პოლონური ჩანახატები: კრაკოვის ავიაციის მუზეუმი
მუზეუმ ლოტნიცტვა პოლსკიევო, ანუ პოლონეთის ავიაციის მუზეუმი კრაკოვში, იოანე პავლე II-ის გამზირზე მდებარეობს, ტაურონ არენიდან დაახლოებით თხუთმეტი წუთის სავალზე.
ევროპის III თამაშების დღეებში ტაურონის მშვენიერ დარბაზში მოფარიკავეები ასპარეზობდნენ. 27 და 28 ივნისს ქართველები, სამწუხაროდ, ნაადრევად გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას და სანამ სხვა შეჯიბრებაზე წავიდოდი, რამდენიმე თავისუფალი საათი სწორედ ავიაციის მუზეუმში გავატარე.
მსგავსი გამოფენა სხვაგან არ მინახავს და კრაკოვულს ვერცერთს შევადარებ, მაგრამ CNN-ის რეიტინგს ნამდვილად გავითვალისწინებ, რომლის მიხედვით MLP (Muzeum Lotnictwa Polskiego) მსოფლიოს მერვე საუკეთესო საავიაციო მუზეუმია.
გაისად იქ 60 წლის იუბილეს იზეიმებენ. ეს საინტერესო დაწესებულება 1964 წელს გახსნილა, მას შემდეგ რაც 1963 წელს კრაკოვი-რაკოვიცე-ჩიჟინის სამხედრო აეროდრომი დაიხურა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დროიდან, 1912 წლიდან ფუნქციონირებდა…
მუზეუმში პირველი სტუმრობისას, 27 ივნისს, წვიმდა და სასურველზე მცირე ხანს ვისეირნე. ბლომად ფოტო კი გადავიღე, მაგრამ მეტი დრო მთავარ შენობაში გავატარე, რომელსაც, სხვათა შორის, პროპელერის ფორმა აქვს. სანამ სკოლის მოსწავლეები დარბაზიდან დარბაზში დარბოდნენ, კაფეში ჩამოვჯექი და ბუკლეტი გადავშალე. იქ ამოვიკითხე, რომ:
1 – მთავარი შენობა, სადაც ათამდე ძალიან იშვიათი საფრენი აპარატი და სახელოვანი პოლონელი მფრინავების ფოტოები, ჩინ-მედლები, ჩაფხუტები და კოსტიუმებია გამოფენილი, ასევე კაფე და ადმინისტრაციის ოფისები მდებარეობს, 2010 წელს გაიხსნა;
2- იქვეა განთავსებული ავიაციის თემაზე უდიდესი პოლონური ბიბლიოთეკა, რომლით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ადგილზე, ასევე ინტერნეტის დახმარებით;
3 – რამდენიმე ჰექტარზე გაშლილ ეზოში ორასზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენია გამოფენილი, უმეტესობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი – საბჭოთა წარმოების მიგ-ები (მიქოიან-გურევიჩი), იაკ-ები (იაკოვლევი), სუ-ები (სუხოი), ტუ-ები (ტუპოლევი), ილ-ები (ილუშინი);
4 – იქვე დგას მეორე მსოფლიო ომამდელი ორი პოლონური სამხედრო თვითმფრინავი PLZ P11 და PWS 26, რომელთა ანალოგი უბრალოდ აღარ არსებობს.
MLP-ის სიამაყედ ითვლება 1941 წლამდე აგებული ის 22 გერმანული საფრენი აპარატიც, რომელსაც ბერლინში მდებარე გერმანიის ტექნოლოგიის მუზეუმი თავის საკუთრებად თვლის და რომელთა დაბრუნებასაც დღემდე ამაოდ ითხოვს.
საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, როცა საბჭოთა ჯარები ბერლინს მიუახლოვდნენ და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს, ნაცისტებმა თვითმფრინავები ჯერ კიდევ მათ დაქვემდებარებაში მყოფ კრაკოვში გაიტანეს გადასარჩენად. მას შემდეგ ისინი იქაა, სპეციალურ მათთვის აგებულ ანგარში.
მუზეუმის ტერიტორიაზე ოთხი მსგავსი დარბაზია. გერმანული თვითმფრინავების გარდა ცალკე შენობები ეთმობათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მოიერიშეებს, სხვა ანგარშია დაცული ავიალაინერების და რაკეტების ძრავები (ასზე მეტი), ასევე ავიამოდელები, მეოთხე კი ავიამოდელიზმის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი.
ისინი 28 ივნისს დავათვალიერე. გამიმართლა, მზე ანათებდა და მეც კარგა ხანს ვისეირნე. თამაშების მედიაცენტრისკენ წასვლას რომ ვაპირებდი, ვერტმფრენი გამოაგორეს და ეზოში გაბნეულმა ბავშვებმაც მისკენ იხუვლეს.
მთლიანობაში მშვენიერი მუზეუმია. თუ კრაკოვში მოხვდებით, შეისეირნეთ. მინიმუმ ორ საათს ძალიან საინტერესოდ გაატარებთ.
ლაშა გოდუაძე
კრაკოვი, პოლონეთი
2023 წლის 28 ივლისი