სუპერწიგნი სუპერთამაშზე
1982 წლის 5 ივლისის იტალია-ბრაზილია მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში კი არა, ზოგადად, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო მატჩია. ამ ლეგენდარულ თამაშზე არაერთხელ დამიწერია, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რადგან საამისოდ ძალიან მაგარი მიზეზი მაქვს.
დღეს საღამოს ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალია ესპანეთს ხვდება, მაგრამ ამაზე არ ვამბობ. საქმე ისაა, რომ იტალიური მოგზაურობიდან ერთი საოცარი წიგნი გამოვიყოლე, რომლის შესახებ მეგობარმა შემოდგომით, მსოფლიო ჩემპიონატამდე მითხრა. და ამ წიგნის შეძენა, ფეხბურთით გადარეული ნეაპოლის მონახულებასთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ იტალიური მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
La Partita – ასე ეწოდება პიერო ტრელინის 224-გვერდიან წიგნს, რომელსაც ზღვისპირა სალერნოს ერთ-ერთ მაღაზიაში მივაგენი. ის მხოლოდ და მხოლოდ 1982 წლის 5 ივლისის ზღაპრულ თამაშზეა. ავტორმა ამ საოცარი მატჩის შესახებ პირველი წიგნი რამდენიმე წლის წინ დაწერა, ეს კი, ასე ვთქვათ, შევსებული, უამრავი საინტერესო ამბით და ფოტოთი დამშვენებული წიგნი-ალბომია.
ამ გამოცემაში თავმოყრილია ამონარიდები იმდროინდელი გაზეთებიდან, ფეხბურთელების, მწვრთნელების და ჟურნალისტების მოგონებები, თამაშამდელი და მატჩისშემდგომი ამბები დეტალურად გარჩეულ პირველ და მეორე ტაიმზე რომ აღარაფერი ვთქვა. მისი ყველაზე დიდი ხიბლი კი, ჩემი აზრით, ფოტოებია, რომელთა უმრავლესობა, ამდენი წელია სკუადრა აძურას ვგულშემატკივრობ და, პირველად ვნახე! აი, დავასკანერე რამდენიმე გვერდი და თავადაც იოლად მიხვდებით რა დონის ნაშრომზეა საუბარი.
მე მაგალითად, La Partita-დან შევიტყვე, რომ იტალიის ნაკრები ბარსელონის ერთ ბოლოში, სასტუმრო ელ კასტილიოში ცხოვრობდა, ბრაზილია კი საპირისპირო მხარეს – მასია მას ბადოში, ხოლო თამაშის არბიტრს აბრაამ კლაინს სტადიონის სიახლოვეს, სასტუმრო პრინცესა სოფიაში მასპინძლობდნენ.
არც ის ვიცოდი, რომ თამაშის გმირმა პაოლო როსიმ ლანსერის ბუცებით ითამაშა, სოკრატესს ტოპერები ეცვა, ზიკოს ლე კოქ სპორტიფი, ფალკაოს ადიდასები, ძოფი კი ლოტოს ყვითელი ლოგოთი დამშვენებული ბუცებით იდგა კარში. არც იმის დათვლა დამეზარა, რომ ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობის ოცდაორი მოთამაშიდან შვიდმა ითამაშა ადიდასით, ოთხმა პუმათი, სამმა ტოპერით, ორმა ლე კოქ სპორტიფით, თითოს კი პონის, ლოტოს, სოლდინის, ფორმსპორტის, ლანსერის და დიადორას პროდუქცია ემოსა.
ავტორმა ისიც გვამცნო, რომ იტალიელთა მთავარ მწვრთნელ ენცო ბეარზოტს სეიკოს მაჯის საათი ეკეთა. ასევე სეიკოთი, ოღონდ სხვა მოდელით გავინდა მინდორზე თამაშის არბიტრი.
ისიც აღნიშნულია, რომ მთავარმა მსაჯმა სოკრატესის გოლი ბულგარელი თანამსაჯის ბოგდან დოჩევის ნიშნით გააუქმა, ჯანკარლო ანტონიონის მიერ გატანილი ბურთი კი მეორე ასისტენტის, ჰონგკონგელი თომსონ ჩან ტამ-სუნის რჩევით არ ჩათვალა.
თამაშის დასრულებისთანავე თექვსმეტ ფეხბურთელს გაუცვლია მაისური: კლაუდიო ჯენტილეს – ზიკოსთან, ანტონიო კაბრინის – ლუიზინიოსთან, ჯუზეპე ბერგომის – სოკრატესთან, გაბრიელე ორიალის – ედერთან, გაეტანო შირეას – ტონინიო სერეზოსთან, ბრუნო კონტის – ფალკაოსთან, ჯანკარლო ანტონიონის – ლეანდროსთან, ფრანჩესკო გრაციანის კი ოსკართან.
რაც შეეხება მატჩის ბურთს, ადიდას ტანგო ესპანიას, აბრაამ კლაინმა ის 2016 წელს ფიფას მუზეუმს უსახსოვრა. ერთი წლის შემდეგ ამავე თამაშის სხვა ბურთი ებაიზე გამოჩნდა და მფლობელი მას ოცდაათ ათას გირვანქა სტერლინგად აფასებდა…
„ეს იყო მატჩი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის შემდეგაც გაიხსენებენ, ხოლო მოთამაშეებს ისევე მოიგონებენ, როგორც მითოლოგიურ ღმერთებს“.
ეს სიტყვები მარიო ვარგას ლიოსას ეკუთვნის, ნობელიანტ მწერალს. არც ის ვიცოდი, რომ პერუელი კლასიკოსი იმ დღეს, 1982 წლის 5 ივლისს ესტადიო სარიას ტრიბუნაზე იჯდა. წიგნში მისი იმდღევანდელი ფოტოცაა.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 15 ივნისი
ფოტო: La Partita