კატარი 2022: მეშვიდე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

ჩემპიონატის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე პირველი მერვედფინალისტიც გამოვლინდა: მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალიის შემდეგ დანიას სძლია და ფლეი ოფში თამაში გაინაღდა.
საწყისი მატჩისგან განსხვავებით ფრანგებს უფრო გაუჭირდათ, თუმცა წინა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარებული კილიან მბაპეს ძლიერი თამაშის წყალობით, სამი ქულა დეშამის ბიჭებს დარჩათ.

ფრანგებისგან რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაშია არგენტინა, რომელმაც კატარი 2022 საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხით დაიწყო – 1:2. ლიონელ სკალონის ბიჭებმა უმძიმეს შეხვედრაში სძლიეს მექსიკას – კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა ლეო მესიმ ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ამ გამარჯვების წყალობით არგენტინამ მერვედფინალში თამაშის შანსი შეინარჩუნა. საამისოდ ალბისელესტეს ბოლო ტურში უმძიმესი შეხვედრის მოგება სჭირდება პოლონეთთან, თუმცა შესაძლოა ფრეც წაადგეს.

ავსტრალია 1:0 ტუნისი

1: 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილესთან 0:0-ის შემდეგ ავსტრალიის ნაკრებმა პირველად არ გაუშვა გოლი ფინალური ეტაპის თამაშში.

2: მაიკლ დიუკმა ამ ჩემპიონატის 50-ე გოლი გაიტანა.
ის მეორე დივიზიონის კლუბის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კატარში შეაგდო გოლი. ავსტრალიელი იაპონიის J2 ლიგის კლუბ ფაგიანო ოკაიამაში თამაშობს.

პოლონეთი 2:0 საუდის არაბეთი

1: პოლონეთის ნაკრებმა ზედიზედ მეთხუთმეტედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე ის მატჩი, რომელშიც ანგარიში გახსნა.

2: პირველ ტაიმში მსაჯმა ხუთჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი, ამდენი მოთამაშე კი შესვენებამდე ბოლოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში გააფრთხილეს, ესპანეთისა და ნიდერლანდების ნაკრებთა დაპირისპირების დროს.

3: ვოიცეხ შჩესნი მესამე მეკარეა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელმაც პენალტი მოიგერია და საბოლოოდ კარი მშრალად შეინახა.
პოლონელამდე იგივე შეძლეს ტიბო კურტუამ (ბელგია) და გილერმო ოჩოამ (მექსიკა). საინტერესოა, რომ ასეთი რამ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაწყებული ერთბაშად სამმა მეკარემ პირველად შეძლო.

4: იანუშ კუპჩევიჩის შემდეგ (1982 წელს საფრანგეთთან), რობერტ ლევანდოვსკი პირველი პოლონელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

საფრანგეთი 2:1 დანია

1: დიდიე დეშამის საფრანგეთმა წელს უკვე სამჯერ ითამაშა დანიის წინააღმდეგ (ორჯერ უეფას ერთა ლიგაში). იუგოსლავიის შემდეგ (1949) დანია პირველი გუნდია, რომელსაც საფრანგეთი კალენდარულ წელიწადში სამჯერ შეხვდა.

2: საფრანგეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ 6 თამაში. ფრანგებამდე ბოლოს ასეთი სერია ესპანეთის ნაკრებს ჰქონდა 2010 წელს.

3: კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრების მაისურით 30-ე და 31-ე გოლები გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა.

4: ანტუან გრიზმანმა ზიდანის სხვა შედეგი გაიმეორა – 26-ე საგოლე გადაცემა შეასრულა ნაკრების შემადგენლობაში.

არგენტინა 2:0 მექსიკა

1: 1966 წლის შემდეგ ლეო მესი ერთდროულად ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
2006 წელს, სერბეთ-მონტენეგროსთან შეხვედრაში ლეო 18 წლის და 357 დღის გახლდათ, გუშინ მექსიკელების წინააღმდეგ კი 35 წლის და 155 დღის.

2: მესიმ მე-8 გოლი გაიტანა ფინალურ ეტაპზე და ორ თანამემამულეს გაუთანაბრდა, გილერმო სტაბილეს და დიეგო მარადონას. ამ სამეულზე წინ მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტაა 10 გოლით.

3: პარი სენ-ჟერმენის ლიდერმა მარადონას კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა: 21-ედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და ახლა რეკორდის თანამფლობელია.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 26 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian