ნეაპოლური ჩანახატები: დიადი არგენტინელი და უკვდავი განცდები

ნეაპოლი დიეგო არმანდო მარადონას ქალაქია.
ამ დღეებში, რომელ ქუჩაზეც შევისეირნე, ყველგან ის შემხვდა: ბარებში, პიცერიებსა და კაფეებში, აივნებზე, ფანჯრებსა და კარებზე, სახლების კედლებზე და სარეცხის თოკებზე, ტაძრების გალავანზე და ქვაფენილებზე…
მაისურებსა და შარფებზე, დროშებზე, ჭიქებსა და თეფშებზე, ღვინის და შამპანურის ბოთლებზე, მაგნიტებზე და გასაღების საკიდებზე და კიდევ უთვალავი ფორმის სუვენირებზე არაფერს ვამბობ.

ყველგან ასეა! მხოლოდ სახელგავარდნილ ესპანურ კვარტალსა და ძველ, ეგრეთ წოდებულ ტურისტულ უბნებში კი არა, იმ ქუჩებზეც კი, სადაც უცხოელები უკიდურესად იშვიათად ან საერთოდ ვერ ხვდებიან.

ნეაპოლში დიეგოს აღმერთებენ, ნეაპოლში დიეგოს ტოლ-სწორი არ ჰყავს. არც პირველი გადაწყვეტილება გადაიხედება არასდროს და ვერც ვერავინ გაუტოლდება მას. დიეგო მარადიულად იმად დარჩება, რადაც აქაურების გონებასა და გულებში ჩაიბეჭდა 80-იანი წლების მეორე ნახევარში თავის ზღაპრული წარმოდგენებით. და მერე რა, რომ თაობები შეიცვლებიან და რამდენიმე წელიწადში ცოტას თუ ემახსოვრება დიადი არგენტინელის თამაში ნაპოლის ლურჯი ან თეთრი მაისურით.

ქალაქ ლანუსში დაბადებული ბიჭი ოცდასამი წლის იყო ნაპოლის რომ შეუერთდა. იმხანად ამ კლუბს ერთადერთხელ ჰქონდა მოგებული ჩემპიონის ტიტული, ისიც სერია ბ-ში და მხოლოდ ორჯერ ფლობდა ქვეყნის თასს. ამ სამი ჯილდოთი ნაპოლი იტალიის საშუალო კლუბებშიც არ მოიხსენიებოდა, ევროპულ ასპარეზზე რომ არაფერი ვთქვა.

მაგრამ გამოჩნდა ის, 1991 წლის ჩათვლით შვიდი არასრული სეზონი გაატარა სტადიო სან პაოლოზე და სამუდამოდ შეცვალა ქალაქიც და კლუბიც:

ისტორიული დუბლი – სკუდეტო და თასი 1986-1987 წლების სეზონში…

პირველი (და დღემდე ერთადერთი) საერთაშორისო წარმატება – უეფას თასი 1989 წლის გაზაფხულზე…

მეორე ჩემპიონობა და მისი თანამდევი იტალიის სუპერთასი 1990 წელს…

259 ოფიციალური თამაში და 115 გოლი…

ეს ყველაფერი სტატისტიკაა. ვერ ვიტყვი, რომ დიდად შთამბეჭდავი. ასზე მეტი გოლი ჩვენი დროის ბომბარდირებს არასრულ სამ სეზონში გააქვთ და ხუთი თასის მოგებასაც გაცილებით ნაკლებ დროს ანდომებენ გრანდების წევრები.

მაგრამ ერთია მათი ფეხბურთი, თუნდაც უმაღლესი დონის, შთამბეჭდავი და ტიტულებით სავსე და მეორე ნაპოლის არგენტინელი ათიანი.

დიეგოსთან ერთად ნეაპოლელებმა საძულველი ჩრდილოელები დაამარცხეს, გრანდების კომპლექსი დაძლიეს, რასაც მანამდე ვერ ახერხებდნენ.

სწორედ ამის გამო შეიყვარეს არგენტინელი ამ ზღვისპირა ქალაქში.

სწორედ ამის გამო შეუცვალეს სახელი არენა სან პაოლოს.

სწორედ ამის გამო დაუტოვეს მას სამუდამოდ მეათე ნომერი.

დიეგომ უტკბილესი მოგონებები დატოვა კამპანიის დედაქალაქში და დღეს ის ამბები ყველაზე მძაფრად და ლამაზად ნეაპოლის სიცოცხლით სავსე გულში, ხმაურიანი ესპანური კვარტლის ერთ გზაჯვარედინზეა გამოფენილი.

იქ ორჯერ მივედი. პირველად მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, ორი დღის შემდეგ – მარტო.

უცნაურად მიმზიდველი ადგილია და ლამის ყოველ დღე ემატება ახალი სუვენირები და თასები დიეგოსადმი მიძღვნილი ამ მარადიულ გამოფენას. ორი ქართული ნახატიც ვნახე, წამოსვლის წინ კი ლეო მესის მაისურში გამოწყობილი შეყვარებული არგენტინელებიც გავიცანი. ამ ალბომში მათი ორი ფოტოა.

ისეთი ადგილია, პირადად რომ უნდა ნახო. არგენტინის ნაკრების გულშემატკივარმა – მით უმეტეს.

ლაშა გოდუაძე
ნეაპოლი, იტალია
2023
წლის 23 მაისი

ka_GEGeorgian