საფრანგეთმა აირჩია: კარიმ ბენზემა
პოპულარულმა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა 2012 წლის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის რეალის ფორვარდი კარიმ ბენზემა დაასახელა. 24 წლის თავდამსხმელმა ეს ტიტული მეორედ მოიგო. პირველად ის შარშან აღიარეს.
2012 წელს ბენზემამ რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი 23 ოფიციალურ შეხვედრაში უკვე 8 გოლი გაიტანა. ამას გარდა, ბენზემამ საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, საერთო ჯამში კი ნაკრებში ორჯერ გამოიჩინა თავი.
ფრანს ფუტბოლის წლევანდელ რეფერენდუმში ბენზემამ მეორე ადგილზე გასულ ფრანკ რიბერის (მიუნხენის ბაიერნი) მცირედით აჯობა, მესამე ადგილი კი ლიონიდან ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურში გადაბარგებულმა მეკარემ, უგო ლორისმა დაიკავა.
ჟურნალის ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მონპელიეს თავკაცმა რენე ჟირარმა მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 2011-12 წლების სეზონში ლიგა 1 მოიგო. ამ გამოკითხვაში მეორე ბორდოს თავკაცი ფრანსის ჟიო იყო, მესამე კი ლიონის დამრიგებელი რემი გარდე.
ფრანს ფუტბოლი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს 1959 წლიდან ავლენს.
1995 წლამდე ტიტულის მოგება მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს შეეძლოთ, 1996 წლიდან კი გამარჯვებისთვის უცხოეთში გადაბარგებულებიც იბრძვიან.
2001 წლიდან უძლიერესს მხოლოდ წინა წლების გამარჯვებულები ასახელებენ.
ფრანს ფუტბოლი: საფრანგეთის წლის ფეხბურთელები
1959 – ჟიულ სბროლია (ანჟერი); 1960 – რაიმონ კოპა (სტად დე რეიმსი); 1961 – მაი ხენანე (რენი); 1962 – ანდრე ლერონი (სტად ფრანსეზი); 1963 – ივონ დუი (მონაკო); 1964 – მარსელ არტელესა (მონაკო); 1965, 1966 – ფილიპ ჟონდე (ნანტი); 1967, 1968 – ბერნარ ბოსკუიე (სენტ-ეტიენი); 1969 – ირვ რეველი (სენტ-ეტიენი); 1970, 1971 – ჟორჟ კარნუ (სენტ-ეტიენი); 1972 – მარიუს ტრეზორი (აიაჩო); 1973, 1974 – ჟორჟ ბერეტა (სენტ-ეტიენი); 1975 – ჟან-მარკ ჟილუ (ანჟერი); 1976, 1977 – მიშელ პლატინი (ნანსი); 1978 – ჟან პეტიტი (მონაკო); 1979 – მაქსიმ ბოსი (ნანტი); 1980 – ჟან-ფრანსუა ლარიო (სენტ-ეტიენი); 1981 – მაქსიმ ბოსი (ნანტი); 1982, 1983 – ალენ ჟირესი (ბორდო); 1984 – ჟან ტიგანა (ბორდო); 1985 – ლუის ფერნანდესი (პარი სენ-ჟერმენი); 1986 – მანუელ ამორო (მონაკო); 1987 – ალენ ჟირესი (მარსელის ოლიმპიკი); 1988 – სტეფან პაილე (სოშო); 1989 – ჟან-პიერ პაპენი (მარსელის ოლიმპიკი); 1990 – ლორან ბლანი (მონპელიე); 1991 – ჟან-პიერ პაპენი (მარსელის ოლიმპიკი); 1992 – ალენ როში (ოსერი/პარი სენ-ჟერმენი); 1993 – დავიდ ჟინოლა (პარი სენ-ჟერმენი); 1994 – ბერნარ ლამა (პარი სენ-ჟერმენი); 1995 – ვინსენ გერენი (პარი სენ-ჟერმენი); 1996 – დიდიე დეშამი (ტურინის იუვენტუსი, იტალია); 1997 – ლილიან ტურამი (პარმა, იტალია); 1998 – ზინედინ ზიდანი (ტურინის იუვენტუსი, იტალია); 1999 – სილვენ ვილტორი (ბორდო); 2000 – ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი); 2001 – პატრიკ ვიეირა (ლონდონის არსენალი, ინგლისი); 2002 – ზინედინ ზიდანი (მადრიდის რეალი, ესპანეთი); 2003, 2004, 2005, 2006 – ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი); 2007, 2008 – ფრანკ რიბერი (მარსელის ოლიმპიკი); 2009 – იოან გურკუფი (ბორდო); 2010 – სამირ ნასრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი); 2011, 2012 – კარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი, ესპანეთი)
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012)