ნეაპოლური ჩანახატები: ქალაქი, სადაც ფეხბურთი რელიგიაა

თქვენ აზრზე არ ხართ რა გამაზეთ.
ეს წარწერა ნეაპოლის სასაფლაოს კედელზე 1987 წლის 11 მაისს გაჩნდა. ერთი დღით ადრე ნაპოლიმ ფიორენტინას უმასპინძლა და მართალია ვერ გაიმარჯვა – 1:1 ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო პირველი სკუდეტო.

1987 წლის 10 მაისს სან პაოლოზე გამართულ მატჩს ოთხმოც ათასზე მეტი ტიფოზი დაესწრო, ჩემპიონობა კი მილიონობით კამპანიელმა იზეიმა. იმ დღეებში იტალიის ამ ზღვისპირა კუთხემ და მისმა მოსახლეობამ, ვისთვისაც არცთუ დალხენილი ცხოვრება და გადარჩენისთვის ბრძოლა უფრო ნაცნობი ამბავი იყო, ზღაპარში შეაბიჯა.

მას შემდეგ 1987 წლის 10 მაისი ნეაპოლელთათვის ლეგენდაა, იმ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი დიეგო არმანდო მარადონა კი ღმერთი თუ არა, დაახლოებით იმავე სიმაღლეზე მდგომი ღმერთკაცი.

არგენტინელი ათიანის სახელს ამ სამხრეთულ ქალაქში არასდროს არაფერი დაემუქრება. ნაპოლი, რა დროც უნდა გავიდეს, მის კლუბად დარჩება, ნეაპოლი – მის ქალაქად.

ნეაპოლელებმა დიეგოს მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალიც აპატიეს და დღეს მარადონას ფოტოებს აბსოლუტურად ყველაფერზე და ლამის ყველა ქუჩაში შეხვდებით, ხოლო ესპანური კვარტლის ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც მისი სახელობის პატარა მოედანია, კარგა ხანია ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათია, ყველაზე ტურისტმრავალი გზაჯვარედინი.

მარადონა ნაპოლის ტიფოზებისთვის თვალუწვდენელი სიმაღლეა და ასეთად დარჩება მარად, თუმცა არგენტინელის ასობით დროშასთან ერთად დღეს ქუჩებში და არცთუ მოვლილი სახლების აივნებზე ნაპოლის დღევანდელი ვარსკვლავების მაისურები და პლაკატებიც ფრიალებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასი.

დღეს მე რომ ნეაპოლში ვარ და მთელ დღეებს ქუჩებში ვატარებ, ამ საოცრად ნიჭიერი ბიჭის დამსახურებაა. მას შემდეგ, რაც ხვიჩა ნაპოლის შეუერთდა, კალჩო და ეს კლუბი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. დიდებულად დაწყებული, ფანტასტიკურად გაგრძელებული და საოცნებო ტრიუმფით დასრულებული სეზონის შემდეგ კი აქაურობის მონახულება საბოლოოდ გადავწყვიტე. მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ის, რასაც სეზონის მსვლელობისას ჟურნალ-გაზეთებში ვკითხულობდი და ტელევიზიით ვუყურებდი და რაზეც ნეაპოლმოვლილი მეგობრები აღფრთოვანებით მიყვებოდნენ.

ოცდაცამეტი წლის შემდეგ მოგებული, რიგით მესამე სკუდეტოს შემდეგ ნეაპოლი გადაირია და ამ ყოვლისმომცველი სიხარულის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაცაა. ქალაქის ქუჩებში რამდენიმე საათის მანძილზე გადაღებული ეს ფოტოები, ვფიქრობ, ზემოთქმულში დაგარწმუნებთ.

მე პირველად ვარ ქალაქში, სადაც ფეხბურთი რელიგიაა.

აქ სტუმრობა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამ სანახაობას ნაღდად ვერ გავმაზავდი.

ლაშა გოდუაძე
ნეაპოლი, იტალია
2023
წლის 21 მაისი

ka_GEGeorgian