პოლონური ჩანახატები: მწვანეში ჩაფლული ვისლას სტადიონი
ევროპის III თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიებს, ასევე შვიდკაცა რაგბის ტურნირს, კრაკოვის ვისლას სტადიონმა უმასპინძლა. ის ახალი აგებულია და სახელოვანი პოლონელი ფეხბურთელის ჰენრიკ რეიმანის სახელს ატარებს.
თითქმის ოცი წლის წინ, 2004 წლის სექტემბერში, როცა ჩვენმა დინამომ პირველად მოიპოვა უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში თამაშის უფლება, თბილისელებმა ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ვისლა დაამარცხეს. კრაკოვში გამართული მატჩი, რომელსაც გია გეგუჩაძის ბიჭები ორი ბურთით იგებდნენ, მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა – 4:3. იმ დროს სარბიელი სხვანაირი იყო და ჯორდანს პარკი ერქვა, დღეს კი მისგან ბევრი არაფერია დარჩენილი – რეკონსტრუქცია 2011 წელს დასრულდა.
კრაკოვმა ახალი, უეფას მე-4 კატეგორიის არენა მიიღო, რომელიც 34 ათას გულშემატკივარს იტევს. ის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძლად მოიაზრებოდა, მაგრამ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის და უეფას გადაწყვეტილებით, ევრომატჩები სხვა ქალაქებს ერგოთ.
ვისლას ქომაგებს გული კი დაწყდათ, მაგრამ კლუბმა ახალ, თანამედროვე სტადიონზე გადაინაცვლა და მას შემდეგ იქ მასპინძლობს მეტოქეებს – მწვანეში ჩაფლული არენა ამ მშვენიერი ქალაქის ისტორიულ ცენტრშია. მის მოპირდაპირედ დგას კრაკოვის მეორე კლუბის, კრაკოვიას სტადიონი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე თამაშობს.
ორ სტადიონს შორის კი თითქმის ორმოცდაათ ჰექტარზე გაშლილი მინდორია, რომელიც პირველად XII საუკუნის ჩანაწერებშია ნახსენები, დღეს კი ერთ-ერთია მალოპოლსკის მხარის მრავალ დაცულ ტერიტორიას შორის.
ამ მინდორზე 1809 წელს ნაპოლეონის ჯარების საზეიმო აღლუმი გამართულა, 1979, 1983, 1997 და 2002 წლებში კი რომის პაპს იოანე პავლე II-ს მრევლთან ერთად ულოცია. 2006 წელს იქაურობას იგივე მისიით ესტუმრა ბენედიქტ XVI. ერთ-ერთ გზამკვლევში მითითებულია, რომ 2002 წლის მესას თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი დაესწრო.
მინდვრის ორივე მხარეს ხეივანი, სამანქანო გზები და ველობილიკებია. თამაშების დღეებში ეს მინდორი რამდენჯერმე გადავკვეთე და ყოველთვის ვფრთხილობდი, რადგან კრაკოველები, სქესის და ასაკის განურჩევლად, სწრაფად დააქროლებენ ველოსიპედებს და ვაი მათი ბრალი, ვინც ველობილიკზე დაუკვირვებლად შეაბიჯებს.
ვისლას სტადიონის მხარეს ტრამვაიც დადის. ჩემი აზრით, ტრამვაი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტია: დიზაინს რომ თავი დავანებო, ეკოლოგიურად სუფთაა, გაცილებით მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვიდრე რამდენიმე ავტობუსს, არ იწვევს საცობებს… ტრამვაი ძალიან დაამშვენებდა თბილისს და სხვა ქალაქებსაც, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ის კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება ჩვენთან.
თამაშების დახურვის მეორე დღეს ბოლოჯერ მივედი ვისლას სტადიონზე. საკლუბო მაღაზიაში რამდენიმე სუვენირი ვიყიდე და სასტუმროში სხვა გზით დავბრუნდი, ტრამვაის ნაცვლად მეორე, არანაკლებ დიდი და ლამაზი ბაღის გავლით. ორშაბათი კი იყო, მაგრამ იქაურობას დამსვენებელი არ აკლდა: ბიჭები კალათბურთს და ჩოგბურთს თამაშობდნენ, ბავშვები სკეიტბორდებით და ველოსიპედებით სეირნობდნენ, ყველაზე მეტად კი აუზი მომეწონა, სადაც რამდენიმე ბავშვი ჭყუმპალაობდა, ხოლო უფროსები იქვე ისხდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ.
ჩემს რამდენიმე კითხვას პარკის თანამშრომელმა უპასუხა: მუნიციპალური აუზია, უფასოა, და მთავარი, რაც სტუმრებს მოეთხოვებათ, გარშემომყოფთა პატივისცემა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვააო.
მოკლედ, ძალიან ლამაზ ადგილზე დგას ვისლას სტადიონი, ზოგადად კრაკოვი კი ცხოვრების ჯანმრთელი წესის მოყვარულებისთვის ზედგამოჭრილია.
ლაშა გოდუაძე
კრაკოვი, პოლონეთი
2023 წლის 14 ივლისი