დიეგოდან ხვიჩამდე

12058.
ზუსტად ამდენი დღე გავიდა ნაპოლის მეორე იტალიური ტრიუმფიდან და კამპანიელი ტიფოზების ოცნება, როგორც იქნა, ასრულდა: მათი საყვარელი კლუბი მესამედ გახდა სერია ა-ს ჩემპიონი.

უდინეში 1:1-ით ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა მდევრებს ხელი დაუქნიეს და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდეს სკუდეტო. ეს კალჩოს რეკორდია და კალჩოს რეკორდია სპალეტის ასაკიც: 64 წლის და 58 დღის მწვრთნელმა იტალიის ჩემპიონატი პირველად მოიგო.

ზოგადად, ეს სეზონი ნეაპოლელთათვის რეკორდების დახუნძლული გამოდგა, არადა ლორენცო ინსინიესთან, დრის მერტენსთან, კალიდუ კულიბალისთან და კიდევ ერთ-ორ კარგ ბიჭთან დამშვიდობების შემდეგ ამას ერთეულები თუ წარმოიდგენდნენ.

ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ ერთი ხელის მოსმით არაფერი იცვლება, წარმატება იოლად არ მოდის, მაგრამ გამონაკლისი ყველგან ხდება და ნეაპოლელთა გულის გასახარად, ეს გუნდიც ასეთი გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობა გვარიანად გადახალისდა, კლუბმა ფინიშამდე ერთი თვით ადრე სკუდეტო მოიგო! არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ისტორიაში პირველად ითამაშა მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში.

ზაფხულში, როცა გუნდის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიუყვანა, მაგალითად კორეელი ცენტრალური მცველი მინ-ჯაე კიმი, ურუგვაელი მათიას ოლივერა, კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ფრანგი ტანგი ნდომბელე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია, ვერავინ იტყოდა, რომ სტადიო დიეგო მარადონაზე საჩემპიონო შემადგენლობა შეიკრა.

მაგრამ სეზონის სტარტიდან სამი თვის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, იტალიელი და კიდევ არაერთი უცხოელი მიმომხილველი აღნიშნავდა, რომ სპალეტის ნაპოლი სკუდეტოს მთავარი კანდიდატი იყო. „საუკეთესო ფეხბურთს დღეს მხოლოდ ნაპოლი თამაშობს“ – ამ და დაახლოებით მსგავს შეფასებებს ხშირად ვკითხულობდი შემოდგომით.

იანვრიდან დაწყებული ნაპოლი კვლავ არნახული ტემპით ათამაშდა და გაზაფხულზე უკვე ნათელი იყო – საშინაო სარბიელზე ამ გუნდს ვერავინ შეაჩერებდა, ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავი იყო. გუშინ მოლოდინი დასრულდა.

12058 დღის წინ, როცა ლურჯებმა მეორედ გაიხარეს სკუდეტოთი, გუნდის ლიდერი დიეგო არმანდო მარადონა გახლდათ, ერთ-ერთი უდიდესი, ვისაც კი ოდესმე ბურთით უთამაშია.

ოცდაცამეტი წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი ნაპოლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველია, ჩვენია და მას განსაკუთრებით ვქომაგობ. არავითარ შემთხვევაში.

აგვისტოდან დაწყებული, პირველი ტურიდან ხშირად ვწერ მასზე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ჩემი ჩანახატები მოსაბეზრებელ სადღეგრძელოებს არ დაემსგავსოს. მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც იტალიელი ჟურნალისტების წერილებში ამოვიკითხავ ხოლმე და ამეებს რომ თავი დავანებოთ, ორი ვერსიით მოგებული სერია ა-ს თვის მოთამაშის ხუთი ჯილდოც ხომ ჩემ შეხედულებას ადასტურებს?

ეს ხვიჩას სეზონია და ეს ნაპოლიც ხვიჩას ნაპოლია. რატომღაც მგონია, რომ წლების შემდეგ, როცა ნეაპოლელთა მესამე სკუდეტოზე ისაუბრებენ, ტიტულს, პირველ რიგში, სწორედ ხვიჩასთან გააიგივებენ.

ზუსტად ისე, როგორც ამ კოლაჟებზე. ისინი სხვადასხვა სოციალურ ქსელში დღეს დილით შევკრიბე.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 5 მაისი

ka_GEGeorgian