კატარი 2022: მეცხრე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

მეორე ტური საინტერესოდ დასრულდა: ბოლო ორი ჯგუფის ოთხ თამაშში 14 გოლი გავიდა! არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მესამე და გადამწყვეტი ტურის წინ მხოლოდ ხუთი მონაწილის ბედია გარკვეული: ჩემპიონატის მასპინძელი კატარი და კანადა ჯგუფური ეტაპით ემშვიდობებიან ტურნირს, საფრანგეთმა, ბრაზილიამ და პორტუგალიამ კი ფლეი ოფში თამაში გაინაღდეს.

ტიტეს გაწვრთნილი ბრაზილია პირველი ორი თამაშის შემდეგ კატარი 2022-ის ფავორიტად მიმაჩნია, რადგან ნეიმარის გარეშე ჩატარებულ პირველ თამაშშიც, საკმაოდ ძლიერი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, სელესაო პირველიდან უკანასკნელ წუთამდე დამაჯერებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გოლით მოიგო, ბრაზილიამ მთავარს მიაღწია – ტურით ადრე გაინაღდა მერვედფინალში თამაში.

კვლავ ჩინებული იყო კაზემირო, რომელსაც ბედმა გამარჯვების გოლი არგუნა. მადრიდის რეალიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდეგ ბრაზილიელის კარიერა თითქოს დაღმა დაეშვა, მაგრამ ნაკრების ყვითელი მაისურით ის კვლავ ჩინებულია.

ურთულესი თამაში მოიგო პორტუგალიამაც, თუმცა ბრუნო ფერნანდეშის ძალისხმევით და არა კრიშტიანუ რონალდუს გოლებით. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ერთადერთი უკლუბო ფეხბურთელი ოლდტრაფორდელმა დაჩრდილა, რომელმაც პირველ ტურში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ახლა კი დუბლი მიითვალა.

დღეს ჯგუფური ეტაპი სრულდება და პირველ მერვედფინალურ წყვილებსაც შევიტყობთ, 7 და 8 დეკემბერს კი პირველი შესვენებაა.

კამერუნი 3:3 სერბეთი

1: სერბეთის ნაკრები პირველია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ორი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ დროში გაიტანა.

2: ვინსენ აბუბაქარი პირველი აფრიკელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში შეცვლაზე შევიდა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

3: ალექსანდრ მიტროვიჩი პირველი სერბია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ერთზე მეტი გოლი გაიტანა.

4: ზალცბურგის რედ ბულის 21 წლის (188 დღე) ფეხბურთელი სტრაჰინია პავლოვიჩი ყველაზე ახალგაზრდა სერბია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი შეაგდო.

განა 3:2 სამხრეთი კორეა

1: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში განის ნაკრები მხოლოდ მეოთხეა, რომლის პირველი ორი თამაში ერთ კონკრეტულ ტურნირზე 3:2 დასრულდა.
ბოლოს ასეთი რამ 2010 წელს მოხდა ურუგვაის ნაკრების მატჩებში, მანამდე კი 1934 წელს შვეიცარიის, 1994 წელს კი გერმანიის თამაშებში.

2: 22 წლის და 118 დღის მუჰამედ კუდუსი მეორე ყველაზე ახალგაზრდა აფრიკელია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე დუბლი შეასრულა. 2014 წელს არგენტინის ნაკრების კარში ორი გოლის გამტანი აჰმედ მუსა (ნიგერია) 21 წლის და 254 დღის გახლდათ.

3: მოჰამედ სალისუ პირველი განელი მცველია, ვინც ფინალურ ეტაპზე შეაგდო გოლი.

4: გუე-სუნ ჩო პირველი სამხრეთკორეელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში დუბლი შეასრულა, ასევე პირველი აზიელი, რომელმაც უდიდესი ტურნირის მატჩში ორი გოლი თავური დარტყმით შეაგდო.

ბრაზილია 1:0 შვეიცარია

1: ბრაზილიამ ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მე-17 თამაში არ წააგო, რაც ახალი რეკორდია.

2: 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაწყებული ბრაზილიის ეს ნაკრები მხოლოდ მეორეა, რომლის კარის მიმართულებით მეტოქეებმა პირველ ორ შეხვედრაში ერთხელაც ვერ დაარტყეს. პირველად ასეთი უცნაური შემთხვევა საფრანგეთის 1998 წლის ნაკრების მატჩებში დაფიქსირდა. ის საფრანგეთი საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

3: კაზემირომ 83-ე წუთზე გახსნა ანგარიში. მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის მანძილზე ბრაზილიის ნაკრები ამაზე გვიან პირველი გოლით მხოლოდ ერთხელ დაწინაურდა, 2018 წელს, კოსტა რიკასთან თამაშის 90-ე წუთზე, ფელიპე კოუტინიოს დარტყმით.

4: შვეიცარია ერთ-ერთი იყო იმ სამი გუნდიდან, რომლის წინააღმდეგ ბრაზილიას ერთზე მეტჯერ უთამაშია ფინალურ ეტაპზე და ვერ მოუგია (ორი ფრე). გუშინდელის შემდეგ ასეთი ორი გუნდი დარჩა: უნგრეთი – 2 მარცხი და პორტუგალია – ფრე და წაგება.

პორტუგალია 2:0 ურუგვაი

1: ბრუნო ფერნანდეშმა პორტუგალიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა – 5 თავად გაიტანა, 3-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 29 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian