ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #29: საქართველო 0:2 ინგლისი (III)
ინგლისელებმა უკეთ დაიწყეს, ეპიზოდებში კი ჩვენებიც სახიფათოდ უტევდნენ. სტუმართა პირველი ორი შეტევა ნუგზარ ლობჟანიძემ ჩაშალა, ვინც იმ დღეს სამკაციან დაცვაში მარჯვნივ იდგა. დინამოელმა ჯერ გესქოინს აჯობა, შემდეგ კი ლეს ფერდინანდს – პირველს ბურთი აართვა, მეორეს კი ტანი ჩაუდგა და შეტევა აღარ დაამთავრებინა.
ამას ჩივაძის გუნდის ორი თავდასხმა მოჰყვა: ჯერ იყო და შოთა არველაძემ დაარტყა, საკმაოდ სახიფათოდ, შემდეგ კი კახი ცხადაძემ, თავურით.
ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა: შეტევა პოლ გესქოინმა დაიწყო, იერიში ტედი შერინგემმა მარჯვენა ფრთაზე გააგრძელა, მურთაზ შელიას უხეში შეცდომის შემდეგ კი – მცველი ვარდნისას ბურთს ვერ მიწვდა, თავდამსხმელი ირაკლი ზოიძესთან პირისპირ გავიდა და მარჯვენა ტერფით მოჭრა ბურთი, რომელიც შელიას დასახმარებლად დაძრულ ცხადაძეს მოხვდა, მცირედით იცვალა მიმართულება და კარში შევარდა. მეკარემ რეაგირება ვეღარ მოასწრო – 0:1.
დაწინაურების შემდეგ ინგლისის ნაკრები უფრო თავდაჯერებულად ათამაშდა და ეს ნახევარმცველების ბრწყინვალე მოქმედების შედეგი იყო, პოლ ინსი, დევიდ ბეტი და დევიდ ბექემი (ეს უკანასკნელი მხოლოდ მესამედ თამაშობდა ნაკრებში) მასპინძლებს ლამის ყველა შეტევას უშლიდნენ. ამ სამეულთან შედარებით ნაკლებად საიმედო იყო ენდი ჰინჩკლიფი, თუმცა საერთო ფონზე მასაც არაფერი დაეწუნებოდა.
37-ე წუთზე ჰოდლის გუნდის უპირატესობა ორ გოლამდე გაიზარდა: ინგლისელთა საჯარიმოსთან მყოფმა ჯამარაულმა ეფექტურად თამაში სცადა, სტუმრებმა იოლად ჩაჭრეს შეტევა და გესქოინმაც ბურთი მოედნის ცენტრამდე აიტანა. შემდეგ შეტევა შერინგემმა განაგრძო, რომელმაც გრძელი გადაცემით გარღვევაზე გაიყვანა ლეს ფერდინანდი. ისე ჩანდა, რომ ცხადაძეს იოლად უნდა შეეჩერებინა შეტევა, მაგრამ ინგლისელ ფორვარდს რაღაცნაირად მორიდებით ეთამაშა, ხელი ვერ შეუშალა და ზოიძესთან პირისპირ გასულმა ფერდინანდმაც ზუსტად და ძლიერად დაარტყა – 0:2.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებიდან თუ ვინმეა გამოსარჩევი, ეს თემურ ქეცბაიაა, რომელიც იმ დღეს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, თავდამსხმელად თამაშობდა. ის არავის ერიდებოდა, ერთ ეპიზოდში კი მშვენივრად მოატყუა გარეთ საუთგეიტი და კარშიც დაარტყა მახვილი კუთხიდან, თუმცა დევიდ სიმენმა იოლად დაიჭირა ბურთი.
მეორე ნახევრის დასაწყისში საიმედო ვერაფერი ვნახეთ: მასპინძლები ქაოსურად თამაშობდნენ, ინგლისელები კი იოლად უმკლავდებოდნენ თავდასხმებს. და რაც უფრო ახლოვდებოდა თამაშის დასასრული, მით უფრო უფერულდებოდა ალექსანდრე ჩივაძის გუნდის თამაში.
ქართველებმა მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. ჯერ იყო და ლევან კობიაშვილმა ააცილა ბურთი კარს, არადა ერთი გოლის გაქვითვის მშვენიერი შანსი ჰქონდა, მეორე იერიში კი თავიდან ბოლომდე გიორგი ქინქლაძის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა – მანჩესტერ სიტის ლიდერმა ლამის ცენტრიდან დაიწყო დრიბლინგი, რამდენიმე ინგლისელი მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ვეღარ დაარტყა – ტონი ადამსთან ორთაბრძოლისას მინდორზე დავარდა. სიმართლე გითხრათ პენალტი მეგონა, თუმცა მსაჯმა წესის დარღვევა ვერ შენიშნა.
რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, ჰოდლის ტაქტიკამ – ნახევარდაცვაში პრესინგმა, სრულად გაამართლა. სტუმრებმა მშვიდად მიიყვანეს თამაში დასასრულამდე და რომ არა ზოიძე, ეგებ დიდი ანგარიშითაც მოეგოთ. საქმე ისაა, რომ თბილისის დინამოს გოლკიპერმა ლონდონის არსენალის მთავარ შემტევს იან რაიტს ურთულეს მომენტში აჯობა – 33 წლის ფორვარდი ქართველთან პირისპირ დარჩა, მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ირაკლიმ იმარჯვა.
