კვარამანია ბათუმში
12 აპრილი ნაპოლისთვის ისტორიული დღეა – კლუბი პირველად ითამაშებს მთავარი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში. სარბიელი და მეტოქე კარგად ნაცნობია – სან სირო და მილანი.
მათი ბოლო მატჩი, სტადიო დიეგო მარადონაზე, მგონი მთელმა საქართველომ ნახა, მაგრამ ჩემი აზრით, იმ შეხვედრის შედეგი ბევრს არაფერს ნიშნავს.
დღეს სხვა ნაპოლის ვიხილავთ და დიდი იმედი მაქვს, ხვიჩაც ათი თავით იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე აპრილის პირველ ორ მატჩში იყო.
ჩვენ კი არა, ამის იტალიელ ჟურნალისტებსაც ეიმედებათ. აგერ მაგალითად, კორიერე დელო სპორტმა ამ საღამოს ჯახი ასე დაასათაურა: „კვარა ლეაოს ესტუმრა – ხელოვანთა საღამოს მოლოდინში“.
ოსიმენის არყოფნაში ხვიჩა ნაპოლის მთავარი იმედია და მინდა, რომ ისე გაგვახაროს, როგორც აგვისტოდან დაწყებული აკეთებს და როგორც სერია ა-ს სამგზის რჩეულს ეკადრება. ფორცა ხვიჩა და წინ ფინალისაკენ, ჯერ მილანის, ნახევარფინალში კი ინტერის გავლით!
რაც შეეხება ამ ფოტოს, ის 28 მარტს ბათუმში, საქართველო-ნორვეგიის მატჩის დაწყებამდე გადავიღე.
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური თავგადასავლის შემხედვარე ვხვდებოდი, რომ ეროვნული გუნდის საშინაო მატჩის წინ ბევრ კვარა გამოჩნდებოდა, თუმცა იმას, რაც ვნახე, მაინც არ ველოდი: ერთი ქართველი ფეხბურთელის მაისურში გამოწყობილი ამდენი გულშემატკივარი ცხოვრებაში პირველად ვიხილე! ეს ერთ-ერთი ფოტოა იმ დღეს გადაღებული რამდენიმე ათეულიდან. პატარები, თინეიჯერები, მშობლები შვილებთან ერთად, თმაშევერცხლილი მამაკაცები და ქალბატონები…
დიდებული სანახაობა იყო და ჩემი აზრით თუ რამე აკლდა ჩვენი ნაკრების საშინაო მატჩებს, სწორედ ასეთი ამბავი. დროშების ფრიალი როგორ არ მინახავს, მაგრამ სტადიონზე მიმავალ ამდენ ადამიანს ერთი ბიჭის მაისური მოერგოს, არასოდეს! ძალიან კარგია ეს და გული მიგრძნობს საქართველოს ნაკრები თბილისში რომ დაბრუნდება, უფრო მეტ „კვარაცხელიას“ გადავიღებ დიდუბეში.
ლაშა გოდუაძე
ბათუმი; 2023 წლის 12 აპრილი