ფეხბურთის ფედერაციის მეორე პრეზიდენტი – მერაბ ჟორდანია

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი დიდებულად დასრულდა: 12 ივლისს, სტად დე ფრანსზე, ემე ჟაკეს გაწვრთნილმა საფრანგეთმა ზინედინ ზიდანის მეთაურობით 3:0 დაამარცხა ბრაზილია და ისტორიაში პირველად მოიგო ფიფას ოქროს თასი.
ფინალს ვაკის პარკის ღია კინოთეატრის დიდ ეკრანზე მეგობრებთან ერთად ვუყურე, ერთ კვირაში კი უკვე ფოთში ვიყავი – მალთაყვა წყლის მოთხილამურეთა საერთაშორისო შეჯიბრებას, „ოქროს ტბის მასტერსს“ მასპინძლობდა. სარბიელისთვის იმ ტურნირს ჩვენი რედაქტორი თამაზ მიგრიაული, ფოტოკორესპონდენტი ბადრი კეთილაძე და მე ვაშუქებდით.

საფრანგეთი-ბრაზილიის ფინალიდან ათი დღის შემდეგ სამივენი ერთად დავესწარით ფოთში, ფაზისზე კოლხეთი 1913-ის და ბელგრადის ცრვენა ზვეზდის პაექრობას. უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სერბებმა, პერიცა ოგნიენოვიჩის და მილენკო აჩიმოვიჩის ლიდერობით, უშანსოდ დაჯაბნეს სოსო ფილიას გუნდი – 0:4. სლოვენიელმა აჩიმოვიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო ოგნიენოვიჩმა ანგარიში გახსნა. რამდენიმე თვეში ის მადრიდის რეალში გადავიდა…

ივლისს აგვისტო და დაუვიწყარი თავგადასავალი მოჰყვა, ამჯერად სვანეთში. მწვერვალ ეგნატე ნინოშვილზე პირველასვლის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ტელეკომპანია იბერიამ ახალგაზრდული მედიაალპინიადა მოაწყო ბანაკ ზესხოში. იმ ღონისძიებას სარბიელიდან მე შევუერთდი. ახლაც მახსოვს შეგრძნება, როცა 3500 მეტრზე აზიდულ მწვერვალზე ავედი და დათოვლილ კავკასიონს გავხედე!

თბილისში დაბრუნებულს სარბიელის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ ფოცხვერიამ მითხრა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს და ბილბაოს ატლეტიკის საპასუხო შეხვედრაზე უნდა გაემგზავროო. გერმანიის საკონსულოს გამო, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ სამ კვირაში უეფას თასზე გადანაცვლებულ დინამოს გავყევი ნიდერლანდებში, ტილბურგის ვილემ II-თან თამაშზე. ასე მოვხვდი უცხოეთში პირველად და მას შემდეგ ნიდერლანდები და ამსტერდამი გამორჩეულად მიყვარს…

სექტემბერში ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო, შემოდგომით კი ჩემს, როგორც სპორტული ჟურნალისტის ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: პირველად დავესწარი ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას, რომლის მსვლელობის დროს ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის ახალი, რიგით მეორე თავკაცი აირჩიეს. ეს წერილი იმ ამბავზეა.

სანამ უშუალოდ საარჩევნო პერიპეტიებს მოვიგონებ, 1997 წლის შემოდგომით გადავინაცვლებ, როცა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. ქართული სპორტის მაშინდელი ხელმძღვანელი კახი ასათიანი ჩვენი ფეხბურთის პირველკაცებს მუშაობას უწუნებდა და ღიად აკრიტიკებდა როგორც სფფ-ს, ასევე მის პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს. როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ფიფა ქართული ფეხბურთის დისკვალიფიკაციით დაიმუქრა. ამის შემდეგ სპორტის დეპარტამენტმა დროებით უკან დაიხია.

იმ ამბებზე თავის დროზე დავწერე, ისევე როგორც ახალკაცზე. ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების მთავარი შემოქმედი და სფფ-ის პირველი ხელმძღვანელი 1998 წლის იანვარის მიწურულს მოსკოვში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მას შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა. ქართულ ფეხბურთში ჩახედული ხალხი ახალკაცის მთავარ მემკვიდრედ სწორედ მას განიხილავდა, ლეგენდარული კაპიტნის ნომერ პირველ მეტოქედ კი თბილისის დინამოს ახალგაზრდა პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას ასახელებდნენ.

ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად 24 ივლისს დაინიშნა, თუმცა ერთი კვირით ადრე შეკრებილმა ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ახალი თარიღი დაადგინა – 23 ოქტომბერი.

იმ დროისთვის პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი კაცი განიხილებოდა – ჩივაძე, ჟორდანია, ასევე ვეტერანი დინამოელი, 1964 წლის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი ილია დათუნაშვილი და პირველი თაობის მორაგბე, 80-იან წლებში რესპუბლიკის სპორტკომიტეტის ხელმძღვანელი რამაზ გოგლიძე. ამბობდნენ, რომ ოქტომბრისთვის, შესაძლოა, სხვებიც გამოჩენილიყვნენ.

ივლისის დასაწყისში, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე ალექსანდრე ჩივაძემ კანდიდატურა მოხსნა, რაც ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ფედერაციის მაღალჩინოსნებისთვის.

რამაზ გოგლიძე

1998 წლის 23 სექტემბერი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რამაზ გოგლიძე სტუმრად სარბიელის რედაქციაში. ფოტო: ბადრი კეთილაძე

არაერთმა ჟორდანიას და ჩივაძეს შორის შესაძლო გარიგებაზეც ისაუბრა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ კი სარბიელთან ინტერვიუში თქვა:

„ეს ფაქტი ჩემთვის მოულოდნელი იყო. ინფორმაცია, რომ მან კანდიდატურა მოხსნა, მართალია, თვით გადაწყვეტილება კი, ჩემი აზრით, არასწორია. ეს ჩივაძის კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ სამწუხაროდ, საერთო საქმისთვის არ არის მიზანშეწონილი. მან ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ მშვიდი ხასიათის, წყნარი ცხოვრების მომხრე ადამიანია და დაპირისპირებასა და კონფრონტაციას ვერ იტანს…

ახლა ყველა კითხულობს, რატომ მიიღო ჩივაძემ ეს გადაწყვეტილება? რისთვის? კარგად ვიცნობ საშას, მის ხასიათს. ვფიქრობ, ეს პარლამენტში ჩატარებული ფედერაციის შემოწმების აქტის განხილვის შედეგია. ეს აქტი საპარლამენტო კომისიამ შეადგინა ბატონი ნოდარ ამაღლობელის ხელმძღვანელობით და იგი ფედერაციის რვაწლიან საფინანსო საქმიანობას შეეხება. კრებაზე იყო კონფრონტაციის და სხვადასხვა ცილისწამების ფაქტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩივაძის ცხოვრებაში ამგვარი რამ არასდროს ყოფილა. ასეთ სიტუაციაში იგი პირველად მოხვდა…

როცა თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ახალკაცი ერთი თავკერძა მწვრთნელი იყო, რად გადაგვაყოლეთ მაგ კაცსო, ძნელია ჩივაძისნაირმა პატიოსანმა ადამიანმა და საერთოდ, ნებისმიერმა ნორმალურად მოაზროვნე ქართველმა სიმშვიდე შეინარჩუნოს. პარლამენტში სხვა არასასიამოვნო დიალოგებსაც ჰქონდა ადგილი. სწორედ ამას გადააწყვეტინა საშას, ასე მოქცეულიყო…

მე ტელევიზიითაც განვაცხადე, რომ ჩვენ თანახმა ვართ შემოწმების ყველა მასალა სასწრაფოდ პროკურატურას გადავცეთ. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ფედერაციაში ყველა საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობა მიჰყავდა ცხონებულ ნოდარ ახალკაცს, საშას იქ არავითარი შეხება არ ჰქონია. ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე. სწორედ ამისთვის არის საჭირო, ეს საქმე პროკურატურამ განიხილოს.

ჩემს თავს მოვალედ ვთვლი პირადად ჩავერიო და დავაჩქარო ეს პროცესი. ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს ყველაფერი. თუ კრიმინალია ჩადენილი, ამას რეაგირება სჭირდება. თუ არ არის კრიმინალი, უნდა მოიხსნას ყოველგვარი ბრალდება და ცილისწამება როგორც განსვენებულის, ასევე ცოცხლების მიმართ“.

ჩივაძის ნაბიჯს დანარჩენი კანდიდატებიც გამოეხმაურნენ. მათი კომენტარები სარბიელში ანდრიაძის ინტერვიუსთან ერთად გამოქვეყნდა:

„პირდაპირ გეტყვით, მას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა. არ ვიცი რამ აიძულა ჩივაძე ეს გადაწყვეტილება მიეღო. არც ის ვიცი, ამის შემდეგ ძალები როგორ გადანაწილდება. შესაძლოა, ყოველივე წინასწარ მოფიქრებული სცენარით მიმდინარეობს, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ამისგან შორს ვდგავარ. თუ დავრწმუნდი, რომ ყოველივე დანიშნული კარტებით თამაშს ჰგავს, მაშინ არჩევნების წინ მოვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე პატიოსნად ვიბრძვი“, – რამაზ გოგლიძე.

„ზუსტად ვერ გეტყვით, რამ განაპირობა მისი ამგვარი ქმედება. რაღაცაშია საქმე. ეს ფაქტი მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, ჩივაძის მიმართ ზეწოლას ჰქონდა ადგილი ან საპარლამენტო კომისიის შემოწმებისას ფედერაციის ფინანსურ საქმიანობაში ნახეს დარღვევები. შესაძლოა ჩივაძის მოქმედება მერაბ ჟორდანიასთან იყო შეთანხმებული და ერთგვარ გარიგებასთან გვაქვს საქმე. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე საღი აზრია. რაღაც მოლაპარაკებას და ალიანსს რომ აქვს ადგილი, ფაქტია, მაგრამ ვისთან, კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია. ცილს ვერავის დავწამებ“, – ილია დათუნაშვილი.

„ჩივაძეს კანდიდატურის მოხსნის შემდეგ არ შევხვედრივარ, თუმცა ადრე ხშირად გვისაუბრია. მე და საშა ჩივაძე, ფაქტობრივად, ერთ აზრზე ვიყავით, წინასაარჩევნოდ ერთნაირი პროგრამა გვქონდა, გარდა ამისა, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და შეუძლებელი იყო ერთმანეთის საწინააღმდეგოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. როცა კანდიდატურა წამოვაყენე (2 ივლისს – ლ.გ.), ყოველივე მასთან შეთანხმებით მოხდა. მერე დავსხედით და გადავწყვიტეთ – ან საშა დარჩებოდა კანდიდატად, ანაც მე. ჩივაძემ ასე ამჯობინა, თუმცა ამის შესახებ პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამს“, – მერაბ ჟორდანია.

ამ უკანასკნელმა ისიც დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ფედერაციას ჩივაძესთან ერთად უხელმძღვანელებს და უბრალოდ ვერ წარმოუდგენია ვინმე, რომელიც პრეზიდენტობის დროს ბატონ საშას სამსახურიდან დაითხოვს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჟორდანიამ თქვა: „არ მინდა სიტყვა კონკურენტი ვიხმარო. ზედმეტად მიმაჩნია სხვა კანდიდატები კონკურენტის რანგში ავიყვანოთ“.

ილია დათუნაშვილი

1998 წლის 8 ოქტომბერი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ილია დათუნაშვილი სარბიელის რედაქციაში. ფოტო: ბადრი კეთილაძე

ჩივაძის ნაბიჯის შემდეგ ყრილობამდე სამი თვე რჩებოდა, თუმცა ხალხი გრძნობდა, რომ სიტუაცია კვლავ შეიცვლებოდა. ასეც მოხდა: დე-ფაქტო პრეზიდენტი 23 ოქტომბრის არჩევნებს კვლავ კანდიდატად შეხვდა.

სექტემბრის დასაწყისში სარბიელმა ის, ჟორდანია, დათუნაშვილი და გოგლიძე საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ რედაქციაში მიიპატიჟა. ჟურნალისტების ინიციატივას პირველი რამაზ გოგლიძე გამოეხმაურა, რომელიც 23 სექტემბერს გვესტუმრა.

„ფიფას პრეზიდენტი მხარს უჭერს რამაზ გოგლიძეს“ – ასეთი სათაურით დაიბეჭდა მისი ფოტო 24 სექტემბრის ნომრის პირველ გვერდზე. ბატონმა რამაზმა შეხვედრა იოზეფ ბლატერის წერილით დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში გვესაუბრა. შეხვედრას თითქმის მთელი სარბიელი დაესწრო. ინტერვიუ ჟურნალისტმა ხვიჩა სანიკიძემ მოამზადა:

„საფეხბურთო მეურნეობა ძალიან მისახედია. მისი მდგომარეობა, მიუხედავად სხვადასხვა შეფასებისა, სავალალოა. ყოველივე იმის ბრალია, რომ გეგმაზომიერი მუშაობა არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს პრობლემების გადასაჭრელად, არავის მხრიდან. ეს სიმართლეა და ნურავინ მიწყენს…

დღეს ფეხბურთი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც დიდი ინდუსტრია, დიდი მრეწველობა, დიდი კომერციული და დიდი პოლიგრაფიული საქმიანობა…

კონკრეტული გეგმები მაქვს, ჩვენ არავისგან ზედმეტს არ ვითხოვთ. ვიყავით მრეწველთა კავშირში და მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ისინი, ალბათ, ბევრს გააკეთებენ ამ საქმეში, მაგრამ ჩვენც, თითოეულმა ფეხბურთის მოყვარულმა უნდა დავეხმაროთ მრეწველთა კავშირს…

ფედერაციამ იმ რაიონში უნდა ჩადოს მეტი თანხა, რომელიც ამას თავადვე აკეთებს ფეხბურთში. მეტი დახმარება იქ, სადაც მეტი ყურადღებაა ამ სახეობის მიმართ…

საქართველოს ჩემპიონატში ყველაფერი გადასახედია, პირველ რიგში დისციპლინა, სტადიონები, მათი პასპორტიზაცია. სამარცხვინოა, როცა ტაბლოები არ არსებობს, მოედნები დაუხაზავია, ფეხბურთელებს მაისურებზე ნომრები არ აწერიათ, რადიოფიცირება არასრულყოფილია. ეს თემა ამოუწურავია. საჭიროა დისციპლინის დამყარება…

ფეხბურთი, რა თქმა უნდა, სარფიანი საქმეა. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ფულიც მოვიზიდოთ და ის ხალხი, ვინც შრომობს, უზრუნველყოფილი იყოს თავისი წვლილის მიხედვით. დიდი ფული უნდა იქნეს მოზიდული ფეხბურთის განვითარებისთვის. ფეხბურთი უნდა იყოს ზეკლანური, ზეპარტიული ეროვნული მცნება. ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის უნდა იქნეს არჩეული…

თუკი გავიმარჯვებ, ვეცდები მომავალ არჩევნებში პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კენჭს ერთად იყრიდეს და ამით დელეგატებს უფრო გაუადვილდებათ არჩევანის გაკეთება…

თანამდებობა ზოგს თავისთვის უნდა, ზოგს კი იმისთვის, რომ საქმე აკეთოს. მე მეორე კატეგორიას ვეკუთვნი. ყველასგან განსხვავებით, ჩემი სიტყვა და საქმე ერთი იქნება“.

სარბიელის მეორე სტუმარი „ოქროს ბიჭი“ ილია დათუნაშვილი გახლდათ. ვეტერანი დინამოელი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული გოლების ავტორი 8 ოქტომბერს გვესტუმრა და უამრავ საკითხზე გვესაუბრა. მისმა ვიზიტმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილიც დაესწრო.

„ჩივაძე აბსოლუტურად მართვადი პიროვნებაა. თუ მან არჩევნებში გაიმარჯვა, გაძლევთ გარანტიას, მაქსიმუმ ორ თვეში იგი თანამდებობიდან თავისივე ნებით გადადგება და მის ადგილზე სხვას დანიშნავენ…

ახლა აქცენტი სახელმწიფოს დახმარებაზე უნდა გაკეთდეს და ფეხბურთი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა ავიდეს. მთავრობამ ფეხბურთის ფედერაცია და კლუბები დროებით მაინც უნდა გაათავისუფლოს გადასახადებისგან, ისე არაფერი გამოვა. შესაძლოა, უმაღლესი ლიგის თექვსმეტივე კლუბისთვის შეღავათის გაწევა ერთად გაჭირდეს, მაგრამ ყველაფერი მიზნობრივად უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც დინამოს შემთხვევაში…

იდეალურად მიმაჩნია ხორვატიის და უკრაინის მაგალითი, სადაც სახელმწიფოს პირველი პირები ხელმძღვანელობენ ფედერაციებს. თუ ჩვენთანაც იგივე მოხდება, მაშინ ქართული ფეხბურთის რეანიმაცია შესაძლებელია…

არ ვიქნები მართალი, რომ გითხრათ, ფეხბურთის განვითარების კონკრეტული გეგმა გამაჩნია-მეთქი, თუმცა რაღაც მონახაზი მაქვს. ფეხბურთის მერე სამეურნეო დარგის ხელმძღვანელი ვიყავი და ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილებაც მაქვს. კარგად მესმის, რომ ფეხბურთი ყველაზე დიდი ბიზნესია. თუ პრეზიდენტი გავხდი, ყველა შემოსულ თანხაზე იქნებიან ინფორმირებული ჟურნალისტები კვირაში ერთხელ…

აუცილებლად მივაღწევ სახელმწიფოსგან შეღავათებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სფფ-ში არაფერი მესაქმება არც მე და არც არავის, რადგან პრეზიდენტობისთვის არანაირი პირადი ინტერესი არ მამოძრავებს. ჩემი მიზანი ქართული ფეხბურთის გადარჩენაა“, – განაცხადა ბატონმა ილიამ. მანვე მოქალაქეთა კავშირის წევრობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მმართველ პარტიაში ყოფნის მიუხედავად, თავს პრივილეგირებულად არ გრძნობს, რადგან მოქალაქეთა კავშირში მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს.

ალექსანდრე ჩივაძე რედაქციაში არ გვესტუმრა, თუმცა 1 ოქტომბერს, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების ლატვია-საბერძნეთში გამგზავრებამდე, ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტებს ფედერაციაში გვიმასპინძლა:

„ღამეებს თეთრად ვათევდი, ჩემს მომავალზე ვფიქრობდი, შემეძლო კი ფედერაციის პრეზიდენტობა? ორიოდ დღის წინ თანამშრომლებს თათბირზე განვუცხადე, რომ 23 ოქტომბერს პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა…

ადრე, როცა ვთქვი, პრეზიდენტობა არ მსურს-მეთქი, ბევრმა სხვანაირად გამიგო, ზოგიერთმა მოღალატედაც კი შემრაცხა, კენჭს რად არ იყრიო, მეუბნებოდნენ. მერე, როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ ვიფიქრე, თანამშრომლებმაც მთხოვეს შემეცვალა გადაწყვეტილება, თანადგომა აღმითქვეს…

თუმცა მარტო ამანაც არ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. ამას წინათ თურქეთში გახლდით, იქაური ფეხბურთის ფედერაციის იუბილეზე, სადაც ბევრ საპატიო, საერთაშორისო წრეებში ფრიად ავტორიტეტულ ხალხს შევხვდი, ფიფას და უეფას წარმომადგენლებიც იყვნენ. საკმაო ხანს ვისაუბრეთ, ბოლოს კი განმიცხადეს, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ახალკაცის დროსაც და ახლაც ასეა. მხარდაჭერას გპირდებით, ყურადღებას არ მოგაკლებთ, ურთიერთობა ძველებურად საქმიანი და კეთილგანწყობილი გვექნება, სასურველია თუ ფედერაციის პრეზიდენტი თქვენ იქნებითო…

ჩემს საპრეზიდენტო პროგრამას რაც შეეხება, მასში მთავარი ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებაა, აქცენტს სწორედ ამაზე ვამახვილებ და კიდევ მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ კლუბებს ბიზნესის საკეთებლად შეღავათები უნდა მისცეს, ნაწილობრივ მაინც უნდა გაათავისუფლოს ისინი საბიუჯეტო ბეგარისაგან. უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან ვაპირებ შეხვედრას და მაშინ უფრო კარგად გავერკვევი, რა სახის დახმარება შეუძლია ქართული ფეხბურთისთვის. მე ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერის იმედი მაქვს…

ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობაზე კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ. აგერ, თელავის კახეთი გავარდა პირველი ჯგუფიდან და კახეთში ფეხბურთი მოკვდა, აღარავის აინტერესებს, გუნდიც ფაქტობრივად დაიშალა. შემცირების შემთხვევაში იგივე მოხდება სხვაგანაც…

ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციაში დიდი ცვლილებები მოხდება. ეს კადრებსაც ეხება. აქ მხოლოდ ნაღდი პროფესიონალები იმუშავებენ. ახლა თანამშრომლებთან შედარებით ლმობიერი დამოკიდებულება მაქვს, რადგანაც მე მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი უფრო მკაცრი ვიქნები…

დანარჩენ კანდიდატებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ამდენად, შანსებზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია“.

მეოთხე კანდიდატი მერაბ ჟორდანია სარბიელის რედაქციას ყრილობამდე ორი დღით ადრე, 21 ოქტომბერს ეწვია. მასთან საუბარი ჟურნალისტმა მამუკა კვანტალიანმა ჩაიწერა:

„ჩვენი ფეხბურთის და ფედერაციის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა. თუ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ასე გაგრძელდა, მერე ბრაზილიური ფეხბურთიც რომ გადმოვდგათ ჩვენთან, ისიც ჩაიძირება. ამიტომ სასწრაფო და კარდინალური ცვლილებებია საჭირო…

დამაფიქრებელია ჩემპიონატის დაბალი დონე და კლუბების სავალალო მდგომარეობა. ჩვენში ჯერჯერობით ვერცერთ კლუბს ექნება აწყობილი საქმე საზღვარგარეთელებივით. იგულისხმება ბილეთების რეალიზაციიდან, რეკლამებიდან მიღებული შემოსავლები, მაგრამ უნდა დავეხმაროთ, ჩამოვაყალიბოთ სტრუქტურულად, ვაჩვენოთ გზები, რომელიც მათ ჩიხიდან გამოიყვანს და ფეხზე დააყენებს. მერწმუნეთ, აქ არაფერია არარეალური. პირიქით, სავსებით შესაძლებელი გახლავთ“.

თბილისის დინამოს პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებში არსებულ რთულ სიტუაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტად აირჩიეს, წლის ბოლომდე აუცილებლად შეხვდება მწვრთნელებს, ლეგიონერებს და მათთან ერთად გადაჭრის პრობლემებს.

რაც შეეხება დინამოს და მრეტების დავას გიორგი ქინქლაძის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით, ჟორდანიამ თქვა:

„ჩემთვის უმჯობესი იყო ამ პრობლემისთვის ადრევე დამეღწია თავი. მერწმუნეთ, ჩემი მხრიდან ყველანაირად ვეცადეთ და მზად ვიყავით პრობლემები ყრილობამდე მოგვეცილებინა, მაგრამ არის ზოგიერთი ორგანიზაცია და პირი, რომელთაც არ აწყობთ საქმის ბოლომდე მიყვანა…

მრეტებთან დაკავშირებული დავა ჯერაც დაუმთავრებელია. მე მაგ კონტრაქტის არც ხელმოწერისა ვიცოდი რამე და არც არსებობისა. მსურდა ერთი რამ: ამხელა თანხა საქართველოდან არ გასულიყო, ქართულ ფეხბურთს და დინამოს მოხმარებოდა…

თუ ფიფა იტყოდა, რომ ფული გადასახდელი იყო, მაშინ ქვას გავხეთქავდით და ვალს, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, დავფარავდით. საქართველოში ჩვენ გაგვამართლეს, ახლა ჯერი ფიფაზეა და საბოლოო გამარჯვების იმედიც მაქვს“.

ჟორდანიას მონოლოგი 23 ოქტომბრის სარბიელის მეორე გვერდზე გამოქვეყნდა, პირველ გვერდზე კი ოთხივე კანდიდატის ფოტო დაიბეჭდა სარედაქციო მოწოდებით: „ხმა მიეცით ქართულ ფეხბურთს“!

არჩევნებით დაინტერესებული უამრავი ადამიანი იმ წლების ყველაზე პოპულარულ სპორტულ გაზეთს დილიდანვე გაეცნო, მათ შორის ყრილობის მონაწილეები. შუადღისთვის არაერთმა მათგანმა აღმაშენებლის გამზირს მიაშურა – წლის მთავარი საფეხბურთო თავყრილობა საქართველოს რკინიგზელთა კლუბში დაიგეგმა.

ყრილობის გახსნა დაახლოებით თხუთმეტი წუთით დაგვიანდა. შემდეგ დელეგატებს და დამსწრეებს ალექსანდრე ჩივაძე მიესალმა, რომელმაც თავის სიტყვაში არ დამალა, რომ ქართულ ფეხბურთში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოვძებნოთო. მისივე თხოვნით შეკრებილებმა ბოლო ოთხი წლის მანძილზე ქართულ ფეხბურთს გამოკლებულ ყველა საფეხბურთო მოღვაწეს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აირჩიეს – ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე, კიდევ რამდენიმე წუთში კი სამანდატო, სარედაქციო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობა განისაზღვრა. ყრილობის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დღის წესრიგი და რეგლამენტი საბოლოოდ დამტკიცდა.

პირველმა გამომსვლელმა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ განვლილი ოთხი წლის შეჯამებისთვის ერთი საათი ითხოვა, თუმცა დელეგატებმა მას ერთი ტაიმი – ორმოცდახუთი წუთი აკმარეს. სხვა გამომსვლელებს ხუთ-ხუთი წუთი დაეთმოთ, პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს კი ათი.

კვინიკაძემ ქართული ფეხბურთის ყველა მიმართულება მიმოიხილა ეროვნული ჩემპიონატით და თასის გათამაშებით დაწყებული, ნაკრებით დასრულებული. მანვე ერთი წლის წინანდელი დაპირისპირებაც გაიხსენა სპორტის დეპარტამენტთან, თქვა, რომ ის ამბები ფედერაციის მუშაობაზე უარყოფითად აისახა, თავის გამოსვლა კი ამ სიტყვებით დაასრულა:

„ფეხბურთის ფედერაციას ყველა გუნდთან თამაში შეუძლია, ოღონდ ერთი პირობით – სამართლიანი თამაშის წესები, ეგრეთ წოდებული ფეირ ფლეი დაცული უნდა იყოს. თუ აქამდე აქეთ გვიტევდნენ, დღეს ვაჩვენებთ, რომ მძლავრი შეტევის ორგანიზება ჩვენც შეგვიძლია“.

გენერალური მდივნის შემდეგ ტრიბუნასთან საექსპერტო კომიტეტის თავმჯდომარე თემურ კვახაძე დადგა, რომელმაც ფინანსურ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით 1995-1998 წლებში ფეხბურთის ფედერაციის შემოსავალმა 6 691 766 ლარი შეადგინა, ხარჯი კი 1 763 246 ლარით განისაზღვრა. დანარჩენ თანხას რა ბედი ეწია, ამაზე არაფერი უთქვამს.

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წარმომადგენლის მიხეილ ჯოჯუას შემდეგ ტრიბუნასთან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი დადგა:

„მეგონა გამომსვლელთა რიგი დადგებოდა. ოთხ წელიწადში ბევრი სათქმელი დაგროვებულა და საოცარია, მთქმელი რომ არავინაა.

რაკი ალექსანდრე ჩივაძე ამბობს, რომ დღეს ქართული ფეხბურთი კრიზისშია, ეს აღიარებაა. მაგრამ ის არ აღიარებს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა ახალი ხალხი. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ამას არ გააკეთებს ფედერაცია, რომლის სიტყვა და საქმე ხშირად სცილდებოდა ერთმანეთს. ამ ხნის მანძილზე ჩვენ სისტემატიური შეხვედრები და მიმოწერა გვქონდა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ამას ნიშნისმოგებით და ანგარიშსწორებით კი არა, გულისტკივილით ვამბობ. პრესის აზრი ძირითადად ერთმნიშვნელოვანია, ფედერაცია უნდა შეიცვალოს. აუცილებლადაა გადასახედი ფედერაციის გაზეთ ქართული ფეხბურთის გამოშვების საკითხიც, რომელის მიზანიც პერიოდულობიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდება კი არა, საფეხბურთო ელიტის წევრთა გადაკიდება, მტრის ხატის შექმნა და მისი ანგარიშსწორება გახლდათ.

ჩვენ, ჟურნალისტებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მაინც, ყველანი ერთად მხარს დავუჭერთ მას, ვინც ქართულ ფეხბურთს გაამთლიანებს და შეარიგებს. ამ ფედერაციის ყველაზე დიდი დანაშაული საფეხბურთო მოღვაწეთა დანაწევრება და დაპირისპირებაა. ახალმა პრეზიდენტმა და ფედერაციამ ისინი უნდა შეარიგოს“.

სსჟა-ს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სამანდატო კომისიის თავმჯდომარის დრო დადგა. ამირან აბესაძემ დამსწრე საზოგადოებას ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ 272 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები – 18; ადგილობრივი და რეგიონული ფედერაციები – 54; პირველი და მეორე ჯგუფის კლუბები – 32 და 56; ნაკრები გუნდები – 5; საფეხბურთო სკოლები – 75; სხვადასხვა ორგანიზაციები – 32. აბესაძისვე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ 272-დან 245 დელეგატს შეუნარჩუნა უფლებამოსილება, ამ 245-დან კი რეგისტრაცია 238-მა გაიარა. ქვორუმი, 163 კაცი, შედგა და აქედან გამომდინარე, ყრილობაც.

ამის შემდეგ დელეგატების ჯერი დადგა: მუშტაიდელ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი ვაჟა კიკნაძე, სოხუმის ცხუმის პრეზიდენტი გია გვაზავა, ილია დათუნაშვილის მხარდამჭერი თემურ მირიანაშვილი, ავაზას საფეხბურთო სკოლის დირექტორი მიხეილ მესხი, საქართველოს პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე მანუჩარ მაჩაიძე, პროკურორი ზურაბ ცინცაძე, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ანატოლი მილჩენკო, თბილისის დინამოს მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა, ლანჩხუთის გურიის მწვრთნელი ჯონი ჯანელიძე, საგარეჯოელი დელეგატი გია ნაცვლიშვილი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანი, დავით ყიფიანი…

შემდეგ დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობა შეაფასეს: 57-მა დადებითად, 97-მა – უარყოფითად.

„ქართულ ფეხბურთში უდავოდ ბევრი პრობლემაა და ალბათ, ამიტომაცაა დღევანდელი ყრილობა ასეთი ემოციური. სამწუხაროდ, დელეგატები ძირითად პრინციპებს არ იცავენ და პრეზიდენტობის კანდიდატთა ღირსებებზე უფრო საუბრობენ, რაც, დამეთანხმებით, აცდენილია საყრილობო კალაპოტს“, – ჯანო ბაგრატიონი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

„ჩემი აზრით, ეს არჩევნები, განსხვავებით წინა სამისაგან, რომლებსაც ასევე ვესწრებოდი, უფრო დემოკრატიულად ტარდება. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, ღრმად მწამს, რომ დელეგატები ღირსეულს აირჩევენ. ახალ პრეზიდენტს კი დიდი ჯაფა დაადგება ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანისთვის. ერთი მინდა დავამატო, ვინც არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი, მდგომარეობას უეცრად ვერ შეცვლის. არარეალურია ის, რომ ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაძლევას და ფინალურ სტადიაზე თამაშს ვთხოვთ. ამას დიდი დრო, ხუთი-ათი წელი მაინც სჭირდება“, – ემზარ ზენაიშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი.

„ყველა კანდიდატს თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ ფეხბურთის განვითარებისთვის, ვფიქრობ, საჭიროა სათავეში ახალი გუნდი მოვიდეს. ამით მე ძველი ხელმძღვანელობის ერუდიციასა და პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ არ დავაყენებ. რა მოხდება, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ილია დათუნაშვილის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, დადებითი ძვრები დაიწყება. თუ რომელიმე სხვამ გაიმარჯვა, არამგონია ქართულმა ფეხბურთმა იმ დატკეპნილი გზიდან გადაუხვიოს, რასაც ოც წელზე მეტია ადგას“, – მანუჩარ მაჩაიძე, ვეტერანი დინამოელი, პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. ამ და სხვა დელეგატებს სარბიელის ჟურნალისტები პაატა კვანტალიანი, გიორგი ვაშაკიძე, პაატა თოთაძე და ვანო ოქროპირიძე შესვენების დროს გაესაუბრნენ.

ყრილობა სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო სიტყვებით განახლდა. ტრიბუნასთან პირველი რამაზ გოგლიძე ავიდა. სარბიელელი მამუკა კვანტალიანი წერს: „მღელვარებამ და მოუთოკავმა ემოციამ ბატონი რამაზის გამოსვლას თავისი დაღი დაამჩნია. ათ წუთში გოგლიძემ არაერთი მომხრე დაკარგა. მან ახალი ვერაფერი უთხრა დარბაზს. ათასჯერ თქმულის მოსმენა ძნელი ასატანი შეიქნა უკვე გადაღლილი და გაბეზრებული ხალხისთვის“.

შემდეგ ილია დათუნაშვილის ჯერი დადგა. „ბატონ ილიას არავინ დაუკარგავს, მაგრამ მისმა სიტყვებმა ვერც მომხრეები მოიმრავლა. დათუნაშვილს თავის გამოსვლაში არაერთი სამდურავი წამოსცდა, ამანაც შეაჩერა მისი წინსვლა“, – წერს სარბიელის მიმომხილველი.

მესამე თბილისის დინამოს პრეზიდენტი გახლდათ. „მერაბ ჟორდანიას სიტყვა ლაკონურიც იყო და საქმიანიც. ეს იყო გამარჯვებული, თავის თავში დარწმუნებული კაცი, რომელიც ყოველგვარი ქვეტექსტებისა და კონსპექტების გარეშე საუბრობდა“, – ასეთი იყო მამუკა კვანტალიანის შეფასება.

სულ ბოლოს მიკროფონთან ალექსანდრე ჩივაძე დადგა. სარბიელის კორესპონდენტი წერს: „ფურცლები არც მას დასჭირვებია. ბატონმა საშამ ალალად თქვა ის, რასაც ფიქრობდა. თითქოს გარკვეული უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ყველაფერი ერთმა კითხვამ გადაწყვიტა:

-ბატონო საშა, ვინ იქნება ფედერაციის გენერალური მდივანი თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში?

ჩივაძე თითქოს ჩაფიქრდა, თითქოს პასუხის გაცემაც გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მოკლედ მოჭრა, გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე იქნებაო.

კვინიკაძის გენსეკობა ფედერაციაში მისი გუნდის დარჩენას მოასწავებდა. ესე იგი, ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩენილიყო. ეს მაშინ, როცა ძველებურად ცხოვრება არავის სურდა. დელეგატთა საბოლოო არჩევანიც ამის შემდეგ გაკეთდა. ცხადი იყო, არჩევნებს მერაბ ჟორდანია მოიგებდა“.

24 ოქტომბერს, სარბიელში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში „ფედერაციას წითელი ბარათი უჩვენეს – ქართული ფეხბურთის საჭე ახალ კაცს ჩაბარდა“, ჟურნალისტი ვახტანგ ბზიკაძე ყრილობის კულმინაციას ასე აღწერს:

„კენჭისყრა საათნახევარს გაგრძელდა და მონაწილეობა 235-მა დელეგატმა მიიღო. არც ერთი ბიულეტენი გაბათილებულა. კანდიდატთა ნდობით აღჭურვილმა პირებმა თავ-თავიანთი ბიულეტენები წინ დაიწყვეს და მერაბ ჟორდანიას ხმებმა ასს რომ გადააჭარბა, მერაბ რატიანმა ხელები მაღლა აღმართა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამარჯვება ჟორდანიას გუნდმა ოდნავ ადრე იზეიმა.

საბოლოოდ ხმები ასე განაწილდა:
რამაზ გოგლიძე – 23
ილია დათუნაშვილი – 44
ალექსანდრე ჩივაძე – 56
მერაბ ჟორდანია – 112

ეს მეორე ტურს მოასწავებდა, რადგან ორმოცდაათ პროცენტს პლუს ერთი ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. მაგრამ ამხელა ჩამორჩენის შემხედვარე ალექსანდრე ჩივაძემ კანდიდატურა მოხსნა და პრეზიდენტობა მერაბ ჟორდანიას მიულოცა.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მილოცვა ჯერ დანარჩენი კანდიდატებისგანაც მიიღო, მერე კი სცენაზე ყველა მსურველი ავიდა და მერაბ ჟორდანიას პერსონალურად მიულოცა“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი 1998 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით ათის ნახევრისთვის აირჩიეს. მას ბევრი ულოცავდა, სფფ-ის ახალი ხელმძღვანელი კი მადლობას მხოლოდ დარბაზში მყოფებს კი არა,  ტელეფონითაც უხდიდა. როცა ემოციები შედარებით ჩაცხრა, მერაბ ჟორდანიამ მხარდამჭერები რესტორან ბერიკონში მიიპატიჟა.

„მერაბ, იცოდე ჩემზე მეტად შენი ოპოზიციონერი არავინ იქნება. შენ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ, მაგრამ საქართველო უპირველეს ყოვლისაო, ხომ გაგიგია? ჰოდა, როგორც კი დავინახავ საქმეს ვერ აკეთებ, პირველი მე ავიმაღლებ ხმას შენს წინააღმდეგ“, – ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელს ბერიკონში გაშლილ საზეიმო სუფრაზე პირველად მისმა სიმამრმა, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანმა მიმართა.

შაბათს, 24 ოქტომბერს, სარბიელში სფფ-ის ახალი პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა. მერაბ ჟორდანიას ჟურნალისტი კობა ინასარიძე ესაუბრა:

„გამარჯვების იმედი მართლაც მქონდა. ხმათა უმრავლესობა ჩემსკენ გახლდათ, საკითხავი ისღა დამრჩენოდა, დანაპირებს როგორ შეასრულებდნენ. მადლობა ყველას, სიტყვა სიტყვაა, პირობა არ გატეხეს. დავით ტურაშვილის სიტყვები მახსენდება – საღმა აზრმა გაიმარჯვა…

წინასწარი გათვლით ამდენ ხმას არ ველოდი, თუმცა… როგორ გითხრათ, ჩემი გამარჯვების მერე ძალიან ბევრმა ერთი და იგივე გამიმეორა, გამარჯვება ყრილობის მიმდინარეობისას გაინაღდე, ხალხი შენსკენ მაშინ გადმოვიდა, როცა სიტყვა წარმოთქვიო. ნელ-ნელა მეც ამ აზრამდე მივდივარ…

ეს ყრილობა ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებაა, მთლიანად ქართული ფეხბურთის. ასეთი ობიექტური ყრილობა დიდი ხნის განმავლობაში სანატრელი გვქონდა. სიტყვა არავის მოუბრუნდება თქვას, ყრილობა არაობიექტურად ჩატარდაო, დემოკრატიულობის პიკი იყო! ეს ჟურნალისტების დამსახურებაცაა, საამისოდ თქვენ ბევრი გააკეთეთ…

ფედერაციაში ბევრი ცვლილება იქნება. კადრებიც შეიცვლება…

დინამოს პრეზიდენტობის დროსაც კი იმას ვცდილობდი, როგორმე ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ყოფილიყო. ახლაც ასე იქნება. დინამოს ფედერაციისგან არანაირი შეღავათი არ ექნება“.

პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევიდან მესამე დღეს მერაბ ჟორდანიამ თავისი გუნდის პირველი წევრი წარუდგინა საზოგადოებას – გენერალურ მდივნად ვალერი ჩოლარია დანიშნა.

სამ დღეში, 30 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონში ახალ გენერალურ მდივანთან ერთად ახალი აღმასრულებელი კომიტეტიც დამტკიცდა: მერაბ ჟორდანია (პრეზიდენტი), ალექსანდრე ჩივაძე (ვიცე-პრეზიდენტი), ვალერი ჩოლარია (გენერალური მდივანი), ნიკო ლეკიშვილი (მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოადგილე), თემურ ჭყონია (კომპანია კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას პრეზიდენტი), ლევან გაჩეჩილაძე (კომპანია GWS-ის პრეზიდენტი), დათო ტურაშვილი (მწერალი), ზაზა ბოკერია (ექიმი), გივი შუღაროვი (არქიტექტორი), დემურ ლელაძე (საქართველოს ავიახაზების პრეზიდენტი), მურთაზ ანჯაფარიძე (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), გურამ ფილიპაშვილი (იმერეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი), იმედო დუნდუა (გურია), გოჩა როსტომაშვილი (კახეთი), ომარ გოგიაშვილი (სპორტის აკადემიის რექტორი), ემზარ ზენაიშვილი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი), გურამ ქარქაშაძე (შინაგან საქმეთა სამინისტრო), რომან შოთაძე (თბილისის დინამოს ვიცე-პრეზიდენტი), ნიკო დოლიძე (ფონდი ფეხბურთი ბავშვებს), დავით გამყრელიძე (სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრეზიდენტი), გოგი თოფაძე (შპს ყაზბეგის პრეზიდენტი). ეს უკანასკნელი ახალი აღმასრულებელი კომიტეტის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც სხდომას ვერ დაესწრო. იმავე დღეს ისიც ითქვა, რომ აღმასკომში კიდევ ორი რეგიონის წარმომადგენელი იქნებოდა და მათი ვინაობა მოგვიანებით გაცხადდებოდა, ისევე როგორც ფედერაციის მეორე ვიცე-პრეზიდენტისა.

შერატონში გამართულ თავყრილობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევიც დაესწრო. რამდენიმე დღეში მან ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის მიწვეულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. წლის ბოლო საერთაშორისო მატჩი 18 ნოემბერს გაიმართა თბილისში.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 7 აპრილი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ბადრი კეთილაძე; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი

ka_GEGeorgian