ვილი, ხვიჩა და გიორგი
ნორვეგიას მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ დაუპირისპირდება. ხვალ ამ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ითამაშებს, ამიტომ ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, – ასე უპასუხა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიელ ჟურნალისტს, რომელიც ფრანგ სპეციალისტს ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის შესახებ დაეკითხა.
კითხვის დასმის წინ სტუმარმა განმარტა, რომ კვარაცხელიას შესახებ ფილმზე მუშაობს, თუმცა სრული პასუხის გასაცემად სანიოლისთვის ეს საკმარისი მიზეზი არ აღმოჩნდა. ჩემი აზრით, მწვრთნელი სწორად მოიქცა.
აგვისტოდან დაწყებული ხვიჩა საქართველოს მთავარი ფეხბურთელი და ალბათ, საუკეთესო სპორტსმენიცაა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და როცა ეროვნული ნაკრების მატჩამდე საათები რჩება, სჯობს მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ გუნდზე ისაუბროს. ბათუმის აჭარაბეთ არენის დარბაზში დღეს, შუადღით გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიე ვილი ასეც მოიქცა.
მასთან ერთად ჟურნალისტებს გუნდის კაპიტანი, ნაკრების რეკორდსმენი გურამ კაშიაც შეგვხვდა. ორივე თავდაჯერებული ჩანდა, რაც მესიამოვნა. და მცირე ხნით ოცდაოთხი წლის წინანდელი გაზაფხულიც გამახსენდა, 1999 წლის აპრილის მიწურული, როცა ნორვეგიელები პირველად ესტუმრნენ საქართველოს. მაშინ ჩვენი გუნდი შავ დღეში იყო, ყველა, ვინც კი ოდნავ მაინც ჩახედული გახლდათ ქართულ ფეხბურთში, გრძნობდა ვლადიმერ გუცაევის დროების დასასრულს. ასეც მოხდა: სახელოვანი დინამოელის მოღვაწეობა ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში სწორედ მაშინ დასრულდა, ნორვეგიასთან თბილისური 1:4-ით.
იმ დღეებში უიმედოდ ვიყავი, დღეს კი, საბედნიეროდ, საპირისპირო განწყობით ველი სკანდინავიელებთან მატჩს. ასევე მგონია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიასთან კი არა, უფრო მაღალი დონის მეტოქესთან სათამაშოდაც მზადაა. და იმასაც ვფიქრობ, რომ გუნდს მთავარი მიზნის მიღწევაც შეუძლია, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გიარაკებთ.
გერმანია 2024 რიგით მერვე ევროპირველობაა, სადაც გასვლას ცდილობს ჩვენი მთავარი საფეხბურთო კრებული. წინა ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრებს ძალიან ცოტა დააკლდა, ახლა კი, მგონი, ყველა მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ გერმანიის საგზურისთვის იბრძოლოს.
ჩემი ასეთი განწყობის მთავარი მიზეზი საქართველოს ეროვნულ გუნდში მოთამაშე რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელია და პირველ რიგში, ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია. მე არ ვარ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელიმე მოთამაშის გამოყოფა რომ მომერიდოს, თუმცა ამ პატარა ჩანახატს ხვიჩათი კი არა, გიორგი ჩაკვეტაძით დავასრულებ.
მონღოლეთთან 6:1 მოგებულ შეხვედრაში მთავარი ქართველი სწორედ ჩაკვეტაძე იყო და ძალიან გამეხარდება თუ ის გიორგი დაუბრუნდება ნაკრებს, 2018 წლის დიდებული შემოდგომით რომ დაგვამახსოვრა თავი.
მე ეს ძალიან მინდა, დანარჩენი კი ვნახოთ. მატჩამდე სულ ერთი დღე დარჩა.
ლაშა გოდუაძე
ბათუმი; 2023 წლის 27 მარტი