ინგლისელებმა მისი გოლის გარეშეც გაიხარეს – 2:0 და დაგეგმილი სამი ქულა. კომპანია საველიჩის დაწესებული მერსედესიც არ გათამაშდა, დევიდ სიმენის კარის დალაშქვრა ვერავინ შეძლო. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ინგლისელებს გოლი მხოლოდ ქართველმა ჟურნალისტებმა გაუტანეს…
„ჩვენ მონდომებით და მთელი სერიოზულობით ვემზადებოდით თბილისური თამაშისთვის. ვაღიარებ, რომ გუნდმა ნაყოფიერად იმუშავა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ორი საგოლე მომენტი გამოვიყენეთ, საკუთარი კარი კი ხელუხლებელი დავტოვეთ…
საქართველოს ნაკრებისგან უფრო მეტს ველოდი, ვემზადებოდით ძალზე ძნელი თამაშისთვის, მაგრამ გამარჯვებისაც მტკიცედ გვწამდა…
თქვენი გუნდი ტექნიკურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ დღეს თქვენს ფეხბურთელებს თამაშის საშუალება არ მივეცით…
ქართველებიდან ქეცბაიას გამოვყოფდი, ის ძალზე სახიფათო მოთამაშეა. კარგია გიორგი ქინქლაძეც, ის მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ დღეს ჩვენ შევძელით მათი განეიტრალება…
რაც შეეხება იმას, რატომ არ ითამაშეს მაკმანამანმა ან სხვებმა, ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია. ვთვლი, რომ შემადგენლობა სწორად შევარჩიე და გავიმარჯვეთ კიდეც…
ამ შესარჩევ ციკლში ეს ჩემი გუნდის მესამე თამაშია და ვფიქრობ, საუკეთესოც. ჩემთვის მთავარი იყო გამარჯვება, თუმცა ანგარიშს დიდი მნიშვნელობა აქ ჰქონდა. იმედია არავის ეწყინება, მაგრამ პოლონელებთან უემბლიზე უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე აქ, თქვენთან…
საქართველოს ნაკრების კრიტიკა ჩემი საქმე არ არის, ამისთვის თქვენებურებს მიმართეთ, ერთს კი დავძენდი, აშკარად გეტყობათ, რომ ასეთი თამაშისთვის გამოუცდელები ხართ“…
გლენ ჰოდლი და ინგლისის ნაკრების პრესატაშე დევიდ დევიდსი საკონფერენციო დარბაზში ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად შემოვიდნენ, თუმცა ხსენებული პასუხების შემდეგ ინგლისელებმა იქაურობა დატოვეს და თანამემამულე ჟურნალისტებთან განაგრძეს საუბარი.
რაც შეეხება ჩივაძეს, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა:
„საუკეთესო შემადგენლობა გვყავდა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ტრავმები გვაწუხებდა, მხოლოდ შოთა არველაძეზე შემიძლია იმის თქმა, რომ მტკივანი მუხლის გამო სრული ძალით ვერ ითამაშა…
ბევრი უხეში შეცდომა დავუშვით, უამრავი ხარვეზი გვქონდა ელემენტარულ სიტუაციებში, წაგების მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ხუთმა-ექვსმა გამოცდილმა ფეხბურთელმა სუსტად ითამაშა…
ვერაფრით გამიგია, რა მოსდით ჩვენს მოთამაშეებს. ისინი ამდენ ხანს თამაშობენ, თითქოს გამოცდილებაც დაუგროვდათ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება და ყველაფერი თავიანთ თავზე უნდა აიღონ, მაშინ ვერ ავლენენ შესაძლებლობებს, ფსიქოლოგიური ჩავარდნები აქვთ…
შესვენებისას გასახდელში შემოსულ ფეხბურთელებს ვუთხარი: არ მესმის საიდან მოიტანეთ ასეთი გაუბედავი ბურთაობა-მეთქი, გარკვეული მითითებებიც მივეცი, მოინდომეთ, მაყურებელს რაღაც ანახეთ, ისინი მხარს დაგიჭერენ-მეთქი, მაგრამ თამაშისას არაფერი გამოვიდა…
სამომავლო იმედს იმაში ვხედავ, რომ უნდა აღვზარდოთ მაღალი კლასის ფეხბურთელები…
მე და დანარჩენ მწვრთნელებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყოველთვის აგვიღია ჩვენს თავზე, შეცდომებიც გვიღიარებია, მაგრამ რა ვქნათ, როცა ლამის ნახევარი გუნდი, ვისი იმედიც გაქვს, ძალზე სუსტად თამაშობენ. ასეთი დონის თამაშებში სხვა ვინ დავაყენოთ, პატარებს ხომ ვერ გამოვიყვან…
იმ ფეხბურთელების გვარებს, რომელთაც იმედები გაგვიცრუეს, სახალხოდ არასდროს დავასახელებ, ისე კი, კარგად ვიცი, ვის რა შეუძლია და რა არა“…
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა, ბოლო სამ შეხვედრაში კი გოლიც ვერ გაიტანა. დინამოს სტადიონის საკონფერენციო დარბაზიდან გამოსულმა, ვიცოდი, რომ მეორე დღეს სარბიელის სპეციალური გამოშვება, ოთხგვერდიანი ნომერი გამოვიდოდა. იმასაც ვგრძნობდი ეროვნულ გუნდს და მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებისგან მაგრად რომ მოხვდებოდათ.
მეხუთე მარცხი ზედიზედ…
სირცხვილი ეროვნული დღესასწაულის ნაცვლად…
მშვიდობით, საშა…
ნაკრების მწვრთნელი უნდა შეიცვალოს!
ეს ყველაფერი 1996 წლის 10 ნოემბრის სარბიელის პირველ გვერდზე ეწერა, ალექსანდრე ჩივაძის ფოტოს თავზე.
არანაკლები ცეცხლი გიზგიზებდა მომდევნო გვერდებზე. ჟურნალისტმა ვახტანგ ბზიკაძემ ინგლისთან მატჩის მიმოხილვა ასე დაასრულა:
„ირგვლივ ტირილამდე დამანჭული სახეებია. წინ არცთუ მომხიბლავი პერსპექტივა. ამ თაობამ რაიმე რეალური შედეგის მიღწევის დიდი შანსი დაკარგა. მაშ რითღა ფასდება ფეხბურთელი?
ამ მატჩს მთელი საუკუნე ველოდით. ეს დღეც დადგა. ერთმა ახლობელმა საკუთარი ქორწილი კვირისთვის გადადო. შაბათს ფეხბურთია, ვის ექორწილებაო.
შაბათი ჩაგვშხამდა. მთელი საუკუნის ნაღვაწი წყალში გადაგვეყარა. აწი თამაშს ლამის აზრიც აღარ აქვს – ერთ ადგილს გატკეპნი. თუმცა, ზოგნი თვლიან, რომ ესაც საჭიროა, იმ ადგილზე ფეხი კარგად რომ მოიკიდო და წინ დაძვრისას საყრდენი არ გამოგვეშალოს. მთავარია უკან არ წავიდეთ. ისე, ამის უკანაც რაღაა?
ირგვლივ კვლავ დაღვრემილი სახეებია. ახლა აქაურობას ბრითენია და აბაულა მოუხდებოდა“.
გიო ახვლედიანმა საავტორო სვეტში – ერთი ჰოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში – შენიშნა:
„დღესასწაული არ გამოვიდა. ძნელი იყო რომ გამოსულიყო. თუნდაც იმიტომ, რომ შესვენებაზე სტადიონის საპირფარეშომ გაჭირვებულნი ვერ დაიტია და ნირწამხდარი მოქალაქენი იქვე, გრძელ რიგად ჩაწყობილები კედელს ასველებდნენ.
ამინდი სადღესასწაულო იყო. მხოლოდ თამაშის შემდეგ წამოვიდა წვიმა, ოღონდ კოკა-კოლის ცარიელი ბოთლებისა“…
ემოციური იყო ლონდონში მყოფი სარბიელის მთავარი რედაქტორის ზურაბ მეძველიას გამოგზავნილი რეპორტაჟიც:
„თამაშის მეხუთე წუთი იყო, პირველად რომ დავფიქრდი – ასე რამ დააშინა ეს ხალხი-მეთქი. მთელი ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ვცდილობდი არაფერი გადმომეცა თბილისში ისეთი, ჩვენს ფეხბურთელებს რომ შეაფიქრიანებდათ. შეიძლება ვინმემ თქვას, ამდენი ქება და ცაში აყვანა უარესი იყოო, მაგრამ არ იყო ეს თავდაჯერებულთა მარცხი. ეს ხომ რატომღაც შეშინებულთა სამარცხვინო წაგება იყო.
ქართველებს ფეხბურთის სწავლება არ სჭირდებათო – გახსოვთ აქაური გაზეთის ფრაზა? თურმე როგორ გვჭირდება!
გესქოინს რომ ნამდვილი თბილისი ენახა, შეიცვლებოდაო – ესეც ხომ გახსოვთ? ცხადია, მართალი ნათქვამი იყო, მაგრამ ჩვენში დარჩეს და გაზას რომ გადაეკიდა ყველა, ყველაზე მეტს ის აშავებს? ხომ ნახეთ, თავისი ქვეყნისთვის როგორ იბრძვის როცა საჭიროა და როცა იცის, რომ ათასი მისი თანამემამულე არ მოერიდა საკმაოდ დიდ თანხებს და სადღაც გადაკარგულში, რატომღაც ხუთი საათით რომ დაშორდა ლონდონს, მის მხარდასაჭერად ჩავიდა.
იფიქრა რომელიმე ჩვენმა ფეხბურთელმა (თავისდა საბედნიეროდ პრესა რომ არაფერს უმზეურებს, ისე კი გაზაზე უკეთესია თუ არა, არავინ იცის), როცა მორიდებულად ხტებოდა ჰაერში და ძველი მონათმფლობელივით დასეირნობდა მოედანზე, რომ ხალხმა ნახევარი თვის ხელფასი ამის სანახავად არ გაიღო. გაზა გიჟი, ადამსი ლოთი და ჩვენები ანგელოზები არიან? გაზა რომ გაისარჯა, ისე ვინმე გაისარჯოს და მერე თუ გინდა ცოლი ცემოს და გინდ ცოლისდა.
ვწერ ამ წერილს და კიდევ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში – მაინც რამ დააშინათ? თან, ეს ხომ ჩვენს ფეხბურთელებს დასაწყისშივე დაეტყოთ. შესვენებაზე SKY-ის მიმომხილველებმაც მხრები აიჩეჩეს – ყველაფერს ველოდით ქართველებისგან ასეთი სიმხდალის გარდაო.
აქაურ გაზეთებს თუ დავუჯერებთ, ქართველები ამასაც არჩევდნენ, ჰოდლის გადაწყვეტილება გაზას შესახებ ჭკვიანური იყო თუ არა, მრჩეველი და ფსიქოთერაპევტი სჭირდებოდა გაზას თუ არა. ამის მაგივრად იქნებ ვინმეს თამაშამდე შეეტყო, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ფეხები უკანკალებდათ და ნაკრებში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ფსიქოლოგი მიეწვია.
ტონი ადამსმა მატჩის წინა დღეს 500 გირვანქისა ილაპარაკა ტელეფონით (რატომღაც წუთი 7 გირვანქა დაუფასეს – აქედან თბილისში დარეკვა წუთი 80 პენსი ღირს) და ოჯახს კი არა, სწორედ ფსიქოლოგს ესაუბრა“.
„ჩვენს პრესას ტყუილად აუტეხია ამხელა ამბავი – საქართველოს ნაკრები სრულიად უუნარო გუნდია და არანაირი იმედი იმისა, რომ ეგენი იტალიას ქულას მაინც დააკარგვინებენ, არ გამაჩნია“, – განაცხადა ნოტინგემ ფორესტის, ინგლისის ნაკრების და კიდევ არაერთი კლუბის ყოფილმა თავდამსხმელმა ტრევორ ფრენსისმა, რომელიც საქართველო-ინგლისის მატჩზე SKY-ის სტუდიაში მუშაობდა.
ჩემის მხრივ დავძენ, რომ ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი ფრენსისი პირველი ბრიტანელია, რომლის სანაცვლოდ მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. ეს 1979 წელს მოხდა, როცა ბირმინგემ სიტის 25 წლის თავდამსხმელმა ბრაიან კლაფის ნოტინგემ ფორესტში გადაინაცვლა…
„ტექნიკური ქართველები მოკლე პასებით ცდილობდნენ მიახლოებოდნენ ინგლისის ნაკრების საჯარიმოს, მაგრამ უთავბოლო და უპასუხისმგებლო თამაშის გამო, დევიდ სიმენის კარს რეალური საფრთხე არ შექმნია.
ინგლისელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი კი გაოგნებული შესცქეროდა თავისი გუნდის უსუსურ თამაშს.
ერთადერთი, რაც ინგლისელთა გულებს არ ესიამოვნა, ეს დევიდ ბექემის მიერ 70-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათია.
ხოლო მანჩესტერ სიტიში მოთამაშე გიორგი ქინქლაძე მხოლოდ ერთხელ დაემსგავსა საკუთარ თავს, როცა მატჩის მიწურულს ჩვეულ სტილში ჩამოიცილა რამდენიმე მეტოქე“, – ეს სიტყვები საინფორმაციო-სააგენტო როიტერის მიერ 9 ნოემბერს, საღამოს გავრცელებულ ცნობაში ამოვიკითხე, რეზონანსის დამატებამ სპორტ-რეზონანსმა კი 11 ნოემბერს, თამაშის მიმოხილვაში – სრული უპერსპექტივობა – აღნიშნა:
„შაბათს ინგლისელებმა ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარეს ყველა ასპექტში. მინდორზე ორი სრულიად განსხვავებული გუნდი თამაშობდა. ერთი პროფესიონალებით შეკრული მებრძოლი გუნდი და მეორე – ფეხბურთელებისგან შემდგარი რაღაც გაურკვეველი დანიშნულების ჯგუფი, რომელმაც არ იცოდა რა და როგორ ეკეთებინა…
ამ დღეს საქართველოს ნაკრებში არ არსებობდა არც დაცვა, არც ნახევარდაცვა და არც თავდასხმა. ინგლისელები კი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ნახევარი ძალით გვეთამაშებოდნენ…
საქართველოს ნაკრები უუნარო, არაფრისმაქნის გუნდად წარმოგვიდგა. ნაკრები, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ერთ ხეირიან მომენტსაც ვერ შექმნის, ნულის ტოლფასია. გუნდი, რომელსაც ბრძოლა არ შეუძლია – გადასახალისებელია“.
სპორტ-რეზონანსის იმავე ნომერში გამოქვეყნდა სოლომონ გულისაშვილის წერილი „ჟურნალისტებს ისევ დასცინეს“, რომელიც იმ წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას მიეძღვნა, სპორტის თუ ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებისგან სპორტული ჟურნალისტებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, ამ თამაშის წინ და მსვლელობისას ნათლად რომ იჩინა თავი:
„სტადიონზე საათნახევრით ადრე მივედი. როგორც იქნა მივაღწიე იმ ტერიტორიამდე, რომელსაც საზოგადოდ პრესლოჟა ეწოდება. ადგილები ჯერ კიდევ იყო, მაგრამ როცა ჩემს „სპეციალურ“ საშვს დავხედე, მივხვდი, რომ ისტორია გამეორდებოდა.
საშვს ეწერა ბ ლოჟა, მე-6 რიგი, ამ ბ ლოჟაში კი მხოლოდ 4 რიგი აღმოჩნდა! იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ცხადი იყო, ჩვენი (ჟურნალისტების) ადგილები რეალურად არ არსებობდა.
სპორტულ ჟურნალისტთა თავკაცი ელგუჯა ბერიშვილი ხან ვისთან არკვევდა ურთიერთობას, ხან ვისთან, მაგრამ მაინც ვერავინ გააგებინა, სად უნდა დამსხდარიყვნენ მასმედიის წარმომადგენლები.
ბოლოს, მეორე რიგში ხალხი ააყენეს და ჩვენ დაგვსვეს, მაგრამ ეს უკვე ნამდვილი დაცინვა იყო. იქიდან არაფერი ჩანს მწვრთნელებისა და სათადარიგო მოთამაშეების ფარდულების გარდა.
ჩვენს ადგილებზე ბილეთები იყო გაყიდული. პრესლოჟაში ყველა იჯდა ჟურნალისტების გარდა!
და კიდევ ერთი: ფეხბურთის ფედერაციის მუშაკებს, ალბათ, ქვეყანა არ არსებობს ნანახი რომ არ ჰქონდეთ, უამრავ ოფიციალურ მატჩს დასწრებიან და საინტერესოა, სად უნახავთ ჰიმნების შემსრულებელი ორკესტირ ტრიბუნაზე იჯდეს, თანაც იქ, სადაც წესით, ჟურნალისტების ადგილი უნდა იყოს?
თუ აღარ ახსოვთ, შევახსენებ: ორკესტრი მატჩის წინ მოედნის ცენტრალურ წრესთან მწკრივდება, ასრულებს ეროვნულ ჰიმნებს და შემდეგ უჩინარდება“.
იგივე პრობლემას შეეხნენ ელგუჯა ბერიშვილი და ილია ბაბუნაშვილი 10 ნოემბრის სარბიელში.
11 ნოემბერს, გაზეთ თაიმზში ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის სტივ მაკმანამანის ჩანახატი გამოქვეყნდა – „საქართველო იოლად გავიარეთ“. 90-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ინგლისელმა მოთამაშემ თბილისში მოგზაურობა გაიხსენა, ასევე იმაზე ისაუბრა, თუ რატომ არ ითამაშა ქართველთა წინააღმდეგ.
მახსოვს, თამაშის წინ ლამის ყველა გულშემატკივარი ბჭობდა, თუ როგორ უნდა გაეჩერებინა ალექსანდრე ჩივაძეს მაკმანამანი – ლივერპულელი ხომ ნომერ პირველ პრობლემად ითვლებოდა! ჰოდლმა კი საერთოდ არ ათამაშა ეს ნიჭიერი ნახევარმცველი.
„ყველაზე შემზარავი საქართველოში ის იყო, რომ იქ ყველაფერი ნაცრისფერია. ცაც, შენობებიც, თვით ტანსაცმელიც, იქაურებს რომ აცვიათ. ყველაფერი ეს მოსაწყენი და შემძვრელია.
ფეხბურთელის ცხოვრება ხშირად ეშხიანი და კაშკაშაა, მაგრამ თბილისის მსგავსი მოგზაურობები გვიჩვენებს ისეთ ცხოვრებას, რომლისგანაც ჩვენ დიდი ფარით ვართ დაცულნი. იმ წუთებიდან, რაც ჩვენი თვითმფრინავი თბილისში დაფრინდა, სიღატაკე აშკარად თვალშისაცემი გახდა. ქალაქის ქუჩებში გავლისას ნახავდით, რომ ადამიანთა უმრავლესობა სიცოცხლისთვის იბრძვის. ეს არც კარგია და არც სასიამოვნო საცქერია. შენობათა უმრავლესობა შელანძულია. სახლები აგურის კოლოფებს ჰგავს.
ასეთ დროს ძალზე ძნელია აღმოაჩინო მართლაც კარგი ადგილი, რადგან მას საკმაოდ მოშორებული ხარ. აეროპორტიდან მშვენიერ სასტუმროში წაგვიყვანეს. გუნდი მეცხრე და მეათე სართულებზე დაბინავდა. ჩვენ გვყავდა საკუთარი მზარეული, გვქონდა საკუთარი საკვები, გიგანტური ვიდეო-ეკრანი, საკუთარი ვიდეოები, ბილიარდის მაგიდა, კომპიუტერული თამაშები და კიდევ უამრავი რამ.
თავი ბიშემ-ეიბიში მეგონა, მაგრამ გარეთ აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროს ხილვა შეიძლებოდა. შევიტყვე, რომ იქაურების საშუალო ხელფასი კვირაში სამი გირვანქაა, მატჩის ბილეთი კი ექვსი გირვანქა ღირდა.
ასეთი რამეების გამო სიღარიბე ქართველთა ოჯახებში შედის. და მაინც, შეგიძლიათ ნახოთ, რომ იქ ხალხი ამაყია და თავისი ფეხბურთი უყვარს. მაშინაც კი, როცა მის ცქერას ასე ძვირად უფასებენ. აეროპორტში რომ ჩავედით, ჩვენს სანახავად ასობით ადამიანი მოვიდა, სტადიონზე სავარჯიშოდ მისულებს კი ათასობით მაყურებელი დაგვხვდა. ისინი ჩვენ ვარჯიშს უყურებდნენ და ამით სიამოვნებას იღებდნენ.
განსაკუთრებით გამაოცა და შემძრა ხალხის კეთილგანწყობამ. იმანაც გამაკვირვა, თუ როგორ ვყვარებივართ ქართველებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი გუნდის მეტოქეები ვართ. ნახევარი მსოფლიო შემოვლილი მაქვს, მაგრამ მაინც განვცვიფრდი, საიდან იცოდნენ ქართველებმა ჩემს შესახებ ამდენი რამ. ისინი ჩემს სახელს გაჰყვიროდნენ და ხელში ჩემი სურათები ეჭირათ. ინგლისური ფეხბურთის მიმართაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს.
შემადგენლობაში რომ არ მოვხვდი, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც სკამზე ჯდომა სურდეს და საკუთარი უნარის გამოვლენას არ ეშურებოდეს. ვფიქრობდი, რაღაცის გაკეთება შემეძლო. გლენ ჰოდლმა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, პარასკევს საღამოს თავის ოთახში დამიბარა. ჯერ მითხრა, ხვალ არ ითამაშებო, მერე კი ამის მიზეზი ამიხსნა…
თბილისის მატჩით ყველანი კმაყოფილნი და ნასიამოვნები იმიტომაც ვართ, რომ გუნდმა ითამაშა კარგად. საქართველო იოლად გავიარეთ. ეს ისეთი მატჩი იყო, რომლის მერეც მშვიდად შეგიძლია იძინო. მაგრამ წარმატებას იმიტომ მივაღწიეთ, რომ სწორი გზა ავირჩიეთ და რამდენიმე ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა. დევიდ ბეტი ზღაპრული იყო! მას დიდი ხანი არ ეთამაშა ინგლისის ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ვეფხვივით იბრძოდა და ნახევარდაცვაში ყველაფერი მიანგრ-მოანგრია. მატჩის შემდეგ მივედი ბეტისთან და ვუთხარი, რომ მან ბრწყინვალედ ითამაშა.
ინგლისი თამაშს აკონტროლებდა, მოედნის ბატონ-პატრონი იყო და ბოლოსკენ საქმე მნიშვნელოვნად გაიადვილა. ამან მომავალი მატჩისთვის უნდა გაგვიწიოს კარგი სამსახური. იტალიელები ნახავენ, რომ რამდენიმე გასვლითი მატჩი პროფესიულად ჩავატარეთ და, დამიჯერეთ, ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ“.
სტივ მაკმანამანის ჩანახატის თარგმანი 12 ნოემბრის სარბიელის მეოთხე გვერდზე გამოქვეყნდა, პირველი და მეორე გვერდები კი კვლავ ინგლისის ნაკრებთან მატჩს დაეთმო. სარედაქციო წერილში წაიკითხავდით:
„ჩივაძის მთავარი შეცდომა არასწორი ტაქტიკის არჩევა იყო. ჩივაძემ მოთამაშენიც არასწორად განალაგა. მის ხელთ არსებული საუკეთესო შემადგენლობა ვერ გამოიყენა და ბევრი რამ აირ-დაირია…
დაცვაში ჩივაძემ სამი მცველი დააყენა, რითაც შელია და ლობჟანიძე, შეიძლება ითქვას, გაწირა. მათ შერინგემისა და ფერდინანდის დაჭერა ხომ მიანდო, ფრთებზე დაცვის ზონის კონტროლიც მათვე დაავალა, რადგან გოგიჩაიშვილს და კობიაშვილს, მათი თამაშის სტილიდან გამომდინარე, უპირველესად შეტევაზე უნდა ეფიქრათ…
ნახევარდაცვაში ჯამარაული და ქინქლაძე უბურთოდ თამაშისთვის გაიმეტა, რადგან ნემსაძეს წინ და უკან გაზასთვის უნდა ედევნა და მათი ბურთით მომარაგება ამასთან ერთად მეტად საძნელო იყო. ქინქლაძესა და ჯამარაულს კი უბურთად რაც შეუძლიათ, კარგად ვნახეთ…
თავდასხმას რაც შეეხება, აქაც დიდი შეცდომა იყო დაშვებული. ფეხნატკენ შოთას თუ ვინმე წაეშველებოდა, წმინდა ფორვარდი უნდა დახმარებოდა. ჩივაძემ კი ქეცბაია ნახევარდაცვასაც მოაკლო და თავდასხმაშიც სატანჯველად გაამწესა…
სხვა საქმე იქნებოდა, ჩივაძეს შემტევებთან დაკავშირებით პრობლემა რომ ჰქონოდა, მაგრამ გაუგებარია, ნუთუ ის ჯიშკარიანს მხოლოდ იმიტომ ეძახის, რომ თამაშისთვის გარედან აყურებინოს, ან თავად გოგრიჭიანს თუ არ შეცვლის, სხვის ნაცვლად გამოიყენოს. ისიც გაუგებარია, ყაველაშვილის, ზაზა ჯანაშიას პატრონი თავდასხმაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს რატომ აყენებს…
რაც მთავარია, ჩვაძეს არ გააჩნია თუნდაც თვისებრივად მცდარი სტრატეგია. არ გვინახავს მისი არცერთი გონივრული ჩანაფიქრი ან იდეა. ჩივაძე, უმეტესად, დინამოს მწვრთნელთა მოდელებით სარგებლობს, ეს კი ხან ამართლებს, ხან არა…
რომელ მწვრთნელსაც თავის არსენალში ისეთი არაფერი აქვს, რითაც თამაშს მოიგებს, ცვლიან, რაგინდ დიდი ფეხბურთელიც არ უნდა იყოს იგი წარსულში“.
რაც შეეხება ფეხბურთელთა დახასიათებას, მას მთელი გვერდი დაეთმო, თუმცა აქ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ.
ირაკლი ზოიძე – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოიძემ ვერ გადაგვარჩინა, მაგრამ გაშვებულ გოლებშიც მისი დანაშაული საკმაოდ მცირეა.
ნუგზარ ლობჟანიძე – მან არაერთხელ გვიხსნა. ლობჟანიძემ მცველთაგან საუკეთესოდ ითამაშა და ეს არა მარტო სხვათა შეცდომების ფონზე გამოიკვეთა.
კახი ცხადაძე – ეს არ იყო მისი თამაში. ცხადაძე, იმის ნაცვლად, რაც სხვა დროს სჩვეოდა, შიშნარევად იგერიებდა ბურთს, უფრო კი იშორებდა. მან ვერცერთი გოლისას სწორად ვერ დააზღვია თანაგუნდელები.
მურთაზ შელია – მისი სუსტი თამაში, ვფიქრობთ, იმანაც განაპირობა, რომ როგორც მარცხენა ცენტრალურ მცველს, კაცის დაჭერასთან ერთად მარცხენა ფრთის კონტროლიც ევალებოდა.
ლევან კობიაშვილი – დაცვაში ჩამოსულ კობიაშვილს ერთ ეპიზოდში ბექემი გაექცა, თუმცა მერე მასვე და კემპბელს თავბედს აწყევლინებდა მისი ჩაწოდება, ადამსს რომ არ გამოეტანა. ქეცბაიას მიერ საჯარიმოში დაგდებულ ბურთზე ლევანს უკეთ შეეძლო დაერტყა, თუმცა მისგან ასეთი თამაშიც საკმაოდ მოულოდნელია.
კახი გოგიჩაიშვილი – მან იმედი გაგვიცრუა. მთელი მატჩის მანძილზე უჩვეულოდ პასიური იყო, მხოლოდ ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში და ერთხელაც თამაშგარეში აღმოჩნდა. ქართველთაგან ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გახლდათ, რისთვისაც კიდეც გამოცვალეს.
გიორგი ნემსაძე – საერთო ჯამში ნემსაძემ თავის მოვალეობას, ასე თუ ისე თავი გაართვა, მაგრამ ცენტრალური ნახევარმცველების ბურთით მომარაგება კი ვერ მოახერხა. ამას ნემსაძე ვერც შეძლებდა, რადგან ის ფაქტიურად, საყრდენი ნახევარმცველი კი არა, გესქოინის მეურვე გახლდათ.
გოჩა ჯამარაული – აშკარა იყო ქინქლაძეს და ჯამარაულს ინგლისელებთან მატჩში ერთი საქმე უნდა ეკეთებინათ, მაგრამ ორივეს ერთმანეთის იმედი ჰქონდა და თამაში არცერთს გამოუვიდა.
თემურ ქეცბაია – ჰოდლმაც კი აღიარა, რომ ქეცბაია ქართველთაგან საუკეთესო იყო. თემური მართლაც ძლიერ დაიხარჯა, მაგრამ მის ნამუშევარს მაინც დააკლდა რაღაც. რა? გოლი! თავდამსხმელის გარჯა ხომ უწინარესად გოლით ფასდება.
გიორგი ქინქლაძე – ქართველ ქომაგებს თუ ვინმეს იმედი ჰქონდათ, უპირველესად ქინქლაძის. მისგან ელოდნენ ინგლისელთა თამაშის გასაღების პოვნას. ასე არ მოხდა.
შოთა არველაძე – მისი მონაწილეობა ამ მატჩში სათუო გახლდათ, მაგრამ მან იცოდა, როგორ სჭირდებოდა გუნდს და ფეხმტკივანი მინდორზე გამოვიდა. გამოვიდა და ვიდრე შეცვლიდნენ, თავიც არ დაუზოგავს.
ინგლისის ნაკრებს რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, არახალია. ისიც ყველამ ვიცით, რომ გუნდს ნისლიან ალბიონზე მოქმედი ათასობით ფან-კლუბის წევრები ყველგან დაყვებიან და გამონაკლისი არც თბილისი აღმოჩნდა, ნოემბრის იმ დღეებში საქართველოს დედაქალაქი მანჩესტერ სიტის, ჩარლტონ ატლეტიკის და კიდევ არაერთი სხვა კლუბის ერთგულმა ქომაგებმა მოინახულეს.
მახსოვს, ჩვენთან ძლიერ უფრთხოდნენ ფანებს. გავრცელებული შეხედულებით, ინგლისელები ჯერ თვრებოდნენ, შემდეგ კი აუცილებლად ჩხუბობდნენ. საბედნიეროდ, უსიამოვნება არ მოხდა. ისიც მახსოვს ერთ-ერთ გაზეთში რომ დაიწერა, ქართველ სამართალდამცველებს სკოტლანდ-იარდმა დახმარება აღუთქვაო, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა: ინგლისელებმა მშვიდად მოიარეს თბილისი, საყვარელი გუნდის გამარჯვებით გაიხარეს და შინაც მშვიდობით დაბრუნდნენ.
იმ ასობით კუნძულელს შორის, რომელიც საყვარელ გუნდს საქართველოში გამოჰყვა, მანჩესტერ სიტის ფანი მიკ ფლინიც იყო. გარდა იმისა, რომ ის ნაკრებს ლამის ყველგან დაჰყვებოდა, საქართველოში მოგზაურობა გიორგი ქინქლაძის გამოც გადაწყვიტა – სურდა საკუთარი თვალით ენახა საყვარელი კლუბის მთავარი ვარსკვლავის სამშობლო. მისი თბილისური თავგადასავალი მანჩესტერ სიტის საკლუბო ჟურნალში გამოქვეყნდა, იმ წერილის თარგმანი კი 1996 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო სარბიელში დაიბეჭდა.
Georgia on my Mind – ასე ერქვა მიკ ფლინის იმ წერილს, რომელიც პაპუნა კედიამ თარგმნა. ეს აბზაცებიც იქედანაა:
„1996 წლის 8 ნოემბერი იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ გიორგი ქინქლაძის ფან-კლუბის ათი მანჩესტერელი წევრი საქართველო-ინგლისის მატჩზე დასასწრებად თბილისს გავემგზავრეთ. გიორგის სამშობლოში სამოგზაუროდ თითოეულმა დღიური წილი – 300 გირვანქა გავიღეთ.
ჩვენი თავგადასავალი დილით, თერთმეტის ნახევარზე, პიკადილის სადგურიდან დაიწყო. თორმეტი საათის შემდეგ გეტვიკიდან თბილისისკენ აიღო თვითმფრინავმა გეზი. ცხადია, გულშემატკივართა უმეტესობა ინგლისის ნაკრების გამარჯვების სანახავად მოდიოდა, ჩვენ, სიტის ფანებს კი პატარა ქართველი გენიოსის ჯადოქრობის ხილვაც არანაკლებ გვაინტერესებდა.
თბილისში იქაური დროით დილის რვის ნახევარზე ჩავფრინდით და პირველი, რაც ვიხილეთ, ასორმოცდაათი ქართველი პოლიციელის მზერა იყო. ისინი პირქუში სახეებით და კალაშნიკოვებით იდგნენ. მიწაზე ფეხი რომ დავდგით, ალყა შემოგვარტყეს, გეგონება პატიმართა ნაკადი ჩამოუვიდათ. ნებისმიერს, ვინც აქეთ ან იქით ნაბიჯის გადადგმას თუ ფოტოს გადაღებას დააპირებდა, ზურგში მუჯლუგუნს ჰკრავდნენ. ეს ჩვენთვის ერთობ უსიამოვნო სიურპრიზი გახლდათ. ვფიქრობ, ამდენი ქომაგის სტუმრობას მიუჩვეველნი, ნაღდი საბრძოლო ოპერაციისთვის იყვნენ განწყობილი.
როდესაც ვიზები და პასპორტები შეგვიმოწმეს, შენობიდან ყინვაში გაგვისტუმრეს. იქ ავტობუსების ცდა მოგვიხდა. შემდგომ, აეროპორტიდან ერთ-ერთ მოედნამდე მიგვიყვანეს, სადაც ჩამოგვსხეს კიდეც. პირველი, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა მოვინდომეთ, ბარში შესვლა იყო. ჩვენს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. ქუჩის გადაღმა პატარა, კოხტა ბარი შევნიშნეთ. დახლთან ბიჭი იდგა, რომელსაც ლუდი რომ ვთხოვეთ, დიახ, დიახო, გვიპასუხა ინგლისურად. მან ჩეხური ლუდი მოგვიტანა, თუმცა ერთი რამ გვეუცნაურა – ორი ერთნაირი ბოთლი ვერ ვნახეთ.
აეროპორტის თავგადასავლის შემდეგ აშკარად გონს მოსვლა გვჭირდებოდა, ამიტომაც სულ ცოტა ხანში კვლავ დახლს მივადექით. ბიჭი აშკარად შეწუხებული ჩანდა. მივხვდით, ლუდი აღარ ჰქონდა. ალბათ ის ბოთლები, პირველსავე ჯერზე რომ გამოვცალეთ, საჩვენებლად ჰქონდა გამოწყობილი. სხვა რა გზა გვქონდა, შამპანურზე გადავედით. ფასის კვალობაზე – 1,60 გირვანქა – არაუშავდა.
სუფთა ჰაერზე რომ გამოვედით, ორი კეთილი პოლიციელი გადაგვეყარა. ასე თუ ისე ინგლისურს ამტვრევდნენ. ქინქლაძის შესახებ ყველაფერი გამოგვკითხეს. გიო საქართველოში აშკარად ეროვნული გმირია და ამიტომაც იყო პოლიციელი ლამის ყოველი სიტყვის შემდეგ ხელს რომ მართმევდა, მითუფრო მას მერე, რაც ქინქლაძის ფოტოიანი საფოსტო ღია ბარათი ვაჩუქე. რამდენიმე ცალი სახლიდან გამომყოლოდა. რა ვიცოდი ასეთი ძვირფასი საჩუქარი თუ იქნებოდა.
უნებურად ავარიის მიზეზი გავხდი. ტანზე მგზავრობისთვის მოსახერხებელი ყვითელი ქურთუკი მეცვა. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ქართველებს ასეთი რამ არასდროს ენახათ. ერთმა მძღოლმა ჩემს დასათვალიერებლად სვლა შეანელა და ჩემსკენ, ანუ ვიღაც უცნაური ინგლისელისკენ ცქერაში წინა მანქანას დაეჯახა. ეს სერიოზული ავარია არ იყო, მაგრამ რაღაც სხვა სამყაროდან მოსულად მაგრძნობინა თავი…
თბილისს ვერც მსოფლიოს ულამაზეს ქალაქს უწოდებ და ვერც ყველაზე თანამედროვეს, მაგრამ ამაყია და ისტორიით მდიდარი. კომუნისტური წყობის შემდეგ ის ნელ-ნელა ითვისებს დასავლური ცხოვრების წესს. შესაძლოა იქ სიღატაკეა (ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ), მაგრამ ძირითადად, დიდსულოვანი ადამიანები არიან…
ქართველები რელიგიური ხალხია, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და რწმენას მეტად სერიოზულად ეკიდებიან. ვფიქრობ, ისინი ზნეობით გამოირჩევიან. ბევრი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნისგან განსხვავებით, არ ლოთობენ (არყითაც კი) და სოციალისტური ბლოკის სხვა სახელმწიფოებივით მეძავებით არ გავსებულან. ისე არ გამიგოთ, თითქოს ქალის შოვნა მეცადოს, მაგრამ ერთი-ორ ნაკომუნისტარ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს, როგორ დგანან კახპები უკლებლივ ყველგან…
სტადიონზე შესვლა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოდგა! უამრავი ხალხი და პოლიციელი ირეოდა. ჩვენი ტრიბუნა პირდაპირ იყო, მაგრამ იქ მისასვლელად კოშმარული რიგი იდგა. ვიდექით და არ ვიცოდით რა გვექნა. უეცრად ნაცნობი სახეები დავინახე.
-შეხედეთ, ნიკ ბარმბი, რობი ფაულერი და დევიდ ჯეიმსიც აქ არიან! – ვუთხარი ბიჭებს. აღმოჩნდა, რომ ინგლისის ნაკრების ეს მოთამაშეები სტადიონზე ვერ შედიოდნენ, რადგან ქართველ წესრიგის მცველებს არ სჯეროდათ, რომ ისინი ფეხბურთელები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ ინგლისის გუნდი უკვე შესული იყო და ფაულერი, ჯეიმსი და ბარმბი უბილეთო ხულიგნები ეგონათ. 25-წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ ბიჭები სტადიონზე შეუშვეს…
თამაშის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე ქართველებმა სტვენა მორთეს. მოედანზე პლასტიკატის ბოთლების წვიმა დაიწყო. ბევრი მათგანი ინგლისელი ფანებისთვის იყო განკუთვნილი. ინგლისელი გულშემატკივრები მატჩის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი ველოდით სტადიონიდან წასასვლელად მოხერხებულ მომენტს. ბოლოს და ბოლოს კი გავაღწიეთ, მაგრამ სიტუაცია მაინც ფრიად სახიფათო იყო. ზოგი ქართველი ჩხუბის მიზეზს ეძებდა…
ქართველები უპირატესად ძლიერ სასიამოვნო ხალხია. ისინი, ვინც მცირე უსიამოვნება მოგვაყენა, უმცირესობა იყვნენ. იქ ყველაფერი თეთრად და შავადაა დაყოფილი. ამის კარგი მაგალითი აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. სტადიონიდან გამოსულებს დაახლოებით ორასი ქართველი გვიქნევდა ხელს, მეგობრულად გვემშვიდობებოდნენ. გავიდა რამდენიმე წუთი და ავტობუსის ფანჯარაში აგური შემოვარდა. ასეა, უმრავლესობას მეგობრობა სურდა, ორიოდ იდიოტი კი მართლაც გამონაკლისს შეადგენდა“…
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 1996 წელს აღარ უთამაშია, მაგრამ თუ ჩვენი გუნდის ოფიციალური მატჩების ჩამონათვალს თვალს გადაავლებთ, 1996 წლის დეკემბერში ლიბანურ ტურნესაც აღმოაჩენთ.
ინგლისთან წაგების შემდეგ, როცა ყველა ალექსანდრე ჩივაძეს აკრიტიკებდა, პრესა კი ფეხბურთის ფედერაციას მთავარი მწვრთნელის შეცვლისკენ მოუწოდებდა, ქართული კლუბების ნაკრებმა ლიბანში ორჯერ ითამაშა. იმ გუნდს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ გუცაევმა უხელმძღვანელა, ფეხბურთის ფედერაციის მავანი თანამშრომლის უხეში შეცდომის გამო კი ის ორი თამაში დღეს ეროვნული ნაკრების რეესტრშია. როგორც ჩანს, ლიბანში გაგზავნილ ოფიციალურ საბუთებში გუცაევის ის გუნდი ეროვნულ ნაკრებად ჩაიწერა.
იმ გაუგებარ ლიბანურ მატჩებზე (რას ემსახურებოდა ის შეხვედრები კაცმა არ იცის), ალექსანდრე ჩივაძის გუნდიდან წასვლასა და ქართულ სპორტულ პრესაში წლის ბოლომდე დაბეჭდილ ყველაზე კრიტიკულ წერილებზე მომდევნო თავში მოგიყვებით.
* * *
9 ნოემბერი, 1996. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 48 000
საქართველო 0:2 ინგლისი
გოლები: 0:1 ტედი შერინგემი (15), 0:2 ლეს ფერდინანდი (37)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, კახი გოგიჩაიშვილი (გიორგი ღუდუშაური 67), გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე (გოჩა გოგრიჭიანი 52)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ინგლისი: დევიდ სიმენი, სოლ კემპბელი, ენდი ჰინჩკლიფი, ტონი ადამსი (კაპ), გარეთ საუთგეიტი, დევიდ ბეტი, პოლ ინსი, დევიდ ბექემი, პოლ გესქოინი, ლეს ფერდინანდი (იან რაიტი 81), ტედი შერინგემი
მწვრთნელი: გლენ ჰოდლი
გაფრთხილება: ნუგზარ ლობჟანიძე, დევიდ ბექემი
მსაჯები: ჟორჟე ემანუელ მონტეირუ კოროადუ; ანტონიუ გომეშ გუედეში, ლუიშ დუშ სანტუშ სიმოეში (პორტუგალია)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 ნოემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი სპორტ-რეზონანსი; Reuters; UEFA.com; ავტორის არქივი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / ჯემალ კასრაძე;