რიო 2016: პირველი, პირველი, პირველი
5 დღეც და ბრაზილიის ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს ქალაქ რიო დე ჟანეიროში XXXI ოლიმპიადა დაიწყება. გახსნის საზეიმო ცერემონია, ისევე როგორც დახურვისა, საფეხბურთო ისტორიებით სახელგანთქმულ მარაკანაზე გაიმართება.
რიო 2016-ის დევიზია Un Mundo Novo – ახალი მსოფლიო. თუ რას მოიაზრებს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ამ სიტყვებში, მალე ვნახავთ, მე კი გეტყვით, რომ კარსმომდგარი ოლიმპიადა, თუნდაც დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, არაერთი საინტერესო ფაქტითაა გამორჩეული და რეკორდული.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, XXXI ოლიმპიადაზე 206 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 10 293 სპორტსმენი იასპარეზებს, რაც რეკორდია. ვარაუდობენ, რომ ათლეტთა საერთო რაოდენობამ, შესაძლოა, 10 500-ს გადააჭარბოს.
ცნობილია ისიც, რომ უდიდეს სპორტულ ფორუმზე პირველად იასპარეზებენ კოსოვოელები და სამხრეთ სუდანელები. მეორე მხრივ, სოკ-მა დისკვალიფიკაცია მიუსაჯა ქუვეითის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. მიზეზი: მის საქმიანობაში ქვეყნის ხელისუფლების ჩარევა. ქუვეითელი სპორტსმენები (სულ 7) რიოში ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოვლენ.
საერთო ჯამში, 5-21 აგვისტოს 28 სახეობაში მედლების 306 კომპლექტი გათამაშდება. სპორტულ პროგრამაში პირველად ვიხილავთ გოლფსა და შვიდკაცა რაგბს.
XXXI ოლიმპიადაზე საუბრისას კიდევ რამდენჯერმე უნდა გამოვიყენო სიტყვა „პირველი“: რიო დე ჟანეირო პირველი სამხრეთამერიკული ქალაქია, რომელსაც ოთხწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრების მასპინძლობის პატივი ერგო;
თამაშებს პირველად მასპინძლობს პორტუგალიურენოვანი ქვეყნის დედაქალაქი;
და ასევე პირველად – ოლიმპიადა ზამთარშია იმართება! სამხრეთ ჰემისფეროს ქვეყნებში, მათ შორის ბრაზილიაში, ახლა სწორედ ზამთარია.
და თუ საინტერესო ფაქტებს კიდევ ჩავეძიები, იმასაც ვიტყვი, რომ XXXI ოლიმპიადა პირველია, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გერმანელი პრეზიდენტის თომას ბახის ხელმძღვანელობით ხვდება.
ჩემი დღიურების პირველ წერილში „პირველების“ თემას „ქართული“ ამბებით დავასრულებ: ოლიმპიადების ისტორიაში პირველად საქართველოს გუნდი 40 სპორტსმენით იასპარეზებს!
ქართველ ოლიმპიელებს მომდევნო წერილებში კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები, დღეს კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პირველად გვეყოლება ოლიმპიადაზე მარათონელი – დავით ხარაზიშვილი!
ახლა ოფიციალური ცნობებიც: XXXI ოლიმპიადის მასპინძლის შერჩევა 2007 წლის 16 მაისს დაიწყო, 2008 წლის 4 ივნისს კი სოკ-მა 4 კანდიდატი-ფინალისტი დაასახელა: რიო დე ჟანეირო, მადრიდი, ჩიკაგო და ტოკიო.
2009 წლის 2 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ სოკ-ის 121-ე სესიაზე მასპინძელი III ტურში გამოვლინდა: ჯერ ჩიკაგო გამოეთიშა ბრძოლას, შემდეგ ტოკიო, ბოლოს კი რიო დე ჟანეირომ 66 ხმა მიიღო, მადრიდმა – 32.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლოგო 2010 წლის 31 დეკემბერს, სპეციალური კონკურსის შემდეგ გამოვლინდა. 139 პრეტენდენტს შორის ბრაზილიური სარეკლამო სააგენტო ტატილ დიზაინის ესკიზმა გაიმარჯვა. ემბლემა სახელმწიფო დროშის ფერებშია გადაწყვეტილ – ყვითელი, ლურჯი, მწვანე – 3 ხელჩაკიდებულ, მოზეიმე ფიგურას აერთიანებს, მთლიანობაში კი ლოგო რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, კორკოვადოს მთის კონტურებს იმეორებს. ასევე ტატილ დიზაინმა წარმოადგინა რიო დე ჟანეიროს პარალიმპიადის ემბლემა.
ვინისიუსი და ტომი – ასე ეწოდებათ ოლიმპიადის და პარალიმპიადის მხარდამხარ მდგარ თილისმას. მათი ავტორის ბეთ ლულას განცხადებით, ისინი იმ სიხარულის ნაყოფები არიან, რომელიც: „ბრაზილიელმა ერმა ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქად რიო დე ჟანეიროს დასახელების დროს განიცადა“. ვინისიუსის და ტომის ფერებიც სახელმწიფო დროშიდანაა ნასესხები, მთლიანობაში კი მათში ბრაზილიის ფლორისა და ფაუნის, ასევე მრავალფეროვანი კულტურაა გამოხატული. რაც შეეხება სახელს, მარცხნივ მდგარ ფიგურას ვინისიუსი პოპულარული ბრაზილიელი მუსიკოსის ვინისიუს დე მორაეშის პატივსაცემად ეწოდა, საერთო სახელი ვინისიუსი და ტომი სახალხო გამოკითხვით შეირჩა.
XXXI ოლიმპიადის ჩირაღდანი, რომელიც მარაკანაზე თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის გვირგვინი იქნება, ტრადიციულად საბერძნეთში დაინთო. ეს 21 აპრილს მოხდა. ამ ლამაზ სანახაობას ქალაქ ოლიმპიაში არაერთი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობა თავმჯდომარის, კარლოს ნუზმანის ჩათვლით.
28 აპრილამდე ჩირაღდანმა საბერძნეთის ქალაქები მოიარა, შემდეგ კი ათენიდან ორი დღით, 29-30 აპრილს შვეიცარიაში, ლოზანასა და ჟენევაში „შეისეირნა“. 3 მაისიდან ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიისკენ გაემგზავრა – ჯერ იყო დედაქალაქი ბრაზილია, შემდეგ კორუმბა დე გოიაში, პირენოპოლისი, ანაპოლისი… საერთო ჯამში ბრაზილიის 26 შტატის 300-ზე მეტი ქალაქი!
22 ივლისს ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ფეხბურთის მეფეს, პელესაც ერგო! ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს ქალაქ სანტოსში სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახიც ეწვია და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული და ფასდაუდებელი წვლილისთვის სოკ-ის უმაღლესი ჯილდო – ოლიმპიური ორდენი გადასცა.
საზეიმო ცერემონიას, რომელსაც ფეხბურთის მეფის სახელობის მუზეუმმა უმასპინძლა, რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, ქალაქის მერი და საფეხბურთო კლუბ სანტოსის პრეზიდენტიც დაესწრნენ.
27 ივლისს, ქვეყნის უდიდეს ქალაქ სან პაულუში ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, ოლიმპიური ცეცხლი რიო დე ჟანეიროს ეწვია. ბოლო გაჩერებამდე, მარაკანაზე მოწყობილ დიდ ჩირაღდნამდე რამდენიმე ათეული კილომეტრი რჩება – 5 აგვისტოს XXXI ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება!
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 1 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016