ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #42: ტუნისი 1:1 საქართველო

თებერვალში, ჯერ კიდევ მალტის საერთაშორისო ტურნირის წინ, ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ გუცაევმა განაცხადა, რომ გუნდი, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე ირანში ითამაშებდა. მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ირანელები ქართველებს ოთხთა ტურნირში იწვევდნენ, სადაც უნგრელებიც იყვნენ დაპატიჟებულნი.
ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. რატომ, ეს უცნობია და ალბათ, არც აქვს დიდი მნიშვნელობა. საბედნიეროდ, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა მაინც მოახერხეს გუნდისთვის მეტოქის მოძიება და ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ ითამაშა, ამჯერად ტუნისში.

2 მაისი შაბათი იყო და პირდაპირ ტელერეპორტაჟს სარბიელის დაცარიელებულ რედაქციაში ვუყურე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. თამაში ტუნისის ერთ-ერთმა არხმა გადმოსცა, საკაბელო ტელევიზია აიეტი ტვ-მ კი გულშემატკივრების ინტერესი გაითვალისწინა და ის არხი რამდენიმე საათით ჩაურთო აბონენტებს.

ვლადიმერ გუცაევმა გაფართოებული შემადგენლობა მატჩამდე ორი კვირით ადრე დაასახელა და იქვე დასძინა, რომ შეკრებაზე გამოძახებული ოცდაორი ფეხბურთელიდან ტუნისში მხოლოდ თექვსმეტი გაემგზავრებოდა. მწვრთნელის პირველი სია ასეთი იყო:

მეკარეები – ნიკა ტოგონიძე (ბათუმის დინამო), დავით გვარამაძე (რიგის სკონტო, ლატვია);
მცველები – გივი დიდავა, ნუგზარ ლობჟანიძე (ორივე თბილისის დინამო), გელა შეყილაძე (ბათუმის დინამო), კახი ცხადაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), ლევან სილაგაძე (სკონტო, ლატვია), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია);
ნახევარმცველები – გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი (ორივე თბილისის დინამო), გიორგი ნემსაძე (ციურიხის გრასჰოპერსი, შვეიცარია), გოჩა ჯამარაული (ტრაბზონსფორი, თურქეთი), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), გოგა გახოკიძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გიორგი ღუდუშაური (მოსკოვის ტორპედო, რუსეთი), გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);
თავდამსხმელები – შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი), მიხეილ აშვეთია (თბილისის დინამო), დავით ჩალაძე (ალანია, რუსეთი).

24 აპრილს, კლუბ ტოტო-ბამბოში გუცაევმა ტუნისთან ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა, ხოლო ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობთ ფიფას ფაქსის შესახებო, ეროვნული გუნდის თავკაცმა თავი აარიდა.

ფიფას გენერალური მდივნის მიშელ ცენ-რუფინენის ხელმოწერით დამშვენებული ფაქსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 16 აპრილს მიიღო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ ახსენებდა ქართველ კოლეგებს, რომ თბილისის დინამოს თბილისის მრეტებისთვის სრულად უნდა დაეფარა დავალიანება – 875 ათასი დოლარი, თან აუცილებლად 15 მაისამდე. იქვე ისიც ეწერა, რომ ფიფასთვის მისაღები იყო სფფ-ის წინადადება, რომლითაც დინამო თანხას ეტაპობრივად, სამ ნაწილად გადაიხდიდა. თუ ასე არ მოხდებოდა, საკითხს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი განიხილავდა. გეცოდინებათ, დინამო-მრეტების დაპირისპირება გიორგი ქინქლაძის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერის შემდეგ დაიწყო, 1995 წელს…

საქართველოს დელეგაცია ტუნისს მატჩამდე ერთი დღით ადრე, 1 მაისს ეწვია. საბაჟო ფორმალობების მოგვარების შემდეგ დამხვდურები და სტუმრები თამაშის მასპინძელი ქალაქისკენ, სუსიკენ დაიძრნენ.

ეროვნულ გუნდთან ერთად ტუნისს გაზეთ 11X11-ის ჟურნალისტი ლევან ტალახაძე ეწვია, რომლის ვრცელი რეპორტაჟი „ეს იყო ტუნისში“ 1998 წლის 8 მაისის (#57) ნომერში გამოქვეყნდა. ის წერდა:

„ისე მივდიოდით ქალაქ სუსისკენ, ერთი დასახლებული პუნქტიც არ შეგვხვედრია. ამით ცოტაოდენ შეცბუნებულმა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა, ბატონმა ვოვა პანოვმა მოსწრებულად იხუმრა, იქ სადაც მივდივართ, სტადიონი თუ არისო?! ქალაქ სუსაზე ჩვენი შავბნელი ფიქრების გაფანტვა გოლფის მოედნებმა დაიწყო. სპორტის ამ უცხო სახეობის გაზონები იყო პირველი ნიშანწყალი ევროპული ცივილიზაციისა. ქალაქის შესასვლელიდან უკვე მრავალკილომეტრიანი სასტუმროთა მწკრივები დაიწყო და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. ის, რომ ტუნისის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმი იყო, იქ გამგზავრებამდეც ვიცოდი, მაგრამ იმას, რაც იქ ივნახე, ნამდვილად არ მოველოდი“…

სასტუმროში დაბინავების შემდეგ ეროვნულმა გუნდმა მცირე ხანს დაისვენა, საღამოს კი თამაშის მასპინძელ ოლიმპიურ სარბიელს ეწვია. ამხანაგური შეხვედრა მეორე დღეს, შაბათს, ადგილობრივი დროით 17 საათზე იყო დანიშნული.

ოთხი წლით ადრე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა აფრიკის კონტინენტზე. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნიგერიასთან სტუმრობა ჩვენი ფეხბურთის ქომაგებს მწარედ გვახსოვდა – სუპერარწივებმა ხომ 5:1 გაანადგურეს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი.

ნიგერიის მსგავსად, ტუნისიც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იყო, ინგლისთან, რუმინეთთან და კოლუმბიასთან ჯგუფში პაექრობისთვის ემზადებოდა. საბედნიეროდ, ნიგერიული კოშმარი არ განმეორდა და ჩვენმა გუნდმა ამჯერად დაუმარცხებელმა დატოვა შავი კონტინენტი. ამ შედეგით ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა, თუმცა ალალად რომ ვთქვა, გუცაევის გუნდს ტუნისში გამარჯვება შეეძლო და ასე რომ მომხდარიყო, ზედიზედ მოგებათა რეკორდიც ექვსამდე გაიზრდებოდა.

ვლადიმერ გუცაევმა 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია: კარი გვარამაძეს მიანდო, დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეყილაძე გაამწესა, მარცხნივ კალაძე, ცენტრში კი ცხადაძის და სილაგაძის წყვილი დააყენა. ცხადაძემ მალტის ტურნირი გამოტოვა და, ალბათ, ამით თუ აიხსნება, რომ სუსის ოლიმპიურ სარბიელზე ჩვენი გუნდის კაპიტანი ნემსაძე გახლდათ. მან კობიაშვილთან, ჯამარაულთან და ქინქლაძესთან ერთად ითამაშა ნახევარდაცვაში. გამოკვეთილი ფორვარდი მხოლოდ შოთა არველაძე იყო, ქეცბაიას კი ფლანგებზე აქტიურობა დაევალა.

პირველი სახიფათო მომენტი ტუნისელებმა შექმნეს, თუმცა გვარამაძესთან პირისპირ გასულ თავდამსხმელს მიზანმა უმტყუნა. მასპინძლებს მომდევნო საგოლე მომენტი მეორე ნახევრის შუამდე აღარ შეუქმნიათ.

28-ე წუთზე ქინქლაძემ პირველად შეუტია ჩოქრი ელ უაერის კარს, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. საბედნიეროდ, მისი მეორე ცდა სასურველი შედეგით დასრულდა – ქართველთა ათიანი მარცხენა ფლანგზე იოლად გასცდა ორ მეტოქეს, ზედ საჯარიმოს ხაზიდან კი, ოთხ ტუნისელს შორის მოქცეულმა, ბურთს ტერფი ამოჰკრა და ელ უაერს თავზე გადაავლო – 0:1! ძალიან ლამაზი გოლი ვიხილეთ, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბურთია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

შესვენების შემდეგ სტუმრების თამაში ნელ-ნელა გაუარესდა და საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე გაშვებული გოლიც განვითარებული მოვლენების ლოგიკურ დასასრულად იქცა: სილაგაძემ და გვარამაძემ შეუთანხმებლად ითამაშეს, აშკარად შეცდნენ და ცარიელი კარის წინ ეულად მდგარ იმედ ბენ იუნესსაც ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია – 1:1.

გაზეთმა სარბიელმა თამაშის მიმოხილვაში „სუპერგოლის გატანაც ვიცით და… არც გაშვება დაგვვიწყნია“ (4 მაისი, 1998; #65) საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ასე დაახასიათა:

დავით გვარამაძე – გოლამდე თავი თამამად და ღირსეულად ეჭირა. ნაჯაფი მატჩის მიწურულსღა ჩაყარა წყალში, ზედმეტი ინიციატივა გამოიჩინა, როცა გამოსვლისას, მცველებთან ერთად, უმოწყალოდ შეცდა. რომ არა ეს შეცდომა, გვარამაძე ქართველთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.

კახი კალაძე – პირველ ტაიმში ხშირად ცდებოდა პოზიციურად, საკუთარ ზონას არცთუ იშვიათად ტოვებდა და შეტევაშიც მოუქნელად ერთვებოდა.

კახი ცხადაძე – უთამაშებლობა ყველაზე მეტად მას ეტყობოდა, მაგრამ დაცვას სარგებელიც მისცა, რამდენჯერმე ბურთი საჯარიმოდან დროულად გამოიტანა. საერთო ჯამში კი, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებული ჩანდა. გაშვებული გოლი მის სინდისზეცაა.

ლევან სილაგაძე – მონდომებით კი, მაგრამ უშეცდომოდ ვერ გაისარჯა. არადა, ტუნისელებს პირველ ბურთს ხშირად ართმევდა. ყველაზე შესამჩნევი შეცდომა მაინც ბენ იუნესის გოლისას დაუშვა, ეს უკანასკნელი მისი სამეურვეო ობიექტი იყო.

გელა შეყილაძე – ჩვეულად მშვიდად, ჟინიანად ითამაშა, თუმცა რამდენჯერმე კლეიტონი დაუსხლტა. და მაინც, ეს შეცდომები მისი ბრალი არ იყო. სხვა დროს კი ორთაბრძოლებს იშვიათად აგებდა.

ლევან კობიაშვილი – მასზე უკეთ პირველ ტაიმში მხოლოდ ქინქლაძე გამოიყურებოდა. გიოს გოლამდე წამებით ადრე კობის შეეძლო ეხეირა, მაგრამ მეკარე ელ უაერმა დაასწრო. მანამდე ქეცბაიას კუთხურ ჩაწოდებაზეც შეეძლო გატანა, მაგრამ ერთხელაც დაადასტურა შეტევის დასაბოლოებლად ბევრი მუშაობა რომ მართებს.

გიორგი ნემსაძე – როგორც არასდროს, ისე სუსტად ითამაშა. დამძიმებული ჩანდა. იქნებ ეს ტვირთი ნაკრების ახალი კაპიტნობა იყო. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ასე რომ გააგრძელოს, ნემსო კაპიტნობასაც დაკარგავს და ძირითადის მაისურსაც.

გოჩა ჯამარაული – ტრადიციულად უფრო ფეთქებადი გახლდათ, ვიდრე სტაბილურად გარჯილი. გუნდურ თამაშში კი ეწერა, ორჯერ შოთას და ქეცბაიას კარგი პასებიც მიაწოდა და შორიდანაც კარში დაჰკრა.

თემურ ქეცბაია – მეორე ტაიმში უფრო ძლიერად ითამაშა, მაგრამ თავდასხმაში გამწესებული, მაინც სიღრმიდან უტევდა. შანსი მიეცემოდა თუ არა, კარისკენ ურტყამდა, ერთხელ გატანას სულ ცოტა დააკლდა.

გიორგი ქინქლაძე – მოსუქებული უფრო ლოკალურად სახიფათო იყო, ვიდრე სახელის შესაფერად საშიში. არადა, ორჯერ დაამტკიცა, რაგინდ უვარჯიშებელიც უნდა იყოს, ასეთი ფეხბურთელის არად ჩაგდება არ ეგების. ცოდოა, ვინც მისი თავაუღებლად ძელს გარტყმული და დიდებულ დრიბლინგს მოყოლილი დიდებულივე აბრაგანი გოლი ვერ ნახა.

შოთა არველაძე – ასეთი თამაში არც არჩილს სჩვევია, თორემ მასში უეჭველად აგერეოდათ. კი, შოთა ბურთს ნაკლებად კარგავდა, მაგრამ მოვლენათა ცენტრშიც ცოტაჯერ იყო. ერთხელ გატანა თუ არა, ზუსტად დარტყმა მაინც ევალებოდა, მაგრამ ააცილა.

შეცვლაზე შესული ლევან ცქიტიშვილი – თამაშში მშვენივრად ჩაერთო. ახალშესული თანაგუნდელებშიც გამოირჩა, მაგრამ საგოლე შანსი რომ არ გამოიყენა, ახალგაზრდულად შეცდა. შესანიშნავ პოზიციაში დრიბლინგით გასულმა, მოვალე რომ იყო გაეტანა, არ დაარტყა და შოთას გადაღობილ მცველს დაუგორა…

გაზეთ საქართველოს სპორტში გამოქვეყნებულ თამაშის მიმოხილვას „გუცაევი ჯერ არ აგებს, მაგრამ…“ (#106; 1998 წლის 5 მაისი) ჟურნალისტი პაატა გელაშვილი ასე ამთავრებს:

„ჯერჯერობით რომ არ ვაგებთ, ეს თვითდამშვიდების საბაბად არ უნდა იქცეს. დაცვაში არსებული ბზარები თუ არ ამოივსო, წარმატებებზე ფიქრიც კი ზედმეტია. ბუნებრივია, ეს ნაკრების თავკაცმაც ჩვენზე კარგად უწყის. ისიც გვჯერა, რომ მუშაობა სწორი მიმართულებით წარიმართება, რასაც გუცაევი და მისი ბიჭები ალბათ, უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ“.

ზუსტად ოთხ კვირაში ვლადიმერ გუცაევის გუნდმა კიდევ ერთხელ ითამაშა, ამჯერად უკვე შინ. თბილისს რუსეთის ნაკრები ეწვია.

* * *

2 მაისი, 1998. ამხანაგური. ტუნისი, სუსა, ოლიმპიური სტადიონი. 30 000
ტუნისი 1:1 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი ქინქლაძე (38), 1:1 იმედ ბენ იუნესი (80)
ტუნისი: ჩოქრი ელ უაერი (ალი ბუმნიჯელი 46), ჰატემ ტრაბელსი, ხოსე კლეიტონი (რიად ჯელასი 85), სამი ტრაბელსი (კაპ), მუნირ ბუკადიდა, მურად მელკი, ხალედ ბადრა (მაჰერ კანზარი 63), სკანდერ სუაია, ხაის გოდბანე (რიად ბუაზიზი 63), იმედ ბენ იუნესი, ჰასენ გაბსი (ფაისალ ბენ აჰმედი 46)
მწვრთნელი: ჰენრი კასპერჩაკი (პოლონეთი)
საქართველო: დავით გვარამაძე, გელა შეყილაძე, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე, კახი კალაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, ლევან კობიაშვილი (ლევან ცქიტიშვილი 67), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: ლევან კობიაშვილი, ხაის გოდბანე, თემურ ქეცბაია, ფაისალ ბენ აჰმედი
მსაჯი: ქამელ ბერბერი (ალჟირი)

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 3 თებერვალი)
ფოტო: გაზეთები სარბიელი, საქართველოს სპორტი, 11X11; ინტერნეტი

ka_GEGeorgian