კატარი 2022: მეთერთმეტე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

ჯგუფური ეტაპი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ნათელი ხდება, რომ ძალიან საინტერესო მერვედფინალები გველის. ხოლო თუ გულშემატკივართა პროგნოზები გამართლდა და ფავორიტებმა გაიმარჯვეს, სუპერ მეოთხედფინალებს ვიხილავთ.

30 ნოემბრის თამაშებიდან ყველაზე საინტერესო C ჯგუფის თამაშები იყო. არგენტინის ქომაგთა გასახარად, ალბისელესტემ ურთულესი ამოცანა გადაჭრა და ფლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა. ლეონელ სკალონის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ 0:0-ზე პენალტი ვერ გამოიყენა (მესის შჩესნიმ აჯობა), მაინც მოახერხა გამარჯვება.

მერვედფინალში ითამაშებს პოლონეთის ნაკრებიც, რომელიც არგენტინელთა წინააღმდეგ ძალიან უსახური იყო. რობერტ ლევანდოვსკიმ და კომპანიამ პირველ ტაიმში კი გაუძლო თეთრ-ცისფერთა შეტევებს, მაგრამ შესვენების შემდეგ გატყდა და საბოლოოდ მხოლოდ იმიტომ გავიდა მეორე ეტაპზე, რომ მეტოქეს, მექსიკას არ გაუმართლა.

ცნობისათვის: მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის შეხვედრის შემდეგ პოლონეთი და საფრანგეთი პირველად ითამაშებენ ფინალურ ეტაპზე. ორმოცი წლის წინანდელი მატჩის შემდეგი კი ვეტერან გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ – პოლონეთმა 3:2 გაიმარჯვა…

ტუნისი 1:0 საფრანგეთი

1: ეს მხოლოდ მე-3 შემთხვევაა ისტორიაში, როცა მოქმედი ჩემპიონი აფრიკის წარმომადგენელთან დამარცხდა. 1990 წელს არგენტინას კამერუნმა აჯობა, 2002 წელს კი სენეგალმა მოუგო საფრანგეთს. საინტერესოა, რომ ორივე ეს შეხვედრა ტურნირის პირველი მატჩი იყო.

2: ევრო 2016-ის ფინალის შემდეგ საფრანგეთი პირველად დამარცხდა მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. ფიფას ოქროს თასის წინა გათამაშებაში, ევრო 2020-ზე და მიმდინარე ტურნირზე ფრანგებმა მიჯრით 13 შეხვედრა ჩაატარეს დაუმარცხებლად – 9 გამარჯვება, 4 ფრე.

3: ვაჰბი ხაზრი პირველი აფრიკელია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში დაწყებულ ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა გოლი. საინტერესოა ისიც, რომ ხაზრი ტუნისის ნაკრების ბოლო 5 გოლში უშუალოდ მონაწილეობდა – 3 თავად შეაგდო, 2 კი თანაგუნდელებს გაატანინა.

4: 37 წლის და 247 დღის სტივ მანდანდა ყველაზე ასაკოვანია, ვისაც კი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ოდესმე უთამაშია. ვეტერანმა გოლკიპერმა კოლეგის, ბერნარ ლამას შედეგი გააუმჯობესა – 2000 წლის სექტემბერში, ინგლისთან მატჩში ლამა 37 წლის და 148 დღის გახლდათ.

ავსტრალია 1:0 დანია

1: ავსტრალიის ნაკრები მხოლოდ მესამეა ისტორიაში, რომელმაც პირველი ეტაპის საწყისი შეხვედრა წააგო, თან 4 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც დაძლია ჯგუფი. 1990 წელს იუგოსლავია გახდა პირველი ასეთი გუნდი, 2006 წელს კი უკრაინა.

2: მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში ავსტრალიამ პირველად გაიტანა გოლი ჯგუფის ყველა შეხვედრაში. ავსტრალია მხოლოდ მეორედ ითამაშებს ფლეი ოფში, პირველად 2006 წლის შემდეგ.

3: დანიამ მეექვსედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და პირველად ვერ გაიტანა გოლი ზედიზედ სამი თამაშის პირველ ტაიმში.

მექსიკა 2:1 საუდის არაბეთი

1: 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მექსიკის ნაკრებმა პირველად ვერ დაძლია ჯგუფი. კატარამდე ეს გუნდი ზედიზედ 7-ჯერ გავიდა ფლეი ოფში.

2: ლუის ჩავესი პირველი მექსიკელია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა გოლი.

არგენტინა 2:0 პოლონეთი

1: ვოიცეხ შჩესნი მხოლოდ მეორე მეკარეა (1966 წლიდან), რომელმაც ფინალურ ეტაპზე საკუთარი შეცდომის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. პირველი ფრანგი ჟოელ ბატსი გახლავთ, 1986 წელს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.

2: ლეო მესი მხოლოდ მეორეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა (მატჩისშემდგომი სერიის ჩაუთვლელად). არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა შჩესნიმდე ისლანდიელთა გოლკიპერს ვერ აჯობა ოთხი წლის წინ, რუსეთში.
მესიმ სულ სამჯერ შეასრულა პენალტი ფინალური ეტაპის თამაშებში და ორჯერ ვერ გაიტანა. უარესი შედეგი აქვს განელ ასამოა გიანს, რომელმაც 4 პენალტიდან მხოლოდ 2 გამოიყენა.

3: პოლონელთთან მესიმ 22-ედ ითამაშა ნაკრების მაისურით ფინალურ ეტაპზე და დიეგო არმანდო მარადონას „არგენტინული“ რეკორდი ერთი თამაშით გააუმჯობესა.

4: ალექსის მაკალისტერი 61-ე არგენტინელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ამ შედეგით არგენტინამ იტალიას გაასწრო – 60. მათზე წინ მხოლოდ ბრაზილია (83) და გერმანიაა (77).

5: 21 წლის და 317 დღის ენცო ფერნანდესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელია ლეო მესის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. სუპერვარსკვლავი 2006 წელს, ნიდერლანდელთა წინააღმდეგ 18 წლის და 362 დღის იყო.

6: როდრიგო დე პაულმა მთელი თამაშის განმავლობაში 137-ჯერ გადააწოდა ბურთი თანაგუნდელებს და ეს არგენტინის ნაკრების რეკორდია. ასეთ დაწვრილებით სტატისტიკას მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატიდან ითვლიან.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 1 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian