ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #37: მოლდოვა 0:1 საქართველო

„იტალიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ ყიფიანს ვთხოვე, თუ შეიძლება, მოლდოვასთან მატჩისთვის არ გამომიძახოთ, აიაქსს ამ პერიოდში, 21, 24 და 27 სექტემბერს სამი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი და იქნებ შეღავათი გამიწიოთ, ამსტერდამში დავრჩები-მეთქი“.
ეს შოთა არველაძის სიტყვებია. ეროვნული გუნდის თავდამსხმელს სპორტული ჟურნალისტი კობა ინასარიძე ესაუბრა, მას შემდეგ რაც ხმები გავრცელდა, რომ შოთას არგამოძახების გამო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელს დავით ყიფიანს უსაყვედურეს.

ნაკრების თავკაცმა საფრანგეთი 1998-ის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა მატჩისთვის შერჩეული ფეხბურთელების სია რვა დღით ადრე გამოაქვეყნა. 23-კაციან ჩამონათვალში შოთა არველაძეც მოხვდა, თუმცა ერთი დღის შემდეგ ყიფიანმა წერილობით აცნობა ფედერაციას, რომ ამსტერდამის აიაქსის შემტევი მოლდოველთა წინააღმდეგ არ ითამაშებდა.

მწვრთნელის და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის განცხადებები კიშინიოვური დაპირისპირების წინა დღეს, 23 სექტემბრის სარბიელში გამოქვეყნდა.

დავით ყიფიანმა ფეხბურთის ფედერაციას აცნობა:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ბ-ნ დავით კვინიკაძეს,
ბატონო დავით!
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობის, ამსტერდამის აიაქსის და ციურიხის გრასჰოპერსის მოლაპარაკების საფუძველზე ფეხბურთელი შოთა არველაძე არ იქნება გამოძახებული ნაკრების შეკრებაზე, ხოლო ფეხბურთელები გიორგი ნემსაძე და მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდებიან ნაკრებში 1997 წლის 22 სექტემბერს.
გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ გუნდებს.
მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი; 1997 წლის 17 სექტემბერი.

გენერალურმა მდივანმა მას ამ განცხადებით უპასუხა:
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ დავით ყიფიანს,
ბატონო დავით!
როგორც ჩვენთვის თქვენი წერილობითი თხოვნით გახდა ცნობილი, მოლდოვის ეროვნულ ნაკრებ გუნდთან სათამაშოდ არ იწვევთ აიაქსის მოთამაშეს შოთა არველაძეს, ხოლო თბილისში შეკრებაზე კი არ იწვევთ გრასჰოპერსის ფეხბურთელებს გიორგი ნემსაძეს და მიხეილ ყაველაშვილს.
სფფ-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ასეთი მოქმედებით სერიოზულად შეეშლება ხელი ჩვენს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, რაც უარყოფითად იმოქმედებს მოლდოვის ნაკრებ გუნდთან თამაშის ხარისხზე და შედეგზე, რასაც სფფ და ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრები უდიდეს ყურადღებას აქცევენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით წინადადებას გაძლევთ სამივე ფეხბურთელი მოიწვიოთ ნაკრები გუნდის შეკრებაზე თბილისში და შექმნათ ყველა პირობა მოლდოვის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდთან წარმატებით გამოსასვლელად.
დავით კვინიკაძე, სფფ-ის გენერალური მდივანი.

საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა: შოთა არველაძე ამსტერდამში დარჩა, ნემსაძე და ყაველაშვილი კი გუნდს მხოლოდ კიშინიოვში შეუერთდნენ. ამით ყიფიანსა და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო გამწვავდა.

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები მოლდოვის დედაქალაქში 22 სექტემბერს ჩავიდნენ. ყიფიანის ბიჭები კიშინიოვის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში, ციაბეკოში დაბინავდნენ, ვლადიმერ გუცაევის გუნდი კი კოდრუში.

„ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაცია სათანადო ყურადღებას არ გვაქცევს. ორი წლით ადრე ყველაფერი შეუდარებლად კარგად იყო, ახლა კი სავალალო მდგომარეობაში ვართ და ცუდი შედეგებიც ამიტომ გვაქვს“, – მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი თანაშემწე ალექსანდრ სპირიდონი ფედერაციის საქმიანობით უკმაყოფილო იყო და ამას არათუ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში, მერაბ მამულაშვილთან ინტერვიუშიც არ მალავდა. სარბიელმა მოლდოვაში სწორედ მერაბი მიავლინა.

ეროვნულ ნაკრებთა თამაშის წინა დღით ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაუმარცხებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა, თუმცა ვლადიმერ გუცაევმა მოლდოვური 0:0 პლუსად არ ჩათვალა და თქვა, რომ მის ბიჭებს მოგება შეეძლოთ.

კარგი საგოლე მომენტები ჰქონდათ რატი ალექსიძეს, მიხეილ აშვეთიას, დავით ჩალაძეს და დავით მუჯირს, თუმცა ვერცერთმა გაიტანა გოლი. მწვრთნელიც უკმაყოფილო დარჩა და თქვა, რომ მხოლოდ ქულა წარმატებად ვერ ჩაითვლება. ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩს დავით ყიფიანიც დაესწრო.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, კახი ცხადაძის არყოფნაში ეროვნული გუნდი მინდორზე გიორგი ნემსაძემ გაიყვანა, ვინც სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი გახლდათ – შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ნახევარმცველმა 24 სექტემბერს 27-ედ მოირგო ეროვნული გუნდის მაისური. ნაკრებიდან ცხადაძის შემდეგ სწორედ ნემსაძე გახდა გუნდისთავი, თუმცა იმ დღეს მან პირველად მოირგო სამკლაური და ისტორიაში მერვე კაპიტანიც გახდა.

„რუმინელი ებრაელი მსაჯის დანი კორენის სასტვენი და აქაურ ქომაგთა გამაყრუებელი ყიჟინა ერთი იყო. გულშემატკივრების მხარდაჭერით შეგულიანებული მასპინძლები ისე ეკვეთნენ ჩვენებურთ, უნებლიეთ მატჩის წინ იონ კარასის ნათქვამი გამახსენდა – რა თქმა უნდა მოსაგებად ვითამაშებთ, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო“, – წერს მერაბ მამულაშვილი 25 სექტემბრის სარბიელში (#116) გამოქვეყნებულ მატჩის მიმოხილვაში „ერთმანეთს ნერვებს ნუ მოვუშლით“ და იქვე თემურ ქეცბაიას მიერ მეათე წუთზე გატანილ გოლს აღწერს, რომელიც საბედნიეროდ, ერთადერთი გამოდგა:

„ის იყო მოლდოველები გვარიანად გახურდნენ, რომ ფეხბურთელებს, თავიანთ გულშემატკივრებიანად, ყველაფერი წყალში ჩაეყარათ: საათს დავხედე, მეათე წუთი ახალი დაწყებული იყო, მოლდოველთა მორიგი იერიში სტოპერად გამწესებულმა ლობჟანიძემ ჩაჭრა, თავადვე დაიძრა და აჩიკოს გადააწოდა, უფრო სწორედ, თავის დაწყებული მას გააგრძელებინა, აჩიკომაც ორი მცველი მშვენივრად მოიშორა, ქეცბაიას ასევე ორ მცველს შუა გაუჭრა და გოლმაც არ დააყოვნა – თემურმა ისე აუღელვებლად დაჰკრა ბურთს, წინ გამოსულ რომანენკოს შანსი აღარ დაუტოვა. სტადიონი ერთბაშად დადუმდა“.

მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კართან ყველაზე სახიფათო მომენტი 43-ე წუთზე შეიქმნა, როცა ნიკა ტოგონიძემ ბურთის თამაშში შეტანა დააგვიანა და არბიტრმაც თავისუფალი დარტყმა დანიშნა. მასპინძელთა შეტევა კალაძემ მოიგერია, რომელიც ბურთს გადაეფარა.

მეორე ნახევარში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, შუაში კი, სამი წუთის ინტერვალით, მსაჯმა ორი ქართველი გააძევა: ჯერ კალაძე, რომელიც უხეშ თამაშში დაადანაშაულა, შემდეგ კი ქინქლაძე, ვისაც მასპინძელთა კაპიტანთან მუშტების ქნევა არ აპატია.

მიუხედავად იმისა, რომ ცხრა ფეხბურთელით დაასრულეს თამაში, ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს, დავით ყიფიანი კი, რომელიც არასდროს აფასებდა მსაჯის მოქმედებას, გაბრაზებას ვერ მალავდა:

„ცუდი მსაჯობა როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი? თან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშია, რაღაც მნიშვნელობა ხომ ამასაც აქვს? თავისუფლად შეიძლებოდა დღევანდელი მატჩი წაგვეგო და ყველაფერი მსაჯის ბრალი იქნებოდა. ცხრა კაცით რატომ დაგვტოვა, ვერაფრით გამიგია. თუ უხეშობის აღკვეთა სურდა, ყვითელი ბარათის გამოყენებაც შეიძლებოდა“.

ასე იყო თუ ისე, მისმა გუნდმა გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვიდი ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე მყოფ პოლონეთს წამოეწია. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი ჩვენმა გუნდმა სწორედ პოლონეთთან თბილისური თამაშით დაასრულა, რითაც დამთავრდა კიდეც დავით ყიფიანის პირველი მოღვაწეობა ნაკრებში. ამაში თავის როლი ფედერაციასთან ზემოხსენებულმა დაპირისპირებამაც ითამაშა, თუმცა ამაზე მომდევნო წერილში, საახალწლოდ.

24 სექტემბერი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. მოლდოვა, კიშინიოვი, რეპუბლიკანი. 5 500
მოლდოვა 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 თემურ ქეცბაია (10, არჩილ არველაძის პასით)
მოლდოვა
: დენის რომანენკო, ოლეგ ფისტიკანი (სერგეი ჩირილოვი 68), იონ ტესტიმიცანუ, ვიტალი კულიბაბა, ვლადიმირ გაიდამაშჩუკი (რადუ რებეჟა 58), სერგეი სტროენკო, ალექსანდრუ კურტეიანი (კაპ), ალექსანდრუ პოპოვიცი, იური მიტერევი (ბორის ჩებოტარი 56), სერგეი როგაჩოვი, სერგეი კლეშჩენკო
მწვრთნელი: იონ კარასი
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, გელა შეყილაძე, კახი კალაძე, გიორგი ჩიხრაძე, გოგა გახოკიძე (გოჩა ჯამარაული 88), გიორგი ნემსაძე (კაპ), მიხეილ ყაველაშვილი (მურთაზ შელია 80), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე (ვალტერ გუჩუა 68)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
გაფრთხილება: გელა შეყილაძე, სერგეი სტროენკო
გაძევება: კახი კალაძე (64), გიორგი ქინქლაძე (70), ალექსანდრუ კურტეიანი (70)
მსაჯები: დანი კორენი; შაბტაი ნახამიასი, იოსეფ ბანისტი (ისრაელი)

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 23 დეკემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; მატჩის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian