ხავიერ ძანეტის ავტოგრაფი
მე ვარ ინტერი, მე ვარ ლეგენდა.
ხავიერ ძანეტის საფოსტო ბარათს ეს სიტყვები ამშვენებს და ისინი ზედმიწევნით ზუსტად მიგვანიშნებენ მილანური კლუბის ისტორიაში ამ კაცის როლსა და მნიშვნელობაზე.
დღეს ძანეტი ინტერის ვიცე-პრეზიდენტიც გახლავთ და ის თბილისს ინტერ აკადემია საქართველოს მოწვევით ესტუმრა. გუშინ პატარები გაახალისა – მათთან ერთად ივარჯიშა, დღეს დილით კი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შავ-ლურჯების ტიფოზებს უმასპინძლა, ბევრი ფოტოც გადაიღო, არაერთ კითხვას უპასუხა და ზემოხსენებული საფოსტო ბარათები ავტოგრაფით დაამშვენა.
ინტერის ლეგენდა კალჩოს მეგავარსკვლავიცაა, რადგან უცხოელთაგან ყველაზე მეტი, ცხრამეტი სეზონი გაატარა სერია ა-ში და იმდენად ბევრი გაიღო შავ-ლურჯებისთვის, რომ კლუბმა მისი ნომერი – 4, ხმარებიდან ამოიღო.
ასეთი პატივი იტალიურ ფეხბურთში თითზე ჩამოსათვლელ კაცებს ერგოთ, არგენტინელთა შორის კი, ძანეტის გარდა, მხოლოდ მარადონას. ამასაც დავწერ: ჩემთვის ძანეტი მესამე უდიდესი არგენტინელია დიეგოს და ლეოს შემდეგ. უფრო სწორად, ხავიერი მეორეა, რადგან მარადონა-მესი ჩემთვის ერთი სიმაღლეა…
დღევანდელ შეხვედრაზე ლეგენდარულ არგენტინელს ინტერის იმ ბარათზე კი მოვაწერინე ხელი, მაგრამ წამში ეს ფურცელიც მივაწოდე. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ჟურნალში რამდენიმე წლის წინ მასთან ინტერვიუ დაიბეჭდა და ძანეტისეული ყველა დროის არგენტინაც მაშინდელია.
მართალია მან რჩეულთა შორის საკუთარი თავი არ დაასახელა, მაგრამ ჩემთვის მისი ადგილი აქაა, ყველა დროის უდიდეს ალბისელესტეში. ავტოგრაფიც ამიტომ ვთხოვე.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 22 აპრილი
ფოტო: ინტერ აკადემია საქართველო