დაკარის რალი 2013: პეტრანსელის მეთერთმეტე ტრიუმფი!
19 იანვარს, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ტრადიციული ავტორალი დაკარი დასრულდა. ორი კვირის წინ, პერუს დედაქალაქ ლიმაში დაწყებულ ავტოგადარბენაში 448 მოტოციკლი და ავტომობილი ჩაერთო, მთავარი პრიზები კი გამოცდილმა პილოტებმა მოიპოვეს: ყველაზე პრესტიჟულ, ავტომობილის კლასში ფრანგმა სტეფან პეტრანსელმა და ჟან-პოლ კოტრემ იპირველეს, მოტომრბოლებს შორის კი საუკეთესო დრო ასევე ფრანგმა სირილ დეპრემ აჩვენა.
მოტოციკლეტის კლასში დეპრემ შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა. ისევე როგორც 2012 წელს, ფრანგმა კვლავ KTM 450-ით აჩვენა საუკეთესო დრო: 43 საათი, 24 წუთი, 22 წამი. მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა, პორტუგალიელმა რუბენ ფარიამ დაიკავა (43:35:05), მესამე კი ასევე KTM-ით მოასპარეზე ჩილელი ფრანსისკო ლოპესი იყო (43:32:10).
39 წლის სირილ დეპრემ მეცამეტედ იასპარეზა დაკარზე და მე-5 ტიტული მოიპოვა. აქამდე მან 2005, 2007, 2010 და 2012 წლებში იმარჯვა. ამის გარდა მის აქტივში ამდენივე პოდიუმია: 2003, 2006, 2009 და 2011 წლებში მეორე იყო, 2004 წელს კი მესამე. საერთო ჯამში მან დაკარის 31 ეტაპის მოგება მოახერხა.
დეპრეს 5 გამარჯვება შთამბეჭდავია, მაგრამ საუკეთესო შედეგი მაინც არაა: 1991, 1992, 1993, 1995, 1997 და 1998 წლებში მოტოშეჯიბრება 6-ჯერ მოიგო სტეფან პეტრანსელმა, რომელიც კარგა ხანია ავტომობილით ასპარეზობს და… კვლავ იგებს.
2012 წლის დარად, პეტრანსელმა და ჟან-პოლ კოტრემ კვლავ ბრიტანული მინის მოდელით იასპარეზეს და ისევ გაიმარჯვეს. ფრანგებმა დისტანციის დაფარვას 38 საათი, 32 წუთი და 29 წამი მოანდომეს. სამხრეთაფრიკელი ჟინიელ დე ვილიერსის და გერმანელი დირკ ვონ ზიცევიცის წყვილი (ტოიოტა) გამარჯვებულებს თითქმის საათით ჩამორჩა – 39:15:01. მესამე ადგილზე მინის რუსი პილოტები გავიდნენ – ლეონიდ ნოვიცკიმ და კონსტანტინ ჟილცოვმა ტრასა 40:01:01 საათში გაიარეს.
სტეფან პეტრანსელი დაკარის ლეგენდაა: სხვას არავის მოუგია რალი 11-ჯერ! მოტომრბოლთა შორის ხსენებული 6 ტრიუმფის გარდა, ფრანგმა ავტომობილების კლასში მეხუთედ გაიმარჯვა: 2004, 2005 და 2007 წლებში მან მიცუბიში პაჯეროთი აჩვენა საუკეთესო დრო, შარშან და წლეულს კი მინით. მოტოთი ასპარეზობისას პეტრანსელმა დაკარის 33 ეტაპი მოიგო, ავტომობილით – უკვე 29.
კვადროციკლების კლასში არგენტინელმა მარკოს პატრონელიმ (იამაჰა) გაიმარჯვა – 49:42:42. მან თითქმის ორი საათით აჯობა ჩილელ იგნასიო კასალეს (იამაჰა) – 51:33:17. მესამე იამაჰას კიდევ ერთი პილოტი, პოლონელი რაფალ სონიკი იყო (52:59:31). ეს მარკოს პატრონელის მეორე ტრიუმფია – საჩემპიონო 2010 წელსაც იამაჰას მართავდა.
სატვირთო ავტომობილებში ჩემპიონის ტიტული რუსეთის კამაზმა დაიბრუნა. სახელგანთქმულმა ავტოკონცერნმა წლეულს ძალიან ძლიერი შემადგენლობა მიავლინა დაკარზე და შედეგიც საკადრისი მიიღო: მეორე-მესამე ადგილებიც კამაზის მძღოლებმა დაიკავეს – ედუარდ ნიკოლაევის ეკიპაჟი პირველი იყო (39:41:43სთ), აირატ მარდეევისა – მეორე (40:18:53), ანდრეი კარგინოვის კი მესამე (40:19:40).
დაკარის ავტორალი 34-ედ გაიმართა, სამხრეთ ამერიკაში კი ზედიზედ მეხუთედ.
სამწუხაროდ, რბოლის ორგანიზატორებმა ტრაგედია ვერც წლეულს აირიდეს: 11 იანვარს, ჩილეს პოლიციის მანქანასთან შეჯახების შემდეგ ფრანგი მოტომრბოლი თომას ბურჟინი გარდაიცვალა. ტრაგედიამდე ის საერთო ჩათვლაში 68-ე ადგილზე იყო.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2013)