დიდი აღიარების მოლოდინში

სერია ა-მ სეზონის შეჯამება დაიწყო და ამ წუთისთვის უკვე დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი, მეკარე და 23-წლამდელი. პირველ ნომინაციაში ჩემპიონთა დამრიგებელმა ლუჩანო სპალეტიმ გაიმარჯვა, რჩეულ გოლკიპერად რომის ლაციოს კარის დარაჯი ივან პროვედელი დასახელდა, ახალგაზრდებს შორის კი საუკეთესო იუვენტუსის ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯიოლი გახდა.

მეც და ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მთავარი ნომინაციის შედეგები გვაინტერესებს, თუ ვინ გახდება სეზონის უძლიერესი მოთამაშე. ხვიჩა კვარაცხელია ჯილდოს მთავარი პრეტენდენტია, რადგან სერია ა-მ განვლილ ცხრა თვეში ის სამჯერ აღიარა საუკეთესოდ – აგვისტოში, თებერვალსა და მარტში. აქვე იმასაც დავწერ, რომ ასეთი რამ პირველად მოხდა: ამ გამოკითხვის ისტორიაში კვარაცხელია პირველია, რომელმაც ერთ სეზონში სამჯერ მოიგო თვის ფეხბურთელის წოდება და ასევე პირველია, რომელიც ზედიზედ ორი თვე იყო საუკეთესო.

მოკლედ, კვარადონას გულშემატკივრები დიდი აღიარების მოლოდინში ვართ. თუ ასე მოხდა, ხვიჩა გახდება პირველი ქართველი, რომელსაც ევროპის საუკეთესო ხუთი ჩემპიონატიდან ერთ-ერთში ნომერ პირველად დაასახელებენ.

სერია ა-ს გადაწყვეტილება მალე გაცხადდება და დიდი იმედი მაქვს, ჩვენთან ერთად ნეაპოლელი ტიფოზებიც გაიხარებენ, რომელთა გულები საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა დიდი ხანია მოიგო. ეს ამ ფოტოებითაც კარგად ჩანს. ნაპოლის ტიფოზების მიერ დამზადებული ეს „ხატები“ კამპანიის დედაქალაქში სეირნობის დროს შევიძინე.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 2 ივნისი

ka_GEGeorgian