კარიერა ფრაზებში #16: რამაზ შენგელია

რამაზ შენგელია დიდი დინამოს დიდი თავდამსხმელი გახლდათ.
ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ორჯერ აღიარეს საბჭოეთის წლის მოთამაშედ.
იმ დაუვიწყარ წლებში შენგელია გახდა პირველობის ბომბარდირი, ლურჯი მაისურით ჩემპიონატიც მოიგო და თასიც, და ერთ-ერთი იყო იმათგან, 13 მაისის ღამე რომ გვაჩუქა. თუმცა სჯობს ჩინ-მედლებს თავი დავანებოთ, ამ მონაცემებს ხომ ლამის ყველა საფეხბურთო ცნობარში ამოვიკითხავთ.
რამაზ შენგელიას კარიერას წლების წინ ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…ქუთაისში თითქმის ყოველ კვირა ტარდებოდა ქუჩის პირველობები, გამარჯვებულები კი ქალაქის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ. მართალი გითხრათ, გამორჩეული არ ვიყავი, მაგრამ დიდი ბიჭები ხშირად თავიანთ გუნდში მათამაშებდნენ. ერთხელ ჩვენი უბნის (ძველი ქუთაისის რკინიგზის სადგური) პირველობაზე გავიმარჯვეთ და ქალაქის ჩემპიონატზე ამოვყავი თავი. მაშინ პირველად ვითამაშე დიდ მოედანზე და ჩემდა გასაკვირად, 90 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე შევეხე ბურთს… იმედგაცრუებული ვიყავი, ბრაზი მახრჩობდა! სახლამდე ძლივს შევიკავე თავი, შინ მისულმა კი იცოცხლეთ, დავაღე პირი და ცხარე ცრემლით ვიტირე… გადაირია მამაჩემი, რა ხდება, ხო მშვიდობააო? ფეხბურთზე მინდა-მეთქი, სლუკუნით ვუთხარი… მეორე დილით მამამ ხელი მომკიდა და ტორპედოს ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში თამაზ კენჭაძეს მიმაბარა.

…ამბობდნენ, კარლო ხურციძეს თუ ბავშვი თვალში მოუვიდა, ის აუცილებლად კარგი ფეხბურთელი დადგებაო. ღვთის წყალობით, ბატონი კარლოს თვალსაწიერში მეც მოვხვდი. თუ ვინმეს ქუთაისიდან მაღალი დონის ფეხბურთი უთამაშია, ყველამ ბატონი კარლოს ხელში გაიარა.

…თბილისის დინამომდე ტორპედოში ვთამაშობდი. კარგი შემადგენლობა გვყავდა: ჯემალ ხერხაძე, როლანდ ფესტვენიძე, მერაბ ჩახუნაშვილი, ჟორა აბზიანიძე, ბადრი ფარულავა, რეზო ბურკაძე, გიორგი გაბიჩვაძე, იური კვერნაძე, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე… გაბიჩვაძე  უნიჭიერესი იყო, საოცარი მონაცემები ჰქონდა, 15-20 წუთში „დაალაგებდა“ თამაშს… 1975 წელს, როცა ცხონებული გიგა ნორაკიძე იყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი, სულ ცოტა დაგვაკლდა და უმაღლეს ლიგაში გადავიდოდით.

…ნორაკიძემ თავიდანვე ძირითადში დამაყენა. 10 მატჩი ისე გაილია, გოლი ვერ შევაგდე, ასეთ რამეს კი ქუთაისელი გულშემატკივრები „ცხვირმოუხოცავ ბაღანას“ კი არა, პელეს არ აპატიებდნენ! ჰოდა, ყოველი თამაშის მერე მესმის: ვინაა ეს ბოვში? რა უნდა ამას ტორპედოში?.. ცხადია, ბატონ გიგასაც უწუნებდნენ არჩევანს, ის კი ჯიუტად, მაინც ძირითადში მათამაშებდა. მერე, როგორც იქნა, გავიტანე, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ქომაგებიც დაწყნარდნენ. ნორაკიძეს მაშინ შემადგენლობიდან რომ ამოვეგდე, ჩემს კარიერას, ალბათ, წერტილი დაესმებოდა. ძალიან განვიცდიდი გოლი რომ ვერ გამქონდა, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მაგულიანებდა.

…1977 წელს ნოდარ ახალკაცმა დინამოში მიმიწვია. ჩემთან ერთად წამოვიდა თამაზ კოსტავაც… ახალკაცი ქუთაისში გვესტუმრა და სანამ საბოლოოდ დაგველაპარაკებოდა, რამდენიმე დღე დაგვაკვირდა. მაშინდელი პირველი ლიგა კარგი ტურნირი იყო, მაგრამ უმაღლესისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა.

…ახალკაცი ნიჭიერი კაცი იყო. ამასთან, შრომისმოყვარე. ჩვენგანაც იგივეს ითხოვდა. ხასიათი? მძიმე იყო, იოლად არ იხსნებოდა. დინამოელები რაღაც განსაკუთრებული მოკრძალებით ვეპყრობოდით… ეგ კი არა, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და კაბინეტში მიხმო სათანამშრომლოდ, ატუზული შევედი, მეგონა, რომ ის კვლავ მწვრთნელი იყო და მე – შეგირდი.

დინამო

თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული დინამოს დიდი ოთხეული: ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი

…იმ დინამოში ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩემსა და რეზო ჩელებაძეს შორის რომ იყო დაპირისპირება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ასეთი მე არ მახსენდება! ორივეს თამაშიდან თამაშამდე გვაძლევდა შანსს და ჩვენც უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ძირითადის ღირსები ვიყავით. ტორპედოში კონკურენტები არ მყავდა და ამიტომ, თბილისში თავიდან ძალიან გამიჭირდა.

…სადებიუტო სეზონში, 1977 წელს, ძირითადად შეცვლაზე ვთამაშობდი. ჩემგან განსხვავებით კოსტავა მალე მოერგო დინამოს და ის სეზონი, დათო ყიფიანთან ერთად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ძირითადში 1978 წლიდან დავმკვიდრდი – მოსამზადებელ შეკრებებზე ბევრს ვვარჯიშობდი და ამან შედეგიც მოიტანა. 21 წლის ბიჭს ძალიან არ მინდოდა სათადარიგო ვყოფილიყავი – დინამოში სკამზე ჯდომას ისევ ქუთაისში დაბრუნება მერჩია.

…1978 წელს, როცა 14-წლიანი შესვენების შემდეგ გავხდით ჩემპიონები, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. კი, კარგად ვითამაშე, გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე, მაგრამ ამ ტიტულს მაინც არ ველოდი. მე თუ მკითხავთ, მაშინ მანუჩარ მაჩაიძე იყო ბრწყინვალე და ვფიქრობდი, რომ წლის მოთამაშედ მას აღიარებდნენ.

…სანამ ლივერპულს ვესტუმრებოდით, მწვრთნელებმა ინგლისელთა თამაშის ვიდეოჩანაწერი გვანახეს, სადაც მეტოქეს 6:0 მოუგეს. ცოტა არ იყოს შევშინდი და ენფილდზეც აღელვებული გავედი. ამის გამო საწყის წუთებში რეი კლემენსთან ორჯერ პირისპირ გასულმა, კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ ნელ-ნელა დავწყნარდი. ისე, იმ შეხვედრის წინ მთელი დინამო ნერვიულობდა – საშას წინა ღამით საერთოდ სიცხემ აუწია… მხოლოდ ერთი ბურთით წავაგეთ – 1:2. სწორად გამიგეთ, კი არ მეამაყება ის მარცხი, მაგრამ ის ლივერპული მაშინ ევროპის კი არა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და ყველა ჩვენ განადგურებას ელოდა. საპასუხო თამაშში ახალკაცმა ისე მოგვამზადა, ჩვენი გამჩერებელი კაცი არ იყო – 3:0 გავიმარჯვეთ!

…1/8-ფინალში ჰამბურგთანაც უნდა მოგვეგო, მაგრამ სეზონის მიწურული იყო, გადაღლილები ვიყავით და გულახდილად რომ ვთქვა, მოკლე პერიოდში ასეთი რთული მატჩებისთვის სათანადოდ მზად არ ვიყავით. თანაც, მეტოქეს ხომ კევინ კიგანი ჰყავდა, ის კი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ იყო აღიარებული. დინამოსთან ინგლისელი ბრწყინვალე იყო!

…15 წელიწადი ვითამაშე დიდი ფეხბურთი, კარიერის დასრულების შემდეგ მუდმივად თვალს ვადევნებ მატჩებს, მაგრამ ისეთი უსამართლობა, რაც როტერდამში ფეიენოორდთან შეხვედრაში მსაჯისგან ვნახე, არც მანამდე და არც მას შემდეგ გამიგონია! გუცაევზე ორჯერ არ დანიშნა პენალტი, მე კი ორი გოლი არ ჩამითვალა! საბედნიეროდ გავძელით, თუმცა საამისოდ მართლა არაადამიანური ძალისხმევა დაგვჭირდა.

…თასების თასის ტრიუმფისკენ დინამო გეგმაზომიერად მიდიოდა. მანამდე, წინა სეზონებში, ჰერტასთან, გრასჰოპერსთან და ჰამბურგთან წავაგეთ. მწვრთნელებმა ამ თამაშებიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს და საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიეთ. შემთხვევით დიდ ტურნირს ვერ მოიგებ – დინამომ დიუსელდორფის ტრიუმფამდე სვლა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.

…მე თუ მკითხავთ, ფინალში ლამაზი სანახაობა იშვიათია. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას. თასების თასის ფინალშიც ასე არ იყო? სანახაობრივად არ იყო კარგი მატჩი, ახლავე შემიძლია საკავშირო პირველობის მინიმუმ 10 შეხვედრა გავიხსენო, რომელიც კარლ ცაისთან თამაშს ბევრად სჯობდა… დიუსელდორფში დინამომ ჩვეულად ვერ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ვაგებდით, მაინც მოვიგეთ. თითოეულ ჩვენგანს ამ მატჩის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმოდა! ვფიქრობ, 1981 წლის 13 მაისი დინამოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კარლ ცაისისთვის.

…ჩემი თაობის ბიჭებისთვის თბილისის დინამო გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო გუნდმა შეიძლება დაიტიოს. სამწუხაროდ, ახლანდელ თაობაში იგივეს ვერ ვხედავ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.

…დათო ყიფიანი შეუდარებელი იყო! ისეთ პასს მოგცემდა, ბურთი კარში უნდა გაგეტანა – აცილება უფრო ძნელი იყო. გახსოვთ ლონდონში, ვესტ ჰემთან თამაში? სწორედ ამაზე ვამბობ.

…1981 წლის შემოდგომით თბილისში ჩემი გოლებით ჩეხოსლოვაკიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ. საბჭოთა კავშირი 12-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე! ყველას ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ იმხელა საწვრთნელი შეკრება მოგვიწყვეს, მალე ბურთის დანახვა გულს მირევდა.

…1982 წლის მსოფლიოზე ყიფოს და გუცაევის არწაყვანა მწვრთნელთა ძალიან დიდი და უხეში შეცდომა იყო. რაც შეეხება შედეგს, თუ გუნდის „სამზარეულოს“ გავიხსენებ, ვთვლი, რომ ის ლოგიკურიც იყო – მაშინდელი ნაკრები არ იყო ერთიანი და პირველივე წინაღობაზე დაიშალა.

რამაზ შენგელია

საკავშირო ნაკრების მაისურით რამაზ შენგელიამ ერთადერთ დიდ ტურნირზე ითამაშა – მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე, ესპანეთში

…ბრაზილიასთან თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საუკეთესო მატჩია, მაგრამ ის მართლა ძალიან კარგი გუნდი იყო და მეამაყება, რომ გოლიც გავუტანე. მართალია მსაჯმა არ ჩათვალა, მაგრამ ჩემთვის ის საგოლე დარტყმა მაინც ჩუმ და ტკბილ მოგონებად რჩება. 1:2 წავაგეთ, მე ის გოლი 1:0-ზე გავიტანე… ეგ კიდევ არაფერი, მალე საჯარიმოში წამაქციეს, მაგრამ არავითარი პენალტი, მსაჯმა თავი დაიბრმავა! მოკლედ, ძალიან გულდასაწყვეტი დღე იყო, არადა, ჩვენმა გუნდმა ცუდად ნაღდად არ ითამაშა.

…ნაკრებში პირველად ფინელების წინააღმდეგ ვითამაშე, სტუმრად. მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი და ნომერში ვისვენებდი, როცა ერთ-ერთი თანაგუნდელი მოვიდა და მითხრა, ბიჭები დალევას აპირებენო. ვუთხარი, არ შემიძლია-მეთქი. გაგიჟდა, ესე იგი „ჩამშვები“ ხარო და მოკლედ, იმდენი „მაძაგა“, ავდექი და წავედი. არაყი ჩაის ჭიქით დამალევინეს! ისე ცუდად გავხდი, ნომერში ძლივს დავბრუნდი. გზაში ვფიქრობდი, თუ მომკლეს, რად მინდა ასეთი ნაკრები-მეთქი… სმის „ორგანიზატორები“ კიეველები იყვნენ. რუსები, ცხადია, მხარს უბამდნენ. უცხოეთში რომ მივფრინავდით, თითო კიეველი 2 ან 3 ბოთლს იყიდდა და მერე კარგად ილხენდნენ. ძალიან ბევრს სვამდნენ ბესონოვი, დემიანენკო, ჟურავლიოვი… ამ უკანასკნელს „სპილოს“ ეძახდნენ.

…საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც გავსულვარ, ლივერპულელი ფილ თომფსონია – პოზიციურად ბრწყინვალედ თამაშობდა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს, მოსკოვის დინამოელებს ნიკულინს და ნოვიკოვს გამოვარჩევ. თუმცა, ისინი კი არ მეთამაშებოდნენ, ნადირობდნენ ჩემზე! მოსკოვის ტორპედოელი ჟუპიკოვიც უსიამოვნოდ მახსენდება. ყველაზე ძალიან კიეველი ბალტაჩას წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, თუმცა ის უხეში არ იყო, უბრალოდ, ძალიან კარგად იცოდა პერსონალური მეურვეობა.

…კარიერის მანძილზე ერთადერთხელ მივიღე ყვითელი ბარათი, მოსკოვში, ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშისას. მეტოქეს ლამის ორმეტრიანი მცველი ჰყავდა, შვეცოვი. ერთ მომენტში მოვატყუე და რომ მეგონა გავცდი-მეთქი, ბურთი ამართვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გავბრაზდი და ფეხი დავარტყი. მსაჯმა მაშინვე ყვითელი ამიფრიალა.

…ერთ ისტორიას მოგიყვებით: მოსკოვის დინამოელი ნიკულინი ყიფიანს სადაც დაინახავდა, გაექანებოდა და კოჭებში ურტყამდა. ყიფოს სულ დასისხლიანებული ჰქონდა ფეხები. ერთხელაც დათო მოსკოვში იყო და შემთხვევით ნიკულინს შეხვდა. იფიქრა, მოდი პატივს ვცემ და იქნებ მოედანზე თავი დამანებოსო. შევიდნენ რესტორანში, გაშალა დათომ ზღაპრული სუფრა და ეს შენი ნიკულინი ისე დათვრა, თავს ვეღარ სწევს. ყიფომ უთხრა, მინდორზე რომ შევხვდებით, იქნებ აღარ დამამტვრიოო და იცით რა უპასუხა ნიკულინმა? დავიდ, ნა პოლე დრუზეი ნე ბივაეტ!

…არასდროს ჩავრეულვარ სხვის კომპეტენციაში, მაგრამ მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ 1982 წლის მიწურულს დინამოდან ამდენი გამოცდილი მოთამაშის გაშვება დიდი შეცდომა იყო. მით უმეტეს იმ დროს, როცა ყიფიანი ფეხბურთიდან ახალი წასული გახლდათ, ვიტალი დარასელია კი…

…რატომ დასუსტდა დინამო 82-ის მერე? იმიტომ, რომ ბევრმა ახალწვეულმა ღირსეულად ვერ შეცვალა წინამორბედი. მერე და მერე გუნდმა, თითქოს, მოტივაციაც დაკარგა. ალალად გეტყვით: პირადად მე ბოლო წლებში, 80-იანების მიწურულზე ვამბობ, ისეთი სტიმული არ მქონდა, როგორც ადრე. ალბათ, წაგებასაც ნაკლებად განვიცდიდი.

…რა მოუტანა დინამოს გერმან ზონინის მოსვლამ? განსაკუთრებული არაფერი: მას ჰქონდა საკუთარი კონცეფცია, მაგრამ აზრს უცბად და ხშირად იცვლიდა. ფეხბურთელები ვერ ვგრძნობდით, რომ დინამოს მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. გუნდს, ფაქტიურად, ვეტერანები ვმართავდით: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და მე.

…ბრემენის ვერდერმა ჩვენამდე მოსკოვის სპარტაკი 6:2 გაანადგურა. მაშინ დინამო შავ დღეში იყო და გერმანიაში, როცა ავტობუსით ბრემენისკენ მივდიოდით, ფეხბურთელებს ასეთი აზრი გაგვიჩნდა: მოდით თეთრი მაისურებით გავიდეთ სათამაშოდ და როცა ვერდერი მესამე გოლს გაგვიტანს, გავიხადოთ და ვიყვიროთ: დინამო კაპუტ! ამაზე ბევრი ვიცინეთ… ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ. მოსკოვში დაბრუნებულებს კი წაგება მოგვილოცეს! ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვნახე.

…ჩვენ შეგვეძლო ვერდერი გამოგვეგდო. ეს ძალიან დიდი სენსაცია იქნებოდა: ჭომამ (თენგიზ სულაქველიძე) საჯარიმოს გარედან მართლა ლამაზი გოლი გაიტანა, გია გურულმა ძელს გაარტყა ბურთი, თემურ ქეცბაიამ ახლოდან ვერ შეაგდო თავით – რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ… შესვენების შემდეგ ვერდერმა უკეთ ითამაშა და ანგარიშიც გაათანაბრა. 1:1-ზე ოლივერ რეკთან პირისპირ გავედი, მაგრამ ვერ გავიტანე – ბურთი ფეხში მოვარტყი… ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ის მომენტი ახლაც თვალწინ მიდგას და განვიცდი.

…ფეხბურთს თავი რომ დავანებე, წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი. ყველა ხომ მწვრთნელი ვერ იქნება. მერე მე და თენგიზ სულაქველიძეს შვედეთის მეორე დივიზიონის ჰოლმსუნდი შეგვეხმიანა და წავედით. ისე, იმ დროს კაი მოსუქებულები კი ვიყავით. ჩასვლის შემდეგ ორჯერ არ გვათამაშეს და მივხვდით, რომ თუ სერიოზულად არ ვიფიქრებდით წონის დაკლებაზე, მინდორს არავინ გაგვაკარებდა. მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალკაცმაც ფედერაციაში მიგვიწვია – ცოტა ხანს ეროვნულ ნაკრებში ვიმუშავე საშასთან ერთად. სამწვრთნელო საქმეში არ ვერეოდი – არ იყო ეს ჩემი მოწოდება. ნიჭიერი ბიჭები გვყავდა… გუნდიდან მაინც მალე წავედი – რაღაცნაირად დავიღალე ყველაფრისგან, თან, ის დრო ხომ გახსოვთ?!

…რატომ არ დავუბრუნდი ფეხბურთს? როგორ გითხრათ, არ მქონია სურვილი. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი თავი თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ვერსად დავინახე.


რამაზ შენგელია
დაიბადა 1957 წლის 1 იანვარს ქუთაისში. გარდაიცვალა 2012 წლის 21 ივნისს თბილისში
1971-76 წლებში ქუთაისის ტორპედოს, 1977-88 წლებში თბილისის დინამოს, 1989 წელს შვედეთის ესტერსის და ჰოლმსუნდის თავდამსხმელი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1981; სსრკ თასი – 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული – 1980; საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) – 1981; სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი ფუტბოლ-ჰოკეი) – 1978, 1981; სსრკ ჩემპიონატის ბომბარდირი – 1981 (23 გოლი); უეფას თასების მფლობელთა თასის ბომბარდირი – 1981-82 (6 გოლი); სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1980; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 5-ჯერ მოხვდა: #1 – 1981; #2 – 1978, 1979, 1980; #3 – 1977; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011

სსრკ ნაკრებში: 26 მატჩი, 10 გოლი (1979-83)
სსრკ უმაღლეს ლიგაში: 283 მატჩი, 120 გოლი (1977-88)
სსრკ I ლიგაში: 75 მატჩი, 29 გოლი (1973-76)
სსრკ თასზე: 34 მატჩი, 12 გოლი (1975-88)
სსრკ ფედერაციის თასზე: 2 მატჩი, 1 გოლი (1987)
ევროთასებზე: 37 მატჩი, 20 გოლი (1977-87)
შვედეთის II ლიგაში: 13 მატჩი, 2 გოლი (1989)

*-გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ასიანთა კლუბის“ წევრი – 161 გოლი (საუკეთესო შედეგი ქართველ ფეხბურთელთა შორის).

*-1979 წლის 28 მარტს, ბულგარეთთან შინ 3:1 მოგებულ შეხვედრაში პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და ქვეყნის მთავარ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა. მან მომდევნო 3 შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი: შვედეთთან (2:0), ჩეხოსლოვაკიასთან (3:0) და უნგრეთთან (2:2).

*-1981 წელს, ფრანს ფუტბოლის ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ რეფერენდუმში მე-7 ადგილი დაიკავა.

*-1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთში, 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა: 22 ივნისს შოტლანდიასთან ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში.

*-2015 წლის აპრილში, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian