კატარი 2022: ლურჯი სამურაები

იაპონიამ პირველად მოიგო ჯგუფი…
იაპონია პირველია ისტორიაში, რომელმაც მაინც დაამარცხა მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სათამაშო დროის მხოლოდ 17.7% ფლობდა ბურთს…
ფიფას ოქროს თასის გათამაშებას მხოლოდ ორი შემთხვევა ახსოვს, როცა გუნდმა 700 და მეტი ზუსტი პასი შეასრულა, მაგრამ მაინც წააგო – ესპანეთი და გერმანია. ორივეს იაპონიამ აჯობა…
იაპონია მხოლოდ და მხოლოდ მესამეა, რომელმაც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე ორი ისეთი თამაში მოიგო, რომლის პირველი ტაიმი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა…

ეს საინტერესო ამბები გუშინ ამოვიკითხე, E ჯგუფის მატჩების დასრულებისთანავე. ოთხივე მონაწილე ლამის ბოლო წუთამდე იბრძოდა მერვედფინალისთვის და რა გასაკვირია, რომ მშვენიერი თამაშები ვნახეთ.

ესპანეთს მერვედფინალში ვხედავდი, გერმანიის ზედიზედ მეორე კრახი დიდი მოულოდნელობაა, აი იაპონია კი, ჩემი დაკვირვებით, კატარი 2022-ის მთავარი მშვენებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ლურჯი სამურაები მხოლოდ ესპანეთ-გერმანიის ძლევით არ დაკმაყოფილდებიან და ოთხი წლის წინანდელ შედეგსაც გააუმჯობესებენ. 2018 წლის მერვედფინალი ბელგიასთან ბევრს გემახსოვრებათ – ის ჭიდილი ტურნირის ერთ-ერთი მშვენება იყო და მაშინ იაპონიას სულ ცოტა დააკლდა ისტორიულ მეოთხედფინალამდე.

ამ წუთებში ბელგია უკვე ბარგს ალაგებს, ხოლო იაპონია მერვედფინალისთვის ემზადება. კი, ხორვატია ფავორიტია, სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, ზლატკო დალიჩი კვლავ მთავარი მწვრთნელია და ბიჭებიც ისევ ლუკა მოდრიჩს გაჰყავს მონდორზე, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშამდელი ამბებია, ხოლო რა მოხდება ალ ვაკრას მწვანე მინდორზე, არ ვიცით. თან, ხორვატების ვიცე-ჩემპიონობიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა, დრო კი არც ბალკანელებს ინდობს – თეთრ-წითლების თამაშის ხარისხი გაუარესდა, ტემპიც აშკარად შემცირდა…

იაპონიამ და ხორვატიამ ჯგუფში 4-4 გოლი გაიტანეს, ოღონდ სხვაობა ისაა, რომ ჰაჯიმე მორიასუს ბიჭებმა მსოფლიოს ჩემპიონებს უსახსოვრეს 2-2 გოლი, ბალკანელებმა კი მხოლოდ წყალწაღებული კანადელები დაიბრიყვეს. მეტყველი ფაქტია.

როგორც არ უნდა დასრულდეს იაპონია-ხორვატიის მერვედფინალი, აზიელები ყველა შემთხვევაში პატივისცემას იმსახურებენ.

იმიტომ, რომ სამაგალითოდ ერთიანები არიან.

იმიტომ, რომ გამორჩეულად კულტურული გულშემატკივრები ჰყავთ.

იმიტომ, რომ თამაში სიხარულს ანიჭებთ.

იმიტომ, რომ ბოლომდე იბრძვიან.

როცა ამას ვამბობ, გერმანიასთან და ესპანეთთან შემოტრიალებულ თამაშებზე უფრო იმ ეპიზოდს ვგულისხმობ, უნაი სიმონის კარში მეორე გოლი რომ მოჰყვა – კაორუ მიტომამ გარისკა, ერთი შეხედვით განწირული სიტუაციიდან მიაწოდა ბურთი აო ტანაკას და მანაც შეაგდო. ესპანელებმა ხელები აღმართეს – გადასულიაო, მგონი ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ დაილოცოს ტექნოლოგიები – მსაჯს უთხრეს გოლიაო და ტაბლოზეც 2:1 აინთო.

ბძენმა ბრძანა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

იაპონიაში ეს ძალიან კარგად იციან. და არც ერთი მიზნისთვის გაერთიანებაც ესწავლებათ – ტოკიოს ქუჩებში გადაღებული ეს ფოტოები, ვფიქრობ, ამის დასტურია.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 დეკემბერი)
ფოტო:
Japan Football Federation

ka_GEGeorgian