაში ქუთაისში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოვიგე. ეს ყველაფერი 1959 წელს მოხდა, რის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე: არავითარი ფეხბურთი, მხოლოდ კლასიკური ჭიდაობა!

…1961 წლის ზაფხულში, რამდენიმე რესპუბლიკური შეჯიბრების მოგების შემდეგ, საკავშირო ნაკრების კანდიდატად დამასახელეს. იმავე წლის დეკემბერში თბილისში საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ქვეყნის თასი გათამაშდა, რომელშიც მოსკოვის და ლენინგრადის ნაკრები გუნდებიც გამოდიოდნენ. მთავარი კონკურენტები რომის ოლიმპიადის ტრიუმფატორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ოლეგ კარავაევი და მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი ვლადიმერ სტაშკევიჩი იყვნენ. პირველი ძლივს გადამირჩა სუფთა მოგებას – 9:0 ვაჯობე, სტაშკევიჩს კი 1:0. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლები იყო, სახე ისე მქონდა დახეთქილი, მომდევნო კვირა წესიერად ვერ ვჭამდი. მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ მეტოქეებთან მოგებით ნაკრებში პირველ ნომრობაზე პრეტენზია განვაცხადე და პრესაც ნელ-ნელა ალაპარაკდა ჩემზე.

…ტრავმის გამო 1962 წლის სეზონი თითქმის მთლიანად გამიცდა, 1963 წელს კი გამარჯვებით დავბრუნდი: საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადა მოვიგე. სპარტაკიადა ოლიმპიადისწინა შესარჩევი ტურნირი იყო, რომელშიც ყველა რესპუბლიკის უძლიერესი ფალავნები ასპარეზობდნენ. შეჯიბრის წინ ათეულში მოხვედრას მიწინასწარმეტყველებდნენ, მე კი ფინალში გავედი. გადამწყვეტი ორთაბრძოლა უკრაინელ იური გრიგორიევთან მელოდა. ჩემპიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებოდი, თუ 7 და მეტი ქულით მოვიგებდი. 16:7 გავიმარჯვე და პირველად გავხდი სპარტაკიადის ჩემპიონი!

…ჯარში გაწვევის ამბავი ცალკე უნდა გავიხსენო: თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი, როცა შემატყობინეს, რაიონის კომისარი კანანოვი გიხმობსო. მივედი, მან კი თავის მხრივ მოსკოვიდან, გენშტაბიდან მოსული დეპეშა გამომიწოდა – რუსეთში მეძახდნენ, სამხედრო სამსახური ჩვენთან უნდა მოიხადოო, რეალურად კი საქართველოს პერსპექტიულ სპორტსმენს ართმევდნენ. არსად წავალ-მეთქი, ვუთხარი კანანოვს. არ შეიძლება, ბრძანებაა, ბილეთი უკვე აღებულიაო, მიპასუხა მან. მისი კაბინეტიდან პირდაპირ სპორტკომიტეტში მივედი ვახტანგ კუხიანიძესთან, ასეა ჩემი ამბავი-მეთქი. კუხიანიძემ უმალ თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანაძეს მიმართა, მან კი ეგრევე მთავრობის სახლში წამიყვანა, სადაც ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა მიმდინარეობდა. ჩვენდა ბედად, შესასვლელში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილს შევხვდით. არც დაფიქრებულა, პირდაპირ სხდომათა დარბაზში შევიდა ვასილ მჟავანაძესთან. საქართველოს პირველმა პირმა იქვე მყოფ ამიერკავკასიის ჯარების სარდალ გენერალ სტუჩენკოს მიმართა: მოსკოვიდან დეპეშაა მოსული, რურუას ჯარში იწვევენო… სტუჩენკომ პირდაპირ იქიდან დარეკა მოსკოვში, გენშტაბში: სანამ ამიერკავკასიაში მეთაური ვარ, არავის აქვს მსგავსი ტელეგრამის გამოგზავნის უფლება, სასწრაფოდ შეისწავლეთ საკითხიო… ასე იყო ჩემი ამბავი. მჟავანაძესთან სტუმრობის შემდეგ კომისარიატიდან არავის მოვუკითხივარ – ჩემი საბუთები სადღაც „გაქრა“.

…სპარტაკიადის მოგებისთანავე საბჭოთა კავშირის და თურქეთის ნაკრებთა 3 ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა სტამბოლში. ეს ჩემი მეორე გასვლა იყო უცხოეთში, პირველად პოლონეთში ვიჭიდავე. 37-წლიანი პაუზის შემდეგ საბჭოთა გუნდი პირველად ჩავიდა თურქეთში. იცით რა დროა? თურქებსა და ბერძნებს შორის კვიპროსის გამო ომია, ქუჩები ტანკებით და სამხედროებითაა სავსე… სტამბოლში ჩასვლამდე ქუდები დაგვირიგეს, საბჭოთა სპორტსმენისთვის აუცილებელი ატრიბუტი. მაშინ მეგონა, რომ ის მხოლოდ პროფესორებს და ასაკოვნებს უნდა ეტარებინათ. გულში ვფიქრობდი, რა დროს ჩემი ქუდია-მეთქი.

…1964 წლის ოლიმპიადაზე ჩემი გამგზავრება ტალინში გადაწყდა, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. საგზურის მთავარ კანდიდატებად მე, იური გრიგორიევი და რუსი გენადი საპუნოვი ვითვლებოდით. ორივე კონკურენტთან ურთულესი ბრძოლები მოვიგე, არა მარტო ხალიჩაზე, ფსიქოლოგიურიც.

…საპუნოვის პირადი მწვრთნელი ვიაჩესლავ კოჟარსკი საკავშირო ნაკრების თავკაციც გახლდათ. მისი დაჟინებული მოთხოვნით ვლადივოსტოკში, ოლიმპიადის წინ გამართულ უკანასკნელ შეკრებაზე კიდევ ერთი გამოცდა დაინიშნა: მე და საპუნოვს იური კოლოპოვთან და ვიტალი ტულუპოვთან უნდა გვეჭიდავა. ვინც ყველაზე შთამბეჭდავად მოიგებდა, ტოკიოშიც ის წავიდოდა. კოლოპოვმა და ტულუპოვმა საპუნოვთან წააგეს, ჩემთან კი ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ მტრისას, რაც მათ ამბავი დავმართე. კოლოპოვი საერთოდაც გაიქცა ხალიჩიდან! ჩემი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ კოჟარსკიმ ფავორიტის პირველ ნომრად დაყენება ვერ გაბედა და მეც ტოკიოში გავემგზავრე.

რურუა

ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი რომან რურუა მშობლებთან ერთად

…მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილება მაკლდა, მაინც შევძელი ფინალში გასვლა. ოლიმპიური ოქრო უნგრელ იმრე პოიაკს, იუგოსლავიელ მარტინოვიჩს და ჩემ შორის უნდა გათამაშებულიყო. ყველაზე ტიტულიანი 37 წლის პოიაკი გახლდათ: მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის ფინალისტი… ფინალური ორთაბრძოლების წინ მარტინოვიჩმა ტრავმა მოიმიზეზა და მოიხსნა. ამის გამო პოიაკი მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა: ფრე ხელს აძლევდა – ჩემპიონი ხდებოდა, მე კი აუცილებლად უნდა მომეგო. რამდენიმე ილეთი შევასრულე, ხალიჩიდანაც გავიყვანე, მაგრამ არაფერი ჩამითვალეს – ფრე 0:0, ეს კი პოიაკის გამარჯვებას უდრიდა. წარმოგიდგენიათ? ერთი შეხვედრაც არ წამიგია, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე გავედი. წლების შემდეგ რამდენჯერმე ჩავედი უნგრეთში, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ბევრჯერ მთხოვეს იმ ფინალის კომენტარი, მაგრამ არაფერი მითქვამს. მოგვიანებით თავად იმრე პოიაკმა მიმასპინძლა, თავის მედლებიც დამათვალიერებინა. „ჩემს“ ოლიმპიურ ოქროს საპატიო ადგილი ეჭირა… მიუხედავად ყველაფრისა, ალალი იყოს მისთვის ის ოქრო. პოიაკმა 4-ჯერ იჭიდავა ოლიმპიადის ფინალი, მსგავსი შედეგით კი კლასიკურ ჭიდაობაში მხოლოდ რუსი ალექსანდრ კარელინი თუ დაიკვეხნის.

…1965 წელს კიდევ ერთხელ მოვიგე საკავშირო ჩემპიონატი. ფინეთში, მსოფლიო პირველობაზე წესით მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ მწვრთნელმა ჩემს ნაცვლად იური გრიგორიევი წაიყვანა. მაშინ თვლიდნენ, რომ რადგან წონაში სამმა ძლიერმა სპორტსმენმა მოიყარა თავი, საერთაშორისო ტურნირები თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გრიგორიევი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების თავკაცი ვიაჩესლავ კოჟარსკი მაინც მოხსნეს.

…1966 წელს, ამერიკაში, ქალაქ ტოლიდოში, პირველად გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. მაშინ ჩემს საპატივცემულოდ პირველად აიწია სახელმწიფო დროშა და დაუკრეს ჰიმნი. ძალიან ემოციური მომენტი იყო, ამას მხოლოდ ჩემპიონობისას თუ იგრძნობ… 2007 წელს ბაქოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. ერთ-ერთ წონაში ბულგარელმა გაიმარჯვა, მაგრამ ჰიმნი ორჯერ შეეშალათ და საბოლოოდ მხოლოდ დროშის ფონზე გადასცეს ოქროს მედალი. მივედი ჩემპიონატის ორგანიზატორებთან და ვუთხარი, უსამართლოდ იქცევით, ჰიმნი დაუკარით და სპორტსმენს ბოდიში მოუხადეთ-მეთქი. ჩემი მოთხოვნა შეასრულეს. რა იქნებოდა მედალი ჰიმნის გარეშე? ჰიმნის მნიშვნელობას მხოლოდ ის გაიგებს, ვის პატივსაცემადაც უკრავენ და არა ის, ვისაც მსგავსი პატივი არასდროს რგებია.

…1965 წლის ჩათვლით საბჭოთა კავშირის ნაკრებს ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ლენინგრადელი მძიმეწონოსანი ანატოლი როშჩინი კაპიტნობდა. 1966 წლის დასაწყისში 150-კაციანი ნაკრების კაპიტნის არჩევნები ჩატარდა. ნებისმიერს შეეძლო კანდიდატის დასახელება. პირადად მე იგუმენოვს დავუჭირე მხარი, თუმცა როცა ხმები დათვალეს, აღმოჩნდა, რომ 40-მა ამირჩია, საპუნოვი და იგუმენოვი კი ნაკლებმა. გარდა იმისა, რომ კაპიტანი გავხდი, მწვრთნელთა საბჭოშიც შემიყვანეს, ეს უპრეცედენტო ამბავი იყო!

…ევროპის ჩემპიონატზე არასდროს მიჭიდავია. კონტინენტის პირველობა იმ დროს არცთუ მაღალი დონისა იყო. თანაც, ხომ გითხარით, გუნდში არაერთი ძლიერი ფალავანი იყო და ამიტომ, საერთაშორისო შეჯიბრებს ვინაწილებდით. ერთხელ, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ავადმყოფობა მხოლოდ იმიტომ მოვიმიზეზე, რომ იქ საპუნოვი წასულიყო. შეკრებაზე მითხრა, კარიერის დასრულება გამარჯვებით მინდა და იქნებ ტურნირი დამითმოო. მეც განზე გავდექი. საპუნოვმა ევროპა მოიგო და დიდი სპორტიდანაც წავიდა.

…სსრკ ხალხთა სპარტაკიადა ოლიმპიადის მთავარ შესარჩევ შეჯიბრად განიხილებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრების წევრები ლამის ყველაფერს ვიგებდით, თამამად შეიძლება ითქვას: სპარტაკიადა მსოფლიო პირველობას არ ჩამოუვარდებოდა. საპუნოვის წასვლის შემდეგ მთავარ კონკურენტად იური გრიგორიევი ითვლებოდა, თუმცა ახალგაზრდებიც კვალში გვედგნენ: მაგალითად, ჩემი არყოფნის დროს მოსკოველმა ივანე ზაიცევმა საკავშირო ჩემპიონატი მოიგო, ბაქოელმა სერგეი აგამოვმა – ევროპირველობა. სპარტაკიადაზე ორივე ფინალამდე ჩამოვიშორე, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი გრიგორიევს ვაჯობე. ამით ნაკრებში პოზიცია გავიმყარე და მეხიკოს ოლიმპიადის საგზურიც გავინაღდე.

…1967 წელს, რუმინეთში, მეორედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. მაშინ მეორე ადგილი რუმინელმა სიმიონ პოპესკუმ დაიკავა, მესამეზე კი იაპონელი ჰიდეო ფუძიმოტო გავიდა. როცა წონა შევიცვალე, ორივემ შვებით ამოისუნთქა – მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

…მეხიკოში ოლიმპიადის დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე ჩავედით. საწყისი სამი კვირა ყოველ დღე ვვარჯიშობდით, შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კი, არ ვიცი რამ მიკარნახა, მწვრთნელებს დასვენება ვთხოვე, ასე მირჩევნია-მეთქი. დავსეირნობდი ოლიმპიურ სოფელში და სხვა სახეობების შეჯიბრებს ვესწრებოდი. ამან ძალიან კარგად იმოქმედა: ტურნირს დასვენებული და რაც მთავარია, შესანიშნავი ფსიქოლოგიური განწყობით შევხვდი. ფინალამდე 6 მეტოქე დავამარცხე, მათ შორის პირველი 4 – სუფთად, ოქროსთვის კი ძველ ნაცნობს, ფუძიმოტოს დავეჭიდე. შეხვედრა ფრედ კი დასრულდა, მაგრამ ოლიმპიური ოქრო მე მხვდა წილად, ოცნება ავისრულე! სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომელშიც მსოფლიოს 8 ჩემპიონი ირიცხებოდა, ოლიმპიური ოქრო მხოლოდ მე მოვიგე.

…მოსკოვიდან თბილისში რომ მოვფრინავდით, გამოგვიცხადეს, უამინდობაა და სოხუმში დავეშვებითო. შემდეგ დაამატეს, თვითმფრინავი ხვალამდე ვერ აფრინდებაო. თურმე რა ხდება: სოხუმელებს ჩემი პატივისცემა გადაუწყვეტიათ და ტექნიკურად „მომიტაცეს“ – სხვები თბილისში ერთ საათში გაფრინდნენ, მე კი ზღვისპირა სასტუმრო აფხაზეთში შემიტყუეს. საბანკეტო დარბაზში მასპინძლებს – ძმებს ლავრიკო და ემზარ ქაქუჩაიებს უზარმაზარი სუფრა გაეშალათ… მეორე დღეს პატარა თვითმფრინავით გადმომიყვანეს თბილისში. პილოტმა, ჩემს პატივსაცემად, მშობლიურ მუხურჩას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა.

…ოლიმპიადის მოგების შემდეგ წონის შეცვლაზე დავფიქრდი – სულ უფრო მტანჯავდა წონის დაკლება. მით უმეტეს, რომ ერთი საფეხურით ანაცვლების შემდეგ შედეგი არ გაუარესებულა – კვლავ ქვეყნის ჩემპიონი გავხდი. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს 1969 წლის ჩემპიონატის წინ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს ყველას თავის წონაში ეჭიდავა. ის ტურნირი არგენტინაში, მარ დელ პლატაში გაიმართა. ასპარეზობამდე ერთი დღით ადრე ლუდს და უგემრიელეს ხორცს მივეძალე, რამაც კინაღამ დამღუპა – საუნაში საკმაოზე დიდი დროის გატარება მომიხდა, რის გამოც ცუდად გავხდი. მართალია კვლავ ოქრო მოვიგე, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე წონის შეცვლა. ჩემთვისაც ასე სჯობდა და გუნდისთვისაც.

…მომდევნო მსოფლიო პირველობაზე, კანადის ქალაქ ედმონტონში, უკვე ახალ წონაში გამოვდიოდი. პირველად სპორტულ კარიერაში საშუალება მქონდა ნებაზე მეჭამა. თავი არ შემიზღუდავს, ამ მხრივ ორგანიზმს სრული თავისუფლება მივეცი, ხალიჩაზე ამაღლებული განწყობით გავდიოდი! მეოთხედ მოვიგე მსოფლიოს ოქრო, ფინალში კი იაპონელთან 21:0 გავიმარჯვე! ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხე მეტოქე და საერთოდ, ის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო კარიერაში. 5-ჯერ ვიასპარეზე მსოფლიო პირველობაზე და 4 ოქრო მოვიგე, აქედან 3-ჯერ ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავედ მაღიარეს! ედმონტონში ეს ჯილდო მესამედ გადმომცეს. სხვათა შორის, ოქროს მედლით რომ დამაჯილდოვეს, ერთ-ერთმა გოგონამ ყველას დასანახად ტუჩებში მაკოცა, იმ მომენტის ფოტოც არსებობს… ასე სახალხოდ ჩემთვის არასდროს უკოცნიათ.

რომან რურუა

მეხიკო 68, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 63კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი: ჰიდეო ფუძიმოტო (იაპონია), რომან რურუა და სიმიონ პოპესკუ (რუმინეთი)

…1970 წლის მიწურულს ავად გავხდი – მარილებისგან ხერხემალზე წანაზარდები გამიჩნდა და ჭიდაობა კი არა, წელში გამართვა მიჭირდა. მითხრეს, საოპერაციო ხარო. სპარტაკიადა ახლოვდებოდა და ოპერაციის შემთხვევაში ტურნირის გამოტოვება მომიწევდა, ეს კი ოლიმპიადის საგზურზე უარის თქმის ტოლფასი იქნებოდა. ბოლოს საკუთარ თავს ვძლიე და საშინელი ტკივილების მიუხედავად, ავადმყოფობა მაინც დავძლიე. სპარტაკიადა მესამედ მოვიგე! ისე, კლასიკოსებს შორის სპარტაკიადა სამჯერ მხოლოდ მე, ანატოლი როშჩინს და ვასილ მირკულოვს მოგვიგია.

…მიუნხენის ოლიმპიადის წინ ნაკრებში ჩემს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა დაიწყეს. სიტუაციის შეცვლა უცბად ვიგრძენი, თუმცა ვცდილობდი გაღიზიანება ღიად არ გამომეხატა – უპირატესობას ხალიჩაზე ვამტკიცებდი. კონკურენტად შამილ ხისამუტდინოვი სახელდებოდა. 1971 წელს, ულიანოვსკში, საკავშირო პირველობაზე მასთან 1:3 წავაგე, თუმცა შეკრებებსა და სხვადასხვა შეჯიბრებში მუდმივად ვუგებდი. რუმინეთში, ოლიმპიადისწინა ბოლო შეკრებაზე ხისამუტდინოვს 7:0 ვაჯობე, მაგრამ ოლიმპიადაზე წამსვლელები რომ დაასახელეს, მათ შორის ვერ მოვხვდი. მივხვდი, რომ ნაკრებიდან წასვლის დრო იყო. ოთახში ავედი, ნივთები ჩავალაგე, მერე ხისამუტდინოვს ოლიმპიადის საგზური მივულოცე და გუნდიდან წავედი. სწორი გადაწყვეტილება იყო.

…კარიერა 32 წლისამ დავასრულე. 1963 წლიდან 1971 წლის ჩათვლით ნომერ პირველი ვიყავი და როგორც აღმოჩნდა, ესტაფეტა ვიღაც არიფს კი არა, ბრწყინვალე მოჭიდავეს გადავეცი: ხისამუტდინოვი მიუნხენში ოქროს დაეუფლა, მსოფლიოც ორჯერ თუ სამჯერ მოიგო… ყველაფერს თავის დრო აქვს. მათ შორის დიდი სპორტიდან წასვლასაც.

…საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და სპარტაკიადა 6-ჯერ მოვიგე, ეს კი იმ დროს მსოფლიო პირველობის მოგების ტოლფასი იყო. რატომ? ძალიან დიდი კონკურენცია იყო წონაში და იმიტომ! თავად განსაჯეთ: 1963-71 წლებში ამ ორ ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ სტაშკევიჩი, ოლიმპიური ჩემპიონი კონსტანტინ ვირუპაევი, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი ოლეგ კარავაევი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი გენადი საპუნოვი, მსოფლიოს ჩემპიონი იური გრიგორიევი და მე ვებრძოდით ერთმანეთს!

…სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს ჭიდაობის უმაღლესი სკოლის დირექტორად დავინიშნე. ჩვენი სკოლა რესპუბლიკური მასშტაბის გახლდათ. თავისუფალ ჭიდაობას გურამ საღარაძე ჩაუდგა სათავეში, კლასიკურს – მე. გადავწყვიტეთ საწვრთნელი ვარჯიშები თითოეულს ჩვენი შეხედულებისამებრ წარგვემართა, წლის ბოლოს კი შედეგები შეგვეჯამებინა. წლის ბოლოს ჩელიაბინსკში რესპუბლიკების ნაკრებ გუნდებს შორის საკავშირო თასი გათამაშდა. ჩვენმა უფროსთა და ახალგაზრდების ნაკრებმა გუნდებმა პირველობა არავის დაუთმეს!

…ჯერ კიდევ აქტიური სპორტსმენი ვიყავი, როცა მანქანის შეძენა გადავწყვიტე. გავიგე, რომ კოსმონავტი ეგოროვი თავის ბიუიკ ელექტრა 225-ის გაყიდვას აპირებდა. მას მოსკოვში, რესტორან არმენიაში ვლადიმერ კანკავასთან ერთად შევხვდი, რამდენიმე დღეში კი მისმა მძღოლმა ავტომობილი მოსკოვიდან თბილისში ჩამომიყვანა. მუხურჩაშიც ბიუიკით ჩავედი, ერთი სული მქონდა მამა როდის მნახავდა. ჭიშკარს რომ მივადექი, ამაყად დავასიგნალე. მამა გარეთ მდგარა, წყნარად გამიღო ჭიშკარი, ერთი შეავლო თვალი მანქანას, ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ, კი გეკუთვნის კარგი მანქანაო, მითხრა და მხარზე თოხგადებულმა ყანას მიაშურა. სახტად დავრჩი. მამის ასეთ რეაქციას არ ველოდი.

..ქვეყანას, რომელშიც თითქმის ნახევარი საუკუნე ვიცხოვრე, ვიშრომე და ვიღვაწე, საბჭოთა კავშირი ერქვა. ჩემებურად მიყვარდა და პატივს ვცემდი. საბჭოეთი მიყვარდა-მეთქი, რომ ვამბობ, იმას კი არ ნიშნავს, ხრუშჩოვისა და მიქოიანისთანების თავს ვიფიცებდი. ჩვენ უცხოეთში გვერქვა საბჭოთა მოჭიდავეები, თორემ საბჭოთა კავშირში  ყველასთვის ქართველები ვიყავით და ამდენად, ორმაგად გვიწევდა ბრძოლა. ჯერ რუსისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ პირველი ვარ და მერე – მსოფლიოსთვის. მე ეს შევძელი.

…დღევანდელ კლასიკურ ჭიდაობას ჭიდაობას ვერ ვუწოდებ. ეს არის ნიჭიერი ადამიანების უნიჭო მოქმედება, რომელშიც არც სპორტულია რამე და არც ვაჟკაცური. კლასიკურ ჭიდაობას ისეთი დეგრადაცია განაცდევინეს, საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ოლიმპიადის მესვეურები იმაზეც კი დააფიქრეს, თამაშების პროგრამიდან ხომ არ ამოვიღოთო, აქაოდა, სანახაობრივად ლამაზი აღარ არისო. ვისაც უნახავს გივი კარტოზიას, როსტომ აბაშიძის, ავთანდილ ქორიძის და დავით გვანცელაძის ჭიდაობა, იტყვის, რომ კლასიკური ჭიდაობა სანახაობრივად არ ვარგა?!

…ცხოვრების წესი? იცით რა არის ჩემი ცხოვრების წესი? მოქმედება, შრომა! უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, მღლის. ახლა დანამდვილებით ვიცი, ქალაქი საერთოდ თვალით რომ არ მენახა, საცხოვრებლად სოფელში რომ დავრჩენილიყავი, იქაც საუკეთესო, სამაგალითო, თითით საჩვენებელი ვიქნებოდი. ფეხბურთს რომ გავყოლოდი, იქაც მივაღწევდი წარმატებას. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ჭიდაობაში შემთხვევით აღმოვჩნდი, მომეწონა და მთელი ჩემი შესაძლებლობები სპორტის ამ სახეობაში გამოვიყენე. ფიზიკურად შეიძლება ჩემზე უფრო ძლიერი სპორტსმენებიც იყვნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, არაფერი გამოუვიდათ. წარმატებას ალღო სჭირდება, ინტუიცია, ანუ ის თვისებები, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველაშია, ხოლო ვისაც ამის შეგრძნება შეუძლია, ის წარმატებასაც მიაღწევს.

…რაზე მწყდება გული? საბჭოთა კავშირმა ნგრევა რომ დაიწყო, 49 წლისა გახლდით. ძალაც მქონდა, ენერგიაც და ჭკუაც, საქმის კეთების სურვილი ხომ თავისთავად, მაგრამ ისე გავიდა ოცამდე წელი, ვერაფერში გამოვადექი საქართველოს. არადა, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა?! ყველაზე დიდი სინანული, რაც სამარეში გამყვება, ეს უსაქმური, გაცდენილი წლებია.

…სახლის აშენება უდიდესი ბედნიერებაა. მე ავაშენე სახლი, რომელიც არასდროს დაბერდება! თუ გინდა ცხოვრების შინაარს ჩაწვდე, ეზოს კარი ღია უნდა გქონდეს. არ მიყვარს მაღალი გალავნით შემოღობილი ეზო, დასამალი კაცი არასდროს ვყოფილვარ და ალბათ, ამიტომაც, ადამიანებთან კარგი ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რად გავრდა სახლი, სადაც სტუმარი არ შედის, გამვლელი არ შეიხედავს?!

რომან რურუა
დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (62, 63, 68კგ)
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1968 (63კგ; მეხიკო); ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი – 1964 (63კგ; ტოკიო); მსოფლიოს ჩემპიონი1966 (63კგ; ტოლიდო, აშშ), 1967 (63კგ; ბუქარესტი, რუმინეთი), 1969 (62კგ; მარ დელ პლატა, არგენტინა), 1970 (68კგ; ედმონტონი, კანადა); სსრკ ხალხთა III, IV და V სპარტაკიადის ჩემპიონი – 1963 (63კგ; მოსკოვი), 1967 (63კგ; მოსკოვი), 1971 (68კგ; მოსკოვი); სსრკ ჩემპიონი – 1963 (63კგ; მოსკოვი), 1964 (63კგ; ტალინი), 1965 (63კგ; რიგა), 1967 (63კგ; მოსკოვი), 1970 (68კგ; ტალინი); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი – 1966 (ივან ბოდდუბნის მემორიალი); სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1966; სპორტის რაინდი – 2012 (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო); ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2002; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი – 2018; ღირსების ორდენი; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი (IOC) – 2001; ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ორდენი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2002; შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ); 2 მედალი „კეთილსინდისიერი შრომისთვის“ (სსრკ)

*-რომან რურუას შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
I წრე: კაზიმერ მასიუში (პოლონეთი) – მოგება
II წრე: მუზაჰირ სილილე (თურქეთი) – მოგება
III წრე: სვენდ სკრიდსტრუპი (შვედეთი) – მოგება
IV წრე: იოსეფ მევისი (ბელგია) – მოგება
V წრე: კოძიუ საკურამა (იაპონია) – მოგება
VI წრე, ოქროს მედლისთვის: იმრე პოიაკი (უნგრეთი) – ფრე*
*-მიუხედავად იმისა, რომ რომან რურუა ტოკიოში არ დამარცხებულა, წინა შეხვედრებში მიღებული მეტი საჯარიმო ქულის გამო მეორე ადგილზე გავიდა, იმრე პოიაკი კი ოქროს მედალს დაეუფლა.

*-რომან რურუას შედეგები 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადაზე:
I წრე: ისმაილ ალ კარაღული (ერაყი) – მოგება
II წრე: ჯეიმს ჰეიზვინკელი (აშშ) – მოგება
III წრე: სრეტენ დამიანოვიჩი (იუგოსლავია) – მოგება
IV წრე: ლოთარ შნაიდერი (გდრ) – მოგება
V წრე: მეთინ ალაქოში (თურქეთი) – მოგება
VI წრე: დიმიტრარ გალინჩევი (ბულგარეთი) – მოგება
VII წრე, ოქროს მედლისთვის: ჰიდეო ფუძიმოტო (იაპონია) – ფრე*
*-იაპონელ ფალავანს წინა წრეებში მეტი საჯარიმო ქულა დაუგროვდა და მიუხედავად იმისა, რომ რომან რურუამ ფინალური ჭიდაობა ფრედ დაასრულა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

*-1966-70 წლებში რომან რურუამ ზედიზედ მოიგო ოლიმპიადა და მსოფლიოს 4 ჩემპიონატი, ანუ 5 უმაღლესი ტიტული (ოლიმპიადის წლებში მსოფლიო პირველობა არ ტარდება). ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ისტორიაში.

*-1967-73 წლებში საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის ინსტრუქტორი იყო.

*-1984-85 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.

*-1983-86 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საბჭოთა კავშირის ნაკრებს წვრთნიდა.

*-1999-2004 წლებში საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი

*-2010 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ელგუჯა ბერიშვილის წიგნი „რომან რურუა“.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian