მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები

დღეს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ჩემი წიგნის – „მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები“ – პრეზენტაცია გაიმართა.

ქართველმა ათლეტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად სამოცდაათი წლის წინ, 1953 წლის 19 აპრილს მოიგო. პლანეტის პირველი ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზია გახლდათ, რომელმაც ოქროს მედალი ნეაპოლში მოიპოვა. საბედნიეროდ, ბატონი გივის შემდეგ არაერთმა სპორტსმენმა გაიმარჯვა ოლიმპიური სახეობების მსოფლიო ჩემპიონატებში და მათ შორის არაერთმა რამდენჯერმე. „მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები“ სწორედ მათზეა.

წიგნი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, რაც მიხარია, რადგან განვლილი წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ. ეს წიგნიც ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაყოფია და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის საკრებულოს პრეზენტაციის მასპინძლობისთვის და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში.

რა თქმა უნდა მადლიერი ვარ ყველა სტუმრის, სახელოვანი სპორტსმენების, მათი ოჯახის წევრების, ნაკრები გუნდების თავკაცების, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლების, უფროსი თაობის კოლეგების და მეგობრების, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრნენ და არაერთი დასამახსოვრებელი სიტყვაც მითხრეს.

დღევანდელი და მსგავსი ღონისძიებები მარწმუნებს, რომ არაფერი სჯობს საყვარელი საქმის კარგ ხალხთან ერთად კეთებას. ძალა ერთობაშია!

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 25 აპრილი

ka_GEGeorgian