მეექვსე მსოფლიო

რამდენიმე საათის წინ ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს ლაშას მეექვსე მსოფლიო ტრიუმფია და ამის შესახებ უკვე ბევრმა დაწერა, თუმცა ამ საოცარი შედეგით მან ერთი ქართული რეკორდი რომ გაიმეორა, მგონი არავის აღუნიშნავს. ყოველ შემთხვევაში მე ვერსად ამოვიკითხე და თუ ვცდები, მაპატიეთ.
საქმე ისაა, რომ 2022 წლის 16 დეკემბრამდე ქართული სპორტის ისტორიაში ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იყო, ახლა კი ორია – ლაშაც მის გვერდით დადგა. ოღონდ აქვე უნდა დავაზუსტო: სალუქვაძემ ექვსიდან ხუთი ოქროს მედალი გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა, ძალოსნობაში კი გუნდური ასპარეზობა არ ტარდება და შესაბამისად, ლაშას ექვსივე ოქროც პირადი პირველობისაა.

215კგ ატაცში, 251 აკვრაში და ორჭიდის ჯამში დაძლეული 466 კილოგრამი. ასეთია მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად სამჯერ აღიარებული ლაშა ტალახაძის შედეგი. ეს, რა თქმა უნდა, ვერაა ისეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი, როგორიც შარშან, ტოკიოს ოლიმპიადაზე ვიხილეთ, მაგრამ მთავარი კონკურენტების, ბაჰრეინში გადაბარგებული სომეხი გორ მინასიანის და მისი თანამემამულის ვარაზდატ ლალაიანის დასამარცხებლად საკმარისი გამოდგა.

კოლუმბიური ტრიუმფით (მსოფლიო ჩემპიონატი ბოგოტაში გაიმართა) ლაშამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ყველა დროის საუკეთესო ძალოსნის არაოფიციალური წოდებისკენ, რადგან ის მხოლოდ მეცხრე ათლეტი გახდა, რომელმაც ამ სახეობაში (სულ ერთია რომელ წონაში) ექვსჯერ მოიგო მსოფლიოს ოქრო!

ასევე: ვასილი ალექსეევის (საბჭოთა კავშირი) და ტომი კონოს (აშშ) შემდეგ ლაშა მხოლოდ მესამეა, რომელმაც ექვსი მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მოიგო!

და კიდევ: ალექსეევის გარდა ლაშა ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ რვა უდიდეს შეჯიბრებაზე იპირველა, ოლიმპიადებს და მსოფლიო ჩემპიონატებს ვგულისხმობ.

აქვე მეორე დაზუსტება: ვასილი ალექსეევი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონად ითვლება – 1970-77 წლებში მას ბადალი არ ჰყავდა მძიმე წონაში (+110კგ). მაგრამ საქმე ისაა, რომ ხსენებულ პერიოდში მან მსოფლიოს ექვსი ჩემპიონატი და ორი ოლიმპიადა მოიგო, უბრალოდ 1972 წელს მიუნხენსა და 1976 წელს მონრეალში მოგებულ ოლიმპიურ ოქროსთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის წოდებაც მიენიჭა. 1964-1984 წლების ოლიმპიადები ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატიც იყო და ამიტომ.

დასასრულს, ისევ ქართული სპორტის ისტორიაზე: ლაშას დღევანდელი ჩემპიონობა ძალოსანთა მე-11 მსოფლიო ოქროა და ამ შედეგით ძალოსნები მხოლოდ თავისუფალი (28) და ბერძნულ-რომაული (24) სტილის მოჭიდავეებს ჩამორჩებიან.

და ბოლოს: მალე სხვადასხვა ვერსიით საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებს გამოავლენენ და მინდა იმ რეფერენდუმების ორგანიზატორებს და მონაწილეებს შევახსენო, რომ 2022 წელს მხოლოდ ორმა ათლეტმა მოახერხა მთავარი შეჯიბრებების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოგება – ლაშა ტალახაძემ და ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).

თუ სპორტში მთავარი შედეგია (და ჩემთვის ასეა), მაშინ წლის სპორტსმენის ტიტულს ლაშა და ტატო თანაბრად იმსახურებენ. იმედია ასეც მოხდება და ახლო წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 დეკემბერი)
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

ka_GEGeorgian