მეორე ჯილდო და სუპერგოლი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტში აინტრახტთან გამარჯვების შემდეგ, ამ ნაპოლიზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე არაფერი დამიწერია და ამასობაში კი გავიდა ლამის სამი კვირა. არადა, რაც ეს სერია ა დაიწყო, ხშირად ვწერ ნეაპოლელთა 77-ე ნომერზე, თუმცა ასე დიდხანს ჯერ არ „დამისვენია“.
მაგრამ მქონდა საამისო მიზეზი და ამიტომ შევიკავე თავი. გერმანიაში 2:0 მოგების შემდეგ ნაპოლიმ ჯერ ემპოლის მოუგო, შემდეგ კი ლაციოს უმასპინძლა და სეზონში პირველად დამარცხდა შინ, დიეგო მარადონაზე. ამ ორ მატჩში ხვიჩას ნამდვილად არ უთამაშია კარგად და მეც ვალის მოხდის მიზნით რაიმეს დაწერას, მოცდა ვარჩიე.

ვიცოდი, რომ ეს საოცარი ფეხბურთელი დიდხანს არ მალოდინებდა და აგერ, ერთი საათის წინ მორიგი საოცრება მაჩუქა მეც და ყველა მის გულშემატკივარს: ხუან მუსოს კარში ულამაზესი გოლი შეაგდო და ახლა რომ ვფიქრობ, ეს ბურთი, მთლიანად კომბინაციაც, თვის საუკეთესო გოლის პრიზზე განაცხადებს პრეტენზიას. რატომღაც ასე მგონია.

დიდებული იყო, განსაკუთრებით ის პირველი ცრუმოძრაობა, სამი ბერგამოელი რომ მარცხნივ გაისტუმრა! ასეთი ზღაპრული წამების გამო მიყვარს ფეხბურთი და ახლა წარმოიდგინეთ ჩემიანი რომ მჩუქნის ასეთ განცდებს, რა მძაფრია ემოცია!

განმეორებით რომ აჩვენეს ხვიჩას გოლი და მის გარშემო თავმოყრილი თეთრმაისურიანები დავთვალე, სწორედ ის ძალიან დიდი არგენტინელი გამახსენდა, რომლის სახელიც ეწოდება ნაპოლის საშინაო სარბიელს. ფეხბურთის გულშემატკივრები ძალიან ადვილად მიხვდებით რატომ გამახსენდა დიადი დიეგო: ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1982 წელს არგენტინისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გადაღებულ იმ ცნობილ ფოტოს ვგულისხმობ, ალბისელესტეს მეათე ნომერი ექვსი ბელგიელის პირისპირ რომაა აღბეჭდილი.

ახლა დეტალებზე ნუ მომედავებით, უბრალოდ თვალწინ დამიდგა ეს ფოტო, რაღაც მსგავსება ვიგრძენი მარადონასა და კვარადონას შორის. ვწერ ამ სიტყვებს და ვნატრობ: იქნებ რომელიმე ფოტოგრაფმა შეძლო და ექვსი ბერგამოელის გარემოცვაში მოხვედრილი ხვიჩა დააფიქსირა. და თუ ასეთი ფოტო სადმე ვნახე, აუცილებლად დავბეჭდავ, ლამაზ ჩარჩოშიც მოვათავსებ და საწერ მაგიდასთანაც ჩამოვკიდებ.

უჰ, საოცარი იყო! იმხელაზე ვიღრიალე შენ გენაცვალე-მეთქი, მამაჩემი გამოვარდა, ბავშვები კი ფლეისთეიშენს მოწყდნენ! ამათ რომ ჯოისტიკი ხელიდან გააგდებინო, მართლა რაღაც სასწაული უნდა ჩაიდინო…

ნეაპოლელებმა ოცდამეორე თამაში მოიგეს, კვლავ თვრამეტი ქულით გაასწრეს მდევარს და მინიმუმ ოცდამეათე ტურის ჩათვლით გაინაღდეს ლიდერობა. ლუჩანო სპალეტის გუნდი უჩვეულოდ თავდაჯერებულია და ტურიდან ტურამდე უახლოვდება ნანატრ სკუდეტოს, ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი კი ამ ამბავში ფასდაუდებელია – თერთმეტი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა. სტატისტიკა, რომელსაც მარტის დასაწყისში ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს.

სამი ბურთი და ერთი პასი ხვიჩამ თებერვალში მიითვალა და არამარტო ამ შედეგების გამო ის მეორედ აღიარეს თვის მოთამაშედ. სერია ა-მ კვარაცხელია პირველად აგვისტოში გამოარჩია.

მატჩის წინ ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენმა ბიჭმა ვერ დაიქუხა, მხოლოდ ამ ამბავზე დავწერ-მეთქი, მაგრამ ჰა, ისეთი გოლი დახატა, თვის მოთამაშის ჯილდო კინაღამ დამავიწყდა. მსოფლიო ჩემპიონატის წინ ვწერდი, ნეტავ ხვიჩას იტალიურ თავგადასავალს კარგი დასასრული ჰქონდეს-მეთქი, მაგრამ ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ჩვენი ბიჭის სადებიუტო სეზონი ზღაპრულად დამთავრდება. ცოტაც და… შემდეგი გაჩერება ჩრდილოეთშია: 19 მარტს ნაპოლი ტორინოს ესტუმრება.

მანამდე კი ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი უნდა გაინაღდონ: 15 მარტს კამპანიის დედაქალაქს აინტრახტი ესტუმრება.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 11 მარტი
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian