ლეო მესი და 49 საუკეთესო
FourFourTwo ჩემი საყვარელი საფეხბურთო ჟურნალია და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს და დამიწერია.
ზუსტად მახსოვს სად, როდის და ვისთან ვნახე პირველად ეს ინგლისური გამოცემა: სარბიელის რედაქციაში, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის წინ, გიო ახვლედიანი თარგმნიდა ერთ-ერთ წერილს. იმ ნომრის მთავარი თემა დენილსონი და მისი ბეტისში ტრანსფერი იყო. ჩანახატის ინგლისელი ავტორის სიტყვებიც მახსოვს: იმ ფასად, რაც სევილიელებმა გადაიხადეს ბრაზილიელში, ბეტისი თითოეულ ფეხბურთელს ახალ ფერარის შეუძენდაო.
ამ და სხვა წერილების გამო ჟურნალი ძალიან მომეწონა, შემდეგ სხვა ნომრებიც შემხვდა, 2011 წლიდან კი FourFourTwo-ს ერთგული მკითხველი გახლავართ – თვეში ერთხელ მომდის ახალი ნომერი და მეც დიდი სიამოვნებით ვეცნობი საფეხბურთო ისტორიებს და ინტერვიუებს. ფოტოებიც ხომ ერთმანეთზე უკეთესი იბეჭდება!
თუმცა ყველაზე ძალიან ის მიხარია, როცა ჩვენები მხვდებიან ამ გამოცემის ფურცლებზე. სხვადასხვა დროს გიორგი ქინქლაძის, შოთა არველაძის, თემურ ქეცბაიას და კახი კალაძის ისტორიები წავიკითხე, ამ ნაპოლიზე და ხვიჩაზე კი FFT-ს ჟურნალისტებმა თებერვალში გვიამბეს.
ახალი, მარტის ნომრის მთავარი თემა მსოფლიოს საუკეთესო 50 ფეხბურთელია და ჟურნალის გარეკანით ადვილად მიხვდებით, თუ ვინ არის FFT-ს ვერსიით ნომერ პირველი. წამყვანი სტატიის ავტორთა ნაკრები წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ კატარში არგენტინელთა ტრიუმფის და პელეს გარდაცვალების შემდეგ საფეხბურთო მეფის ტახტზე ლეო მესი დაბრძანდა.
მის შესახებ მომზადებული ვრცელი წერილის შესავალში ჟურნალისტი მარტინ მაზური აღნიშნავს: „კვირა, 2022 წლის 18 დეკემბერი, ყველას დაგვამახსოვრდება დღედ, როცა მესი უკვდავი გახდა“. ამის შემდეგ მხოლოდ არგენტინელის ქება-დიდებაა, მთელ შვიდ გვერდზე.
ლეოს პირველობა არ მიკვირს. პირადად ჩემთვის ის კატარი 2022-მდეც საუკეთესოთა შორის იყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მე ჟურნალის წინა გვერდებზე გამოქვეყნებულმა სიამ უფრო დამაინტერესა, საყვარელი გამოცემის ვერსიით ყველა დროის ორმოცდაათმა უდიდესმა ფეხბურთელმა. ჩემი აზრით, ეს ჩამონათვალი საკამათოა, მაგრამ იდეალურიც რომ არავის შეუდგენია?! მოკლედ, FourFourTwo და რჩეულები:
50.რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი); 49.დიდი (ბრაზილია); 48.ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია); 47.გიუნტერ ნეტცერი (გერმანია); 46.პაოლო როსი (იტალია); 45.კილიან მბაპე (საფრანგეთი); 44.კენი დალგლიში (შოტლანდია); 43.მიქაელ ლაუდრუპი (დანია); 42.ბობი მური (ინგლისი); 41.ფრანსისკო ხენტო (ესპანეთი)
40.ლუის სუარესი (ესპანეთი); 39.რომარიო (ბრაზილია); 38.მათიას ზინდელარი (ავსტრია); 37.ვალენტინო მაცოლა (იტალია); 36.სტენლი მეთიუზი (ინგლისი); 35.რივალდო (ბრაზილია); 34.რაიმონ კოპა (საფრანგეთი); 33.ლოთარ მათეუსი (გერმანია); 32.სოკრატესი (ბრაზილია); 31.მანუელ ნოიერი (გერმანია)
30.რუუდ გულიტი (ნიდერლანდები); 29.ტიერი ანრი (საფრანგეთი); 28.ლუკა მოდრიჩი (ხორვატია); 27.რობერტო ბაჯო (იტალია); 26.კარლოს ალბერტო (ბრაზილია); 25.ფრანკო ბარეზი (იტალია); 24.ანდრეს ინიესტა (ესპანეთი); 23.ჩავი (ესპანეთი); 22.ლევ იაშინი (საბჭოთა კავშირი); 21.რონალდინიო (ბრაზილია)
20.ჯუზეპე მეაცა (იტალია); 19.პაოლო მალდინი (იტალია); 18.ბობი ჩარლტონი (ინგლისი); 17.გარინჩა (ბრაზილია); 16.ეუსებიო (პორტუგალია); 15.ზიკო (ბრაზილია); 14.მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები); 13.მიშელ პლატინი (საფრანგეთი); 12.ფერენც პუშკაში (უნგრეთი); 11.გერდ მიულერი (გერმანია)
10.ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთი ირლანდია); 09.რონალდო (ბრაზილია); 08.ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი); 07.ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია); 06.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი); 05.იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები); 04.კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია); 03.დიეგო მარადონა (არგენტინა); 02.პელე (ბრაზილია)
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 22 მარტი
ფოტო: FIFA.com