ინტერი-ნაპოლის მოლოდინში

მსოფლიო ჩემპიონატი ოთხი დღის წინ კი დასრულდა, მაგრამ ისევ ხვიჩა კვარაცხელიაზე და ნაპოლიზე უნდა გადავერთო. 4 იანვარს სერია განახლდება და გული მიგრძნობს, წინ იმაზე უკეთესი ამბები გველის, ვიდრე კატარამდე ვნახეთ.
თავდაპირველად იმას ვიტყვი, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაჯილდოება გაიმართა და ხვიჩა წლის სპორტსმენად დასახელდა სათამაშო სახეობებში. მშვენიერი გადაწყვეტილებაა იმის გათვალისწინებით, რომ მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავდა, თუნდაც მორაგბე და კალათბურთელი. სეოკის ლამაზი ჯილდო ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ჩაიბარა.

ახლა რაც შეეხება ნაპოლის: იძულებითი შესვენების პერიოდში ლუჩანო სპალეტის გუნდმა ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ორი თურქულ შეკრებაზე, ორიც შინ, დიეგო მარადონაზე. პირველი ორი მატჩი ანტალიასპორთან და ინგლისის კრისტალ პალასთან ნაპოლიმ 3:2 და 3:1 მოიგო, ბოლო ორი კი, ესპანეთის ვილიარეალთან და წუხელ, ფრანგულ ლილთან, წააგო – 2:3 და 1:4.

ხვიჩამ ოთხივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო და ერთადერთი გოლი შეაგდო, ვილიარეალთან პენალტით. გუშინ, ფრანგებთან პირწმინდად წაგებულ მატჩში, სპალეტიმ ჩვენიანი 83-ე წუთზე გაიყვანა მინდვრიდან, მატჩის შემდეგ კი შეაქო, ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და ჩემპიონატის განახლებას სათანადოდ შეხვდებაო.

ლილთან თამაშის შემდეგ მწვრთნელმა ბიჭებს მადლობა გადაუხადა, პრეზიდენტის მილოცვაც გადასცა და ყველანი საშობაო არდადეგებზე დაითხოვა.

აი გაძეტა დელო სპორტმა და კორიერე დელო სპორტმა კი დღევანდელ ნომერში ნეაპოლელები გააკრიტიკეს, ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი, თორემ ლილთან რაც ითამაშეს, იმ ფეხბურთით ლიდერობას ვერ შეინარჩუნებენო. ორივე გამოცემამ პირველ გვერდზე ნაპოლის თემას ხვიჩას ფოტო დაურთო.

მოკლედ, ასეთი ამბებია. მალე ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოება გაიმართება და გული მიგრძნობს, ხვიჩა 2023 წელს კიდევ ერთი პრიზით შეხვდება.

სერია ა კი დიდებული ჯახით დაგვიბრუნდება: 4 იანვარს, სან სიროზე, ინტერი-ნაპოლია.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 22 დეკემბერი)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian