კატარი 2022: მეათე სათამაშო დღის საინტერესო ამბები
ნიდერლანდები, სენეგალი, ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები – ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი, მესამე ტური A და B ჯგუფების მატჩებით დაიწყო და პირველი ოთხი მერვედფინალისტიც გამოვლინდა.
ნარინჯისფერების შესახებ თამაშის შემდეგ დავწერე, ამიტომ დღევანდელ საინტერესო ფაქტებში იგივეს აღარ გავიმეორებ და მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: ნიდერლანდელთა მეტოქე კატარის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მასპინძელი აღმოჩნდა, რომელმაც ყველა თამაში წააგო, ერთადერთი გოლი გაიტანა და შვიდი ბურთი გაუშვა. ეს ციფრები ტურნირის ანტირეკორდია.
სენეგალი 2:1 ეკვადორი
1: 1990 წლის კამერუნის ნაკრების შემდეგ სენეგალი პირველი აფრიკული გუნდია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე სამხრეთამერიკელ მეტოქეს სძლია. ამით აფრიკელებმა 21-მატჩიანი უსიამოვნო სერია დაასრულეს – 4 ფრე და 17 წაგება.
2: სენეგალი მხოლოდ მე-3 აფრიკული გუნდია, რომელიც მეორედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში. პირველად ეს ნიგერიამ მოახერხა 1994, 1998 და 2014 წლებში, შემდეგ კი განამ 2006 და 2010 წლებში.
აშშ 1:0 ირანი
1: ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ყველა, ექვსივე შემთხვევაში დაძლია ის ჯგუფური ეტაპი, სადაც პირველი თამაში არ წააგო.
2: ამერიკამ ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა იმ მატჩში, რომელშიც ქრისტიან პულიშიჩმა გოლი გაიტანა.
ინგლისი 3:0 უელსი
1: 2006 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებმა პირველად მოიგო ჯგუფი. თექვსმეტი წლის წინ ინგლისელებმა ტურნირი მეოთხედფინალში დაასრულეს პორტუგალიასთან მარცხით.
2: ინგლისმა ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა უელსის ნაკრები. დრაკონებმა მეზობლებს ბოლოს 1984 წლის მაისში სძლიეს – 1:0.
3: ლეგენდარული ბობი ჩარლტონის შემდეგ მარკუს რეშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ინგლისელი წევრია, რომელმაც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე სამი გოლი გაიტანა.
4: ჰარი კეინმა დევიდ ბექემის „ინგლისური“ რეკორდი გაიმეორა: მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, როგორც ბექზმა 2002 წელს.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 30 ნოემბერი)
ფოტო: FIFA