კატარი 2022: მეოთხე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

მსოფლიო ჩემპიონატი საინტერესოდ გრძელდება: ბევრი გოლი გადის და, რაც მთავარია, მოულოდნელობებიც არ გვაკლია. მეოთხე სათამაშო დღეს კიდევ ერთი აზიური გუნდი ვნახეთ საქმეში და, როგორც საუდის არაბეთმა, იაპონიამაც შეარცხვინა მსოფლიოს ჩემპიონი. არადა, არგენტინის მსგავსად, გერმანიაც კატარი 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა

„ითვლებოდა“ იმიტომ დავწერე, რომ ჯგუფის კალენდრის გათვალისწინებით ბუნდესნაკრები ურთულეს მდგომარეობაშია: მომდევნო შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან აქვს, ლუის ენრიკეს მომზადებულმა გუნდმა კი კოსტარიკისგან ქვა ქვაზე არ დატოვა – სწრაფი თამაში, ელვისებური კომბინაციები, დაუჯერებელი სტატისტიკა ბურთის ფლობასა და ზუსტ პასებში და მთავარი – შვიდი გოლი!

რას დაუპირისპირებს ჰანსი ფლიკი ამ ესპანეთს, ერთად ვნახავთ, მე კი გერმანიისთვის კარგს არაფერს ველი. ამ წყვილში, 27 ნოემბერს რომ დადგება ერთმანეთის პირისპირ ალ ხორში, ალ ბაიათის სტადიონზე, ჩემთვის ფავორიტი ფურია როხაა.

ესპანეთი-კოსტა რიკა მეოთხე სათამაშო დღის მესამე მატჩი იყო, პირველი და ბოლო კი, F ჯგუფის თამაშები, შედარებით უფერული გამოდგა. განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების მძლეველი მაროკოს და ხორვატიის დაპირისპირება, რომელმაც აშკარად გამიცრუა იმედები. იქიდან გამომდინარე, რომ იაპონია-გერმანიაზე გუშინვე დავწერე, სხვა სამი მატჩის საინტერესო ამბებიდან ესენი გამოვარჩიე:

ხორვატია 0:0 მაროკო
1: ეს კატარი 2022-ის მესამე უგოლო თამაში იყო საწყის ცხრა მატჩში. არადა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის და ევრო 2020-ის ეგიდით გამართულ 115 შეხვედრაში მხოლოდ სამი დასრულდა უგოლოდ.

2: ლუკა მოდრიჩი გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე სამ სხვადასხვა ათწლეულში ითამაშა: 2000-ებში, 2010-ებში და 2020-ებში.

3: 37 წლის და 75 დღის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანია, რომელსაც კი ხორვატიის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია.

ესპანეთი 7:0 კოსტა რიკა
1: ესპანელებმა ფიფას ოქროს თასის გათამაშებებში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმეს. ძველი რეკორდი 1998 წელს დამყარდა – 6:1 ბულგარეთთან.

2: ესპანელებმა მხოლოდ მეორედ გაიტანეს მსოფლიო ჩემპიონატის თამაშის პირველ ტაიმში სამი გოლი, პირველად 1934 წელს ბრაზილიასთან.

3: დანი ოლმოს გოლი საიუბილეო, მე-100 აღმოჩნდა ესპანელთათვის ფინალურ ეტაპზე. ამ მხრივ ფურია როხას წინ მხოლოდ ხუთი გუნდია – ბრაზილია (229), გერმანია (227), არგენტინა (138), იტალია (128) და საფრანგეთი (124).

4: ბულგარეთის 1962 წლის ნაკრების შემდეგ ესპანეთი მხოლოდ მეორეა, რომლის ძირითად შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში ორი თინეიჯერი მოხვდა: გავი და პედრი. არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ, მაგრამ 60 წლის წინ ბულგარელთა შორის იეჩევმა და სოკოლოვმა ითამაშეს.

5: ლუის ენრიკეს გუნდმა შესვენებამდე 537 ზუსტი გადაცემა შეასრულა, ხოლო მთლიანად მატჩში 1 043 და ორივე ეს მაჩვენებელი ტურნირის ახალი რეკორდია (იგულისხმება მხოლოდ ძირითად დროში დასრულებული მატჩები). ფიფა ასეთ სტატისტიკას 1966 წლიდან აწარმოებს.

6: კოსტარიკელთა კარში შეგდებული ბურთით 18 წლის და 110 დღის გავი ტურნირის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. მასზე წინ მხოლოდ ფეხბურთის მეფე პელე (1958 – 17 წელი, 239 დღე) და მექსიკელი მანუელ როსასი (1930, 18-93) დგანან.
რაც შეეხება დუბლების ავტორებს, ამ მხრივ გავი მხოლოდ პელეს ჩამორჩება, რომელმაც 1958 წლის ჩემპიონატის ფინალში ორჯერ დასაჯა შვედები. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ მაშინ 17 წლის და 249 დღის გახლდათ.
და ბოლოს: გავი ყველაზე ახალგაზრდა ესპანელია, რომელსაც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია.

7: ფერან ტორესი მხოლოდ მესამეა ნაკრების ისტორიაში, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე დებიუტი ორი გოლით აღნიშნა.
1934 წელს იგივე გააკეთა ხოსე ირარაგორიმ (ბრაზილიასთან), 2006 წელს კი დავიდ ვილიამ, რომელმაც ორჯერ დალაშქრა უკრაინელთა კარი.

8: პედრიმ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მე-7 თამაშში მიიღო მონაწილეობა (ევროპა – 6, მსოფლიო – 1) და კილიან მბაპეს რეკორდი გაიმეორა. თინეიჯერთა შორის მხოლოდ ამ ორმა მიიღო მონაწილეობა უდიდესი ტურნირების შვიდ შეხვედრაში. გუშინ პედრი 19 წლის და 363 დღის გახლდათ.

ბელგია 1:0 კანადა
1: ბელგიამ მსოფლიო ჩემპიონატების ჯგუფში ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო და ბრაზილიის რეკორდი გაიმეორა. სელესაოს მსგავსი სერია ორჯერ ჰქონდა – 1986-1994 და 2002-2010 წლებში.

2: კანადამ ფინალური ეტაპის ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ გაიტანა გოლი და ბოლივიის და საბერძნეთის ანტირეკორდი გაიმეორა.

3: მას შემდეგ, რაც ფიფა მსგავს სტატისტიკას ითვლის (1966 წლიდან), ტიბო კურტუა პირველი ბელგიელი მეკარეა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე პენალტი მოიგერია.

4: თუ მეკარეებს არ ჩავთვლით, 39 წლის და 288 დღის კანადელი ატიბა ჰაჩისონი ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. მასზე უფროსი კი, ვისაც ფინალურ ეტაპზე თუნდაც წუთი უთამაშია, მხოლოდ კამერუნელი როჟე მილაა, რომელიც 1994 წელს 42 წლის და 38 დღის გახლდათ.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian