ახალგაზრდული ევროჩემპიონატის ქართული ამბები: ევრო 1972

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად თვე და ათი დღე დარჩა. 21-წლამდელთა ევროპირველობას საქართველო და რუმინეთი მხარდამხარ უმასპინძლებენ. შეჯიბრება 21 ივნისს დაიწყება ბუქარესტში უკრაინის და ხორვატიის ნაკრები გუნდების თამაშით, ფინალს კი ბათუმის აჭარაბეთ არენა 8 ივლისს უმასპინძლებს.
ჩვენი ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი სამივე შეხვედრას თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩაატარებს: 21-ში პორტუგალიასთან, 24-ში ბელგიასთან, 27 ივნისს კი ნიდერლანდების წინააღმდეგ. სვანაძის ბიჭებს ძლიერი მეტოქეები რომ ერგოთ, ნათელია: პორტუგალია წინა ევროპირველობის ფინალისტია (გერმანიასთან დამარცხდა 0:1), ნიდერლანდები კი ორი წლის წინ მესამე იყო.

მაგრამ დღევანდელი ჩანახატი კარსმომდგარ ტურნირს არ ეხება. ამ პატარა ტექსტით იმ ქართველებს გავიხსენებ, რომლებმაც პირველ ახალგაზრდულ ევროპირველობაში, 1971-1972 წლების გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. ასეთი ოთხია: ვლადიმერ გუცაევი, გივი ნოდია, ლევან ნოდია და მანუჩარ მაჩაიძე.

პირველი ჩვენიანი, რომელმაც ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა, ლევან ნოდია გახლავთ. IV შესარჩევი ჯგუფის პირველ მატჩში, 1971 წლის 30 მაისს, ესპანელებმა საბჭოთა ახალგაზრდებს მალაგაში, ლა როსალედაზე უმასპინძლეს. სტუმრებმა 2:1 მოიგეს, ლევან ნოდიამ კი 50-ე წუთზე შეცვალა უკრაინელი ვლადიმირ ონიშჩენკო.

საპასუხო მატჩი იმავე წლის 27 ოქტომბერს შედგა დონეცკში (1:1) და იქ უკვე მანუჩარ მაჩაიძე გამოჩნდა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა კარლოს ალონსო გონსალეს სანტილიანამ, რომელიც რამდენიმე თვის მისული გახლდათ მადრიდის რეალში და სადაც 1987-88 წლების სეზონის ჩათვლით ითამაშა…

1972 წლის 29 აპრილს, ერევანში, ჰრაზდანზე, მეოთხედფინალის პირველი მატჩი გაიმართა – სსრკ 3:1 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. სომხეთის დედაქალაქში გივი ნოდიამ პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით ითამაშა, ვლადიმერ გუცაევმა კი 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე ის ნიკოლაი ტიმოფეევმა შეცვალა. უგოლოდ დასრულებულ საპასუხო მატჩში, 11 მაისს დუისბურგში, გუცაევმა და ნოდიამ შეუცვლელად ითამაშეს. რაც შეეხება გერმანელებს, მათი ნაკრებიდან უმაღლეს დონეზე მხოლოდ მეკარე დიტერ ბურდენსკიმ, მცველებმა მანფრედ კალცმა და ბერნდ კულმანმა და ნახევარმცველმა რაინერ ბონჰოფმა ითამაშეს…

ნახევარფინალში საბჭოთა კავშირს ბულგარეთი ერგო. 1972 წლის 7 ივნისს, ლენინგრადში, კიროვის სტადიონზე მასპინძლებმა 4:0 გაიმარჯვეს. გივი ნოდია კვლავ შეუცვლელი იყო და მე-19 წუთზე მეორე გოლიც გაუტანა ბულგარელებს, გუცაევის ნაცვლად კი 77-ე წუთზე ალექსანდრ პისკარიოვი გამოჩნდა.

საპასუხო ნახევარფინალს 15 ივნისს ვასილი ლევსკის სახელობის სარბიელმა უმასპინძლა. თამაში 3:3 დასრულდა. სოფიაში მხოლოდ გუცაევმა ითამაშა, რომელმაც 31-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 55-ე წუთზე თბილისის დინამოელი ვლადიმერ დოროფეევმა შეცვალა.

პირველი ახალგაზრდული ევროჩემპიონატის ფინალის პირველი თამაში 1972 წლის 26 ივნისს გაიმართა მოსკოვში, ლუჟნიკებზე. თბილისის დინამოდან ძირითადში კვლავ გუცაევი და ნოდია მოხვდნენ, რომლებმაც ისევ შეუცვლელად ითამაშეს. გუცაევმა გოლიც გაიტანა: 73-ე წუთზე მეორედ დააწინაურა მასპინძლები. მატჩი 2:2 დასრულდა.

ოთხ დღეში, 30 ივნისს, მეტოქეები ქალაქ ოსტრავაში, ბაზალის სტადიონზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გივი ნოდიამ კაპიტნის რანგში გაიყვანა გუნდი მინდორზე, გუცაევი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 70-ე წუთზე ისევ დოროფეევმა შეცვალა.

ჩეხოსლოვაკიამ მიროსლავ ჰაიდუშეკის (მე-10 წთ), დუშან ჰერდას (11) და მილან ალბრეხტის (60) გოლებით გაიმარჯვა. ერთადერთი საპასუხო გოლი ოლეგ ბლოხინმა შეაგდო 67-ე წუთზე. საბოლოოდ 1:3, ორი მატჩის ჯამში კი 3:5.

ოსტრავაში განმეორებითი ფინალის არბიტრი იტალიელი სერჯიო გონელა გახლდათ. მას იმიტომ ვიხსენებ, რომ ოთხ წელიწადში ევრო 1976-ის გადამწყვეტი შეხვედრა იმსაჯა და ჩეხოსლოვაკიელებმა მაშინაც გაიხარეს – მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას პენალტების სერიაში აჯობეს. კიდევ ორი წლის შემდეგ, 1978 წლის 25 ივნისს, ფიფამ გონელას მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი ანდო – არგენტინა ნიდერლანდების წინააღმდეგ…

საბოლოოდ, გივი ნოდია და ვლადიმერ გუცაევი ევროპის პირველი ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, თბილისის დინამოელების სტატისტიკა კი პირველ ახალგაზრდულ ევროჩემპიონატში ასეთია:

ვლადიმერ გუცაევი: 6 მატჩი, 3 გოლი (თითო ბურთი ფინალში, ნახევარფინალში და მეოთხედფინალში)

გივი ნოდია: 5 მატჩი, 1 გოლი (ნახევარფინალში)

ლევან ნოდია: 1 მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე

მანუჩარ მაჩაიძე: 1 მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 11 მაისი
ფოტო: Georgian Football Archive

ka_GEGeorgian