რიო 2016: ქალაქი ბეწვის ხიდზე
ოლიმპიადა ყველაზე დიდი სპორტული შეჯიბრია, რომელიც არასრული სამი კვირის განმავლობაში 11 ათასამდე სპორტსმენს აერთიანებს. ამას დამატებული მწვრთნელები, მომსახურე პერსონალი, საორგანიზაციო კომიტეტი, მოხალისეები… ერთი სიტყვით, ოლიმპიადა მეგატურნირია და რამდენადაც დიდია მასშტაბი, მით უფრო მეტია… ხარჯიც.
დროის სვლასთან ერთად ასეთი შეჯიბრების მასპინძლობა ფუფუნების ტოლფასია და ამიტომაცაა, რომ არაერთი დიდი ქალაქი თავს იკავებს მისი მიღებისგან. მაგალითად მარადიული რომიც გამოდგება, რომელიც 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია. იტალიის დედაქალაქის ახალმა მერმა ვირჯინია რაგიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რომი, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო (არაოფიციალური ცნობით დედაქალაქის დავალიანება 13,1 მილიარდი ევროა), სავარაუდოდ, უარს იტყვის თამაშებისთვის ბრძოლაზე.
7 წლის წინ რიო დე ჟანეიროს მესვეურებმა ჩათვალეს, რომ ქალაქი მზად იყო ოლიმპიური გამოწვევისთვის, თუმცა თამაშების მასპინძლად დასახელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი და ნავთობით მდიდარი შტატის ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ თამაშებმა, შესაძლოა, აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს ქალაქს. ცხადია, ფინანსური ზარალი იგულისმება.
ოლიმპიადის დაწყებამდე თვენახევრით ადრე რიო დე ჟანეიროს შტატის გუბერნატორმა ფრანსისკუ დორნელეშმა გაზეთ ო გლობოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ოლიმპიადის დაწყებამდე მცირე დრო რჩება, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შეგვიძლია ყველა დროის საუკეთესო ოლიმპიადა ჩავატაროთ, თუმცა საამისოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აუცილებლია. თუ ასე არ მოხდა, ოლიმპიადა, შესაძლოა, უდიდეს პრობლემად გვექცეს“. გუბერნატორმა იქვე განმარტა: შტატის მესვეურებს ფედერალური ბიუჯეტიდან ჯერაც არ მიუღიათ ის თანხა, რაც თამაშების უმაღლეს დონეზე ჩატარების გარანტი იქნება.
ფრანსისკუ დორნელეშის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფინანსური საკითხი დროულად არ მოგვარდა, რიო დე ჟანეირო – ქალაქიც და შტატიც, არც მეტი, არც ნაკლები, ბანკროტად გამოცხადდება. გუბერნატორმა ხსენებულ თემაზე საუბრისას მონრეალის ავადსახსენებელი მაგალითიც მოიშველია. ეს კანადური ქალაქი, რომელმაც 1976 წელს უმასპინძლა თამაშებს, არასწორად ჩატარებული საორგანიზაციო სამუშაოების გამო, უმძიმეს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მონრეალი გახდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ოლიმპიადამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოუტანოს მასპინძელ ქალაქს. კატასტროფა და სხვა არაფერი ეწოდება იმას, როცა თამაშების გამო აღებულ ფინანსურ ვალდებულებას 30 წელიწადი ვერ გაუმკლავდები.
თუმცა მონრეალის და რიო დე ჟანეიროს ფინანსური პრობლემების შედარება მაინც არ შეიძლება. თუნდაც იმიტომ, რომ 1976 წლის შემდეგ ზუსტად ოთხი ათეული წელიწადი გავიდა, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა და ოლიმპიადის „ღირებულებაც“ გაიზარდა.
მაინც რა თანხის მიღებაზე საუბრობდა რიო დე ჟანეიროს შტატის გუბერნატორი? გაზეთ Financial Time-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 850 მილიონ დოლარს, თამაშების საერთო ბიუჯეტის ბოლო ნაწილს. რაც შეეხება რიო 2016-ის მთლიან ღირებულებას, არაოფიციალური გათვლით ის 6,3 მილიარდი დოლარია. ეს, რა თქმა უნდა, სასაცილო თანხაა ორი წლის წინანდელ სოჭის ზამთრის თამაშებთან შედარებით – რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან სოჭი 2014-ის ორგანიზებაზე 21,9 მილიარდი დაიხარჯა! ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში სოჭი 2014 ყველა დროის უძვირფასესი თამაშებია!
ოლიმპიადის მასპინძელ პირველ სამხრეთამერიკულ ქალაქს – რიო დე ჟანეიროს, საორგანიზაციო ხარჯი დიდწილად შეუმსუბუქა ორი წლით ადრე ბრაზილიაში (და მათ შორის რიოში) გამართულმა უდიდესმა საფეხბურთო ტურნირმა – ფიფას ოქროს თასის გათამაშებამ, ასევე 2007 წელს იქვე ჩატარებულმა პანამერიკულმა თამაშებმა.
საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულად რეკონსტრუირებულ მარაკანაზე რომ არაფერი ვთქვა, კეთილმოეწყო ქალაქის საერთო ინფრასტრუქტურა, თითქმის მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, გაუმჯობესდა მეტრო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა აეროპორტი.
და მაინც, ამდენი „საფეხბურთო სიკეთის“ მიუხედავად, რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მხოლოდ სპორტული არენების ასაშენებლად/სარემონტოდ, ასევე ოლიმპიური სოფლის ასაგებად და თამაშების მომსახურე პერსონალის სათანადოდ მოსამზადებლად 4,1 მილიარდი დოლარი დახარჯა!
კარსმომდგარი ოლიმპიადის საშეჯიბრო რუქა პირობითად 4 ნაწილად/რეგიონად შეიძლება დაიყოს: ბარას ოლიმპიური პარკი, კოპაკაბანა, დეოდორო და მარაკანა. ამას დამატებული 5 ქალაქში – დედაქალაქ ბრაზილიაში, ბელუ ორიზონტეში, მანაუში, სალვადორსა და სან პაულუში გადანაწილებული საფეხბურთო ტურნირი.
ფეხბურთის თემას მარაკანათი ამოვწურავ: ეს ლეგენდარული სტადიონი რიო 2016-ის მასპინძელი არენებიდან ყველაზე დიდია – 74 738 მაყურებელს იტევს. გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიების გარდა, იქ საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალები და ფინალები გაიმართება. სხვათა შორის, 1900 წლის ოლიმპიადის შემდეგ პირველად სწორედ რიოში მოხდება, რომ თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიები და მძლეოსანთა შეჯიბრები სხვადასხვა არენაზე ჩატარდება – მძლეოსნებს ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.
XXXI ოლიმპიადისთვის არაერთი ახალი სარბიელი აიგო. მაგალითად ძიუდოისტები, მოჭიდავეები, მოფარიკავეები, კალათბურთელები და ტაეკვანდოისტები კარიოკა არენის პირველ, მეორე და მესამე დარბაზებში იასპარეზებენ; საწყლოსნო სახეობებს წყალბურთელთა ჩათვლით ასევე ახალი ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს, ისევე, როგორც შეჯიბრებს ბალახის ჰოკეიში, ჩოგბურთში, ველოსპორტში, თანამედროვე ხუთჭიდში, გოლფსა და კანოე-კაიაკში. ყველა ნაგებობა ბარას ოლიმპიურ პარკშია გაერთიანებული და თამაშების დასრულების შემდეგ მთლიანი კომპლექსი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ ცენტრად გადაკეთდება. რაც შეეხება დროებით არენებს, ასეთი რამდენიმეა: პლაჟის ფრენბურთის არენა კოპაკაბანას პლაჟზე; 7-კაცა რაგბის მოედანი დეოდოროზე; საგზატკეცილო ველორბოლის ტრასა კოპაკაბანას პორტში და იქვე ტრიათლეტთა ზონა, ასევე ძალოსანთა დარბაზი რიოსენტროს მეორე პავილიონში.
ოლიმპიადა 5 აგვისტოს გაიხსნება, თუმცა თამაშების პროგრამით გათვალისწინებული სპორტული ასპარეზობები ხვალ, 3 აგვისტოს იწყება: ქალ ფეხბურთელთა ტურნირის 6 მატჩი გაიმართება, მათ შორის მასპინძლების და ჩინელების დაპირისპირება ჟოაო აველანჟის სახელობის სტადიონზე.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 2 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016