კალათბურთელი და ომის ღმერთი

ამერიკელ ქალ კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რიო დე ჟანეიროს (2016) და ტოკიოს (2020) ოლიმპიადების ჩემპიონი, 2014 და 2018 წლების მსოფლიო პირველობის ოქროსმედალოსანი ბრიტნი გრაინერი რუსეთის ციხიდან რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.

ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გადაღებული ფოტოც გამოფინა ტვიტერზე, სადაც ის მეუღლესთან, კამილა ჰარისთან და გრაინერის ცოლთან, შერილთან ერთადაა აღბეჭდილი. „მცირე ხნის წინ ვესაუბრე ბრიტნი გრაინერს. ის უსაფრთხოდაა, თვითმფრინავშია და შინ ბრუნდება“, – ეს სიტყვები ერთვოდა ბაიდენის ფოტოს.

გრაინერი 2015 წლიდან თამაშობდა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის საკალათბურთო კლუბში და თებერვლის დასაწყისში, სეზონის განახლებამდე კვლავ ჩავიდა რუსეთში. მაგრამ სპორტსმენი აეროპორტშივე დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერებების (ჰაშიშის ზეთი) კონტრაბანდის ბრალდებით. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ეს ამბავი საინფორმაციო სააგენტოების პირველი გვერდიდან მოისროლა. გრაინერის საქმე თებერვლის შემდეგ 4 აგვისტოს შეგავხსენეს, როცა ხიმკის სასამართლომ 32 წლის კალათბურთელი დამნაშავედ სცნო და 9 წლით გამოკეტა საპატიმროში.

მაგრამ ერთია სააგენტოები და მეორე ამერიკის ხელისუფლება: საქმეში სათანადო ხალხი ჩაერთო და ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დღეს გრაინერი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს. უფრო სწორედ ოლიმპიური ჩემპიონი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაიცვალა. ამ უკანასკნელს „იარაღის ბარონის“ და „სიკვდილით მოვაჭრის“ სახელითაც იცნობენ.

55 წლის ბუტი საბჭოთა პერიოდში სამხედრო თარჯიმანი გახლდათ, რკინის ფარდის რღვევის შემდეგ კი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ტონობით იარაღი გაასხვისა. 2008 წელს ის ტაილანდის პოლიციამ ბანგკოკში დააკავა, რასაც ამერიკაში ექსტრადიცია მოჰყვა, 2012 წელს კი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 25 წლით.
ომის ღმერთი (Lord of War) – ასე ეწოდება ენდრიუ ნიკოლის მიერ 2005 წელს გადაღებულ ფილმს, რომელშიც მთავარ გმირს, რუს იური ორლოვს ნიკოლას კეიჯი განასახიერებს. ფილმი სწორედ ბუტის ცხოვრებაზეა…

მოკლედ, ასეთ ამბავია – იარაღით მოვაჭრე მოსაწევის მოტრფიალე კალათბურთელში გაიცვალა. სად ერთის დანაშაული და სად მეორის, მაგრამ ასეა და რა გინდა რო ქნა? ამის მერე კიდევ იტყვიან ზოგიერთები, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. არ გამოდის ეგ ამბავი.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 8 დეკემბერი)
ფოტო:
Reuters

ka_GEGeorgian