ხვიჩა AIC-მაც აღიარა
ხვიჩა კვარაცხელიამ მარტის შედეგებით მეორე ვერსიითაც მოიგო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება: სერია ა-ს გამოკითხვაში გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელთა ქართველი გარემარბი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამაც (AIC) აღიარა!
საქართველოს წლის მოთამაშემ AIC-ის ვერსიით თვის რჩეულის პრიზი მეორედ მოიგო, პირველად აგვისტოში. კვარაცხელია სადებიუტო სეზონს ატარებს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში და უკვე თვის მოთამაშის ხუთ პრიზს ფლობს, ორს AIC-ის ვერსიით, სამს კი სერია ა-ს გამოკითხვით.
ამ სეზონში AIC-მა თვის მოთამაშის ჯილდოები ასე გაანაწილა:
აგვისტო: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი; საქართველო)
სექტემბერი: მარკო არნაუტოვიჩი (ბოლონია; ავსტრია)
ოქტომბერი: მინ-ჯაე კიმი (ნაპოლი; სამხრეთი კორეა)
ნოემბერი: ფილიპ კოსტიჩი (იუვენტუსი; სერბეთი)
იანვარი: ადემოლა ლოკმენი (ატალანტა; ნიგერია)
თებერვალი: ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი; ნიგერია)
მარტი: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი; საქართველო)
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია (AIC) 1968 წელს დაარსდა, 1997 წლიდან კი ეს ორგანიზაცია საუკეთესოებს ავლენს. 2011 წლიდან AIC კალჩოს მთავარ შემაჯამებელ ღონისძიებას ატარებს და სეზონის რჩეულებს საფეხბურთო ოსკარებით აჯილდოებს.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 31 მარტი
ფოტო: AIC