ერთი ფოტოს შესახებ
გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის შესახებ დავწერე, რიგაში ლატვიელებთან 0:1 წაგებულ მატჩზე და ეს ფოტოც იქ, ლატვიაში გამოცემულ პროგრამაში ვიპოვე.
ჩემი აზრით ისტორიული ფოტოა, ოღონდ სანამ მიზეზებს ჩამოვთვლი, ჯერ იმას ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრების ეს ფოტო გადაღებულია 1998 წლის 6 თებერვალს, მალტაზე, ოთხთა საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, ქალაქ ატარიში ლატვიასთან 2:1 მოგებული თამაშის წინ, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ფოტოკორესპონდენტის მიერ. სამწუხაროდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მალტაზე ფოტოგრაფი არ წაუყვანია, არადა ნაკრებმა ისტორიაში ერთადერთი თასი სწორედ მაშინ მოიგო.
ახლა იმაზე, თუ რატომ მიმაჩნია ეს ფოტო ისტორიულად:
1 – ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ვლადიმერ გუცაევმა გუნდს პირველად სწორედ იმ დღეს უხელმძღვანელა;
2 – კაპიტნად არჩევის შემდეგ გიორგი ნემსაძემ პირველად იმ თამაშში გაიყვანა გუნდი მინდორზე. მართალია ორი თვით ადრე, მოლდოვაში მოგებულ მატჩშიც გიორგი იყო გუნდისთავი, მაგრამ კიშინიოვში ის ტრავმირებულ ცხადაძეს ცვლიდა.
3 – გოჩა ჯამარაულმა ერთადერთი სანაკრებო დუბლი ამ შეხვედრაში შეასრულა.
4 – თუ 1996 წლის დეკემბერში ლიბანში ორ გაუგებარ წაგებას არ ჩავთვლით (და მე თუ მკითხავთ ეს მატჩები საერთოდ უნდა ამოვიღოთ ნაკრების რეესტრიდან), ალექსანდრე იაშვილმა ეროვნულში პირველად სწორედ იმ დღეს ითამაშა.
და ბოლოს, მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი:
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად დაუპირისპირდა სხვა ქვეყნის ნაკრებს, რომელსაც ქართველი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა! იმ ლატვიის თავკაცი ვლადიმერ გუცაევის ქვისლი რევაზ ძოძუაშვილი გახლდათ.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 13 მარტი
ფოტო: ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია