ვაქოთ ტატო!

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!
თუმცა ეს შარშანაც ასე იყო და ამიტომ შევასწორებ: ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის 2022 წლის რჩეულმა კატარის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ დღეს შეუდარებელია: პირველ წრეში, მეთექვსმეტედფინალში, ტატომ მაროკოელი აშრაფ მუტი ჩამოიშორა; მერვედფინალში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს სძლია; მეოთხედფინალში ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვახიდ ბორჩაშვილი შეაჩერა, ხოლო ფინალის საგზური კორეელ იონჰვან ლისთან გამარჯვებით მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო ძალიან დამაჯერებელი იყო და შანსი არ მისცა ბელგიელ მათიას კასეს – ელვისებური ბრუნი, ვაზარი და ზედიზედ მოგებული მსოფლიო პირველობა! ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალიდან დაწყებული მათი გზები მეექვსედ გადაიკვეთა და დღეს ტატომ მეოთხედ აჯობა ბელგიელს.

ტატოს ოქროს მედლის შემდეგ ქართული სპორტის წარსულიდან ათი საინტერესო ფაქტი ამოვქექე და აგერ ბატონო, ინებეთ:

01: შარშანდელის მსგავსად ჩვენ სპორტს მსოფლიო პირველობის პირველი ოქროს მედალი წელსაც ტატომ მოუტანა.

02: ქართული ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი აქამდე მხოლოდ თემურ ხუბულური გახლდათ. ახლა ტატოც ორგზის ოქროს მედალოსანია.

03: ტატო პირველი ქართველი ძიუდოკაა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და თან, ერთსა და იმავე მეტოქესთან. 2021 წელს ქართველს კასემ აჯობა, თუმცა ბოლო ორ ფინალში გორელმა ფალავანმა რევანში აიღო.

04: ტატომ ზედიზედ მეხუთე ტიტული მოიგო: ოქტომბერში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (ტაშკენტში); ნოემბერში მშობლიური ქალაქის კლუბის შემადგენლობაში გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში; დეკემბერში იერუსალიმის მასტერსი დაასრულა ტრიუმფით; თებერვალში პარიზის გრანდ სლემის ოქროთი გაგვახარა და დღეს წლის მთავარი შეჯიბრების მოგებით.

05: ქართული სპორტის ისტორიაში ტატო მსოფლიოს 66-ე ჩემპიონია (ოლიმპიურ სახეობებში) და ამ 66-დან მხოლოდ 23-ეა, რომელმაც მინიმუმ ორჯერ მოიგო პლანეტის პირველობა.

06: ქართული სპორტის ისტორიაში ვაჟთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლერი ხაბელოვი გახლავთ. მეორე მსოფლიო ტრიუმფის დროს, 1987 წელს კლერმონ-ფერანში (საფრანგეთი), ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 23 წლის გახლდათ. დღევანდელი ტრიუმფით ტატომ მისი რეკორდი გაიმეორა – ისიც 23 წლისაა. მათზე ახალგაზრდა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვაჟი ჩვენ სპორტში არავინ ყოფილა.

07: დეკემბერში ხუთი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია დაბადებული და ტატო მათ შორის ერთადერთი ორგზის ტრიუმფატორია.

08: ქართველმა ძიუდოისტებმა მესამედ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი 81კგ წონით კატეგორიაში. ტატომდე ამ წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა გაგვახარა 2014 წელს. სამი ოქროს მედლით 81კგ მეორე ყველაზე წარმატებული წონითი კატეგორიაა დღეს უკვე არარსებული 95კგ-ის შემდეგ. 1979 და 1981 წლებში იქ თემურ ხუბულურმა გაიმარჯვა, 1989 წელს კი აწ გარდაცვლილმა კობა კურტანიძემ.

09: მას შემდეგ, რაც ქართული სპორტი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეუერთდა (1993 წელს), ტატო მხოლოდ მეოთხეა, რომელმაც ზედიზედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. 2002 და 2003 წლებში ეს ლუკა კურტანიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) შეძლო, 2017-2018-2019 წლებში გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ხოლო ძალოსანი ლაშა ტალახაძე 2015 წლიდან უცვლელად პირველია მძიმეწონოსანთა შორის – მიჯრით 6 ოქროს მედალი.

10: დოჰა მსოფლიოს 67-ე ქალაქია, ხოლო კატარი მე-7 აზიური ქვეყანა, სადაც საქართველოს წარმომადგენელმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (საბჭოთა წლების ჩათვლით).

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 10 მაისი
ფოტო: IJF.org

ka_GEGeorgian