კატარი 2022: მერვე სათამაშო დღის საინტერესო ამბები
მეორე ტური თითქმის გაილია და მხოლოდ ერთი მერვედფინალისტია ცნობილი – საფრანგეთი. გუშინ მეგობრები ვიხსენებდით, ბოლოს როდის იყო ასეთი დაძაბული ჯგუფური ეტაპი და საბოლოოდ იმაზე შევთანხმდით, რომ კატარი 2022 მაინც საინტერესოდ მიმდინარეობს – მეცხრე სათამაშო დღის წინ ბევრი არაფერია გარკვეული.
27 ნოემბერი პირველი ტურის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორის, იაპონიის ნაკრების და ესპანელებთან განადგურებული კოსტა რიკის თამაშით დაიწყო. მეგონა, რომ იაპონია, გერმანიის შემდეგ, მეორე მეტოქესაც დაამარცხებდა და ფლეი ოფში ასპარეზობას გაინაღდებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა ამომავალი მზის ქვეყნის შვილები მძიმე დღეში არიან: უკანასკნელ ტურში ესპანეთთან მინიმუმ არ უნდა წააგონ. თავის მხრივ, მერვედფინალში გასვლის შანსი გაუჩნდა კოსტა რიკას და თუ გერმანიის წინააღმდეგ სასურველ შედეგს მიაღწია, პირველი გუნდი გახდება, რომელმაც ჩემპიონატი 0:7 წაგებით დაიწყო, თუმცა მაინც გააღწია ჯგუფიდან.
ბელგიაც მძიმე მდგონარეობაშია: რობერტო მარტინესის გუნდმა, კატარის 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტად რომ ითვლებოდა, მაროკოსთან ვერაფერი გააწყო და ახლა ხორვატებთან მოუწევს ფლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა.
კოსტა რიკა 1:0 იაპონია
1: კეილორ ნავასმა და სელსო ბორხესმა მეათედ ითამაშეს ფინალურ ეტაპზე და პირველი კოსტარიკელები არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის 10 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
მაროკო 2:0 ბელგია
1: მაროკოს ნაკრებმა მხოლოდ მე-3 თამაში მოიგო ფინალურ ეტაპზე და კვლავ ევროპის გუნდის წინააღმდეგ:
1986 – პორტუგალია 3:1
1998 – შოტლანდია 3:0
2: ბელგიელებმა საწყის ორ თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანეს და ეს უარესი შედეგია მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის შემდეგ. 1930 წელს, ურუგვაიში, წითელმა ეშმაკებმა ორ მეტოქესთან ერთხელაც ვერ გაიხარეს.
შედარებისთვის: ოთხი წლის წინ, რუსეთში, ბელგიას პირველ ორ ტურში რვა გოლი ჰქონდა გატანილი – 3:0 პანამა, 5:2 ტუნისი.
ხორვატია 4:1 კანადა
1: სადებიუტო, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ ხორვატიის ნაკრებმა პირველად გაიტანა პირველ ტაიმში 2 გოლი. 24 წლის წინ ბალკანელებმა ნიდერლანდელები დაამწუხრეს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში.
2: მექსიკის (9) და სალვადორის (6) შემდეგ კანადა მესამეა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ჩატარებული პირველი 5 მატჩი წააგო.
3: ივან პერიშიჩი პირველი ხორვატია, რომელმაც მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატების თამაშში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
4: ალფონსო დევისმა კანადის ნაკრების პირველი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატებზე.
5: მიუნხენის ბაიერნის მცველმა 68-ე წამზე გახსნა ანგარიში და ეს ფინალურ ეტაპზე გასული ყველაზე სწრაფი გოლია 2014 წელს ამერიკა-განის დაპირისპირების შემდეგ. იმ შეხვედრაში კლინტ დემპსიმ 29-ე წამზე დააწინაურა ამერიკა.
6: ატიბა ჰაჩისონმა ხორვატების წინააღმდეგ მეასედ ითამაშა ნაკრებში და კაცთა შორის პირველია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
ესპანეთი 1:1 გერმანია
1: სერხიო ბუსკეტსმა მსოფლიო ჩემპიონატის მე-15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩავის გაუთანაბრდა. თუ მეკარეებს არ ჩავთვლით, ბარსელონელის წინ მხოლოდ სერხიო რამოსია 17 თამაშით.
2: ესპანეთის ნაკრებმა 3 გოლი შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით გაიტანა (ალვარო მორატა 2, კარლოს სოლერი), რაც ნაკრების რეკორდია უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე.
3: ალვარო მორატა მეექვსეა ოქროს თასის გათამაშების ისტორიაში (მაგრამ პირველი ესპანელი), რომელიც ზედიზედ ორჯერ შევიდა შეცვლაზე და გოლი გაიტანა.
4: მანუელ ნოიერმა ფინალური ეტაპის მე-18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეკარეთა რეკორდი გაიმეორა, რომელიც მის თანამემამულეს ზეპ მაიერს და ბრაზილიელ კლაუდიო ტაფარელს ეკუთვნოდათ.
5: 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, როცა მარიო გიოცე შეცვლაზე შევიდა და გოლი შეაგდო, ნიკლას ფიულკრუგი მეორე გერმანელია, რომელიც თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთოდ თამაშში და მეტოქის კარი დალაშქრა.
6: გერმანია ზედიზედ მე-3 მატჩია მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ვერ ახერხებს, ასეთი რამ კი ბუნდესგუნდის ისტორიაში მხოლოდ მეორედ ხდება.
მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანელებმა ფრედ 3:3 ითამაშეს ფრანგებთან, შემდეგ 1:3 დამარცხდნენ იტალიასთან ფინალში, მექსიკა 1986 კი ურუგვაისთან 1:1-ით დაიწყეს.
რუსეთი 2018 გერმანიამ სამხრეთი კორეასთან 0:2-ით დაასრულა, ესპანეთთან 1:1-მდე კი კატარში იაპონიასთან დამარცხდა 1:2.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 ნოემბერი)
ფოტო: FIFA